პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არაქელამ რა თქვა

არაქელა ოქუაშვილზე, შთამომავლებისა და ოროდე მკვლევარ-ისტორიკოსის გარდა, ალბათ, ისევ არავის არაფერი ეცოდინებოდა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, „აკრძალული მეხსიერების“ სერიით, მისი მოგონებების გამოცემა რომ არ გადაეწყვიტა. საქართველოში ხალხოსნური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს, ძველ ბოლშევიკს 1935 წლისთვის მოგონებების დიდი ნაწილი უკვე დაწერილი ჰქონდა, მომდევნო წლებმა კი არათუ მათი გამოცემა გახადა შეუძლებელი, არამედ თავად ავტორი გაუყენა იმ საბედისწერო გზას, საიდანაც აღარავინ ბრუნდებოდა. არაქელა ოქუაშვილი 1937 წლის 11 იანვარს გაიყვანეს სახლიდან და მას შემდეგ ახლობლები მის კვალს უშედეგოდ ეძებდნენ.

წიგნი, რომელსაც „ჩემი მოგონებები“ ჰქვია, მკითხველის ყურადღებას პირველივე გვერდებიდან იპყრობს და ამ გასაოგნებელი ჩანაწერების მცირე ხნით გვერდზე გადადება თითქმის შეუძლებელი ხდება. ეს მხოლოდ მათი საკითხავი არ არის, ვისაც გული ძველი ამბებისკენ მიუწევს, ან წარსულის პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას არ აძლევს. არაქელა ოქუაშვილის მოგონებები კითხვის საღერღელს ბევრს აუშლის, მათ შორის ბიოგრაფიული თუ სათავგადასავლო რომანების მკითხველებსაც.

თხრობა მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ამბებით იწყება – სოფელ მუხრანში გატარებული ბავშვობის გახსენებით. „შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ბერიანთ მონაზონთან მიმაბარეს წერა-კითხვის სასწავლად. წერა-კითხვას ხარის ბეჭებზე გვასწავლიდნენ. კალმად გვქონდა ბატის ფრთა. მელნად ქვაბის მურს ვიღებდით, ძმარს დავასხამდით და ქვით ვხეხდით. ასეთ სითხეში აწეწილ ყაჭს ჩავდებდით, რომ შეეშრო და ამით ვწერდით. დილიდან საღამომდე გვასწავლიდა. თუ ვინმე იჩივლებდა – იცელქესო, ქვა ისროლესო, თითებს ნემსით გვიჩხვლეტდა. პირს გვიზომავდა – ბევრი გილაპარაკნიათო…“ არადა, ცელქია არაქელა, დიდად დაუდგრომელი – მისი მშობლები მომჩივნების მიღებას ვერ აუდიან. „მიყვარდა ფანჯრის შუშების, კოკების მტვრევა. მეტადრე თუ რომელიმე დედაკაცი გამაჯავრებდა. ჩავუსაფრდებოდი წყალზე, გავუტეხდი კოკას და ზურგზე წყალი რომ გადაესხმებოდა, გამეხარებოდა. შემდეგ ვიცოდი, რომ მომჩივნები მოვიდოდნენ სახლში და მთელი დღით გავიქცეოდი. ღამით ბებიაჩემთან შევიპარებოდი, ის დამჭკნარ ძუძუს მომცემდა, მომიალერსებდა. არ წახვიდე იქით, გაგიწყრებიანო“.

მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულების აქ აღწერილი სურათი მეტ-ნაკლებად ემთხვევა იმას, რაც სკოლისა და უნივერსიტეტის წლებიდან დაგვრჩა, თუმცა, ახალი შტრიხებით გამდიდრებული, კიდევ უფრო მკაფიო და საგულისხმო ხდება. გარემო, რომელშიც ჩვენი წამოზრდილი გმირი სხვადასხვა ხელობას ერთიმეორის მიყოლებით მოსინჯავს, თვალშისაცემად ინტერნაციონლურია – რა ეროვნების ხალხს აღარ გადაეყრება წლების განმავლობაში თბილისში თუ თბილისს გარეთ. არაქელაც დიდი ავანტიურისტია – ერთდროულად რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს… სწავლა კი გულით უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს – ფარმაცევტულ ლაბორატორიაში ყურმოკრულ ლათინურ ფრაზებს უნდა დასჯერდეს. კითხვით, ალბათ, იმას კითხულობს, რასაც ხელში ჩაიგდებს და რაც საერთო მოწონებას იმსახურებს მის წრეში.

აი, ამბავი იმისა, თუ როგორი ზემოქმედების უნარი აქვს ახალგაზრდობისას წაკითხულ წიგნებს: „…სახელოსნოს პირდაპირ ებრაელის დედაკაცმა ლუდხანა გააღო, სადაც სიყვარულიც იყიდებოდა. ჩვენ შევდიოდით ლუდის სასმელად. ვნახოთ, ერთი ქალი მოგვიჯდა და ლაპარაკი დაგვიწყო. ვუყურებ, სულით როსკიპი არ არის, არ არის მთლდ გარყვნილი ქალი. დავუწყე ლაპარაკი: რად როსკიპობ, არა გრცხვენიან-მეთქი. საქმე არა მაქვსო. – საქმე რომ გიშოვნო, ხელს აიღებ? – ავიღებ. – შენ თუ დაანებებ თავს ამ საქმეს, მალე ცოლად შეგირთავ-მეთქი, ვუთხარი. ავდექი, საქმე ვუშოვე. გოლოვინის პროსპექტზე სასტუმრო „კოლხიდა“, იქ თეთრეულს აძლევდნენ გასარეცხად. სხვებიც აძლევდნენ სარეცხს. ეს მე ჩავიდინე, როგორც ვფიქრობ, რუსული ლიტერატურის და ანტონ ფურცელაძის „სამის თავგადასავლის“ გავლენით“. მართალია, არაქელას გულუბრყვილო წამოწყება იმთავითვე მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ მაინც როგორი დასაფასებელია ლიტერატურისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა, ლიტერატურაზე დაყრდნობით ისეთი გადაწყვეტილების მიღება, ცხოვრებას რომ ერთიანად ამოატრიალებს.

მე-20 საუკუნემ ახალი თავბრუსხვევა მოიტანა, ახალი საფიქრალი და საკეთებელი. რა ფანატიკოსები ვიყავითო! – შესძახებს არაქელა იმ დღის გახსენებისას, როცა რუსეთში გადასახლებულმა ორმა თანამოაზრემ, წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა ქალაქში „მარსელიეზა“ ერთდროულად იმღერა. ვმღეროდი და გეფიცებით, მართლა მესმოდა ლევანტი მამალაძის ხმა 300 ვერსით დაშორებული ელეციდანო, – წერს უკვე ასაკოვანი ბოლშევიკი, რომელიც ამ ფანატიკური ერთგულებით ემსახურა, მისსავე წარმოდგენით, უდიდეს საქმეს.

არაქელა ოქუაშვილის ხმა 21-ე საუკუნესაც მოსწვდა – პირველ რიგში, ისტორიის მასწავლებლებისა და ისტორიის საგანზე შეყვარებული მოსწავლეების გასახარად. „ჩემი მოგონებები“ ის წიგნია, სახელმძღვანელოს დახურვის შემდეგ რომ უნდა გადაშალო და ჩქარი ნაბიჯით გაუყვე ფართო შარას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი