პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მხატვრული ხერხების სწავლებისათვის

მხატვრული ლიტერატურის აღქმა-გააზრება და ტექსტის სწორი ინტერპრეტაცია მხატვრული სახეების გახსნის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ მათი ამოცნობა, გააზრება და შეფასება.

ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების სქემაში ერთ-ერთი კრიტერიუმი  აფასებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარს, რაც გულისხმობს, არა მხოლოდ ტროპული მეტყველების ნიმუშების ამოკრებას მოცემული ტექსტიდან, არამედ ავტორის ინდივიდუალური სტილის შესახებ მსჯელობას. ამ კრიტერიუმში ქულათა ხვედრითი წილი წელს ორჯერ გაიზარდა, რაც თავისთავად მიუთითებს საკითხის მნიშვნელოვნებაზე, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არათუ მხატვრულ თავისებურებებსა და, ზოგადად, მწერლის სტილზე მსჯელობა, არამედ მხატვრული ხერხების ცოდნაც კი  ბევრი მოსწავლისთვის პრობლემაა. ამის მიზეზი კი, პირველ რიგში, არის საკითხის თეორიული სწავლება. თეორიის, ტერმინების დაზუთხვა მოსწავლეს არაფერს აძლევს.

მხატვრული ხერხების შესწავლა ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებში იწყება. პირველად მწერლის ენაზე დაკვირვება მეოთხე კლასის სტანდარტითაა გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც, მოსწავლემ ეპითეტისა და შედარების ამოცნობა უნდა შეძლოს. მეხუთე კლასში შემოდის მეტაფორა და გაპიროვნება, მერვეში – ჰიპერბოლა, ალეგორია და სხვ.  თუ მეოთხე კლასში მოსწავლეებს მხატვრული ხერხების მხოლოდ ამოცნობა მოეთხოვებათ, მეხუთე კლასის სტანდარტით, მათ ეს ხერხები უნდა გამოიყენონ კიდეც ტექსტების შექმნისას. შემდეგ კლასებში მხატვრულ ხერხებთან დაკავშირებული მოთხოვნები რთულდება. მეექვსე კლასიდან მოსწავლეს მხატვრული ხერხების ფუნქციის გააზრებაც მოეთხოვება. მეცხრე კლასიდან მოსწავლემ სხვადასხვა სახის ტექსტებში გამომსახველობითი ხერხების შედარება და მათი ეფექტიანობის შეფასება, დამამთავრებელ კლასში კი მხატვრულ სახეთა სისტემაში კონკრეტული მხატვრულის სახის ღირებულების გააზრება, ზოგადად, მწერლის სტილზე საუბარი უნდა შეძლოს.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგამდე საკითხის ინტენსიური, პრაქტიკული  სწავლებით უნდა გავიდეთ. კერძოდ, მივცეთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის (ამოწერა, შესაბამისობა, ცხრილში დაჯგუფება და სხვ.) სავარჯიშოები, რომლებიც მხატვრული ტექსტების ამოცნობას ითხოვს, გავააქტიუროთ მათი წარმოსახვა, ხშირად ვაწერინოთ ტექსტები მხატვრული საშუალებების გამოყენებით. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება, შევუქოთ მათ თითოეული ლამაზი ეპითეტი, შედარება თუ სხვა მხატვრული სახე.

მინდა ჩემი პრაქტიკიდან გაგიზიაროთ რამდენიმე სტრატეგია, რომლებსაც ვიყენებ მხატვრული ხერხების სწავლებისას.

შესაბამისობის დავალება

ისრებით დააკავშირეთ მხატვრულ ხერხებთან შესაბამისი მაგალითები.

შესაძლებელია, იგივე დავალება მივცეთ სხვა ფორმით. მაგ., მივაწოდოთ მაგალითები დაჭრილი სახით და დავავალოთ, ამოიცნონ და დააჯგუფონ შესაბამის სვეტში.

ძალიან ხშირად მხატვრული ნაწარმოების შესწავლის პროცესში მოსწავლეებს ვთავაზობ ფლიპჩარტზე დაწერილ ფრაგმენტს ტექსტიდან, რომელშიც უხვადაა გამოყენებული მხატვრული ხერხები.

ამოვიცნოთ მხატვრული ხერხები.

„ცეცხლები ენთო ქარისაგან გაფხეკილ გორაზე. ანგელოზიანია ჩონგური! – დაიძახა ღვთისავარმა და სანთელივით ჩამოქნილი თითები ჩამოჰკრა სიმებს. ჩონგურის ხმამ საამო ჟრუანტელად დაუარა ღამეს. ღვთისავარს ხალხი გარს შემოეხვია. ბიბღამ თვალი მოჰკრა დევგარეულს, რომელსაც ცეცხლებისგან კარგა მოშორებით ეძინა. სამხარეული გულიანად ხვრინავდა… სარეცელივით გამტკნარებულ ცაზე ჩონგურის ხმით გაქეზებული ნაგლეჯები ცეკვავდნენ“- (ნაწყვეტი გოდერძი ჩოხელის „გაღმივლებიდან“).

მოცემულ ტექსტში ყველა ის მხატვრული ხერხი (ეპითეტი, შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება) გვხვდება, რომელთა ამოცნობა ესგ-ის სტანდარტით ევალება მეხუთეკლასელ მოსწავლეს. ფლიპჩარტი გაკრულია დაფაზე, მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ამოიცნობენ მხატვრულ საშუალებას, მასწავლებელი გახაზავს შესაბამის სიტყვას, სიტყვათშეხამებას, ფრაზას და მიაწერს მის დასახელებას. იმავე დავალებაზე მუშაობის დროს შეგვიძლია შევცვალოთ კლასის ორგანიზების ფორმა – ტექსტი დავბეჭდოთ თაბახის ფურცლებზე და სამუშაოდ მივცეთ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში.

შევთხზათ ზღაპრის დასაწყისი.

შეურჩიეთ სახელებს ეპითეტები და ჩასვით მრავალწერტილის ადგილას.

…………………….ტყის ნაპირას…………………………..  ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ისინი…………………….ზამთრის ……………………….ღამეებს ……………ბუხართან ატარებდნენ. ………………………….ბებია ………………………………..წინდებს ქსოვდა, ……………………….ბაბუა……………………….. წიგნის…………………………….. ფურცლებს უაზროდ ფურცლავდა.

მოსწავლეები ტექსტში გამოყენებულ ყველა არსებით სახელს ურჩევენ ეპითეტებს.   კითხულობენ თავდაპირველ და ეპითეტებიან ვერსიებს, ადარებენ ერთმანეთს და მსჯელობენ, რომელი ტექსტია უფრო ეფექტური და რატომ.

შემოქმედებითი წერა

მოსწავლეებს ვთავაზობთ ნახატებს ან სათაურებს და ვავალებთ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან სასურველ თემაზე შეთხზან ტექსტი მხატვრული ხერხების გამოყენებით. ზოგჯერ გონებრივი იერიშით მოფიქრებული იდეების საფუძველზე ირჩევენ ერთ-ერთს და წარმოსახვით ქმნიან ტექსტებს. მოსწავლეები წერენ, იყენებენ ნასწავლ  მხატვრულ ხერხებს, კითხულობენ და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. მნიშვნელოვანია, ტექსტები შეფასდეს მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი რუბრიკით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კრიტერიუმი – მხატვრული ხერხები.

გთავაზობთ მერვეკლასელი მოსწავლის წარმოსახვით შესრულებულ ნამუშევარს (იდეა-უდაბნოში აღმოცენებული ერთადერთი ყვავილი).

ყვავილი უდაბნოში

უკიდეგანო ოქროს ოკეანეში გაბატონებული ჯოჯოხეთური სიცხე სულს აფრთხობინებდა ნებისმიერ სულიერს. ერთ დროს ყეყეჩი, ახლა კი მცხუნვარე მზისგან დამჭკნარი ყვავილი გავარვარებულ ქვიშას მისვენებოდა და მოთქვამდა. არავინ ჰყავდა გულშემატკივარი. თუმცა, სიცხისგან მისავათებულს, ლაპარაკის თავი არც ჰქონდა. კაიროდან მომავალ ბედუინებს მოეშორებინათ თავიდან. წუხდა, ძალიან წუხდა და სიკვდილის მოლოდინში სინანულის გრძნობა გულს უთუთქავდა. ნანობდა, ერთ დროს ლამაზი და  ქედმაღალი, სხვებს რომ დასცინოდა.

დაღამდა. ცაზე დამსხდარი ვარსკვლავები მბჟუტავი სანთლებივით ანათებდნენ. ქვიშა კვლავ დუღდა. სამარისებური სიჩუმე სუფევდა. სიკვდილს ნატრობდა. სწყუროდა ყვავილს. გამჩენს წყევლიდა. წვიმას ნატრობდა,  წყურვილის გრძნობა რომ შემსუბუქებოდა… სანამ იგი ოცნებობდა, უდაბნოს კალთებში მოკალათებული სიკვდილი შმაგურად იჭრებოდა მის სხეულში.

აღნიშნული სტრატეგიების მრავალჯერადი გამოყენება მოსწავლეებს გაუმარტივებს საკითხის შესწავლას, განუვითარებს ტექსტის მხატვრული თავისებურებების აღქმის უნარსა და  შემოქმედებით აზროვნებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016

ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024

https://naec.ge/uploads/postData/EEG-2018/mkhatvruli-textis-analizi-da-shefasebis-kriteriumis-ganmarteba.pdf

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი