სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გაკვეთილზე ცოდნის აქტუალიზაციის მეთოდები

გაკვეთილი ცოცხალი, დინამიკური, შემოქმედებითი და ექსპრესიული რომ იყოს, ამისთვის მასწავლებელიც და მოსწავლეც თანაბარი ინტენსივობით უნდა იყვნენ ჩართულნი სწავლა-სწავლების პროცესში. ყურადღება უნდა მიექცეს ძველი, არსებული ცოდნის გააქტიურებასაც და ახალი ინფორმაციის მიწოდება-ახსნასაც. ეს ორი იმგვარ ჰარმონიულ კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან, რომ მოსწავლეებმა ძალდაუტანებლად შეძლონ არსებულ ბაზისზე განსხვავებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციისა თუ თვალსაზრისის დაფუძნება.

მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გარკვეული გეგმითა და წინასწარ მოფიქრებული იდეებით შედის, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება ბევრი რამ შეაცვლევინოს და „დაუგეგმავი“ იდეებიც წარმოშვას. იდეა ხომ ისეთი რამაა, რომელიც, ერთი შეხედვით, მოულოდნელად და არსაიდან იბადება, მაგრამ ყველა გამოცდილმა პედაგოგმა იცის, რომ, ისევე როგორც არაფერი სხვა, არც იდეები ცვივა ციდან. როგორც შექსპირი იტყოდა: „არარაისგან არ იქმნების არარაიცა“. ორიგინალური და საინტერესო იდეაც ისევე ჩუმად მზადდება და ღვივდება, როგორც თესლი მიწაში, რომ სათანადო პირობებში თავი გამოამჟღავნოს. რაც უფრო თავისუფალი და შეუზღუდავია აზროვნების სივრცე, მით უფრო მეტია ალბათობა და შესაძლებლობა იდეების დაბადებისა, ამიტომაც მასწავლებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაკვეთილზე სწორედ ამგვარი პირობების შექმნაა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისთვის ასპარეზის მისაცემად.

პირველ რიგში, გაკვეთილზე კონკრეტული თემისა თუ საკითხის შესახებ დაფიქრება უნდა იყოს შესაძლებელი. შემდეგ შეიძლება სხვა ამოცანების დაგეგმვა და გადაჭრა. დასახული ამოცანების, განსახორციელებელი აქტივობების ხელშესაწყობად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • ყურადღების კონცენტრაცია უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც არ არის საჭირო ერთ გაკვეთილზე ბევრი დავალების შესრულება, საკმარისია 2-3 ამოცანის დასახვა და გადაწყვეტა. სხვაგვარად მოსწავლეებს ყურადღება გაეფანტებათ და თეორიულად თუნდაც იდეალურად დასახული მიზნები რეალურ და პრაქტიკულ განხორციელებას ვერ პოვებს.
  • მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს არა ის მეთოდები, რომლებიც თავად მოსწონს, არამედ ისინი, რომლებიც მოსწავლეთა ასაკს, ცოდნა-განათლებას, უნარებსა და განწყობებს შეეფერება.
  • ახალი მასალის ასათვისებლად იმგვარ ხერხებს უნდა მიმართოს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას, მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას.
  • ცოდნის აქტუალიზაციისთვის კარგი იქნება გამოიყოს 5-7 წუთი, რათა შეიქმნას ერთგვარი მოსამზადებელი პირობები ძველი ცოდნის ახალთან დასაკავშირებლად.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ მოსწავლემაც მასთან ერთად გაიაზროს ახალი თემის შესწავლის აუცილებლობა. დაფაზე მიზნებისა და ამოცანების გამოკვრა ან პროექტორით ჩვენება თუ ხმამაღლა წაკითხვა ამისთვის არ კმარა. საჭიროა სათანადო განმარტებები, რომ მთავარი მიზნები მოსწავლეებმაც გაიაზრონ. მათ მასწავლებელთან ერთად უნდა გაარკვიონ, რამდენად მზად არიან ახალი მიზნების მისაღწევად ან, საერთოდ, რა საჭიროა ისინი, აქვთ თუ არა სათანადო ცოდნა და უნარები ამ ახალი მასალის, უცნობი ფაქტებისა და მოვლენების ასათვისებლად, გასაანალიზებლად და კრიტიკულად შესაფასებლად. ასევე, უნდა გამოიკვეთოს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიონ ყველა დასახული ამოცანა.

ცოდნის აქტუალიზაცია მოიცავს შემდეგსაც:

  • მასწავლებელმა იმგვარად უნდა წარადგინოს თემა, რომ მოსწავლეებს კითხვები გაუჩნდეთ;
  • გამოიკვეთოს მთავარი სასწავლო ამოცანები, რომლებიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას;
  • გაკვეთილზე განსახორციელებელ აქტივობათა გაცნობა ხელს უნდა უწყობდეს თვითანალიზსა და თვითშეფასებას.

ცოდნის აქტუალიზაციის ბევრი ცნობილი მეთოდი არსებობს. გამოვარჩევთ მათგან რამდენიმეს:

  • იდეების კალათა. მასწავლებელი კითხვებს უსვამს მოსწავლეებს იმის გასარკვევად, რა იციან ამ თემის შესახებ. მოსწავლეები ჯერ ინდივიდუალურად წერენ, მერე კი წყვილებსა თუ ჯგუფებში განიხილავენ. მასწავლებელი მათ პასუხებში ამოკითხულ ინფორმაციას დაფაზე მოკლედ ჩამოწერს.
  • დიახ-არა (სწორია-მცდარია). მასწავლებელი თემასთან დაკავშირებულ ისეთ კითხვებს უსვამს მოსწავლეებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვან პასუხებს მოითხოვს, თუმცა მოსწავლეებმა თან უნდა დაასაბუთონ კიდეც თავიანთი პასუხები.
  • ვიდეოჩანახატი. მასწავლებელი აჩვენებს ვიდეოს, რომელიც შესასწავლ თემასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, მოსწავლეებს ექმნებათ განწყობა. შესაძლებელია თემასთან უფრო დაახლოებაც კითხვა-პასუხით.
  • ჯადოსნური ყუთი. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ ყუთში თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საგანს დებს და ვარაუდების, გამოცნობის გზით მოსწავლეთა ინტერესს იწვევს.
  • ასოციაციები. მასწავლებელი პროექტორით (ან სხვა გზით) აჩვენებს საგნებს, ფოტოებს, ნახატებს და სხვ. (რომლებიც თემასთანაა დაკავშირებული), მოსწავლეები კი იმსჯელებენ, რა ასოციაციები უჩნდებათ მათ დანახვაზე. ამგვარი ასოციაციური ბმულებით თემას გაააქტიურებენ.
  • ასოციაციური ნახატები. შეიძლება, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს იმ ასოციაციების დახატვა, რომლებიც მოცემულ თემაზე ფიქრისას უჩნდებათ.
  • კროსვორდი. ცოდნის აქტუალიზაციისთვის შეიძლება კროსვორდის გამოყენებაც, რომელიც შედგენილი იქნება იმგვარ ინფორმაციასა და ცნებებზე დაყრდნობით, ახალი მასალის შესწავლას რომ შეუწყობს ხელს.
  • ვიქტორინა. მასწავლებლის მიერ დასმულ, თემასთან დაკავშირებულ კითხვებს მოსწავლეები რიგრიგობით უპასუხებენ.
  • ბლიცი. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს, რომლებზეც ცნებები, ფაქტები და მოვლენებია დაწერილი. მოსწავლეები მათ მოკლედ და სხარტად განმარტავენ.
  • იპოვე ლოგიკური კავშირი. მასწავლებელი ასახელებს სამ სიტყვას, რომელთაგან ორი ლოგიკურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ მეოთხე სიტყვა, რომელიც მესამესთან იქნება ამგვარ კავშირში. ყველა სიტყვა კი ახალ თემას მიემართება.

კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის მოდიფიცირებული ამ და სხვა მეთოდებითა და ხერხებით მასწავლებელი შეძლებს ცოდნის აქტუალიზაციას. რა თქმა უნდა, გაკვეთილისთვის კარგად მოსამზადებლად სახელმძღვანელოები არ კმარა, ამიტომ კარგი მასწავლებელი მუდმივად ცდილობს თვითგანვითარებას, პროფესიულ სრულყოფას. თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი მისთვის ხელმისაწვდომს ხდის ზღვა მასალას. საჭიროა მხოლოდ სურვილი, ინტერესი და მოტივაცია იმისთვის, რომ თანამედროვე მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის ყოველი ეტაპი შემეცნებითი, ნაყოფიერი და შედეგიანი იყოს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი