პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იყავი ბედნიერი…

სკოლის დასრულების შემდეგ მოზარდები უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგებიან – რა უნდა აკეთონ მომავალში? რისი გაკეთება აინტერესებთ?რა მიანიჭებთ მათ ბედნიერებას? რას გააკეთებენ ისინი საზოგადოებისთვის? სამყაროსთვის? სხვა ადამიანებისთვის?

 

ჟონგლიორი, აკრობატი, ჯამბაზი, მასწავლებელი, მწვრთნელი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური, ბედნიერების, სიცილისა და სიხარულის გამავრცელებელი – და ყველაფერი ეს ერთდროულად. ასეთია იმ ადამიანების პროფესია, რომელსაც ბლოგში ამჯერად გაგაცნობთ. დასმულ კითხვებს მათ თავიანთი პასუხები უპოვეს. საკუთარი ბედისწერისა და ბედნიერების შემოქმედები თავადვე გახდნენ…

იანი და დევიდი შტუტგარტელი ახალგზარდები არიან. დამეგობრდნენ და გაუდგნენ გზას…მსოფლიოს გარშემო საცირკო მოგზაურობაში.

იანი 24 წლისაა. სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და სპორტის მასწავლებელი გახდა. 12 წლიდან დაინტერესდა ცირკით, 16 წლიდან კი უკვე ბავშვებს ასწავლიდა ცირკის ელემენტებს. ცირკის მწვრთნელობამ იმდენად დააინტერესა, რომ სწავლის პარალელურად სხვებსაც ასწავლიდა. ახლა „დიდ საცირკო მოგზაურობაში ვარ“ – იცინის ბედნიერი.

იანი

„სკოლის შემდეგ მოგზაურობა გადავწყვიტე, ოღონდ ვერ გადამეწყვიტა, რა მინდოდა, ველომოგზაურობა, მარტო გასვლა ზურგჩანთით თუ რა. შემდეგ რაღაცნაირად ჩემი საყვარელი საქმიანობის დაკავშირება მომინდა მოგზაურობასთან, დევიდს რომ გავუმხილე, ისიც აღფრთოვანდა, რახან მდიდარი არც ერთი არ ვართ, დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვეძიებინა ფინანსები. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვატარეთ იდეა და შემდეგ ოცნება აგვიხდა, რამდენიმე ფონდი გამოგვეხმაურა, თანხა მოვიპოვეთ და დავიწყეთ!“

დევიდი

„6 წლის ვიყავი, ცირკით რომ დავინტერესდი. ერთ კლოუნს ვიცნობდი, თავის მანქანაში ცხოვრობდა და ქალაქში სხვადასხვა ადგილას წარმოდგენებს მართავდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ბურთები ავიღე და თამაში დავიწყე. ნელ-ნელა ისე გავიწაფე ჟონგლიორობაში, რომ საავადმყოფოებში მივდიოდი და იქ ვმართავდი წარმოდგენებს, შემდეგ სკოლაშიც გამოვდიოდი. საბოლოოდ, თეატრალურ სასწავლებელში მივიღე განათლება ამ მიმართულებით და ცირკის მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. შემდეგ იანს შევხვდი, დავმეგობრდით, ერთხელად მოვიდა ამ გიჟური იდეით და მსოფლიო მოგზაურობა შემომთავაზა. მოგზაურობა და საცირკო წარმოდგენები ერთად – გასაოცარი გამოწვევა იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“.

ბიჭები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ტურიზმი „მათთვის არ იყო საინტერესო“.

„ გვინდოდა არა მხოლოდ მიგვეღო შთაბეჭდილებები , არამედ რაღაც გაგვეცა ამ სამყაროში. ის, რისი გაცემაც ჩვენ შეგვეძლო, არის სიხარული და სიამოვნება, რასაც წარმოდგენის ნახვისას განიცდიან მაყურებლები. ასე დაიბადა ეს იდეა“ – ამბობს იანი.

 

დევიდი

„ჩვენ სტუმრები ვართ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრებით. მხოლოდ ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები არ გვაინტერესებს,  უფრო მეტად ადამიანები გვინდა გავიცნოთ და შევიცნოთ. მათი ცხოვრება, ისტორიები, ამბები. ჩვენ არა მხოლოდ წარმოდგენებს ვმართავთ, არამედ ვასწავლით კიდეც მსურველებს. მასპინძელ ქვეყნებში სკოლებს ვუკავშირდებით, ჩვენს პროექტს ვაცნობთ და მოსწავლეებთან ვმუშაობთ.

ენითაუწერელია ის შეგრძნებები და შტაბეჭდილებები, რასაც ასე ვიღებთ. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რამ გვხგვდება და ხდება.

იანი

„ხდება ხოლმე, ჩადიხარ ადგილზე, გაქვს გარკვეული გეგმა, მაგრამ გონზე არ ხარ, როგორ შეხვდებიან ამას ადგილობრივები, იწყებ წარმოდგენას და ხვდები, რომ რაღაც ახალი და განუმეორებელი იბადება, ახალი გამოცდილება, შეგრძნებები. ცირკი ძალიან საინტერესო და მარტივი ხერხია ადამიანებთან დასაახლოებლად, განსაკუთრებით, ბავშვები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და სიახლეების შეცნობის სურვილით. ისეც ხდება ხოლმე, როდესაც ესმით ცირკი, წარმოუდგენიათ ცხოველები,  სპეციალური აღჭურვილობა, ამ დროს მივდივართ ბურთებით და ვიწყებთ წარმოდგენას, მერე კი მათაც ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. განსაკუთრებით მოსწონთ ხოლმე აკრობატული ილეთები, სწავლობენ, როგორ დაეუფლონ თავიანთ სხეულს, რას გრძნობენ, როგორ ეწყობიან სხვებს სხვადასხვა მოძრაობისა თუ ილეთის მეშვეობით. თავისებურად სოციალური მომენტია. გასაოცარია იმაზე დაკვირვება, როგორ იწყებ ნულიდან და ერთ კვირაში უკვე ხედავ შედეგებს, ვიღაც ბურთებით ჟონგლიორობს ოსტატურად, ვიღაც აკრობატულ ილეთებს ასრულებს, რაც ერთი კვირის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ისიც გასაოცარია, როგორ ინდომებენ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას, ვიღაცას სამი ბურთი აღარ ჰყოფნის, მეტს აკეთებს…

საბოლოოდ ეს ყველაფერი წარმოდგენით სრულდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, საკუთარი შრომის შედეგებს წარმოუდგენენ სხვებს.

დევიდი

მაკედონიაში გვქონდა ასეთი გამოცდილება – ბავშვები დაგვიახლოვდნენ. მათ საერთოდ არაფერი სმენოდათ ცირკის შესახებ. რთული იყო რამდენიმე მიზეზის გამო – ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, არადა ჩვენ უნდა აგვეხსნა, რა არის ცირკი და ისიც უნდა გაგვეგებინებინა მათთვის, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში მათთან ერთად წარმოდგენას გავმართავდით, თუ მოინდომებდნენ და ჩაერთვებოდნენ.

რთული კვირა იყო, ვმუშაობდით თავდაუზოგავად დაერთი კვირის შემდეგ წარმოდგენა გავმართეთ. ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ ადგილს და საოცრად ბედნიერები იყვნენ მიღწეულით. მაშინ ვთქვით, ესააა ის, რისი კეთებაც გვინდა.დიდებული რამ იყო.

 

იანი სკოლასა და სკოლის წლებზე

სკოლის წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩვენი მსოფლხედვაც და ცხოვრებაც. სამყაროს მიმართ ღიაობა და მიმღებლობა, რისკების გათვლა, ფართო თვალსაწიერი – ეს ბაგაჟი წამომყვა სკოლიდან. ჩვენს სკოლაში იმასაც გვასწავლიდნენ, როგორ გამოგვეყენებინა ის, რაც მუდამ თან გვაქვს, ჩვენი სხეული, ბევრს ვმუშაობდით სხვადასხვა მასალაზე.

დევიდი „სკოლამ სამყაროს მიმართ ინტერესი გამიჩინა“

შტუტგართან ახლოს ვალდორფის სკოლაში ვსწავლობდი, მერე შტუტგარდის ვალდორფში გადავედი. თავისუფლად სწავლების და სამყაროს მიმართ ინტერესის გაჩენის წლები იყო ჩემთვის სკოლის წლები. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. მნიშვნელოვანია, რაღაც კონტაქტი დამყარდეს, ინტერესთა თანხვედრა, ურთიერთპატივისცემა. როცა გრძნობ, რომ მასწავლებელს აინტერესებს შენი ინდივიდუალიზმი, შენი პიროვნება.

იანი

თუ რაღაც ხდება და ამის შეცვლა არ შეგიძლია, ნუ გაბრაზდები.

სწრაფად რეაგირება ვისწავლე.

სიტუაციის მიღება და კონტროლი. კ

იდევ ერთი – თუ თავად არ მოინდომებ რაღაცის შეცვლაას ან გაკეთებას, არც არაფერი შეიცვლება.

ესაა ის გაკვეთილები, რაც ამ ამ გამოცდილებამ მასწავლა.

ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა მანქანით, რომელიც არც იყო ბოლომდე მოწყობილი საცხოვრებლად. კიდევ დიდხანს რომ დავლოდებოდით და გადაგვედო, შეიძლება ეს თავგადასავალი აგვცდენოდა.

თუ გინდა რამე, ადექი და გააკეთე – ესაა, რაც მკაფიოდ ვისწავლე.

დევიდი

იმდენი ვისწავლე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ყველაზე ძვირფასი, რაც შევიძინე, მიმღებლობაა. ვფიქრობ, მანამდე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, და დისტანციურიც ადამიანებთან, ახლა კი უამრავი მეგობარი შევიძინე.

საქართველოზე…

აქ ადამიანები სულ მღერიან. ახალგაზრდები ერთად მღერიან ყველგან და ყოველთვის. ტრანსპორტშიც, თუ წვეულება აქვთ, მაშინაც. ეს საოცარია. თან, არავინ ბრაზობს, თუ ხმამაღლა მღერი.

ბუნება – გასაოცარი ბუნებით დაგვამახსოვრდება კიდევ საქართველო.

სად გაქვთ ბამპერები?

ქართველებს არ უყვართ საგზაო წესები – ეს იყო პირველი, რაც ვიღაცამ გვითხრა საქართველოში რომ შემოვედით. გზებზე ეს მართლაც ჩანს.

მხიარული, საინტერესო, ლაღი ქართველები გავიცანით. ბევრი გავეცით და კიდევ უფრო მეტი მივიღეთ. გმადლობთ, ქართველებო!

იანი და დევიდი საქართველოდან სომხეთში გაემზაგვრნენ. მათ მოგზაურობისთვის ორი წელი აქვთ განსაზღვრული. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, მიღებულ გამოცდილებას კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს მოახმარენ.

მასალის მომზადებისას გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა თბილისის ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, გიორგი ძიძიგურს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი