პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

როგორ სურთ ბავშვებს თამაში?

თამაშის ბევრნაირი სახეობა არსებობს და წესებიც მრავალნაირია. მშობლის უპირველესი მიზანი ალბათ ის უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი, მრავალფეროვანი და განმავითარებელი თამაში შესთავაზოს შვილს, ჩაერთოს ამ პროცესში და ახალი თამაშების გამოგონებაში მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ასევე კარგი ხარისხის და განმავითარებელი სათამაშოები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში უკვე ძვირად მოსაპოვებელი სიამოვნება გახდა. თუმცა, თუ ბავშვს დავაკვირდებით და მის ქცევას მივადევნებთ თვალს, მივხვდებით რომ ზოგჯერ სულაც არ არის მნიშვნელოვანი უამრავი ძვირადღირებული სათამაშოს შეძენა, რადგან ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დროა, რომელსაც მშობელი მისთვის დაუნანებლად გასცემს. ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ შესთავაზონ ბავშვებს ისეთი თამაშები, რომლებიც არც დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს და მეტიც, უზარმაზარი ემოციური სარგებლის მოტანა შეუძლია. ასეთ დროს ხომ ერთ მუშტად იკვრება ოჯახი და ბავშვებიც გრძნობენ ამ ერთიანობის ჯადოსნურ ძალას. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობელს არც თამაშის განწყობა აქვს და არც დრო, ასეთ დროს კი მთავარია, ხელი არ შეუშალოს ბავშვს და უხეში ჩარევით არ შეაჩეროს მის სამყაროში მიმდინარე ჯადოსნური პროცესები.

 

წარმოიდგინე და ითამაშე

 

ჩემი შვილების საყვარელი თამაშები წარმოსახვითია. ისინი ისე არ დაიძინებენ, თუ ძილის წინ რაიმე ახალი თამაში არ გამოიგონეს. სიუჟეტს თავად იფიქრებენ და როლებსაც თავად ანაწილებენ. გოგონა ხან ციხე-სიმაგრეში გამოკეტილი მზეთუნახავია, რომელიც ცეცხლისფრქვეველმა ურჩხულმა დაატყვევა და ახლა მის გასათავისუფლებლად მამა და პრინცის როლმორგებული ძმა იბრძვიან და საბოლოოდ დაიხსნიან კიდეც მას. ხშირად არის, რომ მათი თამაშები იმ ლიტერატურული ეპიზოდებით მდიდრდება, რომელსაც დღის მანძილზე ეცნობიან და შემდეგ ესეც თამაშის ნაწილი ხდება. ამიტომ, თუ შვილებთან თამაშს გადაწყვეტთ და ხუთი წუთით მაინც დაფიქრდებით სიუჟეტზე, ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს საინტერესო თამაშის შთამაგონებელი.

 

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თამაშში გადავიტანეთ ბულინგის სიუჟეტი. ჩემი პირველკლასელი შვილი სკოლაში უკვე შეეჯახა თანატოლისგან არასასიამოვნო (ძალადობრივ) ქცევას და გადავწყვიტეთ თამაში ამ თემაზე აგვეგო. თამაშში ახლა ის განასახიერებდა ბულერ ბიჭს, რომელიც პატარა გოგონას ჩაგრავდა და მას კვების თანხას სძალავდა. პატარა გოგონას როლს ჩემი გოგონა ასრულებდა. ამ სიუჟეტურ ქარგაში მოვაქციეთ ბულინგის დრამატულობა და შემდეგ ისინი ჩემი დახმარების გარეშე ცდილობდნენ თამაშის დასკვნით ნაწილში ორი ადამიანის ერთმანეთთან შერიგებას და პრობლემის მოგვარების გზის გამოძებნას. ამისთვის მათ აირჩიეს სტრატეგია – საერთო ინტერესები. „შენ ფრი გიყვარს ხომ? წამოდი, ჩემთან სახლში ფრი ერთად ვჭამოთ და შემდეგ გაკვეთილები ერთად მოვამზადოთ”; ან კიდევ „რა საყვარელი ძაღლი გყავს. შეიძლება ერთად გავასეირნოთ?”.  ამ თამაშში გავაჟღერეთ ისიც, რომ ზოგჯერ მოძალადის ქცევაც ძალადობით არის განპირობებული და მას ბევრი მიზეზი შეიძლება უძღოდეს წინ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ბულინგის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების დროს არა მარტო მსხვერპლზე გაკეთდეს აქცენტი, არამედ მოძალადეზეც და ამ ქცევის გამომწვევ წყაროსაც მივაგნოთ. რადგან, ხშირად არასოციალურ ქცევას, თავისი განმაპირობებელი მიზეზები აქვს: არასახარბიელო სიტუაცია და აგრესიული ატმოსფერო ოჯახში, ეკონომიკური სიდუხჭირე თუ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის არასწორად არჩეული სტრატეგია. ოცწუთიან თამაშში ჩავტიეთ ეს ამბავი და ისინიც კმაყოფილი დარჩნენ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კმაყოფილი და ბედნიერი ისინი თამაშის დროს არიან.

 

კოშკების შენება

 

თუ ამ თამაშს ციხე-კოშკების აშენებას არ დავარქმევთ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ განმარტოობანას თამაში ან ცხოვრების შენება. მიუხედავად მცირე ასაკისა, ბავშვებიც მიილტვიან სიმყუდროვისკენ და სურთ საკუთარი პირადი სივრცის მოწყობა. თამაშისთვის აუცილებელი რესურსი ბლომად საბან-ბალიში და პლედია. ყველაფერი კი ასე იწყება: ორ სავარძელს ერთად შეატყუპებენ, შემდეგ იწყება საძირკვლის ჩაყრა, ბევრი ფუმფულა საბნის დაფენა, შემდეგ გადახურვის პროცესი მიდის. რაც შეიძლება დიდი გადასაფარებელი გვჭირდება, რომ ციხე-კოშკში მზემ ვერ ჩააღწიოს. თუ გვერდებიდანაც აღწევს სინათლე, მაშინ გვერდების დამატებით გადახურვაა საჭირო. აი, ასეთ სახლებს აშენებენ ჩემი შვილები, როდესაც დრო ჩველუებრივზე მეტი აქვთ ხოლმე. შემდეგ შეძვრებიან თავიანთ ციხე-სიმაგრეში, შეიტანენ ფერად განათებას, წიგნებს ან სასუსნავებს და იწყება კიდევ ერთი ახალი თამაში. ზოგჯერ, ასეთ შტაბში გამაგრებულებს ხან უცხოპლანეტელები ესხმიან თავს და ხანაც ზომბები. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, რასაც ყველაზე დიდი ხალისით და ინტერესით უდგებიან, ეს შენების პროცესია. ისინი გამოცდილი მშენებლებივით ყველა დეტალს სერიოზულად და სკრუპულოზურად აკვირდებიან. ასეთი თამაშების დროს მშობლების მოთმინებაც იცდება: „ნუთუ ათი პლედი და ოთხი ბალიში საკმარისი არ არის? აუცილებელია, ყველა მანდ შეიტანოთ?“ –  ბუზღუნებს ალბათ ჩემნაირი მშობელი, რომელიც დაშლის პროცესს როცა წარმოიდგენს, კოშკების მშენებლობა აღარ ეპიტნავება. თუმცა, როდესაც თავის „ქვენა” გრძნობებზე მაღლა დადგება, ისიც იგრძნობს, რომ ძალიან სასიამოვნოა ბავშვურ სამყაროში, თუნდაც ოცი წუთით დაბრუნება.

 

ეს რა თამაშია? ეს რა თამაშია?!

 

ალბათ, მხოლოდ ჩემი საწუხარი არ არის ის, რომ თანამედროვე, ურბანულ გარემოში ბავშვისთვის გართობისთვის და თამაშისთვის არეალი დავიწროვდა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. გადატვირთული სასწავლო რეჟიმის პირობებში მყოფ ბავშვებს, უფრო ნაკლები დრო რჩებათ სირბილისთვის, თამაშისა და ონავრობებისთვის. მჯდომარე ცხოვრების წესი არამარტო უფროსებს აწუხებთ, არამედ ბავშვებიც ამ პირობებში იმყოფებიან. სექტემბრიდან მოყოლებული, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება ისეთი დღეები, როდესაც ჩემი ოთხი წლის გოგონა, ბაღის ეზოში გაიყვანეს. ამისთვის ხელისშემშლელი მიზეზი კი არასოდეს დაილია. ძირითადად ყველაფერი „ცუდ ამინდს” ბრალდება და ასე არიან გამოკეტილი ბავშვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე ერთ სივრცეში და გამუდმებით ჭრიან, აფერადებენ, კითხულობენ და  ხატავენ.  რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი აქტივობის წინააღმდეგი არ ვარ და მეტიც მადლიერი ვარ, რომ ბაღში გაგვიმართლა და კარგი მასწავლებლები შეგხვდნენ, მაგრამ ეზოში თამაში და ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჯანსაღი განვითარების პროცესისთვის და, სამწუხაროდ, სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობა ასეთი რეჟიმის პირობებში იმყოფება. სწორედ ამის გამო, ერთგვარი მისიონერული შემართებით შევუდექი საკუთარი შვილების დღის დაგეგმვას: არცერთი დღე ჰაერისა და სირბილის გარეშე! თუმცა, ესეც სხვა მნიშვნელოვანი საქმეების ხარჯზე ხდება. ამიტომ, იმისთვის, რომ მათ ყველაზე მცირე ორი საათი ჰაერზე გაატარონ, ვიყენებ ყველა პარკს, სადაც კი მოვხვდებით. პარკებში ყოფნის დროს ერთი თვალის შევლებაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ადამიანებს, იქნებიან ისინი ძიძები, ბებიები თუ დედები არასაკმარისი ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი უზარმაზარი სიკეთეა ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა. ამიტომ, ნებისმიერი პარკში მოხვედრილი ადამიანი ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: „ნუ დარბიხარ – გაცივდები, ნუ დარბიხარ – გაოფლიანდები, ნუ დარბიხარ – დაისვრები“. მთელი ეს აკრძალვები მარტო სირბილზე არ ვრცელდება, ასევე ვრცელდება თამაშის სიუჟეტზეც. „ეს, რა თამაშია?! ეს რა თამაშია?!” – მამები თუ ძიძები ამ ფრაზით დასდევდა ბავშვებს, რომლებიც „ზომბობანას” თამაშობდნენ ერთ-ერთ პარკში და ერთმანეთს „შესაჭმელად” დასდევდნენ. მათ საბოლოოდ, მაინც მოახერხეს და დაშალეს ზომბებისგან შემდგარი გუნდი.

 

თამაში ბავშვებისთვის არც დროის გაყვანაა და არც ამ დროის უსარგებლოდ ხარჯვა. თამაში შენებაა იმ უნარების, რომლებიც მას ზრდასრულობაში გამოადგება. თამაში ადრეული განვითარების ასაკში ის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც უკვე ზრდასრულობაში უფრო განვითარდება ბავშვის სოციალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სფერო. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს ბავშვი, როგორ სურს, რომ ითამაშოს, რადგან სწორედ ამ დროს იგი გამოხატავს მის განწყობას, ხასიათს, სურვილებს და ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება ამოვიკითხოთ და შემდეგ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. არ დაგვავიწყდეს! ბავშვების თამაში არ ეფუძნება ჩვენ მიერ აღიარებულ მსოფლმხედველობას თუ სხვა კანონზომიერებას, ამიტომ დავუტოვოთ მათ იმის უფლება იყვნენ თავისუფალი საკუთარ გამოგონილ სამყაროში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი