ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

როგორ  მოვამზადოთ დამატებითი აქტივობები

ისტორიის სახელმძღვანელოების შესახებ ბევრი გვისაუბრია, კოლეგები ვხდავთ მთელ რიგ პრობლემებს, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წიგნი ნაკლებად საინტერესოა ჩვენი მოსწავლეებისათვის.  ხშირად  გვიწევს სასწავლო რესურსების შექმნა და ასევე  დამატებითი აქტივობების მოფიქრება იმისათვის, რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, საინტერესო, დაეხმაროს ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში  და რაც მთავარია მიიღოს ისეთი ცოდნა , რომელიც გამოადგება.

მასწავლებლებს აინტერესებთ  და ხშირად მეკითხებიან, როგორ გაკვეთილებს ვატარებ.  ვფიქრობ, საინტერესოა არა მხოლდო ის, როგორია ჩემი საგაკვეთილო პროცესი, არამედ, ზოგადად, აუცილებელია ვიფიქროთ, რამდენად შეგვიძლია დღეს ჩვენ კარგად ვასწავლოთ ისტორია.

მინდა გაგიზიაროთ  რამდენიმე აქტივობა ერთ-ერთი გაკვეთილიდან.

გაკვეთილი პუნიკური ომები 

პირველ რიგში ე.ს გ-დან ვირჩევ შესაბამის სტანდარტს , ამჯერად ესენია

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

ვგეგმავ პრაქტიკულ გაკვეთილს, რომლის დროსაც ისტ-ს არ ვიყენებ, მაგრამ საჭირო რესურსებს ვამზადებ  წინასწარ.

როგორ შევქმნათ რესურსი ?

  1. 1. ვეძებ გუგლის დახმარებით თემის შესაბამის მასალას  (უმჯობსია გამოიყენოთ უცხოენოვანი გვერდები, იქ მეტი მრაავლფეროვნებაა”  ) თემის შესაბამისად საქაღალდეში ვათავსებ

ა. ილუსტრაციებს;

ბ. რუკებს;

გ. ტექსტს .

რჩევა  : ტექსტი უნდა იყოს ძალიან მცირე, მის შესაქმნელად გუგლის გამოყენებაც კი არ დაგჭირდებათ . მაგ., რომი მილიტარისტული სახელმწიფოა . კატონის გამონათქვამი  და . 

  1. საგაკვეთილო პროცესის დროს:

ა. გამზადებული მასალიდან ვიღებ  იმ ფურცლებს , რომელზეც წერია საკვანძო სიტყვები:

მაგ. პირველი, მეორე და მესამე პუნიკური ომები, ასევე  ჰანიბალი ან სციპიონი და მათ არეულად ვაკრავ დაფაზე მაგნიტის დახმარებით

ბ.  ამობეჭდილ მასალას (ილუსტრაციებს, რუკებს , მცირე ტექსტებს) ვათავსებ დაფის წინ მერხზე, ვდებ არეულად, მაგრამ ისე, რომ მისი დათვალიერება მოსწავლემ ადვილად შეძლოს.

 აქტივობა 1.  – მოსწავლეებს ვთხოვ , სურვილის მიხედვით გამოვიდნენ , შეარჩიონ ის ფურცელი , რომელიც მათი აზრით შეესაბამება დაფაზე გაკრულ “საინფორმაციო ბანერს” და მიაკრან მის ქვემოთ მაგნიტის საშუალებით.

გამოცდილების გაზიარება : თავდან ვიძახებ ერთ მოსწავლეს, კლასი  ყურადღებით

აკვირდება  როგორ მოქმედებს მოსწავლე, როდესაც ვხედავ, რომ  ე. წ ინსტრუქცია მათთვის  გასაგებია , ამის შემდეგ სამ -სამ მოსწავლეს ვიძახებ და დროსაც ვაწესებ ( ვითვლი 10-მდე ხმამაღლა  , როცა ისმის საკრალური სიტყვა 10, მოსწავლეს აღარ აქვს საშუალება გააგრძელოს “ქმედება “.  ამ დროს შესაძლებელია, სიჩქარეში დაუშვას შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგან ამ შეცდომას კლასთან ერთად “აღმოვაჩენთ”)

აქტივობა2.   გასაკრავი  მასალის ამოწურვის შემდგომ იწყება მეორე, ანუ “შეცდომების აღმოჩენა ” და “მაგნიტებით ილუსტრაციების გადაადგილება”, გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს პროცესიც სახალისოა, კლასი ჩართულია ,რამდენიმე მოსწავლეს ერთად უწევს დაფასთან მუშაობა. ამ პროცესმა შეიძლება ხმაური გამოიწვიოს, მაგრამ მასწავლებლებმა ვიცით, რომ  ამ დროს ხშირად ჩვენი მოსწავლეები ხმამაღლა ფიქრობენ, აანალიზებენ ილუსტრაციაზე გამოსახულ მოვლენებს, გონებაშიც აგებენ ქრონოლოგიურ ჩარჩოს, ამიტომ ასეთი ხმაურიანი გაკვეთილი აუცილებელიც კი არის; დაფასთან მუშაობის დასრულების შემდეგ გადავდივართ ახალ აქტივობაზე , რომელიც მოითხოვს მთელი კლასის ჩართულობას და ,რა თქმა უნდა, სოკრატეს მეთოდია

აქტივობა 3.

მოსწავლეებს მივმართავთ შემდეგი შეკითხვებით:

  • დაგვეხმარა თუ არა ეს აქტივობა იმისათვის, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა პუნიკური ომები?
  • რატომ შეიძლება ვუწოდოთ რომს მილიტარისტური სახელმწიფო?
  • ჩვენ მიერ ნასწავლი ქვეყნებიდან კიდევ რომელს შეიძლება ვუწოდოთ მილიტარისტური და რატომ?
  • რა აქვთ საერთო უკვე ნასწავლ სახელმწიფოებს რომთან?
  • არსებული კონფლიქტები რამდენად ასუსტებს ქვეყნებს და დღეს თუ გვაქვს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ტერიტორიების გამო?

ზოგადად, თქვენ  შეგიძლიათ  თავადაც შეარჩიოთ შეკითხვები, მთავარია  დავსვათ შეკითხვები ისე, რომ მოსწავლეებმა იფიქრონ არა მხოლოდ რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტებზე, არამედ იმსჯელონ , რა შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის  სახელმწოფოებს შორის არსებულ კონფლიქტებს , 21-ე საუკუნეშიც არის თუ არა მსგავსი კონფლიქტები და გარდა არსებული სიტუაციისა, რამდენად მოჰყვება ომებს შესაძლებელი ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც ასევე ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას ;

ეს კონკრეტული გაკვეთილი ჩემმა მოსწავლეება რუსეთის, ჩრდ. კორეის მაგალითების მოყვანით დაასრულეს და აღნიშნეს, რომ რომსაც და კართანგესაც სჯობდა საკუთარი სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისე ეზრუნათ, რომ მათი ინტერესების კონფლიქტი ხმელთაშუა ზღვის გამო ომში არ გადაზრდილიყო .

 

ახლა ისევ მივუბრუნდეთ . და ვნახოთ, რას მივაღწიეთ

ა. ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, არა მხოლოდ მშრალი თარიღებით , არამედ ილუსტრაციების და რუკების გამოყენებით.

ბ. ჩემმა მოსწავლეებმა განიხილეს ომის პერიოდები, იმსჯელეს სტრატეგიებზე ( მაგ. ჰანიბალთან ადვილად დააკავშირეს სპილოებით ალპების  გადალახვა და იქვე იმსჯელეს, როგორ აჯობა ამით რომს, თუმცა დროებით),  იმსჯელეს  რომსა და კართაგენს შორის არსებულ კონფლიქტზე და დაასკვნეს, რომ მსგავსი სტრატეგიები იწვევს სახელმწიფოების დასუსტებას, ან გაქრობას, თუმცა აქვე აღვნიშნე, რომ ეს ერთის გაძლიერების საშუალებაა, რომელიც შესაძლებელია “მონოპოლისტიც ” გახდეს.

გ. თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია, ხალხმა იფიქროს კონფლიქტების მოგვარებაზე, რათა მიეცეთ საშუალება იცხოვრონ ნორმალურად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი