პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

 მოსწავლეთა ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები  

ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტში  ხაზგასმულია, რომ: ,,წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ  მარაგზე – რაც უფრო მდიდარია მოსწავლის ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია იგი, როგორც მკითხველი. ამდენად, ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვას, სწავლების საწყის ეტაპზევე საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს”.

გააზრებული კითხვა და წერა ძირითადად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების უმთავრესი მიზეზი, სწორედ ლექსიკური მარაგის სიმწირეა.  სიტყვების ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება აკადემიურ წარმატებას ყველა საგანში, ვინაიდან მდიდარი ლექსიკური მარაგის მქონე მოსწავლე უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს, აზრებსა და იდეებს, ვიდრე მწირი ლექსიკური მარაგის იმედად დარჩენილი.

ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული აქტივობები ეხმარება ბავშვებს იმ სიტყვათა ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ან საერთოდ არ ხვდებათ. სიტყვების სხვადასხვა სავარჯიშოსა  და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენების აქტივობებს გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე თვით ამ სიტყვების ან მათი განმარტებების დაზეპირებას.

გთავაზობთ ჩემს პრაქტიკაში ნაცად, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლებიც ეფექტურად დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და საჭიროებისამებრ მათ აქტიურ გამოყენებაში:

  • სიტყვების აწყობა

წყვილებს/ჯგუფებს ვურიგებ შერჩეულ სიტყვებს და ვთხოვ, დროის გარკვეულ მონაკვეთში, სიტყვის შემადგენელი ასოებით მოიფიქრონ და დაწერონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა. იმარჯვებს ის წყვილი/ჯგუფი, ვინც,  კონკრეტულ დროში,  ყველაზე მეტ სიტყვას მოიფიქრებს.

  • დაკარგული სიტყვები

შესასწავლი ტექსტის დასაწყის აბზაცს სპეციალურად ვაკლებ რამდენიმე სიტყვას და ვაძლევ მოსწავლეებს შესავსებად.  პირველ ეტაზე  ვურიგებ  აბზაცში  ჩასასმელ სიტყვებს სინონიმთა წყვილებით და ვაძლევ უფლებას, მათგან შეარჩიონ  ყველაზე შესაფერისი.  შემდეგ ეტაპზე,  თვითონ უნდა მოიფიქრონ აბზაცში ჩასასმელი საჭირო სიტყვები.

  • დღის სიტყვა

  ვარჩევთ ერთ- ერთ სიტყვას, რომელსაც  დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩემი თხოვნით, მოსწავლეები ჩამოთვლიან ,,დღის სიტყვის“ რაც შეიძლება მეტ  ენობრივ  და  შინაარსობრივ   მახასიათებელს: რამდენმარცვლიანია, რამდენ ასოს შეიცავს, რომელი ასოები მეორდება,  ხმოვანზე იწყება, თუ თანხმოვანზე, ხომ არ შეიცავს სხვა სიტყვას/სიტყვებს, რა კითხვა დაესმის, რას გამოხატავს, რა არის, რას გვახსენებს, რას უკავშირდება, როგორია, სად გვხვდება, რა ფერია, მისი მსგავსი/საპირისპირო სიტყვა, წინადადება ამ სიტყვის გამოყენებით;

  • აბა, გამოიცანი

 წყვილებს/ჯგუფებს ვურიგებ  სუფთა ბარათებს და ვთხოვ, ერთ-ერთმა დაწეროს იმ დღეს გაკვეთილზე შესწავლილი, მისთვის სასურველი სიტყვა. შემდეგ გადააბრუნოს ბარათი, მიუბრუნდეს მეწყვილეს და დაუსახელოს ამ სიტყვის მახასიათებლები. რომელი წყვილიც/ჯგუფიც უფრო სწრაფად გამოიცნობს, ის არის გამარჯვებული; მერე ცვლიან როლებს და აგრძელებენ სიტყვების გამოცნობას.

  • სინონიმების ბანქო

წინასწარ ვამზადებ ,,ბანქოს“ დასტას – ბარათების წყვილებს სინონიმური სიტყვებით. თითო ბარათზე წერია სინონიმური წყვილის მხოლოდ ერთი სიტყვა. ვათამაშებ ორ მოსწავლეს. ( ან ორ ჯგუფს).   ბანქოს ნახევარს მე  ვიტოვებ, ნახევარს კი ვუნაწილებ ბავშვებს. ვიღებ ჩემი დასტიდან ერთ ბარათს და ვასახელებ მასზე დაწერილ სიტყვას. მოსწავლეები ეძებენ მის სინონიმს თავიანთ ბარათებში. სწორად პოვნის შემთხვევაში, ორივე ბარათი მპოვნელს რჩება. გამარჯვებულია ის, ვინც ყველაზე მეტ ,,ბანქოს“ მოაგროვებს.

  • სიტყვების გროვა

გაკვეთილის მიზნის შესაბამისად, წინასწარ ვარჩევ სიტყვებს, ვწერ ბარათებზე და უწესრიგოდ მიმოვფანტავ მაგიდაზე. შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ მიზნიდან გამომდინარე დავალებებს  და განვსაზღვრავ დროს. ბავშვები აკვირდებიან სიტყვების გროვას და ეძებენ ჩემ მიერ მითითებული დავალების შესაბამის სიტყვებს. მაგალითად: მოძებნონ საგნის,  მოქმედების, რაოდენობის, ნიშან-თვისების გამომხატველი სიტყვები, გრძნობების, ფერების, სხვადასხვა საგნობრივი კატეგორიების  აღმნიშვნელი სიტყვები და ა.შ. დასაწყისში ვთხოვ სიტყვების მოძებნას მხოლოდ ერთი მახასიათებლის მიხედვით; შემდეგ კი ვართულებ დავალებას:  ვავალებ იპოვონ და ცალ-ცალკე სხვადასხვა სვეტში ჩამოწერონ სიტყვები  კატეგორიების მიხედვით.

  • წინადადების განვრცობა

ბარათებზე ვწერ კითხვებს: სად? როდის? როგორ? როგორი? რატომ? რისთვის?   და მაგიდაზე ვალაგებ გადაბრუნებულად; შემდეგ ბავშვებს ვურიგებ ბარათზე დაწერილ მარტივ წინადადებას. ( მაგალითად- დედამ წამიყვანა.) მოსწავლეები რიგ-რიგობით იღებენ  ბარათს  მაგიდიდან და რა კითხვაც შეხვდებათ, იმის მიხედვით განავრცობენ წინადადებას.  მომდევნო ეტაპზე დავალებას  ვართულებ და მოსწავლეებს უწევთ  ბარათებზე დაწერილი  კითხვების მიხედვით  წინადადების განვრცობა. მაგალითად, ეს მარტივი წინადადება, სავარაუდოდ, ასეთ სახეს მიიღებს:

გუშინ დედამ, გამოჯანმრთელებული, სიხარულით  წამიყვანა კინოში, ახალი ფილმის სანახავად.

  • ფანტაზიორები და რეალისტები ( უცნაური წინადადებები)

კლასს ვყოფ წყვილებად/ ჯგუფებად. ერთს ვარქმევ ,,ფანტაზიორებს“, მეორეს- ,,რეალისტებს“. ვურიგებ მათ ბარათებს ერთნაირი სიტყვებით . ფანტაზიორები ამ სიტყვების გამოყენებით ადგენენ უცნაურ, აბსურდულ წინადადებებს, რეალისტები- ჩვეულებრივ, რეალური შინაარსისას. წინადადებების წარდგენისას, მოსწავლეები მსჯელობენ მათ შესახებ. მაგალითად: სიტყვა: კუზი

,,რეალისტები“-  აქლემს  უდაბნოს პირობებთან შეგუებაში კუზი ეხმარება.

,,ფანტაზიორები“- კურდღელმა კუზში აგურები ჩაილაგა და გაფრინდა.

ბავშვები ამ წინადადებებს ერთმანეთის გვერდით აკრავენ  დაფაზე. შემდეგ მსჯელობენ მათ შესახებ.

  • სიტყვების ბანკი

პატარა ყუთებს გავუკეთე წარწერები: ,,ნივთები“, ,,ბოსტნეული“, ,,ფრინველები“, „სასწავლო ნივთები“ და ა.შ. გაკვეთილებზე შესწავლილ ახალ ლექსიკურ ერთეულებს მოსწავლეები წერენ ბარათებზე და ანაწილებენ შესაბამის ყუთში. ასე იქმნება ,,სიტყვების ბანკი“ , რომელსაც, საჭიროებისამებრ,  ვიყენებ სხვადასხვა აქტივობებისათვის. მაგალითად:

  • ცხოველების ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი და ისაუბრე ცხოველზე, რომლის სახელიც ბარათზე  წერია.  როგორია გარეგნულად, თვისებებით, სად ბინადრობს; რა ზღაპარი ან მოთხრობა წაგიკითხავს მის შესახებ და ა.შ.
  • ნივთების ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი და ისაუბრე ნივთზე, რომლის სახელიც ბარათზე წერია. რაში გამოიყენება, სად გინახავს, შენ თუ გაქვს შინ, აღწერე, როგორია და ა. შ.
  • ნებისმიერი ყუთიდან ამოიღე ერთი ბარათი, განმარტე მასზე დაწერილი სიტყვა, მისი გამოყენებით შეადგინე წინადადება ან რაიმე სახის ტექსტი (ამბავი, რეკლამა, ზღაპარი, წერილი და ა.შ)
  • წაშალე სიტყვა

  დაფაზე  ორ სვეტად ვწერ ტექსტიდან წინასწარ შერჩეულ სიტყვებს.

მოსწავლეები გამომყავს  წყვილებად,  ჩემი მითითებით,  თავიანთი სვეტიდან კითხულობენ თითო-თითო სიტყვას და თუ სწორად განმარტავენ,  შლიან.  გამარჯვებულია ის,  ვინც მეტ სიტყვას წაშლის.

—————————————————————————————

ლექსიკაზე  მუშაობა   უწყვეტი პროცესია და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დაწყებითი კლასებიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით გრძელდება. კარგი იქნება, თუ გაკვეთილებზე ლექსიკურ სავარჯიშოებს ხშირად დაეთმობა 10-15 წუთი მაინც.  არ არის სასურველი, რომ მოსწავლეებს ერთდროულად ბევრი ახალი სიტყვის დამახსოვრება მოსთხოვოს მასწავლებელმა. კვირის განმავლობაში 5-10 ახალ ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა, მათი გამეორება რამდენჯერმე და სხვადასხვა კონტექსტში გამოყენება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე ერთდროულად 20 სიტყვაზე ვარჯიში;

მოსწავლეებზე  ჩემი ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე  შემიძლია დავასკვნა, რომ ბავშვები უკეთ აცნობიერებენ და ადვილად იმახსოვრებენ სიტყვის მნიშვნელობას, თუ გაეცნობიან მის სინონიმებს, ანტონიმებს, გაიაზრებენ  სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. სიტყვების დამახსოვრების ხარისხს განსაკუთრებით ზრდის აქტივობებში თამაშის ელემენტების შეტანა. ამ დროს იზრდება მოსწავლეთა ინტერაქცია და შესასწავლ სიტყვებზე ფოკუსირებაც ძალდაუტანებლად ხდება. ახალი სიტყვების მოსწავლის აქტიურ ლექსიკაში დასამკვიდრებლად, არ კმარა მარტო ზეპირი სავარჯიშოების შესრულება, პარალელურად, აუცილებელია მათი გამოყენება  წერით დავალებებზე მუშაობისას, რათა ბავშვის მეხსიერებაში მოხდეს სიტყვის ვიზუალური ხატის დამახსოვრებაც. ზეპირი და წერითი აზროვნების სინთეზურად სტიმულირება, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეთა  ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-24 წლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  2. ირინა სამსონია: ,, წიგნიერება“
  3. ქართული ენა და ლიტერატურა , გზამკვლევი მასწავლებლებისთვის , I – VI კლასები ,

ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი, 2011

  1. კითხვის ეფექტური მეთოდები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013
  2. სასწავლო – მეთოდოლოგიური რესურსების კრებული: ,,კითხვისა და წერის სწავლება

დაწყებით საფეხურზე I – VI კლასები“ (2015) G – PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი

  1. კარგი სკოლა- საგანმანათლებლო ვებ – პორტალის რესურსები. მისამართი: https://www.kargiskola.ge

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი