ვიკამათოთ განდეგილის ტრაგედიაზე

რატომ მარცხდება განდეგილი? ან მარცხდება კი ის? – ილიას მუდამ პოპულარული პოემის გმირის ცხოვრების გზა, არჩევანი, მისი გაორება და აღსასრული ყოველთვის იწვევს მკითხველის დიდ ინტერესსა და პოლემიკას. მკითხველთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბეთლემის ქვაბში დაყუდებული ბერი წმინდანია, რომელთანაც მწყემსი ქალის სახით ეშმაკი გამოცხადდა და სძლია მას, რომ სიწმინდეს და რწმენას მუდამ სდევს განსაცდელი, ბოროტი ძალა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ განდეგილი თავდაუჯერებელი, გაუცნობიერებელი, სუსტი ადამიანია, რომ ილიას ეპოქაში განდეგილობის დრო უკვე აღარ არის, გარემო საზოგადო ასპარეზზე უხმობს ყველას და ლოგიკურია ამ გმირის სულიერი მსხვრევა. ის იმსხვერპლა საკუთარმა უნებისყოფობამ.

”თერგდალეულებმა” მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში წამოწიეს გმირის ძიების თემა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართვა განიზრახეს. მოძღვრებს აქ განსაკუთრებული როლი ერგებოდათ, რადგან ისინი იყვნენ მქადაგებლები, ავტორიტეტული ადამიანები, კეთილი მწყემსები, რომელთაც ხალხი უსმენდა და მიჰყვებოდა. საჭირო იყო მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება. ილიას ყველა ტექსტი ამ იდეის გარშემო ტრიალებს. ილიასა და აკაკის იდეალი იყო გრიგოლ ხანძთელის საძმოს წევრებივით აქტიური, მოღვაწე, მებრძოლი ბერები, რომლებმაც საქართველოს ოქროს ხანას და ძლიერ ქართულ სამთავროებს ჩაუყარეს საფუძველი, კი არ განუდგნენ წუთისოფელს, როგორც ცოდვის სადგურს, არამედ მისი გაკეთილშობილება და ტრანსფორმირება განიზრახეს. საერო პირებთან ერთად დაუღლელად იღვწოდნენ ქვეყნის აღმშენებლობისა და საქრისტიანოს განმტკიცებისთვის. აკაკიმ პოემა ”თორნიკე ერისთავში” მთავარი გმირის, არსენ კათალიკოსისა და გაბრიელ სალოსის სახით დახატა მებრძოლი ქრისტიანები, რომლებიც ლოცვის მადლთან ერთად აქტიურად ერთვებოდნენ საჭირბოროტო საქვეყნო საქმეში.

მიმაჩნია, რომ ილიამ სწორედ ამ კონტექსტში დახატა განდეგილის ტრაგედია. ეს ადამიანი განერიდა წუთისოფელს, როგორც ბოროტების სადგურს, სად ”ცილი, ზაკვა ძულებადა ხდის წმინდა სიყვარულს მოყვასისასა”. მის თვითმიზნად იქცა საკუთარი სულის ეგოისტური ხსნა და სხივის სასწაულით ყოველდღე იმოწმებდა თავის სიწმინდეს. მაგრამ, როგორც კი მწყემსი ქალის სახით ესტუმრა მაძიებელი, მოაზროვნე, გულწრფელი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ კითხვები დაუსვა მწირს საკუთარ არჩევანზე. მწირი დაიბნა, ქალს კითხვებზე ვერ უპასუხა, მისი სილამაზით გაოგნებული ვნებამ აიტანა და მრუშობის გულისთქმა ჩაესახა. მისი ათრთოლება სასიყვარულო სიმთა ჟღერას ჰგავდა და ცოდვასავით მძიმე კი არა, ნეტარებასავით ტკბილი იყო. თუმცა მწირი მალევე გამოფხიზლდა და თავზარი დასცა საკუთარმა უნებისყოფობამ. როცა ქალმა დაუსვა გამომცდელი კითხვა, მხოლოდ შენ იხსნი სულს და ”მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებითო?” მწირმა დაბნეულად უპასუხა: ”ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ასეთი მერგო მე, უბედურსა”…

საკუთარი თავის უბედურად გააზრება უკვე იყო მწირის სულიერი კრახი, დაცემა და სულიერი გატეხვა, ამას დაერთო ქალისადმი აღძრული ვნება და ღვთისმშობლის ხატშიც კი ამ ქალის სახის ხილვა. განდეგილის სასოწარკვეთილება უსაზღვრო იყო. მისი ერთადერთი ნუგეში ისღა იყო, რომ მთელი ღამით ტყე-ღრეში ხეტიალის შემდეგ სხივზე ლოცვანის დაყრდნობის სასწაული კვლავ ეხილა, მაგრამ… ამ სასწაულის დაკარგვა მწირმა ვერ გადაიტანა, იქვე განუტევა სული.

მწირის რწმენა რომ ყოფილიყო ურყევი კლდე, ის ღვთის სასჯელად არ მიიჩნევდა სასწაულის წართმევას. ეს არა უფლის სასჯელი, არამედ უფრო საკუთარი სინდისის ქენჯნა, თვითგვემა, რწმენის შერყევა და სულიერი მსხვრევა გახლდათ. მწირის ერთადერთი მიზანი ხომ საკუთარი ხორციელი ვნებების დათრგუნვა იყო და მან აღმოაჩინა, რომ ამისთვისაც ვერ მიუღწევია. ამიტომაც მისი სიკვდილი ლოგიკურია. მას სასიცოცხლო ძალები აღარ შემორჩა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ხორციელი გულისთქმის დაძლევაც კი არ შეუძლია და სენაკში ეშმას ხარხარივით ისმის სინდისის ხმა: ”გძლიე თუ არ?”

მწყემსი ქალის სახეზე განსხვავებულ თვალსაზრისს გვთავაზობს ილიას ცნობილი მკვლევარი მაია ნინიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მისი სახით მწირს მოევლინა განსაცდელი, ცდუნება, ეშმაკისეული ძალა. ამ თვალსაზრისს იზიარებს ლიტმცოდნეთა და მკითხველთა არცთუ მცირე ნაწილი.

ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ 2016 წელს გამოქვეყნდა თეონა ბექიშვილის წერილი „ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ სწავლებისათვის“, სადაც მკვლევარი ორივე თვალსაზრისს ეხება და თავადაც სვამს მაპროვოცირებელ კითხვებს, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალფეროვანი დისკუსიებისკენ უბიძგებს. ამ პოემის ტექსტი უკვდავი მასალაა დებატებისთვის, განსჯისთვის, ფიქრისთვის, პერსონაჟის ბედზე დაფიქრებისთვის, ავტორის, როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი ტალღის ლიდერის პოზიციების გააზრებისთვის.

თუმცა მწყემსი ქალის სახეზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ის თავისი ჰუმანიზმით, გონიერებით, შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით, ესთეტიზმით, სიყვარულის უნარით, გარეგნული და სულიერი სილამაზით ჰარმონიული მიწიერი ადამიანის სიმბოლოა და შეუძლებელია იყოს ეშმაკის განსახიერება. ტექსტში არაფერი მიგვანიშნებს ამაზე. მას არ დაუწყია მწირის ცდუნება. მშვიდად ეძინა, როცა მწირს მისადმი ვნება აღეძრა. არც დაუძრახავს მწირი, გულწრფელი გაოცებით მხოლოდ კითხვები დაუსვა. მისთვის წარმოუდგენელი იყო წუთისოფლიდან განდგომა. ”ღმერთს რაში უნდა ამ ყინულებში ყოფნა კაცისა?” – კითხულობდა გაოცებული. შემთხვევითი არ უნდა იყოს ქალის მწყემსობაც. „მწყემსი კეთილი“ სახარებისეული ალუზიაა და ყოველთვის მიემართება არა მხოლოდ მაცხოვარს, არამედ ყოველ მოღვაწე, ტალანტის გამამრავლებელ, მადლიან მოძღვარს, წმინდა ადამიანს.

რასაკვირველია, ყველას შეგვიძლია მხატვრულ სახეში ამოვიკითხოთ ის იდეა და ქვეტექსტი, რომელიც გვსურს, რომელსაც ვხედავთ, რადგან სახე ყოველთვის მრავალშრიანია, მაგრამ სახის ჩვენეული დეკოდირება კონფლიქტში არ უნდა იყოს ავტორის კონცეფციასთან. ვფიქრობ, საიმისოდ, რომ ამ პოემის მწყემსი ქალი სატანისეულად გამოვაცხადოთ, ტექსტში სადმე უნდა იძებნებოდეს ავტორისეული მინიშნება და ამგვარი დასკვნა არგუმენტირებული უნდა იყოს. რას გვეუბნება ტექსტი პროტაგონისტის შესახებ?

„თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთესს სახეს ვერ ინატრებდა

თავის სიცოცხლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, – ვინ ვის აშვენებს,

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა“…

აქ დაბეჯითებით ხაზგასმულია, რომ ქალი უნაკლო და მშვენიერი იყო. გარდა ამისა, ტექსტი გვიმხელს მისი პიროვნების არაერთ მახასიათებელს: ის მშრომელი, წესიერი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამორჩეული გმირია. მეცხვარის რთულ საქმეს სიამოვნებით აკეთებს, თავისი საქმისა და მამის წინაშე პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. კეთილსინდისერია, მოსიყვარული, მზრუნველი და მგრძნობიარეა, მამაზეც დარდობს და დაღუპულ ცხვრის ფარაზეც, მწირს ჰპირდება, რომ თუ ახლა განსაცდელგამოვლილს შეიფარებს და გაათბობს, ხვალ თუნდ მთელ ზუგ შეშას ამოუტანს. ესთეტია, იხიბლება მყინვარზე მზის ჩასვლის მომაჯადოებელი პეიზაჟით. დარდობს ბეთლემის ქვაბში გამოკეტილ ბერზე, ადრეც ხშირად უფიქრია მასზე და ახლაც ძალიან აღელვებს მისი ბედი. სვამს კითხვებს, ლოგიკურად აზროვნებს და მსჯელობისას გონიერებას ამჟღავნებს. მოკრძალებული და ზრდილია. განდეგილის ცდუნებისთვის მას არაფერი გაუკეთებია, ვნების თვალი მას არ მიუპყრია მწირისთვის. ეძინა, როცა განდეგილი მის საკოცნელად დაიხარა. ქალი უხმაუროდ წავიდა მწირისგან. დილას ის სენაკში არ დახვედრია აფორიაქებულ განდეგილს.

მწირი კი, ნაცვლად იმისა, რომ ქალის გულწრფელი გაოცებისთვის, მასში აღძრული კითხვებისთვის ეპასუხა, დაიბნა, ქალის გამომცდელ კითხვებს საპასუხოდ ვერაფერი შეაგება, რადგან არ იყო საკუთარ არჩევანში დარწმუნებული. ერთი წამით წარმოვიდგინოთ ამ მწირის ადგილას გრიგოლ ხანძთელი ან მისი საძმოს სხვა წევრები და თუ შეგვიძლია, დავუშათ, რომ მათ არ ჰქონდეთ პასუხები ქალის კითხვებზე, ან თუნდაც ქალის ხორციელი სილამაზით აღტყინებული ან ვნებამორეული დაყუდებული ბერი თუ გვხვდება სადმე ქართველ მოღვაწე მამათა ცხოვრების ამსახველ ძეგლებში? ეს ყოვლად წარმოუდგენელია.

ქალი კი იმდენად მშვიდი, ლაღი, ძლიერი, თავდაჯერებული, სიცოცხლეზე შეყვარებული, გონიერი და სულიერია, რომ თუ ეშმა ასეთია, მაშინ ადამიანმა არჩევანი ეშმაზე უნდა შეაჩეროს.

ვფიქრობ, პოემა ეხმიანება ილიასეული გმირის ძიების თემას. მის ეპოქაში, იმ ისტორიულ დრო-სივრცეში, სადაც მას უწევდა მოღვაწეობა, ყველაზე მთავარი იყო საზოგადოების ყველა ფენის ჩართვა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ილია გმირებს ეძებს ყველგან: ბაზალეთის ტბის ძირას, სასულიერო წრეებში, ქალთა შორის, ახალგაზრდებში, თავადებსა და გლეხებში. განდეგილი ამოვარდნილია თავისი ეპოქის კონტექსტიდან, ამიტომაც მარცხდება ის, მისი დრო წავიდა. ილია ერთგან წერდა: ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდესო!

არავინ უარყოფს, რომ ლოცვას დიდი მადლი და ძალა აქვს და განდეგილის ლოცვა თუ შეეწეოდა ქვეყანას, სამაგიეროდ ის მარცხდება მიწიერი ცხოვრების ცოდვის სადგურად გამოცხადებაში, მის უარყოფაში, მისგან განდგომაში, განრიდება და ლოცვა საკმარისი არ არის, მან უფრო მაღალი მისია და ტვირთი უნდა დააკისროს საკუთარ თავს, რასაც გრიგოლ ხანძთელი, თორნიკე ერისთავი, გაბრიელ სალოსი და მათი სულიერად მონათესავე სხვა არაერთი მოღვაწე ბერი აკეთებდა. გავიხსენოთ კურთხეული მოძღვრის, არსენ კათალიკოსის სიტყვები თორნიკე ერისთავისადმი აკაკის პოემიდან:

„ნუთუ შენ, მართლა, რამე გგონია
ცარიელ სიტყვით ღვთისა დიდება?
განა ღვაწლია ხორციელისგან
ამა სოფლისა კრძალვა-რიდება?
და ეს ქვეყანა მშვენებით სავსე,
შემოქმედების გამომხატველი,
ნუთუ მიტომ გვაქვს მონიჭებული,
რომ ჩვენის ნებით ავიღოთ ხელი?“

ილიას და აკაკის სათქმელი თავიანთი თანამედროვეებისადმი სწორედ ეს არის, „თერგდალეულთა“ არჩევანი ასეთი მებრძოლი, დაუცხრომელი, გიორგიანული ქრისტიანობის მიმდევარი მოძღვრის ხატია. როცა ქვეყანას და საქრისტიანოს დასჭირდა, თორნიკე ერისთავმა ბერის ჩოხა გაიხადა კათალიკოსის კურთხევით და ჯარს გაუძღვა ბრძოლის ველზე. მოძღვრის არჩევანი ცოდვილი ქვეყნის უარყოფა კი არა, მისი გაკეთილშობილება უნდა იყოს.

განდეგილის ტრაგედია, მისი დაცემა, მისი სასოწარკვეთა გამოიწვია არა ქალის გამომწვევმა და მაცდუნებელმა საქციელმა, არამედ საკუთარმა სისუსტემ, უნებისყოფობამ, დაბნეულობამ, რომელსაც ემსხვერპლა ეს გმირი. ილიას სათქმელიც სწორედ ეს იყო, რომ ამ რთულ ეპოქაში განდგომა და ეგოისტური ფიქრი სულის ხსნაზე არ იყო სწორი არჩევანი. ილიას თაობის იდეალი იყო იმერეთის მთავარეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, რომელმაც იმპერატორი ალექსანდრე პირისპირ, საჯაროდ ამხილა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ჩაგვრაში. ქვეყანაც და ქრისტიანული რწმენაც სწორედ ასეთმა მოძღვრებმა გადაარჩინეს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ამის საუკეთესო მაგალითებს ვხვდებით.

„განდეგილის“ ტექსტზე მუშაობის პროცესში სასურველია, დაიგეგმოს ჰაგიოგრაფიული ძეგლების გმირებთან („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, „იოვანეს და ექვთიმეს ცხოვრება“) ლიტერატურულ პარალელებზე მუშაობა. ეს პროცესი ცოცხალი, დამაინტრიგებელი და კოგნიტურად განმავითარებელი, მრავალფეროვანი მასალა იქნება განსჯისა და რეზიუმირებისთვის.

 

კომენტარები

comments