პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სტრატეგიები,  წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის

წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტში მოცემული ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებასა და, ზოგადად, ტექსტის გააზრებას, ამ მხრივ, პრობლემები გამოიკვეთა.

კვლევები ადასტურებს იმასაც, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პროცესში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია წიგნიერი უნარ-ჩვევების ფლობა. წიგნიერი უნარ-ჩვევების მფლობელი მოსწავლეები სწრაფად და ხარისხიანად სწავლობენ არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების საგნებს. წიგნიერი მოსწავლეები გამოირჩევიან ემპათიის, პოზიტიური სოციალური ურთიერთობების და თანამშრომლობის უნარებით. მოსწავლეებს, რომელთაც მეოთხე კლასამდე სათანადოდ არ განუვითარდათ კითხვისა და წერის უნარ-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება მომდევნო კლასებში.

გაგება-გააზრების უნარის განვითარების  პროცესი არ არის ადვილად და თავისთავად განვითარებადი. წაკითხულის  გაგება-გააზრების სტრატეგიების გამოყენება ხანგრძლივად ისწავლება. გააზრების უნარ-ჩვევებს/სტრატეგიებს შევსება, გამდიდრება, გაძლიერება და უწყვეტი გადახალისება სჭირდება.

ჩემი პედაგოგიური კვლევის პროცესში, ერთად მოვუყარე თავი ჩემ მიერ სასწავლო პროცესში  ხშირად გამოყენებულ ყველა იმ ძირითად სტრატეგიას, რომელთაც კითხვის სწავლებისას ვიყენებ.  ჩემი დაკვირვებით, მათი სასწავლო პროცესში სისტემატიურად გამოყენება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხატვრული თუ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პროცესს.  ქვემოთ წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიებს და მათ მოკლე აღწერას. შესაძლოა თითოეული მათგანის მოდიფიცირება და მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაზე მორგება.

სტრატეგია სტრატეგიის აღწერა შეკითხვის მაგალითები
წინარე ცოდნის გააქტიურება მკითხველი გაიხსენებს და გაააქტიურებს, ტექსტის საკვანძო თემაზე, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, დააკავშირებს წინარე ცოდნას კითხვის მიზანთან ან დავალებასთან. რა ვიცი ამის შესახებ?

სად რა წამიკითხავს ან მინახავს?

ვარაუდების გამოთქმა მოსწავლე კონტექსტის გამოყენებით წარმოიდგენს მოსალოდნელ მოვლენებს. წინასწარ განჭვრეტს, თუ რა მიმართულებით განავითარებს ავტორი ამბის მსვლელობას ან საკითხის განხილვას. რა მოხდება შემდეგ?

რას იტყვის ავტორი ამის შემდეგ?

კავშირების დამყარება/პარალელების გავლება მკითხველი ამყარებს სამი ტიპს კავშირებს:

წაკითხული ტექსტი – საკუთარი გამოცდილება,

წაკითხული ტექსტი – სხვა ტექსტები,

წაკითხული ტექსტი – გარესამყარო.

რასთან შეიძლება ამ მოვლენის/იდეის დაკავშირება?

რა პარალელების გავლებაა შესაძლებელი?

შეკითხვების დასმა მოსწავლე საკუთარ თავს უსვამს ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებს წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ.

შეკითხვები შეიძლება ემსახურებოდეს ფაქტობრივი  ინფორმაციის ამოღებას, ცნებების/მოვლენების ანალიზს ან შინაარსის კრიტიკულად გააზრებას.

ვინ?

სად?

რა?

როდის?

როგორ?

რატომ?

რისთვის?

წაკითხული ტექსტის აბზაცებად დაყოფა და დასურათება /კომიქსი მკითხველი გამოკვეთს წაკითხული აბზაცების/მონაკვეთების ძირითად აზრს და აკეთებს ჩანახატს. ამოაგდებს ტექსტიდან მეორეხარისხოვან ინფორმაციას და მხოლოდ მნიშვნელოვანს ხატავს. იყენებს ფაქტობრივ ცოდნას, რაც ტექსტშია მოცემული, ნახატის საშუალებით წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟებს. რა არის ამ აბზაცის/მონაკვეთის მთავარი სათქმელი?

როგორ შეიძლება ნახატით გადმოვცე ეს?

როგორ გამოიყურება პერსონაჟი?

როგორია გარემო?

რა მოხდა ტექსტის დასაწყისში?

როგორ ვითარდება მოვლენები მომდევნო აბზაცში?

შეჯამება და ძირითადი აზრის გამოკვეთა წერილობით მკითხველი გამოკვეთს წაკითხული აბზაცების/მონაკვეთების ძირითად აზრს და მოკლედ აყალიბებს საკუთარი სიტყვებით წერილობით.  ერთმანეთს უკავშირებს საკვანძო იდეებს, ამოაგდებს მეორეხარისხოვან ინფორმაციას და კარგად იმახსოვრებს წაკითხულს. რომელი ინფორმაციაა პირველხარისხოვანი?

როგორ შეიძლება ამის თქმა მოკლედ?

პერსონაჟის რუკა მოსწავლეები ავსებენ სქემას, (სქემა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი) მუშაობისას რამდენჯერმე მიუბრუნდებიან ტექსტს, ეძებენ და აკვირდებიან პერსონაჟის დამახასიათებელ ადგილებს. შემდეგ წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს, განიხილავენ და მუშაობენ მათ დაზუსტება-დახვეწაზე ტექსტის მოშველიებით. მეთოდი ხელს უწყობს ტექსტში პერსონაჟის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნას, გააზრებასა და დასკვნების გამოტანას.

 

არსებობს რამდენიმე სქემა განსხვავებული კითხვებით. მათ შორის:

1.როგორია პერსონაჟი?

რა თვისებები აქვს მას? დაასაბუთეთ ტექსტიდან.

2.როგორია პერსონაჟი დასაწყისში? როგორ შეიცვალა ნაწარმოების ბოლოს? რატომ შეიცვალა პერსონაჟი?

3.როგორ გამოიყურება პერსონაჟი? რა აცვია? ვის ჰგავს? რას აკეთებს? როგორ იქცევა? რას გრძნობს? რაზე ფიქრობს? რა სურს? რა არის მისი მიზანი?

მკითხველის თეატრი / როლური თამაში მკითხველის თეატრი გულისხმობს ნაწარმოების ხმამაღალ როლურ კითხვაში მოსწავლეების ჩართვას. მკითხველის თეატრი არ მოითხოვს დეკორაციებს, კოსტიუმებს ან მოქმედებას. მოსწავლეები (მკითხველები) გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციებს და მოქმედ პირთა ხასიათს ხმის, მიმიკისა და ჟესტების მეშვეობით. მკითხველის თეატრი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთდროულად ივარჯიშონ კითხვისა და მეტყველების უნარების განვითარებაში.  მოსწავლეები სწავლობენ გამომსახველობით კითხვას.

მკითხველის თეატრის ჩატარებამდე უნდა განაწილდეს ტექსტი და განისაზღვროს როლები (მაგალითად, მთხრობელი, მოქმედი პირები). ყოველმა მოსწავლემ რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ტექსტი ჩუმად. ისინი იმდენჯერ კითხულობენ ტექსტს, რამდენჯერაც საჭირო იქნება საკუთარ შესაძლებლობაში დასარწმუნებლად, როლის „შესაგუებლად”, თავისუფლად წასაკითხად.

რამდენი პერსონაჟია ნაწარმოებში?

როგორი ინტონაციაა საჭირო პერსონაჟის გრძნობების, განწყობის გადმოსაცემად? რას ამბობს და რას განიცდის პერსონაჟი?

რაზე ფიქრობს?  რას ამბობს ავტორი პერსონაჟის შესახებ? როგორ ახასიათებს იგი პერსონაჟს?

 

 

წარმოდგენილი სტრატეგიების დაუფლება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მათი სასწავლო პროცესში გამოყენება არ მოითხოვს განსაკუთრებულ მომზადებას. მასწავლებელს არ უწევს დიდი დროისა და ფინანსების დახარჯვა  შესაბამისი რესურსების შესაქმნელად და მოსაძიებლად. მთავარია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ეს სტრატეგიები.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ მოსწავლეებს ჩვევაში ჰქონდეთ წაკითხული ტექსტის გააზრება მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით, სხვადასხვა დისციპლინის შესწავლისას ან თუნდაც მხატვრული ლიტერატურის დამუშავებისას.  შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი არა მხოლოდ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, არამედ საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებითაც.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი