პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი

მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია, კოლეგებისათვის კი სასარგებლო. დღევანდელ სტატიაში მინდა, კოლეგებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება და  შევთავაზო ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი, რომელიც თავისი შინაარსით, მიზნითა და აქტივობებითაც  ინოვაციურია. მიმაჩნია, რომ თანამედროვე  და სწრაფად განვითარებად სამყაროში მასწავლებელი ახალი ცოდნის კვალდაკვალ უნდა ვითარდებოდეს, მისდევდეს სიახლეებს და მოსწავლეებსაც საჭირო დროს უზიარებდეს.

სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში ჩავატარე VIII კლასში. ისინი სწავლობენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, მათ თვისებებსა და ფართობების გამოთვლას. შესაბამისად, შევარჩიე გაკვეთილის თემაც და მიზანიც. დავგეგმე მიზნის შესაბამისი აქტივობები და შევარჩიე რესურსები,  სწავლების მეთოდები, კლასის ორგანიზების ფორმები.

ჩემ მიერ შერჩეული თითოეული აქტივობა ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.  წარმოგიდგენთ თითოეულ აქტივობას თანმიმდევრობით.

          გაკვეთილის თემა: მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში.

          გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს

  • პარალელოგრამისა და მისი კერძო სახეების  თვისებებისა  და ფართობის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
  • ტრაპეციის თვისებებისა  და ფართობის გამოყენება ამოცანების                  ამოხსნისას;
  • ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება.

          გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აყალიბებს მიმართებას (მაგალითად, ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებას (მაგალითად, ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);

ფიგურის მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;

მათ. VIII.9.     მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;

პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.

 

          გაკვეთილი დავიწყე პირველი აქტივობით: მოვაგვარე საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები და შევახსენე ქცევის წესები ( 3 წთ).

გამოყენებული მეთოდი: ვერბალური ახსნა; კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო; სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდები; დაბეჭდილი რუბრიკები.

          აქტივობა 2. საშინაო დავალების შემოწმება –  ( 4 წთ). მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული საპრეზენტაციო ფორმატები პარალელოგრამის, კვადრატის, მართკუთხედის, რომბის და ტრაპეციის შესახებ.  წარმოადგინეს ფიგურების გამოყენების ამსახველი ფოტოების გალერეა. ამ აქტივობით  მოსწავლეებმა დაინახეს ფიგურების გამოყენება საყოფაცხოვრებო პრაქტიკაში.

გამოყენებული მეთოდი: პრეზენტაცია. ორგანიზების ფორმა: ჯგუფური. სასწავლო რესურსი: მოსწავლეების მიერ საპრეზენტაციო ფორმატები.

აქტივობა 3. გამოწვევა  (3 წთ)

             აქტივობის აღწერა:  საშინაო დავალების შემოწმებისა და უკუკავშირის შემდეგ, მოსწავლეებს გამოწვევის მიზნით შევთავაზე ინტერნეტში მოძიებული ფოტოები ოთხკუთხედების გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში ცოდნის ტრანსფერის მიზნით. ამოცანების ამოხსნა და ცოდნის დანერგვა პრაქტიკაში.

გამოყენებული მეთოდი: მინი-ლექცია. პრეზენტაცია.  ორგანიზების ფორმა: საერთო საკლასო. გამოყენებული რესურსი: წინასწარ მომზადებული საპრეზენტაციო სლაიდები.

         აქტივობა 4. წინარე ცოდნის გამეორება (7 წთ)

მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეო, რომლის გამოყენებით პარალელოგრამი სიმღერით წარადგენს თავის თავს. ფილმის ყურებისა და მოსმენის შემდეგ მოსწავლეებიდან ავიღე ინტერვიუ წინასწარ შედგენილი კითხვების მიხედვით: როგორ წარადგინა პარალელოგრამმა თავი? რა თვისებებით მოიწონა თავი? რატომ გვახსენებდა ხშირად ,,მე ვარ პარალელოგრამი“? (https://www.youtube.com/watch?v=Rpkjb4Tx844).

ამასთანავე წინასწარ სლაიდებზე წარმოდგენილი კითხვებით მოსწავლეებს გავააქტიურებინე ის ცოდნაც, რომელიც თავად  იცოდნენ პარალელოგრამზე, კვადრატზე, მართკუთხედზე, რომბზე, ტრაპეციაზე. გავაგრძელებინე მოგზაურობა ანიმაციური ფილმის   გამოყენებით. ფილმის თანხლებით ხდება შეხვედრა თითოეულ ფიგურასთან, რომლებიც თავსდება ცოდნის გააქტიურების შემდეგ სატვირთო მანქანაზე და ასე გრძელდება მოგზაურობა ოთკუთხედების ქალაქში.  შემდეგი ფიგურა ამ მოგზაურობის დროს იყო კვადრატი.

წინარე ცოდნის გააქტიურება მოხდა კითხვებით, შემთხვევითობის პრინციპის დაცვით, გამოკითხვის ჩხირების გამოყენებით. წინარე ცოდნის გააქტიურობის დროს ფიგურიდან ფიგურაზე გადასასვლელად  მოსწავლეებს შევთავაზე მარტივი ამოცანებიც:

1) პარალელოგრამის გვერდები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1:2. იპოვეთ მისი გვერდები, თუ პერიმეტრი  60 სმ-ია.

2) იპოვეთ კვადრატის პერიმეტრი და  დიაგონალი , თუ მისი გვერდი 6 მ-ია.

3) იპოვეთ მართკუთხედის პერიმეტრი  და დიაგონალები, თუ მისი გვერდებია 9 სმ და 12 სმ.

4) იპოვეთ  რომბის პერიმეტრი და კუთხეები, თუ მისი გვერდი 6 მ-ია, ხოლო ერთი კუთხე- 60°.

5) ტრაპეციის დიდი ფუძეა 26 სმ, მცირე ფუძე კი 10 სმ.  იპოვეთ ტრაპეციის შუახაზი.

გამოყენებული მეთოდი: ვიდეოს ჩვენება,  ინტერვიუ, კითხვა-პასუხი.  ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური. რესურსები: ვიდეო, გამოსაკითხი ჩხირები, მიკროფონი, სლაიდები.

         აქტივობა 5. გამოტოვებული სიტყვების შევსება. (3 წთ)

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი, მოსწავლებს სთავაზობს ბრტყელი ფიგურების ფართობების გამოსათვლელ  ტექსტებს გამოტოვებული სიტყვებით.  ჯგუფებში  კითხულობენ და აღადგენენ გამოტოვებულ სიტყვებს. წარმოადგენენ შევსებულ ტექსტებს. მიიღებენ  უკუკავშირს და განმავითარებელ შეფასებას.

  • პარალელოგრამის ფართობი ტოლია —————–     და    ამ  —————  დაშვებული

——————- ნამრავლის.

  • რომბის ფართობი ტოლია ——————— და   ამ  ———————–დაშვებული ——————-  ნამრავლის.
  • რომბის ფართობი ტოლია ————————- ნამრავლის  ————————-.
  • მართკუთხედის ფართობი ტოლია მისი ——————–  და ————————– ნამრავლის.
  • კვადრატის ფართობი ტოლია მისი გვერდის   ————————.
  • ტრაპეციის ფართობი ტოლია მისი ფუძეების —————– ——————-   და   ———————  ნამრავლის.
  • ტრაპეციის ფართობი ტოლია ——————– და ———————— ნამრავლის.

გამოყენებული მეთოდი:  გამოტოვებული სიტყვების შევსება. ორგანიზების ფორმა  ჯგუფური მუშაობა.  რესურსები: თაბახის ფურცელზე  დაბეჭდილი ტექსტები გამოტოვებული სიტყვებით.  შევსებული ტექსტების სლაიდები უკუკავშირისათვის.

აქტივობა 6. ამოცანების ამოხსნა ჯგუფებში. (20წთ). აქტივობის აღწერა: მოძიებული სურათების მიხედვით  ამოცანების შედგენა და ამოხსნა.  ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.

ამოცანა 1.   ABCD ტრაპეციის  ფუძეებია 140 სმ და  40 სმ. AB ფერდი დაყოფილია  სამ  ტოლ ნაწილად  და დაყოფის წერტილებზე გავლებულია  ფუძეების პარალელური წრფეები. იპოვეთ  ფერდებს შორის მოქცეული  ამ წრფეების  a, b  და c  მონაკვეთები.  (სურ. 1).

ამოცანა 2.  პატარა მარიამი  საბავშვო მოედანზე სასრიალოზე სრიალებდა. ა) რა ფიგურაა სრიალის დროს  მისი მოძრაობის ტრაექტორია?  ბ) რა მანძილს გაივლიდა მარიამი პირველი ჩამოსრიალების დროს?      გ) მეორე ჩამოსრიალების დროს? დ) რა ფართობი უკავია პირველი და მეორე სართულის იატაკს? ე) რა ფართობის ამოშენებაა საჭირო მეორე სართულის უკანა კედლის ამოსაშენებლად?  ვ) რა ფართობის სახურავია საჭირო სასრიალოს გადასახურად? (სურ. 2) (სასრიალო დავყავი სამ ნაწილად პირველი სართული, მეორე სართული და სახურავი, დაურიგდათ ჯგუფებში. გამოთვალეს  და პრეზენტაციის შემდეგ მოხდა სურათის გამთლიანება.

ამოცანა 3. მოცემულია მართკუთხა სამკუთხედის ფორმის ნაკვეთი, რომლის ჰიპოტენუზაა 26 მ, ხოლო ერთ-ერთი კათეტი 10 მ. ა) რას უდრის  ნაკვეთის ფართობი? ბ) რამდენი ყვავილის დარგვა შეიძლება მოცემული

ნაკვეთზე, თუ ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია 9 ნერგის დარგვა? გ) რამდენი მეტრი სიგრძის ბეტონის ფილაა საჭირო ამ  ნაკვეთის შემოსაღობად?  (სურ.3)

   ამოცანა 4. წრიული ფორმის ნაკვეთზე ტოლფერდა ტრაპეციის ფორმის 9 საყვავილე  უნდა მოეწყოს.  ტრაპეციის  ფუძეებია 3 მ და 9 მ, ხოლო ფუძესთან მდებარე კუთხეა 60. ა) რამდენი მეტრი ღობეა საჭირო თითო ტრაპეციის შემოსაღობად? ბ) 9 ტრაპეციის შემოსაღობად? გ) რა ფართობს დაიჭერს ერთი ტრაპეცია? დ) 9 ტრაპეცია?   (სურ. 4)

ამოცანა 5. კვადრატის ფორმის ნაკვეთი,  რომლის გვერდი 12 მ-ია, დიაგონალებით დაყოფილია 4 ტოლ სამკუთხედად.  გამოთვალეთ: ა) რას უდრის ნაკვეთის ფართობი? ბ) რას უდრის თითოეული სამკუთხედის ფართობი? გ) რა სიგრძის ცოცხალი ღობითაა შემოღობილი კვადრატი? დ) წვეროდან რა მანძილზეა დარგული ხე? (სურ.5).

ამოცანა 6. მიწის ნაკვეთი დაყოფილია პატარა მართკუთხედებად, რომლის გვერდებია 6 მ. და  10 მ.   თითოეულ ნაკვეთში დარგულია ყვავილები. ა) რას უდრის ერთი პატარა ნაკვეთის შემოსაღობად საჭირო ღობის სიგრძე?  ბ) რას უდრის ნაკვეთის ფართობი. (სურ.6)

   მეთოდი: ჯგუფური მუშაობა.  პრეზენტაცია  ორგანიზების ფორმა:  ჯგუფური. რესურსები:  დაფა, ცარცი. ფოტო და  ვიდეო მასალა, სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი.

        აქტივობა 7.   საშინაო დავალება    (1 წთ). შესრულებულ დავალებას წარმოადგენენ მომდევნო გაკვეთილზე და მიიღებენ უკუკავშირს.

         აქტივობა 8. გაკვეთილის შეჯამება და შეფასება. (4 წთ)

გაკვეთილს შეაჯამებს მასწავლებელი. მოსწავლეებს ის შეაფასებს ინდივიდუალურად განმსაზღვრელი შეფასებით. ჯგუფების მუშაობა შეფასდება განმავითარებელი შეფასებით,  მოსწავლეები გააკეთებენ ჯგუფების ურთიერთშეფასებასა და თვითშეფასებას, შეფასების რუბრიკების გამოყენებით.

ვფიქრობ, გაკვეთილი საინტერესო და ინოვაციურია, სახელმძღვანელოს ფურცლებიდან ამოცანები გავიტანეთ პრაქტიკულ და რეალურ ცხოვრებაში. შევადგინე ახალი ამოცანები და ამოვხსენით გაკვეთილზე. შესაბამისად, გავედი რამდენიმე გამჭოლ კომპეტენციაზეც, როგორებიცაა, მედიაწიგნიერება, რაოდენობრივი წიგნიერება და სემიოტიკური კომპეტენცია. ინტერნეტში მოძიებული სურათების მიხედვით დაიწერა ამოცანების ტექსტები, შედგა შესაბამისი ნახაზები და ამოხსნის მათემატიკური მოდელები. მოსწავლეებმა შეძლეს პრაქტიკული ცხოვრებისეული ამოცანების ამოხსნა. ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.  ჩემს კოლეგებსაც  გავუზიარებ გამოცდილებას და საშუალება ექნებათ, გამოიყენონ ჩემ მიერ შექმნილი რესურსები, ან თავადაც შექმნან მსგავსი რესურსები. დაგეგმონ და ჩაატარონ ანალოგიური სამოდელო გაკვეთილები.

 

გამოყენებული ლიტერატურა.

1.ეროვნული სასწავლო გეგმა.

  1. გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. მათემატიკა VIII.  გამომცემლობა ინტელექტი 2012.
  2. ინტერნეტ– რესურსი (https://www.youtube.com/watch?v=Rpkjb4Tx844
  3. ფერადი სურათები აღებულია : https://www.google.com/search?biw=1366&bih=625&tbm=isch&sa=1&ei=cKjdXPChAorHrgSF_qmYAg&q=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98&oq=%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98&gs_l=img.12…0.0..318682…0.0..0.0.0…….1……gws-wiz-img.GKnQlPu1gtM

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი