პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწავლო მეთოდი „მრგვალი მაგიდა“

გასული საუკუნის 90-იან წლებში აწ გარდაცვლილი არაჩვეულებრივი პიროვნებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის ლევან ჩიქვანაიას ხელმძღვანელობით თბილისის რამდენიმე სკოლაში პროფილური სწავლება დაინერგა. მათ შორის იყო 112-ე სკოლა, რომელშიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ჰუმანიტარულ პროფილის კლასში თქვენი მონა-მორჩილი ვასწავლიდი. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, საკლასო ორგანიზაციის ფორმად „მრგვალი მაგიდა” შემერჩია. კლასში სულ ოცი მოსწავლე იყო და ეს რაოდენობა ამის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, მოსწავლეებსა და მასწავლებელს თანამოაზრეებად ეგრძნოთ თავი, შეუზღუდავად ესაუბრათ ლიტერატურის, როგორც ხელოვნების დარგის, შესახებ, მასში ასახულ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გამოხატვის ხერხებზე… მოკლედ, ეს იყო საუბრები ლიტერატურაზე, რომლის დროსაც ფეხზე არავინ დგებოდა, რადგან ყველა შეხვედრების (და არა გაკვეთილების) თანასწორუფლებიან წევრად გრძნობდა თავს. შეიძლება, ვიღაცას ნაკლები ცოდნა ჰქონდა, ვიღაცას – მეტი, მაგრამ ყველას ლიტერატურის სიყვარული გვაერთიანებდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოსწავლეების მაღალ მოტივაციასა და ჩართულობაში, მათ შესამჩნევ მიღწევებში უდიდესი როლი სწორედ „მრგვალი მაგიდის” არსებობის ფაქტორმა ითამაშა.

დღეს „მრგვალი მაგიდა” არა როგორც ორგანიზების ფორმა, არამედ როგორც მეთოდი, პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ეს არის სადისკუსიო მეთოდის ტიპი, რომლის მიზანია შესწავლილ თემაში გამოკვეთილი პრობლემის ერთობლივი განხილვა. „მრგვალი მაგიდის” დროს გამოაქვთ საგნის / თემის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ან საკითხები, რომლებიც რთულია და ინდივიდუალურად მათი გააზრება-დამუშავება შეიძლება გაუძნელდეთ მოსწავლეებს. 

კვლევები ცხადყოფს, რომ „მრგვალი მაგიდის” გარშემო მოსწავლეთა გაერთიანება  ზრდის მათ აქტიურობას, ხსნის დაძაბულობას და მეტ ალბათობას ქმნის იმისას, რომ გამოითქვას ბევრი აზრი. მასწავლებლის ყოფნა მოსწავლეთა შორის ეხმარება მას, ერთი მხრივ, შექმნას ნაკლებად ფორმალური, თავისუფალი ატმოსფერო თითოეულის ჩართვისათვის განხილვის პროცესში, მეორე მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, აძლევს რა თითოეულს თანასწორუფლებიანობისა და საკუთარი მნიშვნელოვნების განცდას. ამასთან, უყურებენ რა ერთმანეთს სახეში, მოსწავლეებს ეძლევათ არავერბალური კომუნიკაციის საშუალება, ეჩვევიან ემოციების მართვას, აზრის ნათლად მკაფიოდ ჩამოყალიბებას. 

 „მრგვალი მაგიდის” მეთოდი აერთიანებს სხვადასხვა სახის სემინარებსა და დისკუსიებს. განვიხილოთ ზოგიერთი:

1.სასწავლო სემინარები (არსებობს ასეთი სემინარების რამდენიმე სახეობა: საგანთშორისი, პრობლემური, თემატური, ორიენტირებული).

საგანთშორის სემინარზე განიხილება ერთი კონკრეტული თემა სხვადასხვა საგნის პოზიციიდან, ერთი თემის სხვადასხვა ასპექტი. მაგალითად, თემა „კლონირება” შეიძლება განხილული იყოს როგორც ბიოლოგიის, ისე გეოგრაფიისა და ისტორიის  კონტექსტში სხვადასხვა ასპექტით: მორალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, იურიდიულითაც კი. ასეთ სემინარზე მიზანშეწონილია სხვადასხვა საგნის (ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სხვ.) მასწავლებლების მონაწილეობა. მოსწავლეებს წინასწარ უნაწილდებათ დავალებები. თავდაპირველად, იმისათვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ სემინარში, შეიძლება დასამუშავებელი საკითხების დანაწილება ინტერესების მიხედვით. საგანთშორისი სემინარი აფართოებს მოსწავლეთა თვალსაწიერს, ხელს უწყობს საკითხის კომპლექსურ გააზრებასა და შეფასებას, საგანთშორის და, ზოგადად, მოვლენებს შორის კავშირების დანახვას, სიღრმეში წვდომას.

პრობლემური სემინარის ჩატარება სასურველია თემის დაწყებამდე. მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს იმ პრობლემის განხილვას, რომელიც დაკავშირებულია ამ თემის ძირითად შინაარსთან. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას პოემების შესწავლამდე მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ საკითხი: როდის, რა შემთხვევაში და რატომ ცდილობს საზოგადოება დაუმორჩილოს პიროვნება საკუთარ ნებას? სემინარამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალების შესახებ მცირე განმარტება და ინსტრუქციები. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად განიხილავენ პრობლემას. პრობლემურ სემინარზე მასწავლებელს საშულება ეძლევა გამოავლინოს მოსწავლეთა ცოდნა მოცემულ საკითხზე და გაუღვივოს მათ ამ თემის შესწავლის ინტერესი. მოსწავლეები იხსენებენ ამ პრობლემაზე შექმნილ ნაწარმოებებს, მაგალითებს ცხოვრებიდან, იაზრებენ პრობლემის გამოვლენის სხვადასხვა ვერსიას, რაც, სავარაუდოდ, აღძრავს მათ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას: როგორ ჭრის ამ პრობლემას ვაჟა-ფშაველა?    

თემატური სემინარის დროს აქცენტი კეთდება შესწავლილი თემის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტებზე. სემინარის დაწყებამდე მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, თავად გამოყონ ასეთი საკითხები ან, თუ მასწავლებელს აქვს ინფორმაცია თემის შესწავლის დროს მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, თვითონ შესთავაზოს საკითხთა წრე. თემატური სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ე.წ. „ჩავარდნების” ამოვსებას ნასწავლის ხელახლა გადახედვითა და ურთიერთსწავლებით. მაგალითად, ფიზიკაში თემის – ოპტიკის – შესწავლის შემდეგ, როცა მასწავლებელი შემაჯამებელი სამუშაოს შედეგების ანალიზის საფუძველზე აღმოაჩენს საკითხებს, რომლებიც მოსწავლეებს გაუჭირდათ, ის ხელახლა უბრუნდება ამ საკითხებს, მოსწავლეებთან ერთად ამუშავებს მათი მიწოდების ხერხებს. ისინი ერთობლივად ამდიდრებენ მასალას პრაქტიკული მაგალითებით, ბუნების მოვლენებით. 

ორიენტირებული სემინარების დროს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს  უკვე დასმულ და შესწავლილ პრობლემას, რომელიც გამოქვეყნებულია და, აქედან გამომდინარე, კარგად ნაცნობი საზოგადოებისათვის. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ეხება არასრულწლოვნებს და ამის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, გაეცნონ საკითხს, გამოთქვან მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, იფიქრონ პრობლემის ამგვარად გადაჭრის მოტივებზე, იმაზე, რას შესთავაზებდნენ განსხვავებულს და რატომ. ასეთი სახის სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას. ცხადია, მათი დაგეგმვა და ჩატარება მიზანშეწონილია უფროსკლასელებთან.    

2.სასწავლო დისკუსიები. 

სადისკუსიო მეთოდების შესახებ ბევრი დაიწერა და ამჯერად ამაზე აღარ შევჩერდებით.

3.სასწავლო შეხვედრები „მრგვალი მაგიდის” ირგვლივ. 

ამ მეთოდის გამოყენების დროს „მრგვალ მაგიდასთან” ვიწვევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშაულო კავშირი აქვთ განსახილველ საკითხთან: მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ეკონომისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ლიტერატორებს, ცნობილ ხელოვანებს და ა. შ. შეხვედრამდე მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ჩამოაყალიბონ მათთვის საინტერესო და აქტუალური თემა, მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ და მოიფიქრონ შეკითხვები ამ თემის განხილვისათვის. მასწავლებელი წინასწარ გადახედავს საკითხებს, შეკითხვებს და მოსწავლეებთან შეთანხმებით ტოვებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანს – ერთს ან რამდენიმეს (გააჩნია საკითხს, მის მოცულობას, მოწვეული სტუმრის მოღვაწეობის უშუალო სფეროს და ა.შ.). შერჩეული საკითხები / შეკითხვები მათზე პასუხების მოსამზადებლად შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე (შეიძლება წინა დღითაც) გადაეცემა მოწვეულ სტუმარს. მნიშვნელოვანია,  სტუმარმა გაიაზროს, რომ ის არ არის მომხსენებელი. ის მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებს საკითხზე და გაუზიარებს მათ საკუთარ გამოცდილებას, მოსაზრებებს. შეიძლება „მრგვალ მაგიდასთან” რამდენიმე სტუმრის მოწვევაც. მთავარია, საუბრის მსვლელობის დროს  შეიქმნას ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, საქმიანი, გულწრფელი და თანამშრომლობითი ატმოსფერო. მოსწავლეთა და სტუმართა გასააქტიურებლად შეიძლება ისეთი საკითხის გამოტანაც, რომლის შესახებაც ორი სრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი / პოზიცია არსებობს. კარგია, როცა ასეთ შეხვედრებს თან ახლავს ფოტო და აუდიო, ვიდეომასალა, მასალები ჟურნალ-გაზეთებიდან. ეს სტუმარს აგრძნობინებს, რომ მოსწავლეები სერიოზულად მოემზადნენ შეხვედრისათვის.

„მრგვალი მაგიდის” ასეთი ფორმა მოსწავლეებს აჩვევს აუდიტორიის, მიზნისა და თემის შესაბამისი ენის არჩევას, პროფესიულ ენაზე საუბარს, შეკითხვებისა და აზრების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას, გულწრფელობას. სიამოვნებითა და პროფესიული კმაყოფილების გრძნობით ვიხსენებ ასეთ შეხვედრებს მწერალ დათო ტურაშვილთან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან. იმ საღამოების ფონზე, როცა უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეები „დეკორუმების” როლში არიან და მასწავლებლის მიერ დაწერილი სცენარის ტექსტებს კითხულობენ, „მრგვალი მაგიდის” უპირატესობა აშკარაა. ეს უპირატესობა ბუნებრიობაში, სილაღესა და  თვითგამოხატვის შეუზღუდავ შესაძლებლობაშია.   

„მრგვალი მაგიდა” თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ფორმისა და შინაარსის ერთობლიობამ მასწავლებელს მისცეს საშუალება მიაღწიოს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე მიზანს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი