პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საკითხავი ტექნოლოგიები

ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც კი ოდესმე განხორციელებულა ინტერნეტში, გიგანტური მსოფლიო ბიბლიოთეკის შექმნაა. ბიბლიოთეკისა, სადაც თავმოყრილი იქნება კაცობრიობის მთელი ცოდნა. კომპანია Google შეუდგა მილიონობით წიგნის სკანირებას თავისი საიტისთვის Google Books. ასეთი პროექტები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ნორვეგიამ ჯერ კიდევ 2006 წელს წამოიწყო საინიციატივო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ მთელი თავისი ეროვნული ბიბლიოთეკა უნდა გააციფრულოს.

ციფრული ტექნოლოგიების ყოფით ცხოვრებაში შემოჭრამ შეცვალა წიგნებთან ურთიერთობა. ადრე წიგნის კითხვისას იგებდი სხვა წიგნის შესახებ, იწყებდი მის ძებნას ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიებში. წიგნს წიგნთან მიჰყავდი. ციფრული ურთიერთობის ფორმა უფრო კომფორტულია: კითხულობ ტექსტს, იგებ სხვა წიგნის შესახებ, იქვე ერთი დაწკაპვით ლინკავ და პოულობ. ორიოდე წუთში შეგიძლია ნახო რამდენიმე წიგნი და გადაწყვიტო, რომლის წაკითხვა გსურს. მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი. ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებისგან ბიბლიოთეკების შექმნად ხშირად წლები სჭირდებოდა…

მიუხედავად იმისა რომ წიგნმა ტელეფონებში, პირად კომპიუტერებსა და პლანშეტებში შეაღწია, ის მაინც ინარჩუნებს უძველეს პერიოდთან ასოციაციურ კავშირს.

თავდაპირველად ცოდნა და გამოცდილება ზეპირი მონათხრობით და ნამღერით გადაიცემოდა. ინფორმაციის ამ მეთოდით გავრცელება საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა სმენისა და თხრობის კულტურას, რომელიც ბუნებრივად დამკვიდრებულ სტანდარტებს ექვემდებარებოდა. ამბების თხრობა, ე. წ. სთორი თელინგი (story telling) ხვეწდა ენობრივ ქსოვილს, გამოხატვის სიზუსტეს და ლექსიკურ მარაგს. თუმცა მას ნაკლიც ჰქონდა: ინფორმაცია ადამიანის მეხსიერებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოველთვის არ იყო ზუსტი. ყოველი მთხრობელი მოსმენილ ამბავს რაღაცას ამატებდა ან აკლებდა, საკუთარი ინტერპრეტაციით გადასცემდა სხვას. ვინაიდან ენა საკომუნიკაციოსთან ერთად აზროვნების იარაღიც არის, ცოდნას ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამდა. მეორე პირისთვის მისი გადაცემა ძალზე სუბიექტური მოვლენა იყო.

დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება გარკვეულწილად საწყისებთან მიბრუნებაა და ძალიან ჰგავს ისტორიული პროცესის ამ პირველ ეტაპს. უამრავ ალტერნატიულ საშუალებას შორის საგანგებოდ იქმნება წიგნების აუდიოჩანაწერები. ჩვენთვის სასურველი ტექსტი შესაძლოა ბოტმა წაიკითხოს, რაც სმენით ცოდნის გადაცემის და თხრობით განათლების მიღების ახალ სტანდარტებს აყალიბებს. გარდა ამისა, არსებობს ლიტერატურული და სხვა ტიპის პორტალები, რომლებიც კომუნალურ შემოქმედებას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოქცევას ითვალისწინებს საერთო სახალხო ტექსტის შექმნის მიზნით. ეს ისეთი ტიპის ტექსტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები ქმნიან, მომდევნო თაობები ავრცობენ, ხვეწენ და ეპოქალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად გარდაქმნიან.

დამწერლობა ექვსი ათასი წელია არსებობს. მისი განვითარების სამ საფეხურს გამოყოფენ. პირველ საფეხურად ეგვიპტური იეროგლიფური (იდეოგრაფიული) და შუმერული ლურსმული წარწერები ითვლება. შემდეგ მოდის სილაბური (მარცვლოვანი) და ალფაბეტური (ანბანური) დამწერლობა. უფრო ადრეულ ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ პიქტოგრაფია, მაგრამ ის არ ასახავს ენის ბგერით მხარეს და დამწერლობას პირობითად თუ ვუწოდებთ. პიქტოგრაფია ნახატების საშუალებით აზრის გადმოცემაა, რომელიც ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია გავიგოთ. ყველა ამ დამწერლობის თავისებურებას საწერი მასალა და მოწყობილობა განაპირობებდა.

იეროგლიფური და ლურსმული დამწერლობა საწერ მასალად იყენებდა ქვას, ძვალსა და თიხის ფირფიტას. სიტყვა „იეროგლიფი” ამოჭრას, ამოკვეთას და გრავირებას ნიშნავს. ლურსმულ დამწერლობასაც ეს სახელი მისი გარეგნული მხარის გამო შეარქვა ინგლისელმა მეცნიერმა თომას ჰაიდმა 1700 წელს. საქმე ის არის, რომ ლურსმული დამწერლობის ნიშნები ძალიან ჰგავს მახვილთავა ბოლოწვეტიან ლურსმნებს. დამწერლობის პირველ საფეხურზე წერის პროცესი კაწვრას და ტვიფვრას უფრო ჰგავდა. ამიტომ არის, რომ მრავალ ენაში „კაწვრა” და „ხატვა” ერთი და იმავე სიტყვით გადმოიცემა. ძველ ეგვიპტურში, ძველ ბერძნულში, ძველ სლავურში, ლათინურში და აქედან – გერმანულში, ფრანგულსა და სხვა ევროპულ ენებში „წერას”, „კაწვრას” და „ხატვას” ერთი და იგივე ძირი აქვს. ქართულ ენაშიც „წერა” თავდაპირველად კვეთას და ჭრას ნიშნავდა, „წერტილი” კი – ნაჩხვლეტს. 

ლურსმულ დამწერლობაში ასოების მოხაზულობას საწერი ტექნოლოგია განაპირობებდა. მაგარი საგნით ასონიშნების გამოყვანა რთული და შრომატევადი პროცესი იყო. წერის მნიშვნელობის ცვლა წერის პროცესთან დაკავშირებულ გარემოზე იყო დამოკიდებული.

დამწერლობის ამ სამი საფეხურის თავისებურებებს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად საწერი ტექნოლოგიებიც ედო საფუძვლად. ჩინელები თავდაპირველად ბამბუკზე წერდნენ, ძვ. წ. აღ. მეორე საუკუნიდან კი – ბრინჯის ქაღალდზე, რომელიც პირველად მათვე დაამზადეს. ძველ საბერძნეთსა და რომში გასანთლულ ფირფიტებზე, პაპირუსზე, პერგამენტსა და ნიჟარებზე წერდნენ. ძველ რუსეთში საწერად არყის ხის ქერქს იყენებდნენ. მესოპოტამიაში ანუ შუამდინარეთში თიხის გარდა არაფერი მოიპოვებოდა ისეთი, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. იღებდნენ თიხის ცომს და იქამდე ზელდნენ, სანამ სასურველი ფორმისა და ზომის სწორკუთხა ფილას არ მიიღებდნენ. თიხა რომ შეშრებოდა, საწერად უკვე მზად იყო. 

ეტრატი გამძლე მასალა იყო, მაგრამ მისი დამზადება ძვირი ჯდებოდა. ზოგიერთ ხელნაწერ ეტრატს მთელი ფარა არ ჰყოფნიდა, ამიტომ ხანდახან ტექსტს საგრძნობლად ამცირებდნენ ან ხშირად ხმარებულ სიტყვებს შემოკლებით წერდნენ – აქარაგმებდნენ. დღევანდელ სოციალურ ქსელებსა და ჰიპერლიტერატურაში სმაილებისა და სიტყვების შემოკლებით წერა ძალიან ჰგავს დაქარაგმების ძველ პრინციპს. საზოგადოების გარკვეული წრეები წინასწარ შეუთანხმებლად ამკვიდრებენ სიტყვების შემოკლებულ ვარიანტებს, ე. წ. კიბერნატიულ დაქარაგმებას. 

ვინაიდან ეტრატის დამზადება რთული იყო და ძვირიც ღირდა, ზოგჯერ ძველ ეტრატს ხელახლა იყენებდნენ – ხმარებიდან გამოსული წიგნის ფურცლებს ფხეკდნენ, ძველ ნაწერს შლიდნენ და ახალს წერდნენ, თუმცა ძველი ნაწერის კვალი მაინც რჩებოდა. ასეთ ეტრატს პალიმფსესტი ეწოდება. ჰიპერლიტერატურის ნიმუშები, რომლებიც სერვერის გადავსებისგან დასაცავად ბლოგიდან, სოციალური ქსელიდან ან საიტიდან წაიშალა, მაგრამ რომელთა აღდგენა შესაძლებელია, რაღაცით პალიმფსესტებს ჰგავს. მეცნიერები ეტრატიდან წაშლილი ძველი ტექსტების ამოკითხვას ცდილობენ; წაშლილი ფაილების აღდგენაც ხომ შრომატევადი პროცესია, რომელიც უამრავი არაკორექტული ფაილიდან საჭიროს ამორჩევას ითვალისწინებს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, როდესაც პირველი ინტერნეტთაობის შემოქმედებით დაინტერესდებიან, მეცნიერებს სწორედ ასეთი მუშაობის გაწევა მოუწევთ. შემოკლებული სმაილებისა და სიტყვების, წაშლილი ტექსტებისა და ბლოგების აღდგენის პროცესი მთლიანად კომპიუტერული საქმიანობით იქნება შემოფარგლული. ერთ ჰარვეირზე არსებული ფაილების ფენა-ფენა აღდგენის ხანგრძლივი პროცესი პალიმფსესტური ეტრატის შესწავლის კიბერანალოგად წარმოგვიდგება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქაღალდის წარმოების თითქმის ყველა ეტაპი მექანიზებულია, ძირითადი პროცესი უცვლელი დარჩა – საქაღალდე მასას განცალკევებული და წყალში დამბალი მცენარეული ბოჭკოებისგან ამზადებენ, მერე კი წყლის დასაწრეტად მფილტრავ ბადეზე აფენენ. ასე ფორმირდება ქაღალდის ტილო. წყლისგან საბოლოო გამოშრობა კი წნეხის ქვეშ ხდება.

გუტენბერგის გამოგონების შემდეგ ტექნოლოგიები ინტენსიურად იხვეწება. თეორია ასეთია: კომპანიები ჯერ უშვებენ ნაკლებად ძლიერი მონაცემების ნაწილს, უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს კი ლაბორატორიაში ტოვებენ; როდესაც ბაზარი გადაივსება და გაყიდვა იკლებს, ბაზარზე პროდუქტის გაუმჯობესებული ვარიანტი გამოაქვთ. ამ წერილის დაწერიდან გამოქვეყნებამდე გასული დროც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ახალი ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენისთვის.

MediaIdea-ს ანალიტიკოს ნიკ ჰემფშირს (Nick Hampshire) მიაჩნია, რომ „ელექტრონული” წიგნები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგია გახდება, რომელიც არა მარტო ბეჭდვით ინდუსტრიას, არამედ თავად კონტენტის შექმნის იდეოლოგიასაც შეცვლის. 

როგორი იქნება საწერი და საკითხავი ტექნოლოგიების მომავალი, ძნელი სათქმელია. ხშირად ყოფილა, რომ ამა თუ იმ გამოგონების პრაქტიკული მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შეუფასებიათ, გაუზვიადებიათ ან უმნიშვნელოდ მიუჩნევიათ ცალკეული ტექნიკური მიღწევა. მაგალითად, ერნესტ რუტერფორდი, რომელმაც პირველმა გახლიჩა ატომი 1917 წელს, ამბობდა: ,,ატომის გახლეჩით მიღებული ენერგია ძალიან მცირეა. ვინც იმედოვნებს, რომ ატომების ტრანსფორმაციით ენერგიის წყაროს მიიღებს, სულელურ აზრებსაა აყოლილი”. 1903 წელს მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტმა Ford Motor Company-ში ინვესტირებაზე უარი განაცხადა და ჰენრი ფორდის ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა: „ცხენი მუდამ იქნება ადამიანის სამსახურში, ავტომობილი კი რა არის? – სიახლე, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას”. ხოლო დერილ ზანუკი, ჰოლივუდის პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი და რეჟისორი, 1946 წელს ამბობდა: „ტელევიზია მალე დაკარგავს ძალაუფლებას ბაზარზე. ხალხი დაიღლება ყოველ საღამოს ამ ყუთის ყურებით”.

ასეთი არაერთი მაგალითი შევიძლია მოვიყვანოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ფრაზები სასაცილოდაც კი ჟღერს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობს, შრომა გაიადვილოს და უფრო კომფორტული გახადოს. ანბანის და, საზოგადოდ, დამწერლობის განვითარება სხვადასხვა ეტაპზე მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად მის გამოსახვით მხარეზეც იყო დამოკიდებული. ახალი ტექნოლოგიები გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად შეცვლის ბეჭდვით ინდუსტრიას. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ცვლილება იქნება ავტორის ფუნქციის დევალვირება, რაც ძალიან ჰგავს პირველსაწყისთან მიბრუნებას, როდესაც ტექსტის შენახვა-ინტერპრეტაცია და დროში გადაცემა უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ტექსტის ავტორის ინსტიტუტიზაცია. პარადოქსია, მაგრამ გუტენბერგის გამოგონება, შრიფტის ჩამოსასხმელი საბეჭდი დაზგა, ე. წ. კოპი-პეისტის პრინციპით მუშაობდა და ასოების ერთსა და იმავე თანმიმდევრობას ბეჭდავდა, რამაც ავტორი ტექსტს უფრო მჭიდროდ დაუკავშირა, ვიდრე ეს იყო ხელნაწერთა გადამწერების დროს, რომლებიც უნებლიეთ ან შეგნებულად ცვლიდნენ ტექსტის ქსოვილს და მის ავტორს. საუკუნეების შემდეგ სწორედ კოპი-პეისტის პრინციპის კომპიუტერულ სივრცეში გადანაცვლებამ და ინდივიდუალურ დონემდე დახვეწამ ჰიპერლიტერატურის სფეროში ავტორი ჩამოაშორა ტექსტს და ტექსტის გავრცელება და ინტერპრეტაცია სწრაფი ცვლილების შემძლე მოვლენად აქცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი