პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სიღარიბის გავლენა სწავლაზე და იმედი, როგორც პოზიტიური ალბათობა

სიღარიბის გავლენა  სწავლაზე და იმედი, როგორც პოზიტიური ალბათობაიმედი პოზიტიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას… ის ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობილებას, შედეგებს, ხდის მას შეუპოვარს. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების უმეტესობას საკმარისზე მეტი ნეგატიური მოვლენა გადაუტანია ცხოვრებაში და  მათ სჭირდებათ ჭეშმარიტი, მტკიცე იმედი, რათა სწავლა-სწავლების პროცესში ისინი მასწავლებლის პარტნიორები გახდნენ. ოპტიმიზმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც ბავშვები იმედით სავსენი არიან, მეტს ცდილობენ, დიდხანს მუშაობენ და აღწევენ კიდეც თავიანთ მიზნებს.
მეოცე საუკუნის ბოლოს მულტიმილიონერმა იუჯინ ლენგმა სიტყვა წარმოთქვა მეექვსე კლასელების წინაშე, რომლებიც ბრონქსის ჩამორჩენილ დაწყებით სკოლაში სწავლობდნენ. მან განაცხადა, რომ ის ნებისმიერ იქ მყოფ ბავშვს, რომელიც სკოლას დაამთავრებდა (რაც ექვსი წლის შემდეგ მოხდებოდა), უმაღლესი სასწავლებლის ფულს გადაუხდიდა. ამ უზომოდ ღარიბი სკოლის მშობლები და მოსწავლეები გაოგნებულები იყვნენ და ვერ გაეგოთ ესოდენ გამომწვევი განცხადების მნიშვნელობა… იუჯინ ლენგმა იმედიანი დაპირებით საოცარი რამ ჩაიდინა… იმედი ხომ ძლევამოსილი იარაღია როგორც მშობლების, ასევე ბავშვებისთვის. ამ ბავშვებს, რომლებსაც არც კი უოცნებიათ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე, უცებ ბედმა გაუღიმათ… ლენგი აბსოლუტურად სერიოზულად ამბობდა ამას და შეასრულა კიდეც დანაპირები. წლების შემდეგ იმ 63 ბავშვიდან 61-მა უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს კლასი ამავე სკოლის ნებისმიერ სხვა დაწყებით კლასთან შედარებით ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა… ეს ნამდვილი ამბავი იმედის ძალაზე მეტყველებს.  

როგორია არახელსაყრელი პირობების ჩამონათვალი, რომელიც ნეგატივების რთულ ქსელს ქმნის, რომლის გადალახვასაც უზარმაზარი მონდომება სჭირდება. ანუ რასთან გამკლავება უხდებათ დაბალი შემოსავლის მქონე მშობლებსა და ბავშვებს. ფსიქოლოგები და სოციოლოგები შემდეგ ჩამონათვალს გვთავაზობენ:

·არახელსაყრელ პირობებში  ცხოვრება 
· მშობლებთან ინტერაქციის დეფიციტი
·მშობლებისგან მხარდაჭერის დეფიციტი
·არასტაბილური ცხოვრების მტკივნეული განიცდა
· ყოველდღიური  სტრესი 
·ჯანსაღი საკვების დეფიციტი 
·დეპრესია  
·ქცევითი აშლილობები
·ყოველდღიური კითხვის დეფიციტი 
·ძალადობა და სიბრაზე

არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ფაქტორები ცალკე, დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. აღნიშნული რისკფაქტორები ერთმანეთს ავსებენ და აქვთ გამანადგურებელი ეფექტი (ატზაბა-პორია, პაიკი და დიტარ-დეკარდი, 2004). ნეგატიური ფაქტორები მოქმედებენ ერთობლივად და თანმიმდევრულად – რაც უფრო მეტ რისკს აწყდებიან ბავშვები, მით უფრო რთულდება მათი ქცევა, თუმცა მათი გამოსწორება შეუძლებელი არ არის…
 
განათლების ფსიქოლოგები და სოციოლოგები პედაგოგებს სკოლაში იმედის დასანერგად ხუთ საშუალებას სთავაზობენ:

1. მოყევით ისტორიები წარმატებული სკოლადამთავრებულების შესახებ.
2. მოსწავლეებს ყოველდღე გაუმეორეთ პოზიტიური მტკიცებულებები.
3. დაეხმარეთ მათ პიროვნული და აკადემიური მდგომარეობის ამაღლებაში, სასწავლო უნარებისა და მეხსიერების განვითარებაში.
4. ასწავლეთ, როგორ დაისახონ მიზნები და მიაღწიონ მათ – შემდეგ კი ზეიმით აღნიშნეთ ეს მოვლენა.
5. დაუხატეთ მოსწავლეებს მათი მომავლის დადებითი სურათი.
სპეციალისტების აზრით, ტვინები იცვლებიან და სხვადასხვა გამოცდილების შესაბამისად ადაპტირდებიან კიდეც. თუ უარყოფით მოვლენებს შეუძლიათ ტვინის შესუსტება, დადებითი მოვლენები ამ პრობლემას ასწორებენ. დიახ…  გარემოს გამრავალფეროვნება ბევრი ასეთი პრობლემის გადალახვაში შეიძლება დაგვეხმაროს. 

საიდან ვიცით ეს? 

 კვლევებმა აჩვენეს, რომ გონებრივი განვითარების კოეფიციენტი გაუმჯობესებულ გარემოსთან ერთად იზრდება. მაგალითად, ერთი კვლევისას შეირჩა ძალადობის მსხვერპლი ან ბავშვობისას უარყოფილი 65 უზომოდ ღარიბი ბავშვი, რადგან ისინი აკმაყოფილებდნენ ორ კრიტერიუმს: იყვნენ უკიდურესად ღარიბები და მათი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი მათ შვილად აყვანამდე 86-ზე დაბალი იყო (სუბოპტიმალური გარემო; დუიმი, დიუმარე და ტომკიევიჩი, 1999). ჩვეულებრივი ოჯახის მიერ შვილად აყვანიდან რვა წლის შემდეგ მათი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი თითქმის 14 ქულით გაიზრდა, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში – 20 ქულით. ეს კვლევა ერთ-ერთია იმ კვლევათაგან, რომელიც ამტკიცებს, რომ გაუმჯობესებულ გარემოს სიღარიბით გამოწვეული შედეგების გაუმჯობესებაც შეუძლია.  
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლაში ჩამორჩენილი ღარიბი ბავშვების გონებრივი შესაძლებლობები სამუდამოდ დაკარგული არ არის. გონივრულ საგანმანათლებლო ჩარევას შეუძლია იმ ბავშვების გონებრივი განვითარების კოეფიციენტის გაზრდა, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ. ამ ბავშვებს შეუძლიათ დააკმაყოფილონ ყველა სტანდარტული ნორმა და გადააჭარბონ კიდეც მას. 
რეკომენდაციების სახით შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ხუთი ფაქტორი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწავლაში ჩამორჩენილი ღარიბი ბავშვების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ეს ფაქტორებია: 
1.უნარების გამომუშავება
2.იმედი
3.გარემო პირობები
4. ურთიერთობები
5.გამდიდრება
უნარების გამომუშავება

ქვემოთ ჩამოთვლილი უნარების გამოსამუშავებლად ბავშვებს მეტი მუშაობა ესაჭიროებათ: ♦ 
·კითხვა (მიეცით მოსწავლეებს მასალები, ილუსტრირებული წიგნები, რომლებსაც ისინი სახლში წაიღებენ);
·♦ახალი სიტყვების დასწავლა (აქციეთ ლექსიკური მარაგის გამდიდრება მიმდინარე სტრატეგიად);
·♦ წერა (აქციეთ ყოველდღიურ ჩვევად);
·♦ სოციალურ-ემოციური უნარები (მაგ., თავაზიანობა, კონფლიქტის გადაწყვეტა);
·♦ ცხოვრებისეული უნარები (მაგ., მიზნის დასახვა, ორგანიზება, სასწავლო უნარები).

გარემო პირობები

გარემო პირობები არ არის სპეციალური ნიჭი, ბონუსი, რაიმე საგანგებო მოვლენა ან უსამართლო უპირატესობა. ის ათანაბრებს სათამაშო მოედანს, ქმნის თანაბარ და სამართლიან საშუალებებს… გარემო პირობები, უბრალოდ, სამართლიანს ხდის ყველაფერს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ამ კატეგორიის  ბავშვებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს:

·♦ ტრანსპორტი;
·♦ ჯანმრთელობა;
·♦ მშობლის/აღმზრდელის თანადგომა;
·♦ აკადემიური პრიორიტეტები;
·♦ ურთიერთობის დეფიციტი და მხარდამჭერი მეგობრების ნაკლებობა;
·♦მოკლევადიანი მეხსიერება (შეიძლება დაავიწყდეთ საგნების კლასში დაბრუნება);
·♦ ყველაფერი, რაც კი ფული ღირს;
·♦ ემოციური და სოციალური რეგულაცია;
·♦ საორგანიზაციო უნარები და რესურსი.

 როდესაც დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვები არ ასრულებენ საშინაო დავალებას, გასათვალისწინებელია ორი რამ: 

პირველი – რამდენად კარგი აზრია მათთვის დავალების ხშირად მიცემა?.. თანამედროვე შეხედულებების თანახმად, საშინაო დავალება სასარგებლოა მათთვის, ვისაც უკვე ესმის მასალა და დავალების შესრულებას დღეში მხოლოდ ათ წუთს ანდომებს. 

მეორე – დაბალი შემოსავლის ოჯახიდან გამოსულ, სტრესის მქონე ბავშვებს უფრო დიდ ცხოვრებისეულ პრობლემასთან უწევთ გამკლავება, ვიდრე საშინაო დავალების შესრულებაა. 

რეკომენდაცია – ნუ ვაქცევთ საშინაო დავალებას კარგად მუშაობის პრიორიტეტულ კრიტერიუმად. ეს უბრალოდ არ არის კარგი პირობა მათთვის, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს; კარგი პირობა გონივრული სწავლებაა. მოვძებნოთ მათი დახმარების სხვა გზები. ნუ დავსჯით მათ!..

ურთიერთობები

როგორც წესი, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები უფრო ნაკლები ელასტიურობით ხასიათდებიან. მასწავლებლის როლი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ აკადემიური როლი. მნიშვნელოვანია  დავეხმაროთ მათ შემდეგი საკითხების მოგვარებაში:

1.♦ სტრესის დაძლევა;
2.♦ მომავლის იმედის ჩანერგვა;
3.♦ დახმარება პრობლემის გადაჭრაში;
4.♦ ცხოვრებისეული და აკადემიური უნარების განმარტება ან სწავლება;
5.♦ დამატებითი მცდელობის წახალისება;
6.♦ მასალების მითითება ან მათი მასალებით მომარაგება.

ურთიერთობები გადამწყვეტია. მასწავლებელს შეუძლია გახდეს საუკეთესო ადამიანი მოსწავლეების ცხოვრებაში, იყოს ყველაზე სანდო, იმედისმომცემი პიროვნება მათ შორის, ვისაც ბავშვები იცნობენ. 

გამდიდრება

გამდიდრება ხდება პოზიტიური კონტრასტული გარემოს არსებობის პირობებში. მოსწავლეების უმეტესობა კვირაში დაახლოებით 50 საათს ატარებს სკოლის გარეთ, გარდა იმ დროისა, რასაც ისინი ატარებენ ძილში, ჭამაში, პირადი ჰიგიენის დაცვასა თუ სიარულში. სკოლაში ატარებენ კვირაში დაახლოებით 25-35 საათს. ისმის კითხვა: როგორ ხდება, რომ სკოლაში გატარებული საათები პოზიტიური კონტრასტის შექმნის თვალსაზრისით შეესაბამება სკოლის გარეთ გატარებულ საათებს? მიღწევების ასამაღლებლად გამდიდრება კლასის გარეთაც უნდა გაგრძელდეს. ანუ მივცეთ მოსწავლეებს განათლების მეორე შანსი… ამაში შედის საზაფხულო გამდიდრება, რეპეტიტორის გამოყენება, სკოლის შემდგომი პროგრამები და სპეციალიზებული, მიზნობრივი უნარების გამომუშავება სკოლაში ამოსაქაჩი პროგრამების დროს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ სკოლისშემდგომი პროგრამა ბავშვების დასახმარებლად. ამას შეიძლება დაერქვას სპეციალური პროგრამა რეპეტიტორის გამოყენებით, რომელიც სკოლის შემდეგ ბავშვების სახლების სიახლოვეს ჩატარდება. თქვენ დიდი შანსი გაქვთ, დაინახოთ ამ საშუალებებით მიღებული სარგებელი:

·♦ გაუმჯობესებული კითხვის, ვერბალური და წერის უნარები;
·♦ გაუმჯობესებული ზოგადი მუშაობა სკოლაში;
·♦ გაძლიერებული ინტერესი სკოლის მასალისადმი;
·♦ უკეთესი დასწრება გაკვეთილებზე; 
·♦ საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით გაუმჯობესებული აკადემიური მოსწრება.

ეს გამამდიდრებელი სტრატეგიები დადებითად მოქმედებს დაბალი მიღწევების მქონე ან სიღაიბის რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფის მოსწავლეებზე, განსაკუთრებით კი – კითხვასა და მათემატიკაში. მსგავსი პროგრამები სტატისტიკურ მხარდაჭერას უწევს რისკის ჯგუფის მოსწავლეებისთვის არასასკოლო გარემოში საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებას (შინკე, ქოული და პაულინი, 2000). საზაფხულო პროგრამები ისეთივე შედეგის მომტანია, როგორც ინდივიდუალურად მასწავლებლის დახმარებით მუშაობა.

 ფსიქოლოგები და სოციოლოგები  აღნიშნავენ და კვლევებიც ადასტურებენ,  რომ  სიღარიბის გავლენა მოზარდებზე გამაოგნებელია. არადა საქართველოში  ათიათასობით ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. რა კეთდება მათთვის?.. არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამები. 2011-2013 წლებში საქართველოს ფარგლებში, თბილისში, ამბროლაურსა და მარნეულში განხორციელდა საინტერესო პროექტი – “განათლების მეორე შანსის ქართული მოდელი”. მასში ჩართულები იყვნენ სიღარიბის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები. პროექტი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროგრამები 1 – 6 კლასელი მოსწავლეებისთვის;   სასარგებლო რესურსები – სახელმძღვანელოები: წიგნიერებაში, მათემატიკურ წიგნიერებაში, საინფორმაციო წიგნიერებაში, სამოქალაქო წიგნიერებაში, სასიცოცხლო უნარებში, შემოქმედებით აზროვნებაში.   თბილისის, მარნეულის, ამბროლაურის საგანმანათლებლო ცენტრის მასწავლებლები  გვთავაზობენ  პრაქტიკულ რეკომენდაციებს

რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მუშაობისას მნიშვნელოვანია  სამი რამ:

პირველი: ყველა უნდა იყოს სწავლის პროცესში ჩართული. მთლიანი პერსონალის სურვილი სასწაულის მოხდენა უნდა იყოს. თუ თქვენ გყავთ კოლეგები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ეს მოხდება, ისინი საფრთხის ქვეშ დააყენებენ დანარჩენების მცდელობას. 

მეორე: მთელი პერსონალი უნდა შეთანხმდეს და ითანამშრომლოს გამიზნულ დავალებებსა და ჩარევაზე, რათა ამან შედეგი გამოიღოს. ეს არის მარტივი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ მუშაობენ კოლეგები. 

მესამე: ძირითადი ინგრედიენტი არის მოთმინება. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეცვლით თქვენს ბავშვს ერთ კვირაში, ერთ თვეში და ერთ წელიწადშიც კი. ტვინი იცვლება, მაგრამ არა სწრაფად. დრო მიეცით მას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ – არსებობს   განსხვავებები, ღარიბი და მდიდარი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სკოლაში  სხვადასხვაგვარ ქცევას შევხვდებით. ყველა ფაქტორი, რაც დაბალი შემოსავლის მქონე მოსწავლეებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს, სტრესს აყენებს ტვინსაც: ცუდი კვება, ტოქსიკური ზემოქმედების საშიშროება, საცხოვრებლის ხშირი შეცვლა, მშვიდი ურთიერთობების და იმედის ნაკლებობა. თუმცა არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაც: 

ტვინს შეუძლია შეიცვალოს. ის იცვლება კიდეც ყოველდღიურად. გაამდიდრეთ ამ მოსწავლეების ტვინები, მიუხედავად მათი გონებრივი განვითარების კოეფიციენტისა (IQ), ტვინის სიჯანსაღისა, შემოსავლისა და გარემოებებისა. რაც უფრო ღარიბები არიან ბავშვები, რაც უფრო დაბალია მათი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მეტია შანსი, რომ მათ ცვლილებები განიცადონ. გაამდიდრეთ ეს ბავშვები და შეცვალეთ მათი ტვინები უკეთესობისკენ.
გამოყენებული ლიტერატურა

1.გაეროს ბავშვთა ფონდი  (2012)  საქართველო, ბავშვთა სიღარიბის შემცირება 
https://www.unicef.org/georgia/UNICEF_Child_PovertyGEO_web_with_names.pdf
2.https://netgazeti.ge/GE/105/Life/19923/
3.Schinke, S. P., Cole, K. C., & Poulin, S. R. (2000). Enhancing the educational achievement of at-risk youth. Prevention Science, 1(1), 51-60.
4.Eric Jensen ( 2000) Super Teaching, Sage Publicationtan
5.World Development Report 2000/2001: Attacking poverty, World Bank, 2000. 
6.Towards an EU Strategy on the Rights of the Child: Communication from the Commission COM (2006) 367 fi nal, Brussels, 2006. 
7. Innocenti Social Monitor 2006: Understanding Child Poverty in South-eastern Europe and the Commonwealth of Independent States: UNICEF Innocenti Research Centre, 2006. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი