ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფოტოების გამოყენება სასწავლო პროცესში

ფოტო არის შეჩერებული წამი, რომელიც დიდი სიზუსტით ასახავს ჩვენ ირგვლივ მყოფ რეალობას. მისთვის შეუმჩნეველი არ რჩება სრულიად უმნიშვნელო ობიექტებიც კი. სწორედ ამიტომ, როცა ჩანახატსა და ფოტოს შორის განსხვავებებს აღწერენ, აშკარა ხდება, რომ ჩანახატი მისი ავტორის თვალთახედვას, მის მიერ დანახულსა და ინტერპრეტირებულს ასახავს, მაშინ როდესაც ფოტო საშუალებას გვაძლევს ობიექტივის ჩარჩოში მოხვედრილი ობიექტები ყოველგვარი შელამაზების გარეშე დავინახოთ. 

ჩვენს ბავშვობაში ფოტოები მეტად აქტუალური იყო. ისინი ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდნენ იმ ქვეყნებზე, ხალხებსა და კულტურებზე წარმოდგენის შესაქმნელად, რომელთა მონახულება საბჭოთა მოქალაქეს მხოლოდ ოცნებაში შეეძლო. 

ფოტოები ჩვენ მსოფლიოსთან გვაკავშირებდა, გვიქმნიდა წარმოდგენას, თუ როგორი იყო რკინის ფარდებს მიღმა სამყარო, რამდენად მსგავსები და ასევე განსხვავებულები ვიყავით ჩვენ, ამ ფარდის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებნი.

სახელმძღვანელოების უმეტესობა, განსაკუთრებით კი, გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ასეთ დამხმარე რესურსებს მრავლად მოიცავენ. სახელმძღვანელოების გრიფირებისას ერთ-ერთი კრიტერიუმი მის ავტორებს მოთხოვნას უყენებდა, რომ სურათებს მხოლოდ დეკორაციის ფუნქცია არ ჰქონოდა და ისინი ფუნქციურად ყოფილიყო ჩართულები სასწავლო პროცესში. შესაბამისად, სახელმძღვანელოების ნაწილი ამ მოთხოვნებს ასრულებდა, მათთან მიმართებაში მოცემულია გარკვეული დავალებებიც. 

თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ყველაზე მეტად მასწავლებელს შეუძლია ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად აქციოს. სწორედ ფოტოები აძლევს მასწავლებელს საშუალებას რეალურ ცხოვრებას დაუკავშიროს ნასწავლი მასალა. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ რეალობას, არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილებს თუ ადამიანებს აფიქსირებენ. მათი საშუალებით მოსწავლეებს მიმდინარე პროცესებზე, სხვადასხვა ადგილებზე, კულტურულ თავისებურებებზე ექმნებათ შთაბეჭდილება, ეცნობიან მათ, ვიზუალური წარმოდგენები ექმნებათ მათზე. 

უკანასკნელ წლებში, როდესაც ახალი ტექნოლოგიები სწრაფი ტემპებით ვითარდება, სულ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება სასწავლო რესურსები. მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს სახელმძღვანელოში მოცემული ყოველი გაკვეთილი და ნახოს, მისი აზრით, რა სახის ინფორმაცია, მონაცემები გახდის გაკვეთილს უფრო საინტერესოს და ხელს შეუწყობს თემის ხვადასხვა პერსპექტივიდან შესწავლას. ამის შემდეგ კი დაიწყოს დამატებითი რესურსების მოძიება, თუკი ამის ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრად უფრო მეტი ვიზუალური საშუალება არსებობს და ეს საშუალებები ფართოდაა გავრცელებული, ფოტოგრაფიას მაინც უდიდესი ადგილი უჭირავს სასწავლო პროცესში. 

იმისთვის, რომ გაკვეთილი ახალი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდეს, მასწავლებელს დასჭირდება, საგნის სწავლებისადმი შემოქმედებითად მიდგომა. გეოგრაფიის მასწავლებელმა ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად შეიძლება აქციოს. ფოტოების საშუალებით, მან საკლასო ოთახში შეიძლება შეიტანოს ცოტაოდენი ”რეალობა”. ფოტოები ხომ ჩვენ ირგვლივ არსებულ ობიექტებს, მოვლენებს, ადგილს თუ ადამიანებს აფიქსირებენ. მათი საშუალებით იზრდება მოსწავლეთა შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილთან, შეექმნათ მათზე ვიზუალური შთაბეჭდილება, განუვითრდეთ დაკვირვების უნარი. სახელმძღვანელოები, თუ სხვა გამოცემები ხშირად შეიცავენ ილუსტრაციებს, კონკრეტულად ფოტოებს. მასწავლებლს შეუძლია ეს თვალსაჩინოებები აქტივობების გასამრავალფეროვნებლად გამოიყენოს და ასე გაუადვილოს მოსწავლეებს მასალის შესწავლა. ეს უნარ-ჩვევა მოსწავლეებს სხვა საგნების სწავლასაც გაუადვილებს. 

გეოგრაფიის სხვადასხვა კლასის სტანდარტში შეტანილია შედეგები და ინდიკატორები, რაც მსგავსი თვალსაჩინოებების გაანალიზებასა და ინტერპრეტირებას ითხოვს. მიმართულება „დრო და სივრცე” ყველა კლასში ამგვარი ინდიკატორებითაა დატვირთული. გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში მოტანილ ფოტომასალას ხშირად გარკვეული შეკითხვებიც მოჰყვება. თუმცა იმისთვის, რომ მოსწავლე გაიწაფოს ფოტოების ინტერპრეტირებაში, მასწავლებელს მრავალი საინტერესო კითხვის მოფიქრება შეუძლია, რაც ანალიზის პროცესში მოსწავლეს გარკვეულ მიმართულებას მისცემს. ფოტოების გაანალიზება მოსწავლეებს მატებს ცოდნას კონკრეტულ ადგილსა თუ ადამიანებზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, გაუზიარონ ისინი თანაკლასელებს. მასწავლებლებმა გარკვეულ სტრატეგიებს უნდა მიმართონ. გაითვალისწინონ, რომ ფოტოზე ასახულთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული შეხედულებები, რომ გამართლებული იყოს მათზე დისკუსიების გამართვა. კარგად შერჩეულ ფოტომასალას შეუძლია მოსწავლეებში განავითაროს თანაგანცდა, ხელი შეუწყოს სწორი დამოკიდებულებებისა და ფასეულობების გამომუშავებას. საშუალებას მისცემს მათ, გამოსახული იმ გარემოს შეადარონ, სადაც მათ უხდებათ ცხოვრება. 

ფოტოების ინტერპრეტირების უნარი თანდათანობით ვითარდება. არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული აქტივობით მასწავლებელმა მიიჩნიოს, რომ მიზანი მიღწეულია. სანამ მოსწავლეებს სიღრმისეული ანალიზს მოვთხოვთ, სასურველია, რომ მათ საბაზისო უნარები უკვე ჰქონდეთ. მაგ. რამდენად ყურადღებიანები არიან და ამჩნევენ გამოსახულ დეტალებს და სხვა. 

არსებობს შეკითხვები, რომლებიც შეიძლება თითქმის ყველა ფოტოსთან მიმართებაში გამოვიყენოთ, ისინი უნივერსალურები არიან და მოსწავლეებს ყურადღებას საჭირო ნიუანსებზე ამახვილებინებენ. ასევე აძლევენ მათ საშუალებას, ჩაუღრმავდნენ ზედაპირზე მოცემულ ინფორმაციას: რას ხედავ? რას გრძნობ? როგორი ცვლილებები განიცადა გარემომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე? როგორი იქნება ეს გარემო 10 წლის შემდეგ? შეიძლება თუ არა, განსხვავებული აზრი არსებობდეს ამ ხედის ირგვლივ (მაგ. უცხო თვალით დანახული და ადგილობრივი მაცხოვრებლის თვალით დანახული?…) როგორია განსხვავებები ან მსგავსებები სხვა ქვეყანასთან? 

ფოტოების ანალიზისას რჩება ინფორმაცია, რომელიც მისთვის შესაძლოა ბოლომდე გასაგები არ იყოს. ასეთ დროს მან შეიძლება ჩამოწეროს ის შეკითხვები, რომლებზე პასუხებიც მის ანალიზს უფრო გააღრმავებდა.  

ფოტოებზე შეიძლება ასახული იყოს სხვადასხვა სიუჟეტი. ანალიზი რომ არ იყოს შეზღუდული, დაკვირვება უნდა მოხდეს ბუნების კომპონენტებზე, ენერგიის წყაროებზე, ცოცხალსა და არაცოცხალ ბუნებას შორის კავშირებზე; ეკონომიკურ საკითხებზე – როდესაც პასუხი უნდა გაეცეს კაპიტალის, ვაჭრობისა თუ საკუთრების შესახებ დასმულ შეკითხვებს; სოციალურ საკითხებზე – როდესაც პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს, რომლებიც ურთიერთობებს, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე ცხოვრების წესს, გენდერულ თანასწორობას, რასებს, შეზღუდულ შესაძლებლობებს, ასაკობრივ და სოციალურ განსხვავებებს ეხება.  

კარგად შერჩეული ფოტოები ზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას და ისინი უფრო შემოქმედებიტები ხდებიან. ასეთ დროს ხდება აღმოჩენით სწავლა.

 

 მეტი თვალსაჩინოებისთვის ვცადოთ ფოტოების შეფასება, მათი ვარგისიანობის დადგენა სასწავლო თემებთან და სტანდარტთან მიმართებაში. მასწავლებელმა შესაძლოა სახელმძღვანელოში მოცემული თვალსაჩინოება არასაკმარისად ჩათვალოს და დამატებითი რესურსების გამოყენება გადაწყვიტოს.  ამის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს შეკითხვების პაკეტი, რაც გაკვეთილზე საინტერესო აქტივობის ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ფოტოების მხოლოდ დათვალიერება არ იძლევა შედეგზე გასვლის საშუალებას.

ვიღებთ ფოტოებს და პასუხს ვცემთ ზემოთ დასმულ კითხვებს, რაც დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მაგალითად, ამ ბმულზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყანაში ოჯახის მიერ კვირის განმავლობაში მოხმარებული საკვების რაოდენობა და ტიპები: https://time.com/8515/hungry-planet-what-the-world-eats/

ამის შემდეგ მასწავლებელი სასწავლო გეგმაში ეძებს, თუ რომელი შედეგის მიღწევას შეუწყობს ხელს აღნიშნული ფოტომასალა. 
გეო.XI.2.მოსწავლეს შეუძლია  სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი.                     
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  

·რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ.
რაც შეეხება აღნიშნულ ფოტოებს, საინტერესოა ფოტოგრაფების (მენზელი და ალუიზიო) მიერ განხორციელებული პროექტის – „მშიერი პლანეტა” – მოკლე შინაარსი. აღნიშნული პროექტის გამოფენა ნობელის მშვიდობის ცენტრში მოეწყო. ექსპოზიცია გამოფენილი იყო 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე. ამ სურათების საშუალებით ჩვენ ვირტუალურად მიგვიწვიეს ნორვეგიის, ჩადის, ქუვეიტის, აშშ-ს, მექსიკის, ჩინეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნაში მცხოვრები ოჯახების სამზარეულოებში. 

საკვები არაა მხოლოდ ჩვენი სხეულის საწვავი, საკვები ბევრად მეტია. ის კულტურული იდენტობის მაჩვენებელია.
ამ ფოტოებთან დაკავშირებით პასუხი შეიძლება შემდეგ კითხვებს გაეცეს – ვინ რამდენ ჩაის, ან რა ტიპის სასმელს ანიჭებს უპირატესობას? გარკვეული კულტურის მაჩვენებელია – თუ ვინ რა სივრცეს იყენებს სასადილოდ. არის ქვეყნები, სადაც საკვები იქვე მზადდება, სადაც ოჯახის წევრებს სძინავთ. რა განსხვავებაა ოჯახებს შორის, რომლებიც სადილისთვის განსხვავებულ თანხებს ხარჯავენ – დღეში 1 დოლარიდან 100 დოლარამდე. რამდენად განსხვავებულია ბოსტნეულის, ბურღულეულის, ხილის, ცხოველური ცილების მოცულობა დღის რაციონში. ასევე შეიძლება ყურადღება გაამახვილონ ქვეყნებზე, რომლებიც ახლა უკვე იგივეს ჭამენ საუზმეზე, რასაც გლობალიზებული მსოფლიო, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების წინ მათი მენიუ ბევრად განსხვავებული იყო. შეიძლება თუ არა შეიცვალოს ოჯახების მენიუ და გახდეს ერთფეროვანი.
დამატებით მასწავლებელმა შესაძლოა მოსწავლეებს სურათებზე მოცემული ქვეყნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოსთხოვოს, რის მიხედვითაც გაკვეთილზე გამოთქმულ ვარაუდებს გადაამოწმებენ. ხაზს გაუსვამენ კულტურულ მრავალფეროვნებას, განსხვავებულ ბუნებრივ გარემოს, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ასევე შესაძლებელია ფოტოების, როგორც დამხმარე რესურსების, მოძიებაში მოსწავლეების ჩართვაც. ამისთვის მათ წინასწარ ეძლევათ თემა. მომავალში ეს რესურსები ჩვენივე სასწავლო პროცესის ნაწილი შეიძლება გახდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ ენაზე გამოდის “National Geographic საქართველო”, რომელიც არაერთ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, მათი გამოყენებაც  სასწავლო პროცესში მიზანშეწონილია. აქ ტექსტი და ფოტოები ერთ თემას სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, მთლიანობაში გაეცნონ და აღიქვან სამყარო. მისი ცალკეული არეალების (კონტინენტები, რეგიონები, ქვეყნები, ლანდშაფტები, ბუნებრივი ზონები…) შესწავლით წარმოდგენა შეექმნათ მათ უშუალო გარემოზე თუ მოშორებით მდებარე ადგილებზე. მოსწავლეთა უმეტესობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ არეალზე. მათთვის ასევე უცნობია მრავალი მოვლენა თუ პროცესი, რომელიც ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მათგან მოშორებული, უცნობი გარემოს შესწავლა გეოგრაფიაში უფრო ხარისხიანად წარიმართოს, საჭიროა მასწავლებელმა მრავალფეროვანი თვალსაჩინოებების გამოყენებაზეც იზრუნოს. გეოგრაფიის გაკვეთილზე სხვადასხვა სასწავლო რესურსის გამოყენება უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების გეოგრაფიული განათლების მისაღებად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი