შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მეიგავე ერლომი

„თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!

ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია… გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი.

თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე, იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს.

საერთოდ, შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას საკუთარ შესაძლებლობებში, ანუ შენ შეიძლება დაემჯობინო საკუთარ თავს.“

ერლომ ახვლედიანი

 

კაცი იყო, უცნაური სახელი, ერლომი, ერქვა და საოცრად წერდა.

მე ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ მიხარია, ნანახი რომ მყავს. არც შეხვედრის ადგილი მახსოვს, არც დრო. ფრაგმენტი მაქვს უბრალოდ გონებაში: ვიღაც წვერებიანი, ჭაღარა, საყვარელი გარეგნობის კაცი; აი, ისეთი დიდი და სქელმინებიანი სათვალით, თვალებს რომ უპატარავებს ადამიანებს. ჩვეულებრივზე უფრო უბრალოდ და დაუდევრად ჩაცმული, თავის შვილს, 12-13 წლის ცელქ, მოუსვენარ ბიჭს წარმოუდგენლად მშვიდად აძლევს შენიშვნას … რატომღაც ყველა ( მაშინ რა ვიცოდი, ვინ იყო) ბატონო ერლომობით მიმართავს.

მართლა განსაკუთრებული უნარია, გამოირჩე შენი უბრალოებითა და გამორჩეულობის არსიყვარულით. ერლომ ახვლედიანი ჩემთვის ჩუმად გენიალური მწერლების კატეგორიას მიეკუთვნება, სიცოცხლეშიც რომ ჩუმები არიან და გარდაცვალების შემდეგაც. მაგრამ ეს განსაკუთრებული სიჩუმე გაგრძნობინებს, რომ სინამდვილეში რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ხმაურს წაუყრუე და გაიძულებს, დაძაბო მთელი სხეული, სული და ისე უსმინო ამ სიჩუმეს და აღმოაჩინო! მე პირადად, ზუსტად ეს დამმართა ერლომ ახვლედიანის შემოქმედებამ თავის დროზე.

ამ სტატიაში მხოლოდ მეიგავე ერლომზე უნდა ვილაპარაკო. იმიტომ, რომ მასში, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სწორედ მეიგავე ცხოვრობდა. გარდა იმისა, რომ იგავებს წერდა, იგავურია თავისი ხასიათით მისი მოთხრობებიც:  ,,ვანო და ნიკო“, ,,აღუ“, რომანი ,,კოღო ქალაქში“…

ვისაც ერლომის სახელი და გვარი გაუგია, იცის, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნიჭისა და  ხელწერის სცენარისტია ქართულ კინემატოგრაფიაში.

ჩემთვის მისი კინოც იგავებია, სიმბოლოებითა და ალეგორიებით სავსე. ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმია ,,საერთო კედელი“, ორ განსხავებული ხასიათისა და ინტერესის მეზობელზე, რომლებიც ვერ უძლებენ ერთმანეთის ხმაურს კედლის იქით, მაგრამ გარეთ რომ გადიან, ვერც კი ხვდებიან, ის კედლის აბეზარი მეზობლები რომ არიან და ერთმანეთს დიდი თავაზით ექცევიან. თითქოს ჩვეულებრივი მეზობლური ამბავია, მაგრამ ერთი ეპიზოდია, აივნიდან ებრძვიან ცოცხებითა და იატაკის ჯოხებით ერთმანეთს, კუთხის აივნებია, სხვადასხვა მხარეს და ერთმანეთს მაინც ვერ ხედავენ,ისე იქნევენ თავიანთ „ იარაღებს“, ეგებ მიაწვდინონ ერთმანეთს. მაგრამ გაოცებისგან პირდაღებული მაყურებელი აღმოაჩენს, რომ სხვადასხვა სართულზე დგანან. მაშინ როგორღა აქვთ საერთო კედელი? არადა, ნამდვილად აქვთ, რადგან ფილმი სწორედ ამ კედლის განგრევითა და საერთო კარის გაკეთებით სრულდება. უცნაური დეტალია, პარადოქსული, რომელიც შეგახსენებს, რომ ფილმის სცენარის ავტორი ერლომია – პარადოქსული აზროვნების დიდოსტატი.

ერლომ ახვლედიანი იგავებსაც წერდა და არაკებსაც. დიახ, მათ შორის განსხვავებაა, ყველა ლექსიკონში იგავი განმარტებულია დამრიგებლური ხასიათის, ალეგორიულ ნაწარმოებად, ხოლო არაკი – ზღაპრული შინაარსის იგავად. დიდი მეცნიერი, პროფესორი რევაზ სირაძე ჯერ კიდევ სტუდენტებს გვიხსნიდა, რომ სინამდვილეში ,,იგავ-არაკი”  შეცდომით წარმოქმნილი კომპოზიტია და იგავი და არაკი განსხვავდება თავისი არსით. უბრალოდ, ამ კომპოზიტის შექმნა იმან გამოიწვია, რომ, მაგალითად, სულხან-საბა იგავებსაც ( მასში პერსონაჟები ადამიანები არიან) წერდა და არაკებსაც ( სადაც პერსონაჟებად ცხოველები არიან გამოყვანილი) და ,, სიბრძნე სიცრუისა“ ნამდვილად იგავ-არაკების ანუ იგავებისა და არაკების კრებულია. თუმცა მხოლოდ ერთი თხზულება სინამდვილეში ამ ორისაგან ერთ-ერთია. აი, სახარებაში არაკები არ არის, იქ მხოლოდ იგავებია.

საინტერესო იგავები აქვს ერლომ ახვლედიანს დაწერილი ( არაკებიც), მაგრამ არც ერთი არ არის თავისი სტილით კლასიკური იგავი. მორალი არ დევს ზედაპირზე ( ანუ მისი ამოცნობა საკმაოდ რთულია) და მით უმეტეს, მზამზარეული შეგონებაც არ არის ბოლოში გამოტანილი, არც ახსნა მოსდევს სახარებისეულად.

თავისთავად აღძრავს ფიქრს და ხელმეორედ გადაკითხვის სურვილს მისი იგავები. ყველა ნიუანსი, ყველა ფრაზა, სიტყვა, ყველა მხატვრული სახე მნიშვნელოვანია არსის წვდომისთვის. კომპოზიციურადაა გადაჯაჭვული ერთმანეთს თითოეული სიტყვა, რომელთა გადანაცვლებით ის აღარ გამოვა, რისი თქმაც მწერალს სურდა.

უცნაური სათაურები აქვს ერლომის იგავებს, ერთი სტრუქტურის: ,, კაცი, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარდა, ,, ამბავი კაცისა, თავი რომ დაკარგა“,  ,,ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა“, ,,დღეგრძელი კაცის ამბავი“, ,,ამბავი კაცისა, რომელიც ყველას ეგონა, რომ არ იყო“, ,,ამბავი კაცისა, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარდა“ ან „შურიანი კაცის იგავი“, ან „მეოცნებე კაცის იგავი“… საკმაოდ ბევრი ,,კაცი“ ჰყავს, ბევრი ისტორიით, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, დასაფიქრებელი ხასიათითა და ქცევით…  იგავების უმეტესობა კი ასე იწყება, თავისებურად – „კაცი იყო…“

ერლომ ახვლედიანის იგავებში არ არიან კარგი და ცუდი კაცები, მის იგავებში ცხოვრობენ ადამიანები თავიანთი განსაკუთრებული თავგადასავლებით, რომლებიც ჩვეულებრივი ამბებისაგან იმითი განსხვავდება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გასწავლის… მაგალითად, გასწავლის, როგორ უნდა სძლიო შურს, სამშობლოს როგორი სიყვარული არაა სიყვარული, როგორ უნდა იცხოვრო მხოლოდ ერთი დღით, თუ „მპარავმა ხვალინდელი დღე“ მოგპარა და რამდენი რამ შეიძლება მოასწროს ადამიანმა ამ ერთ დღეში…

ამ ყველაფერს გადმოსცემს სწორედ იგავისთვის დამახასიათებელი, ან უფრო შეკუმშული ლაკონიზმით.

მისი იგავები რიტმული პროზის ნიმუშებია. მოკლე წინადადებები, ერთი და იმავე სიტყვებისა და ფრაზების ხშირი გამეორება ქმნის დამახასიათებელ რიტმს, ამიტომ ამ იგავებს ძალიან უხდება ხმამაღლა წაკითხვა.

ზემოთ ვახსენე, პარადოქსული აზროვნების დიდოსტატია ერლომი. ,,მეოცნებე კაცის ამბავში“ აღწერს კაცს, რომელიც სრულ იდილიაში ცხოვრობს, ჰყავს საყვარელი ოჯახი, სათუთად ზრუნავს მასზე, გარშემო ყველა და ყველაფერი უყვარს და ისიც ყველა-ყველაფერს უყვარს. იგავის ბოლო აბზაცში კი წამოწვება ეს იდილიურ-იდეალური კაცი და ოცნებობს სიძულვილზე, გულქვაობაზე, შურისმაძიებლობაზე, შიშზე…

„ანტონიმური ხასიათისაა“ მისი პროზა, ანტონიმურ სიტყვათა თამაშით ქმნის შინაგან წინააღმდეგობას შინაარსსა თუ იდეაში… ასე აღწერს კაცს, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა:

 „ წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა, მზეზე იყო, მზეზე ყოფნა უყვარდა. ჩრდილიც უყვარდა.

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა.

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა. უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

მთაც უყვარდა და ბარიც უყვარდა…“

და ასე იგავის ბოლომდე.

ასევე ანტონიმებით გადმოსცემს შურიანი კაცის განცდებს:

ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა… “

ანტონიმური სიტყვების ამ ერთგვარი თამაშით მწერალი კარგად აჩვენებს, როგორი ,,ორგემაგეა“ არა  მხოლოდ საწუთროს, არამედ კაცთა ბუნება და რა რთულია ,,ორბუნოვანი“ ადამიანისთვის საკუთარ თავზე გამარჯვება.

რაც შეეხება არაკებს, აქაც გამორჩეულია თავისი ხელწერით ერლომ ახვლედიანი. როგორც წესი, არაკები ერთგვარი ,,სტერეოტიპული პერსონაჟებით“ გამოირჩევა. მაგალითად: მელა ყოველთვის ცბიერია, თაგვი – მშიშარა, ვირი- აუცილებლად ჯიუტი და ა. შ.

ერლომის არაკში ,, მელი და ტყუილი“ მელა ყველაზე მართალი ცხოველია, ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ ამის გამო, სანამ ტყუილი არ მოატყუებდა და მატყუარას გახდიდა. არაკში  შთამბეჭდავადაა მოთხრობილი, როგორ გახდა მელა მატყუარა და მკითხველიც მისდამი თანაგრძნობით იმსჭვალება და არა უარყოფითი დამოკიდებულებით, როგორც არაკთა მელიების ხვედრია.

მეორე არაკში თაგუნა, უბრალოდ, ზარმაცია. წევს და გეგმავს, რას გააკეთებს, თუ ადგება, მაგრამ არ დგება, მხოლოდ გვერდს/ გვერდებს იცვლის, მწერალი გვაჯერებს, რომ რამდენჯერაც გადაბრუნდება თაგუნა, იმდენი გვერდი აქვს. აი, მეთერთმეტე გვერდზე რომ გადაბრუნდა და დაიძინა, მერე აღარ გათენებულა მისთვის, რადგან საკმაოდ გვიან აღმოაჩინა, რომ ვიღაცას ამოევსო მისი სორო. ღიმილისმომგვრელი და თან უცნაურად სევდიანია თაგუნას ამბავი. არც აქ ღალატობს თავის ,,პარადოქსულ აზროვნებას“ ერლომი: ,, – ,,დავინახავ ხაფანგს და ისე ავუვლი გვერდს, რომ ხაფანგმა ვერაფერი გაიგოს, როცა გაიგებს, უკვე გვიანი იქნება, ხაფანგი გაბრაზდება, მე უკვე შორს ვიქნები და ხაფანგს არავინ ეყოლება დასაჭერი, როცა ხაფანგს არავინ ეყოლება დასაჭერი, თავის თავს თვითონვე დაიჭერს“. პარადოქსულია, აბა, რა, საკუთარი თავის თვითონვე დამჭერი ხაფანგი და ალეგორიულობით ცოტათი ჰგავს სხვისთვის გამზადებულ ორმოში ჩავარდნილ ორმოსვე მთხრელს.

სრულიად განსხვავებული და საინტერესო პერსონაჟია უნიჭო ობობა, რომელმაც, მართალია, აბლაბუდას ქსოვა ვერ ისწავლა, მაგრამ ბზუილის სწავლა მშვენივრად გამოუვიდა: ,,  იმ დღის შემდეგ პატარა ობობა, სადაც კი აბლაბუდას ნახავდა, შიგ ჩაჯდებოდა და ბზუოდა, ყოველი მხრიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ დიდი ობობები…“ პატარა, უნიჭო, ონავარი ობობას ეს მხატვრული სახეც ღიმილისმომგვრელია, დამეთანხმებით.

ან კიდევ – არაკი „ მელა მასწავლებელი“ ასე მთავრდება: ,,საბოლოოდ ნაბოლარამ გადასანსლა მელა, რადგან უვიცი დატოვეს და ისიც კი არ ასწავლეს, რომ წიწილას არ შეუძლია, მელა გადასანსლოს“

საერთოდ, ეს სევდანარევი რაღაცნაირად მქრქალღიმილიანი და თბილი იუმორი ერლომ ახვლედიანის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. , ჩემი აზრით, ყველაზე თვალსაჩინო არაჩვეულებრივ ფილმ ,,არასერიოზულ კაცშია“.

სიტყვას კი არ მოჰყვა, მე მოვიყვანე, ვერ ავუარე გვერდი მაინც ამ ფილმს, ეს ფილმი მისი ცხოვრება მგონია და მისი ცხოვრება კიდევ ყველაზე ბრძნული იგავი.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი