პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პროფესორი ნაბოკოვი

„პროფესორი ნაბოკოვი“ – 1980 წელს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჯონ აპდაიკის ესე The New York Review of Books-ში. ვლადიმირ ნაბოკოვის სალექციო ჩანაწერების ორტომეულს კი – რუსულ თარგმანს, რომლის კითხვაც ცოტა ხნის წინ დავიწყე – წინასიტყვაობად აქვს ეს ტექსტი, ოღონდ სათაურის გარეშე. თუ აქამდე ამ ბიოგრაფიულ ფაქტს არსად გადაწყდომიხართ, შეიტყობთ, რომ ბერლინში ცხოვრების პირველ წლებში დიდი რუსი მწერალი (ჩემთვის ის დიდი რუსი მწერალია) თავს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა. რას აღარ ასწავლიდა: ინგლისურს, ფრანგულს, ლექსების წერას, კრივს, ჩოგბურთს. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს გადასახლდა და თხუთმეტი წლის მანძილზე – „ლოლიტას“ გამოქვეყნებამდე – მასწავლებლობა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

აპდაიკი იხსენებს, ნაბოკოვის ბოლო მსმენელთა შორის ჩემი ცოლიც იყო, რომელიც ისეთი მოხიბლული გახლდათ, რომ ერთხელ მაღალი სიცხითაც კი წავიდა მის ლექციაზე, იქიდან კი პირდაპირ საავადმყოფოში აღმოჩნდაო. „ვგრძნობდი, რომ შეეძლო ჩემთვის კითხვა ესწავლებინა. მჯეროდა, რომ რაღაც ისეთს მომცემდა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამყვებოდა… და ასეც მოხდა“, – უთქვამს მას. თუ რამეს ვინატრებდი, ალბათ იმას, რომ 1958 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე ის ლექციები მომესმინა, რომლებსაც ქალი ერთიანად მოენუსხა.

მეტი რა გზაა – ჩანაწერების კითხვას უნდა დავჯერდე.

აპდაიკის ესეს წყალობით, ამ ლექციებზე დასაზეპირებელი ერთ-ერთი მთავარი დოგმა სწრაფადვე აღწევს ჩემამდე: „სტილი და სტრუქტურა – ესაა წიგნის არსი; დიდი იდეები – სისულელეა და მეტი არაფერი“.

„კარგ მკითხველებსა და კარგ მწერლებზე“ – წინასიტყვაობასა და სალექციო ჩანაწერებს შორის ეს პატარა, მრავალმხრივ საგულისხმო ტექსტია მოქცეული. ვინ არის კარგი მკითხველი? – სიმართლე ითქვას, ბევრი ვერ მოხვდებოდა მათ შორის, ვისაც პროფესორი ნაბოკოვი ასეთად მიიჩნევდა. მისი რწმენით, მკითხველი, პირველ რიგში, დეტალებს უნდა ამჩნევდეს და ამით სიამოვნებას უნდა იღებდეს. განზოგადების ვნება იმთავითვე უარყოფილია, როგორც მცდარი და წიგნის არსს დამაშორებელი. ლიტერატურული ნაწარმოებიდან ვერც სარწმუნო ცნობებს მოვიპოვებთ ამა თუ იმ ქვეყნისა და მისი ისტორიის შესახებ: როგორ უნდა ვენდოთ, ვთქვათ, ინგლისის ჯეინ ოსტინისეულ აღწერას, როცა მას ფეხი არ გაუდგამს მშობლიური სახლის სასტუმრო ოთახიდანო? სიმართლე ისაა, რომ დიდი რომანები – დიდი ზღაპრებია, ჩვენი სალექციო კურსის რომანები კი – უდიდესი ზღაპრებიო.

ლიტერატურის წარმოშობის საიდუმლოს ახსნისას ვლადიმირ ნაბოკოვი იმ არაკს იხსენებს, ალბათ, ყველა ბავშვს რომ სმენია. მისი თქმით, ლიტერატურა მაშინ კი არ დაიბადა, როცა ერთი ნეანდერტალელი ბიჭი მინდორზე გამოვარდა ყვირილით: მგელი, მგელიო, მას კი კვალდაკვალ რუხი მგელიც მოჰყვა, არამედ მაშინ, როცა ბიჭი ყვირილით მორბოდა და უკან არც არავინ მოსდევდა: „ნახეთ, ნამდვილ მგელსა და არაკის მგელს შორის რაღაც კრთება – ჩნდება და იმავე წამს ქრება. სწორედ ეს წამიერი გაელვება, ეს გაკრთომაა ლიტერატურა“.

ვნახოთ, რას წერს მწერლებზე: „მწერალი სამი თვალსაზრისით შეიძლება შევაფასოთ: როგორც მთხრობელი, როგორც მასწავლებელი და როგორც ჯადოქარი. სამივე – მთხრობელიც, მასწავლებელიც, ჯადოქარიც – მხოლოდ დიდი მწერალი შეიძლება იყოს, თუმცა კი ის დიდი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ წამყვან პარტიას ჯადოქარი შეასრულებს“.  მთხრობლის მოვალეობა გართობამდეა დაყვანილი – მას უმეტესად  თავშექცევის მარტივი ფორმების მაძიებლები მიმართავენ. ცოტა უფრო დაწინაურებულებს მასწავლებელი სჭირდებათ – რაღაც ახლის შეტყობა, ცნობების მოგროვება სწადიათ. მაგალითად, ზოგიერთი მკითხველი ფრანგულ და რუსულ რომანებს იმიტომ კითხულობს, რომ წარმოდგენა ჰქონდეს მხიარული პარიზისა თუ სევდიანი რუსეთის ცხოვრებაზეო. ცხადია, ამ მკითხველთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დიდი მწერლის მთავარი ამოცანა ვერ გახდება. ის, უპირველეს ყოვლისა, დიდი ჯადოქარია და სწორედ ჯადოქრობის წყალობით იწყება გამაოგნებელი თავბრუსხვევა – როცა მისი საიდუმლოს ჩაწვდომას ვცდილობთ, ვსწავლობთ მის სტილს, სახეებს, რომანებისა თუ ლექსების სტრუქტურას…

ისევ სტილი და სტრუქტურა – წიგნის არსი. დოგმა, რომელიც რევიზიას არ ექვემდებარება.

პროფესორი ნაბოკოვი იმასაც გვასწავლის, რომ წიგნის გმირებთან თავი არ უნდა გავაიგივოთ და საგრძნობი მანძილი მუდმივად უნდა იყოს ჩვენსა და წიგნის სამყაროს, მასში აღწერილ და განვითარებულ ამბებს შორის. ეს – იმისთვის, რომ უკეთ დავინახოთ დეტალები და მათი სიზუსტითა და სინატიფით ტკბობა შევძლოთ, დავაკვირდეთ მწერლის მზერასა და ხელის მოძრაობას, ისე წავიკითხოთ წიგნი, რომ მისი სიდიდე თვალნათლივ დავინახოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი