პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართველი ებრაელის დასაცავად

1960 წელს გერმანიის მომავალმა კანცლერმა ვილი ბრანდტმა თავის უმნიშვნელოვანეს გამოსვლაში გვერდიგვერდ მოიხსენია ორი ისტორიული ფიგურა – იულიუს ლებერი და კლაუს გრაფ ფონ შტაუფენბერგი. იულიუს ლებერი რაიხსტაგის მემარცხენე დეპუტატი იყო, რომელიც ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამნაშავედ გამოაცხადეს და სასტიკად დევნიდნენ. დეპუტატი 1945 წელს საპყრობილეში მოკლეს. ბრალად იატაკქვეშეთიდან ანტინაცისტური რევოლუციის ორგანიზების მცდელობა დასდეს. კლაუს ფონ შტაუფენბერგი კი ოქროსორდენოსანი ნაცისტი ოფიცერი გახლდათ. სხვადასხვა დროს ვერმახტის რიგებში მაღალ სამხედრო თანამდებობებზე მსახურობდა. გულმხურვალე პატრიოტმა მალევე შეამჩნია ჰიტლერის ხელისუფლების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ბუნება და სათავეში ჩაუდგა ფიურერის ლიკვიდაციის საიდუმლო ოპერაციას. 1944 წელს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების მცდელობა და პარტიის ლიდერის გასანადგურებლად დაგეგმილი ტერაქტი წარუმატებლად დასრულდა. შტაუფენბერგმაც იულიუს ლებერის ბედი გაიზიარა, ჰიტლერის წინააღმდეგ საქმიანობისთვის ისიც სიკვდილით დასაჯეს.

კანცლერმა ბრანდტმა ორივე მოღვაწე ეროვნული ერთიანობის იდეის ხაზგასასმელად ერთდროულად გაიხსენა. ლებერი და შტაუფენბერგი ბიოგრაფიით, იდეოლოგიით, პოლიტიკური გამოცდილებითა თუ გემოვნებით რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. მათ ნაციზმისგან თავისუფალი გერმანიის იდეა აერთიანებდათ. ორივე ამ იდეას შეეწირა.

საუბედუროდ, საქართველოში ისტორიულ ფიგურათა ერთმანეთთან დაკავშირებას იშვიათად ვცდილობთ. პირიქით, მოწადინებულნი ვართ, საქართველოს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის მქონე პატრიოტი ერთმანეთს სამუდამოდ გადავკიდოთ, ერთის ღირსებას მეორის დამცირების ფასად შევასხათ ხოტბა.

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის ეთერში მხატვულ ფილმ „ექვთიმეს“ მოვკარი თვალი. ფილმში უამრავი სიყალბე აღმოვაჩინე, მაგრამ გაბრაზებულმა ძალა ვერ მოვიკრიბე კორექტული გამოხმაურების დასაწერად. ბედად, ისტორიკოსმა, პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ დაწერა მცირე ტექსტი და ფილმში „გაპარული“ ათამდე უხეში შეცდომა გააანალიზა. დეტალებს აღარ მოგითხრობთ, მხოლოდ ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ: ფილმიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი – ექვთიმე თაყაიშვილის გარდა, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ყველა წარმომადგენელი დღენიადაგ ჩვენი სამუზეუმო სიმდიდრის გაყიდვაზე ფიქრობდა; ისინი კოლექტიურად ძალადობდნენ ექვთიმე თაყაიშვილზე, წმინდანმა კი ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და განძი სამშობლოში დააბრუნა.

ცხადია, არ ვაპირებ ამ უდიდესი მოღვაწის ღვაწლის გაუფასურებას. ის სამართლიანად იმსახურებს მთელი ქვეყნის სიყვარულს. უბრალოდ, მასავით თავდადებული ადამიანების მერკანტილურ ვაჭრებად წარმოჩენაა დაუშვებელი.

ვისთან ერთად გაიტანა განძი საქართველოდან ექვთიმემ?

ექვთიმე თაყაიშვილს სამუზეუმო სიმდიდრე მარტოს არ გადაურჩენია – საქართველოდან დალუქული ყუთების გატანის და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ დაბინავების გეგმაში იოსებ ელიგულაშვილიც მონაწილეობდა.

იოსებ ელიგულაშვილი ექვთიმეს მსგავსად ეროვნულ-დემოკრატი არ ყოფილა. ქუთაისელი ებრაელი სოციალ-დემოკრატთა დასს მიეკუთვნებოდა. ქართველ ებრაელთა ასოციაციის ერთ-ერთი პირველი თავმჯდომარე ახალგაზრდობიდანვე ჩართული იყო ანტიცარისტულ, რევოლუციურ და დემოკრატიულ მოძრაობაში. ის არაერთხელ დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან. პატიმრობასა და გადასახლებასთან ერთად, ელიგულაშვილების ოჯახის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდნენ ქონების კონფისკაციის რეპრესიულ მეთოდსაც. მდიდარი მამის შვილს ყოველთვის შეეძლო ევროპაში გაქცევა და მშვიდად ცხოვრება, მაგრამ ექვთიმე თაყაიშვილის კოლეგას საქართველოს ოკუპაციამდე არასდროს გამოუყენებია ეს შესაძლებლობა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ელიგულაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზე იყო პასუხისმგებელი. მის სახელს უკავშირდება შიმშილისა და ეკონომიკური ბლოკადის პირობებში საქართველოს მიერ ევროპულ საწარმოებთან დადებული რამდენიმე შემოსავლიანი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ქვეყნის ეროვნული ხაზინის დეფიციტის შემცირება მოხერხდა.

ჰიტლერის მიერ პარიზის დაპყრობის შემდეგ ელიგულაშვილი ებრაელების ნაცისტთა ტყვეობიდან გათავისუფლების საიდუმლო ღონისძიებებში მონაწილეობდა. ემიგრაციაში ყოფნის დროს უამრავი წიგნი და სიძველე მოაგროვა თბილისის უნივერსიტეტისა და სიონის ტაძრისთვის გადმოსაცემად.

რატომ უნდა მოგინდეს მრავალგზის დევნილი დემოკრატი რევოლუციონერის, საქართველოს პირველი რესპუბლიკისთვის თავდაუზოგავად მშრომელი პროფესიონალის, ქართველი ებრაელების ნაცისტებისგან გაქცევის ორგანიზატორისა და სიონის ტაძრისთვის სიძველეთა შემგროვებლის წარმოჩენა ექვთიმეზე მოძალადე ქორვაჭრად? პოლიტიკური ოპონენტის მიერ ჩადენილი ქველი საქმე ექვთიმეს ღვაწლს ჩრდილს აყენებს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი