ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

        ის ჩვენი მასწავლებელია

ისე უნდა იცხოვრო, რომ ვინმეს შენზე წიგნის დაწერა მოუნდეს – ამას ხშირად ეუბნება თავის მოსწავლეებს, რომლებიც ჩუმ-ჩუმად უკვე თხზავენ პატარა ტექსტებს მომავალი წიგნისთვის.

ამ წიგნის მთავარი გმირი სწორედ შორენა მასწავლებელია – ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩემი დიდი მეგობარი. მგონი დღეს მეც ასე ვეძახი – შორენა მასწავლებელი.

კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე ერთად ვსწავლობდით. ვახუშტი კოტეტიშვილის სახელოსნო ჯგუფში მოვხვდით და ჩვენი მთავარი ამოცანა ხუთი წლის მანძილზე ის იყო, რომ გაგვერკვია, ბოლოს და ბოლოს, ვის რა გვინდოდა ლიტერატურისგან.

შორენას ლექსი „ცა სასკიას ფერი“ ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო მის მიმართ. რემბრანდტის სასკიასფერი ცის ხილვა კი მხოლოდ რაჭაში შეიძლება თურმე. რაჭაში, საიდანაც შორენა ჩამოვიდა. ონის სოფელ საკაოდან. ეს საკაოც, ვისაც არ უნახავს, აუცილებლად უნდა ნახოს, ზღაპრის წიგნიდან ამოხეული ფურცელივითაა, ვინც ბოლომდე კითხულობს, რჩება კიდეც მის ბწკარებში, ვეღარსად მიდის.

შორენამ ეს წაკითხული სიბრძნე და სიყვარული ჩამოიყოლა, თან გული მისდიოდა დარდისგან და მონატრებისგან – იქ დარჩენილი მშობლების და და-ძმის, შეყვარებულის, ყველაფერი ძვირფასის გამო.

ეს, რაზეც ვყვები, ხომ თავისთავად დიდი გამოცდილებაა ყველა ადამიანისთვის. შორენამ თავისი თავი ამ გამოცდილებებით შექმნა, ააგო. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა – მონატრებასაც, სოფელსაც, ქალაქსაც და შეყვარებულსაც და, აი, ამის მერე მოვიდა მთავარი სიცხადე – შორენამ მასწავლებლობა დაიწყო.

მახსოვს მისი პირველი წლები სკოლაში – განსაკუთრებული ღელვა, უკიდურესობამდე დაჭიმული პასუხისმგებლობა, ფიქრში და კითხვაში გატეხილი ღამეები.

მასთან შეხვედრაც დაგვიძვირდა – სკოლაში თუ მივაკითხავდით და რამდენიმე წუთით გამოვიტაცებდით ბავშვების გარემოცვიდან. თავიდან, მგონი მის მოსწავლეებზეც კი ვეჭვიანობდით – მათ ხომ მეგობარი წაგვართვეს. ასეთი სულელური სიყვარულიც არსებობს. მერე ამ სისულელემ გადაგვიარა და გაჩნდა რაღაც ახალი და დიდებული განცდა – უცნაური მოკრძალების, დიდი პატივისცემის – ის მარტო ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, არც  მარტო სკოლას და მოსწავლეებს. ის რაღაც უფრო მნიშვნელოვანს და ძვირფასს აკეთებდა, ამ გაუნელებელი თავგანწირვით.

ალბათ ამ მოკრძალების და პატივისცემის გამოა, რომ ახლა არც ამ წერილის წერა მიქმნის უხერულობას – ბოლოს და ბოლოს, მეგობარზე ვწერ და რამდენი ვინმე – თუ არ იტყვის, გულში მაინც გაივლებს ჩემს სუბიექტურობაზე. მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და ზედმიწევნით ვიცნობ, მიჩნდება სურვილი, სხვებსაც გავანდო და გავუზიარო, რომ ასეთი მასწავლებლები გვყავს!

სკოლაში ლიტერატურული სალონი გაიხსნა – დღემდე ამ სალონს ხშირად სტუმრობენ თანამედროვე მწერლები, ცნობილი პედაგოგები, წარმატებული ადამიანები. მისმა მოსწავლეებმა კითხვა გამორჩეულად შეიყვარეს. კარგად იციან თანამედროვე ლიტერატურული პროცესების შესახებ, მსჯელობენ ყველა თემაზე და მათ სამომავლო ინტერესებშიც ნელ-ნელა იკვეთება ინდივიდუალური სიცხადეები.

ისევე, როგორც თავის დროზე, შორენას შემთხვევაში მოხდა, როცა ყველაზე მეტად მასაც მასწავლებელში გაუმართლა. სტუდენტობისას ჩვენც დაუსწრებლად ვიცნობდით მისი მონაყოლიდან – საოცრად ღრმა და საინტერესო ადამიანს, პოეტს, მოაზროვნეს, სოფელ საკაოს სკოლის მასწავლებელს ბორის გუგეშაშვილს. შორენასთვის საფიცარი ხატება იყო ბორია მასწავლებელი, პირზე სულ მისი ფრაზები და ლექსები, მისგან ნასწავლი რამეები, მისგან მოსმენილი აზრები ეკერა. ბორია მასწავლებელმა თავის წილ დროს, ყოფას, გარემოს დიდი ნახტომით გაუსწრო და შეძლო, იმ ნაცრისფერ საბჭოთა წყობაშიც, სადაც ერთ თარგზე იყო მოჭრილი მოსწავლეც, მასწავლებელიც და ყველა ცხოვრებისეული უნიფორმაც, – თითოეული მოსწავლისთვის ახალი, აქამდე უცნობი ფერები დაენახვებინა, ფიქრი შეეყვარებინა, თავისუფლების უტყუარი და სასარგებლო გემო ეგრძნობინებინა.

სხვათაშორის, ეს ის ბორია მასწავლებელია, ვისმა შვილმაც – ძალიან კარგმა მწერალმა და მუსიკოსმა  ნინო გუგეშაშვილმა ცოტა ხნის წინ მისი ლექსების კრებული გამოსცა და დღემდე ეწევა მამის შემოქმედების (მუსიკალური თუ ლიტერატურული) პოპულარიზაციას.

ქრისტინე ჩხიკვაძე (მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე):  „შორენა მასწავლებელმა პირველივე დღეს მოახდინა შთაბეჭდილება, კლასში რომ შემოვიდა. ერთმანეთს გადავხედეთ ბავშვებმა – ეს პატარა გოგო უნდა იყოს ჩვენი დამრიგებელი? გვეგონა, რომ მასწავლებელი აუცილებლად სათვალეებიან, მხრებზე ჟაკეტმოსხმულ ქალს ერქვა.

ყველაზე მეტად რა მომწონს მასში? უამრავია… ალბათ ის, რომ არ ცდილობს თავი მოგაწონოს, სპეციალურად არაფერს იგონებს. სადაც შედის, იქ თავისი ფერი შეაქვს. ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ვიწყებდით პიროვნებად ჩამოყალიბებას, საკუთარი თავის და ადგილის გარკვევას სამყაროში.  მისი ყველა გაკვეთილი განსხვავებულია. საპროგრამო ტექსტით იწყებს და მის მიღმა ისე შეუმჩნევლად გაჰყავხარ, რომ უკან მოხედვაც აღარ გინდა, იქ გინდა – სადაც ბევრი ფიქრია, ეჭვია, ინტერპრეტაციაა.

ალბათ ჩვენშიც ხედავდა დაინტერესებას, თორემ ისე არ დაგვაძალებდა არაფერს. ხანდახან ნაწარმოებებს თვითონვე გვარჩევინებდა“.

რამდენიმე წლის მერე კი დაიწყო ახალი ეტაპი – თეატრი, რომელშიც შორენა, თავის მოსწავლეებიანად, მთელი არსებით ჩაება. თავდაპირველი სცენა საკლასო ოთახი იყო, მერე  სკოლის ფოიე და პირველი მოკრძალებული ფიცარნაგი, მერე პროფესიულ სცენაზეც მოსინჯეს ძალები და კარგად გამოუვიდათ. მეტიც – დიდი წარმატებებიც დაიმსახურეს. წელიწადში რამდენჯერმე თამაშობენ საქველმოქმედო სპექტაკლებს და შემოსული თანხით ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ.

რეპერტუარი – კლასიკური ქართული მწერლობაც და თანამედროვე პიესებიც. მათ შორის კი, თვითონ შორენა მასწავლებლის დაწერილი პიესები. ერთ-ერთი – „ნაპირი, რომელსაც სიბერე ჰქვია“, სასკოლო თეატრალური ფესტივალის „არტსკოლის“ გამარჯვებული ორჯერ გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო პიესა“. მისი პიესით დადგმულმა სპექტაკლმა „აქ და ასე“-მ კი, 2017 წელს ფესტივალის გრანპრი აიღო.

ქრისტინე ჩხიკვაძე:  „თეატრმა ჩემზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მსახიობობა გადამაწყვეტინა. დღეს აბიტურიენტი ვარ და თეატრალურში ვაბარებ. თეატრი და ლიტერატურა – აი, რა შემიყვარდა შორენა მასწავლებლის წყალობით ყველაზე მეტად და რა იქცა ჩემს მთავარ მოწოდებად!“

ოთო ლუარსაბიშვილი (მე-10 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული): „შორენამ ახალი გზა გაკვალა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. რაღაც უნარები აღმოგვაჩენინა საკუთარ თავში იმისთვის, რომ უფრო დაკვირვებული თვალი გვქონდეს, უფრო ძლიერი ადამიანები ვიყოთ. ის რომ არ ყოფილიყო, ბევრი რამე უფერული დარჩებოდა, ვერ აღმოვაჩენდით. მე ის მომწონდა ყველაზე მეტად, რომ არასდროს უძალადია თავისი უპირატესობით, ცოდნით და გამოცდილებით. პირიქით – ყველა გზას დაგვანახებდა, ყველა შესაძლო ფაქტორს წინ დაგვიდებდა და მერე არჩევანი ჩვენზე იყო, რას ავირჩევდით. შორენამ პერსპექტივის შესაძლებლობა დაგვანახა. ის, რომ არსებობს უამრავი გზა, ისეთებიც კი, რომლებზეც წარმოდგენა არ გვქონია არასდროს“.

ქრისტინე ჩხიკვაძე: „ერთ მოსწავლეს შორენას ფრაზების ჩამონათვალი აქვს გაკეთებული რვეულის ბოლო გვერდებზე, რა იცი, რაში გამომადგესო. თვითონ შორენა მასწავლებელიც, გაკვეთილს როცა ხსნის და თავისებურად წავა სიღრმეებში, უცებ გაჩერდება და იტყვის ხოლმე: „ოხ, ეს რა კარგად გამომივიდაო“… ჰოდა, ზოგიერთი მოსწავლე ამ ყველაფერს ინიშნავს და ინახავს“.

ოთო ლუარსაბიშვილი: „ჩვენც ვასწავლეთ ალბათ რაღაცები. თვითონ ძალიან მოსწონს ეს მდგომარეობაც – როცა ჩვენგან სწავლობს და ამას აღნიშნავს კიდეც. ამიტომ, ჩვენ მეგობრები ვართ. მგონი ერთმანეთს ხელს საერთოდ არ უშლის – იყო მასწავლებელი და თან მეგობარი. ჩვენ ახლა მეგობრობასაც სხვანაირად აღვიქვამთ და გვეძვირფასება“.

ვკითხე მის მოსწავლეებს, რომ ამბობთ, შორენა მასწავლებელმა ახალი ფერები შემოიტანა ჩვენში, თავად ის რა ფერია-მეთქი. ზოგმა მითხრა, ცეცხლისფერი, როგორც ლიტერატურაო. ზოგმა – არა, მარტო ერთი კი არა, შორენა ერთად ბევრი ფერიაო.

რაც მთავარია, ძალიან ძლიერია ყველა ეს ფერი, თვალისმომჭრელად ძლიერი და მანათობელი.

შორენა ბერელიძე – სიცოცხლის მასწავლებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

კათედრის შეხვედრები

მოგონებების მცველი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი