პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თანამედროვე ბრიტანული განათლების თავისებურებანი

საზღვარგარეთ განათლების მიღებაზე ორიენტირებული ოჯახების წევრებიდან ბევრს ჰგონია, რომ, რაც უფრო ადრე, ვთქვათ, 6-7 წლის ასაკში, გაამგზავრებს შვილს დიდ ბრიტანეთში, მით უკეთესია. ამ შემთხვევაში, ბავშვს პრესტიჟულ საშუალო სკოლაში მოხვედრის მაღალი შანსი ეძლევა, მაგრამ ამისათვის იგი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. სხვა შემთხვევაში, ინგლისში წასულ 6 წლის ბავშვს ერთი წელი ენის საფუძვლიანად შესწავლისთვის დასჭირდება და მხოლოდ მეორე კლასიდან გახდება ბრიტანული სკოლის სრულფასოვანი მოსწავლე.

მშობელმა ჯერ თანამედროვე სკოლებსა და საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლა-პანსიონებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. არსებობს მხოლოდ ბიჭების ან გოგონებისთვის განკუთვნილი კოლეჯებიც. სკოლა-პანსიონები გამოირჩევიან საუკეთესო ინტერნაციონალური სასწავლო პროგრამებით.

ზოგიერთი ოჯახი ინგლისში გადადის საცხოვრებლად, რადგან სურთ, რომ მათმა შვილებმა დღის სკოლაში ისწავლონ, თავისუფალი დრო კი ოჯახთან ერთად გაატარონ. მდიდრული და ლეგენდარული სკოლა-პანსიონების გარდა, რა თქმა უნდა, ინგლისშიც არსებობს ჩვეულებრივი, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები – ე.წ. დღის სკოლები, მაგრამ მათი უმეტესობა ბრიტანელ ბავშვებზეა გათვლილი. იქ არ ასწავლიან ინგლისურ ენას იმ მეთოდებით, როგორც ის უცხოელმა უნდა ისწავლოს. არადა, თუ ბრიტანული განათლების მიღება გსურს, ადგილობრივ მოზარდზე ნაკლებად არ უნდა ფლობდე ენას. 

მიუხედავად იმისა, რომ პატარები ბევრად სწრაფად ადაპტირდებიან უცხო გარემოში და ენობრივი ბარიერის გადალახვაც ნაკლებად უჭირთ, ფსიქოლოგიური  და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, სასურველია, რომ ათ წლამდე ბავშვი საკუთარ ქვეყანასა და ოჯახში იზრდებოდეს. 
 
მეცხრამეტე საუკუნეში დიდგვაროვანი ოჯახები შვილებისთვის განათლების მისაცემად ევროპელ სწავლულებს იწვევდნენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა, თუმცა 90-იან წლებში შეძლებულმა ოჯახებმა ისევ მიმართეს ყურადღება ევროპისკენ და დაიწყეს შვილების საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გაშვება. იმ დროისათვის საზღვარგარეთ სწავლა უფრო პრესტიჟის საკითხი გახლდათ. დღეს კი მშობლები ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. თანამედროვე საზოგადოება უფრო კარგადაა ინფორმირებული. პრესტიჟულ სკოლა-პანსიონებში შვილის გაგზავნის მსურველები ჯერ დეტალურად ეცნობიან უცხო ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებს და ირჩევენ იმ გზას, რომლის დაძლევასაც შეძლებენ მათი შვილები. სკოლების არჩევა ხდება მათი რეიტინგის მიხედვითაც, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება ინტერნეტსივრცესა და ქვეყნის წამყვან ჟურნალ-გაზეთებში. 

 
ბრიტანული სკოლები მოსწავლეების ცხოვრებაში, როგორც წესი, უდიდეს როლს თამაშობენ. ბავშვები აქ არამარტო სწავლობენ, არამედ თამაშობენ ფეხბურთს, რაგბს, კრიკეტს, ჭადრაკს, დგამენ სპექტაკლებს და აწყობენ მეცნიერულ ექსპერიმენტებს, ეჯიბრებიან სხვა სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებს, ეხმარებიან ადგილობრივ მოხუცებს…  ის იდილია, რაც შესვენებაზე კრიკეტის თამაშისა და ჭიქა ჩაიზე მეგობრული საუბრების დროს სუფევს, მართლაც მიმზიდველ და სასიამოვნო პროცესად აქცევს სწავლას. 

საქართველოშიც შეიძლება  მოიძებნოს ისეთი კერძო სკოლა, სადაც ფუნქციონირებს სპორტის, ხელოვნებისა თუ მეცნიერების კლუბები, მაგრამ მასში  მოსწავლეთა მცირე ნაწილია ჩართული (სურვილისა და დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით). არადა სკოლის შენობაში მთელი დღით გამოკეტილი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ,,სულის მოსათქმელი” საქმიანობების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა. 
 
ბრიტანული სასკოლო პროგრამის თანახმად, მოსწავლეები თოთხმეტი წლიდან ზევით თავად წყვეტენ, რა უნდა ისწავლონ და რა – არა. მხოლოდ სამი სავალდებულო საგანი არსებობს – ინგლისური, მათემატიკა და მეცნიერება – ეს კურსი შედგება ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიისაგან (საბაზო დონე). სხვა მხრივ მოსწავლეებს ეძლევათ თავისუფალი არჩევნის უფლება. 

თანამედროვე ბრიტანელი მოსწავლეებისთვის უცნობია სიტყვა – თანაკლასელი. ისინი (საგნების მიხედვით) სხვადასხვა საკლასო ოთახებში გადაადგილდებიან, შესაბამისად, ყველა გაკვეთილი განსხვავებულ გარემოში უტარდებათ. გარემოს ინტენსიურად შეცვლა, ერთი მხრივ, ნაცნობ-მეგობართა წრის გაფართოებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი,  მოსწავლეები, საერთო ინტერესების ერთგვარი ფილტრის მეშვეობით, მათთვის სასურველ საზოგადოებაში ხვდებიან.        

                                                                                                                        არ არსებობს კლასის ხელმძღვანელების (დამრიგებელი) ინსტიტუტიც. თითოეული მოსწავლე მიმაგრებულია ერთ მასწავლებელზე (Tutor), რომელიც თვალს ადევნებს აღსაზრდელის მიღწევებს სწავლაში, სპორტსა და სხვა სასკოლო აქტივობებში


.

 
აღსანიშნავია გარემო, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ ცხოვრება. ტრადიციული ბრიტანული სკოლა-პანსიონები უმეტესად ძველ, ისტორიულ შენობებშია განთავსებული, სადაც თანამედროვე და კომფორტული გარემოა შექმნილი. პანსიონებს გარს აკრავს ასობით აკრი მიწა, რომელსაც სკოლა სასწავლო პროცესში საკმაოდ აქტიურად იყენებს (ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჩოგბურთის კორტები, გოლფის სათამაშოდ გამოყოფილი სივრცე, საცურაო აუზი და ა.შ.), ღია სივრცეში ხშირად ტარდება გაკვეთილები, მოსწავლეები თავისუფალ დროს უმეტესად სუფთა ჰაერზე ატარებენ.

რამდენიც არ უნდა ვიკითხოთ ბრიტანული განათლების შესახებ, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ ამოვხსნით მისი წარმატების საიდუმლოს, თუ მას საკუთარ თავზე არ გამოვცდით.

***
მიუხედავად იმისა რომ, ქართულ სკოლებში დიდი ხანია ცვლილებების ეპოქა დადგა და სასწავლო პროგრამები დღითიდღე უფრო იხვეწება, სწავლა-სწავლების პროცესი ხშირად მაინც სტრესსა და გადაღლას იწვევს.  

ჩემი აზრით, სანამ ქართული საზოგადოება მთლიანად არ ფოკუსირდება მომავალ თაობაზე, მხოლოდ გადმოქართულებული და თეორიულად  მართლაც მიმზიდველი საგანმანათლებლო პროგრამები ვერ შეცვლის საუკუნეების მანძილზე დამახინჯებულ დამოკიდებულებას მომავალი თაობის მიმართ. 

ბავშვებზე ორიენტირება მხოლოდ სკოლაში არ უნდა ხდებოდეს. მშობლების უმეტესობა თავს არიდებს პატარებთან ერთად საყიდლებზე, საავადმყოფოებში, ბანკებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში სიარულს, რადგან იქ ბავშვებისთვის გამოყოფილ პატარა სივრცესაც კი ვერ ნახავთ, რომ მათ ლოდინი გაუადვილდეთ. მეტიც, ქართველი ბავშვების დიდ ნაწილს სახლშიც არ აქვს გამოყოფილი პირადი სივრცე, არადა საკუთარი ოთახი პიროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაში რომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, ამაზე აღარავინ კამათობს. პატარები ცხოვრობენ დიდებისთვის განკუთვნილ გარემოში, სადაც  საგზაო ნიშნებივით ყველა ნაბიჯზე წინ ეღობებათ სიტყვა – აკრძალულია! ასეთი სამყაროს ,,ნგრევის” სურვილი და ჩვენს რეალობაში ასე გახშირებული მოზარდთა აგრესიის შემთხვევებიც სწორედ ასეთი არასწორი დამოკიდებულების შედეგი მგონია. 

ამას წინათ, ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე, დამიწერეთ რას ინატრებდით ყველაზე მეტად-მეთქი. უმეტესობამ საჩუქრები და ახლობლების კარგად ყოფნა ისურვა. ერთ-ერთი მოსწავლის წერილი  ყველასაგან გამორჩეული იყო:
,,ჩემი ნატვრა

მე მინდა არავინ დარჩეს უპატრონოდ! ბავშვები ყველაზე მნიშვნელოვანნი არიან. ისინი რომ არ იყვნენ, არაფერი ეშველებოდათ დიდებს”. 

ამ წერილმა სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწული გამახსენა და მივხვდი, რომ ,,ბავშვებს მართლაც დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ”. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი