მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარების სტრატეგიები და დემოკრატიული  კულტურის  კომპეტენციები  

ევროპის საბჭოს განათლების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული  დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სწავლა/სწავლება თანამედროვე განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ითვლება, რომ პირი მოქმედებს კომპეტენტურად, თუ იგი არსებული ძირითადი 20 კომპეტენციიდან სათანადოდ და ეფექტურად აკმაყოფილებს დემოკრატიულ  კულტურასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და სარგებლობს ამგვარ სიტუაციებში წარმოქმნილი შესაძლებლობებით. კომპეტენცია   პირის პირადი რესურსია (მაგ., ღირებულებებია, დამოკიდებულებებია, უნარები, ცოდნა და გააზრებაა), რომელთა მობილიზება და პრაქტიკაში ამოქმედება ხდება კომპეტენტური ქცევის ჩამოყალიბებისას  და კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ქცევის განხორციელებისას.

კომპეტენციების ათვისებაზე მუშაობით  სკოლის პედაგოგებს საშუალება გვეძლევა საზოგადოების  განვითარებაში აქტიურად ჩავერთოთ, აღვზარდოთ და გავზარდოთ მომავალი კომპეტენტური მოქალაქეები, რომლებიც რეალურად გახდებიან დემოკრატიული საზოგადოების ეფექტური მონაწილეები.  მთავარია, სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას ყურადღება მივაქციოთ ქცევას, რომლებიც მიანიშნებს, თუ რა დონეზე ფლობს მოსწავლე გარკვეულ მოცემულ კომპეტენციას, ღირებულებას/დამოკიდებულებას/უნარს/ცოდნას/გაგებას. თუ შევამჩნიეთ, რომ მოსწავლე ამგვარ ქცევებს არ ავლენს, საჭიროა დავგეგმოთ სასწავლო აქტივობები, რომლებიც კომპეტენციის მაღალ დონეზე დაუფლებას შეუწყობს ხელს.

ზოგადად, მოსწავლეების აღჭურვა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებით  მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა:

  • შეფასება იმისა, თუ რა დონეზე ფლობენ მოსწავლეები თითოეულ კომპეტენციას, რაც ემსახურება მოსწავლეთა სწავლის საჭიროებებისა და იმ სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებიც შემდგომ განვითარებასა და დახვეწას საჭიროებს.

ამგვარი გაგებით „კომპეტენცია“ „უნარის“ ერთგვარი  სინონიმიცაა. კონკრეტულ კონტექსტში მას რთული ამოცანებისათვის თავის გართმევის  აღსანიშნავად გამოიყენებენ. კონკრეტულად დემოკრატიის კულტურას შეესაბამება რვა  უნარი:

  • დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები; მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები; ემპათია; მოქნილობისა და შეგუების უნარი; ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები; თანამშრომლობითი უნარ-უჩვევები; კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები.

 

მოცემული უნარებიდან ძალიან საინტერესოა თანამშრომლობითი უნარ-ჩვევის განვითარება, რომელიც გულისხმობს:

  • ჯგუფში სხვებთან მუშაობის პროცესში საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებებს გამოთქმის უნარს და ჯგუფის სხვა წევრების გამხნევების უნარს, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები აღნიშნულ გარემოში;
  • ჯგუფის წევრებს შორის კონსესუსისა და კომპრომისის მიღწევის ხელშეწყობის უნარს;
  • ჯგუფის წევრებთან ერთად კოორდინირებულად მოქმედების უნარს;
  • ჯგუფის საერთო მიზნების მისაღწევად მოქმედების უნარს და საკუთარი ქცევის შეცვლის უნარს იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ჯგუფის საერთო მიზნების მისაღწევად;
  • ჯგუფის წევრების მონაცემებისა და ძლიერი მხარეების სათანადოდ დაფასებას და სხვებისთვის დახმარების გაწევისთვის მზადყოფნას იმ შემთხვევაში, თუ მათ სჭირდებათ ან სურვილი აქვთ, გაიუმჯობესონ თავიანთ მიღწევები კონკრეტული მიმართულებით;
  • ჯგუფის სხვა წევრების მოტივირებისა და გამხნევების უნარს, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა და დახმარება გაუწიონ ერთმანეთს, ჯგუფის საერთო მიზნების მიღწევის მიზნით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვებისათვის, სამუშაოს შესრულების პროცესში დახმარების გაწევის უნარს;
  • ჯგუფის წევრებისათვის სასარგებლო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უნარს და, ასევე, ჯგუფის სხვა წევრების გამხნევების უნარს, რათა მათ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ჯგუფის დანარჩენ წევრებს;
  • ჯგუფურ გარემოში კონფლიქტების იდენტიფიცირებას, მათ შორის, საკუთარ თავში და სხვა ადამიანებში კონფლიქტთან დაკავშირებული ემოციური ნიშნების იდენტიფიცირებასა და კონფლიქტურ სიტუაციებზე შესაბამის რეაგირებას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებისა და დიალოგის გამოყენებით.

თანამშრომლობის უნარ-ჩვევა საჭიროა ერთობლივ აქტივობებში, საქმიანობებსა და ახალ წამოწყებებში სხვა ადამიანებთან ერთად წარმატებული მონაწილეობისათვის.  ის  მოქნილი და მრავალფეროვანი მიდგომაა საჭირო მიზნის მისაღწევად. თანამშრომლობითი, ანუ ჯგუფური მუშაობა თითოეულ მოსწავლეს აძლევს შანსს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები. მოსწავლეები უკეთესად იაზრებენ სასწავლო მასალას, ინაწილებენ როლებს, გეგმავენ მოქმედებას, უმაღლდებათ მოტივაცია, შედარებით  დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები „ძლიერების“ ერთგვარ პასუხისმგებლობას გრძნობენ, რაც  ეხმარება მათ ძლიერი მხარის წარმოჩენაში.

 

თანამშრომლობითი სწავლა მოსწავლის სოციალურ და პიროვნულ განვითარებასაც  უწყობს ხელს. ის, გარკვეულწილად, პროფესიული გარემოს სიმულაციას წარმოადგენს და მოსწავლეებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი ინტერპერსონალური და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. ამ დროს მოსწავლეები კომუნიკაციის, მოსმენის და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების გარდა,  სტრესისა და ემოციების მართვასაც სწავლობენ, რაც დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია პირად და პროფესიულ ცხოვრებაში.

რა  კონკრეტული  სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს  მასწავლებელმა თანამშრომლობის  უნარ-ჩვევის  განვითარებისთვის და  აღნიშნულ კომპონენტთა ათვისების დონისა და ხარისხის განსაზღვრისთვის? რა აქტივობები შეიძლება  დაგეგმოს ამისთვის?

 

შემოგთავაზებთ  რამდენიმე მაგალითს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან: ჯგუფური მუშაობის მრავალფეროვანი  მიდგომებიდან და სტრატეგიებიდან   ეფექტურობით გამოირჩევა  გამოკითხვა და დისკუსია. მოცემული მიმართულებით მეთორმეტე და მეშვიდე კლასში ჩემ მიერ განხორციელებულ აქტივობებს ასეთი შინაარსი ჰქონდა:

 

ჯგუფური გამოკითხვის მაგალითები:

XII კლასი, თემა  – სახელმწიფოს წარმოშობა“ –  ჯგუფებისთვის დასმული შეკითხვები იყო ასეთი:

1-ლი ჯგუფი: „განსაზღვრეთ სახელმწიფოს ფუნქციები; ჩამოთვალეთ პოლიტიკური რეჟიმის ფორმები; შეადარეთ ერთმანეთს სახელმწიფოს მმართველობის ფორმები;  ჩამოთვალეთ  სახელმწიფოს პოლტიკური სისტემის კომპონენტები  და ა.შ.“.

 

მე-2 ჯგუფი: „რას ნიშნავს ტერმინი  „პოლიტიკა“?  რა განსხვავებაა  პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის? ახსენით, რა ფუნქციები აქვს პოლიტიკურ პარტიებს; ვინ შემოიტანა პირველად ხმარებაში ტერმინი „პოლიტიკა“ და ა.შ“.

 

XII კლასი,  თემა პირველი მსოფლიო  ომი :  ომში მონაწილე ქვეყნების მიხედვით  გამოიკვეთა რამდენიმე ჯგუფი, რომელთა სამუშაო დაუკავშირდა ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთის, ბულგარეთის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებსა და მიზნებს პირველ მსოფლიო ომში.

ჯგუფებისთვის დასმული შეკითხვები:  

  • „რა იყო თითოეული  ბლოკის  შექმნის მიზანი? ვმონაწილეობდით თუ არა ამ ომში? რა დამოკიდებულება შეიმჩნეოდა ამ ომის მიმართ ქართულ საზოგადოებაში? მოხდა თუ არა ომის შედეგების გადაფასება ჩვენი ქვეყნისთვის?  რა  დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ამ ომიდან?  სად მოხდა ძირითადი ბრძოლები?  რა შედეგით დასრულდა ისინი? დაახასიათეთ ომის შედეგები და ა.შ.“.

 

VII კლასი:  თემა:  „ათენის დემოკრატია  – სოლონის რეფორმები“:

მუშაობა წარიმართა ორ ეტაპად. I ეტაპზე  თითოეულმა ჯგუფმა მიიღო ტექსტი სოლონის კანონების შესახებ და კონკრეტული დავალებები. ჯგუფებს დაევალათ ეპასუხათ შეკითხვებზე:

I ჯგუფი: „რა იცით სოლონის საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ? შეგიძლიათ დაასახელოთ სოლონის მიერ მიღებული კანონები? რატომ შემოიღო სოლონმა კანონი, რომელიც კრძალავდა ღარიბი მოქალაქის მონად გაყიდვას? რატომ აკრძალა სოლონმა ვალში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და რატომ დააბრუნა სამშობლოში ყველა მონად გაყიდული ბერძენი?“

II ჯგუფი:  „რატომ გააუქმა არქონტ დრაკონის ყველა კანონი, გარდა იმ კანონისა, რომელიც მძიმე დანაშაულს – მკვლელობას ეხებოდა? რისთვის შემოიღო სოლონმა კანონი, რომლის თანახმად, ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება? რა მიზნით აკრძალა გარდაცვლილთა აუგად მოხსენიება?“  და ა.შ.

 

ჯგუფებმა შეისწავლეს საკითხები, ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები   სოლონის რეფორმების შესახებ და წარმოადგინეს არგუმენტები.

II  ეტაპზე  ყურადღება გამახვილდა  კონკრეტულ დეტალზე – ერთმანეთს შედარდა სპარტისა და ათენის კანონების ერთმანეთთან შედარება, შედეგები აისახა კოგნიტურ სქემაზე, რისთვისაც გამოიყენეს დაფა  და გაიმართა დისკუსიაც: „რატომ იყო ათენის მმართველობა უფრო დემოკრატიული, ვიდრე სპარტის?“

შედეგები: რა გავაკეთე მასწავლებელმა, მოცემული აქტივობების ფარგლებში, თანამშრომლობითი უნარ-ჩვევის განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის და   რა შედეგები მივიღე აქტივობების ბოლოს?

მასწავლებმა:

  • დავყავი მოსწავლეები ჯგუფებად, გავაცანი მუშაობის წესები და შეფასების კრიტერიუმებიმოსწავლეებს ვუბიძგე  მუშაობისკენ, კოორდინირება  გავუწიე  ჯგუფში მოვალეობათა განაწილებას, წამოჭრილი მოსაზრებების, ჰიპოთეზების, ვერსიების განხილვას, დავეხმარე დასკვნების გამოტანაში, შევთავაზე დავალების შესასრულებლად საჭირო მასალა,  ვუხელმძღვანელე ჯგუფების საქმიანობას, მუშაობაში კი მხოლოდ მაშინ ჩავერთვე, როცა ეს აუცილებელი გახდა, კონკრეტულად, როდესაც მეშვიდეკლასელებს გაუჭირდათ შედარების სქემის დახაზვა, ბოლოს კი შევაჯამე შედეგები.

რა გააკეთეს მოსწავლეებმა თანამშრომლობითი უნარ-ჩვევის განვითარებაზე მიმართული აქტივობების დროს?

მოსწავლეებ:  

  • განაწილდნენ ჯგუფებად, მოემზადნენ საგაკვეთილო საქმიანობისთვის, ჯგუფის შიგნით გაინაწილეს როლები, აირჩიეს ლიდერი, წამოაყენეს ჰიპოთეზა, ჩამოაყალიბეს სასწავლო ამოცანის ამოხსნის ვერსიები, კრიტიკულად შეაფასეს შეთავაზებული ვარიანტები, გააანალიზეს ახალი ინფორმაცია, დაიცვეს პოზიციები, შეასრულეს დავალება, შეიძინეს თანამშრომლობითი მუშაობის უნარები და გამოცდილება, განახორციელეს საკუთარი საქმიანობის თვითკონტროლი.

 

რეფლექსიის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ჯგუფური  მუშაობისას:

 

  • მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ სწორი დამოკიდებულება მასწავლებლისა და თანაკლასელების მიმართ, გამოავლინეს ჯგუფური მუშაობის მიმართ  ინტერესი; ისწავლეს სხვისი აზრისა და პოზიციის გაზიარება, საკუთარი აზრისა და პოზიციის ფორმულირება, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით განუვითარდათ ზეპირი და წერითი მეტყველების,  არგუმენტირების, საერთო გადაწყვეტილების მიღების, სასწავლო ამოცანის ამოხსნის,  გადაწყვეტილებაზე კონტროლის, ინფორმაციასთან მუშაობის, საქმიანობის დაგეგმვის, კორექტირებისა  და შეფასების უნარები.

 

მაგრამ მაინც, კონკრეტულად როგორ შეიძლება შეფასდეს აღნიშნულ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევის კომპონენტთა ათვისების დონე და ხარისხი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა კონტექსტში?

 

  • უპირველესად ამის დადგენა ხდება კომპეტენციის  დესკრიპტორით,  რომელიც  წარმოადგენს მოცემულობას ან აღწერას იმისა, რისი გაკეთებაც შეუძლია შემსწავლელს/მოსწავლეს  იმ  შემთხვევაში, თუ  მას  ათვისებული  აქვს კონკრეტული კომპონენტი. მაგალითად,  მოცემულ შემთხვევაში, თუ შემსწავლელს/მოსწავლეს შეძენილი აქვს თანამშრომლობის უნარი, შესაძლო დესკრიპტორი  იქნება „ჯგუფში მუშაობისას, როგორც ჯგუფის წევრი, მუდმივად და წარმატებით ურთიერთობს ჯგუფის სხვა წევრებთან, ჯგუფის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად“. როგორც ზემოთ მითითებულმა შედეგებმა აჩვენა:

ა) მოცემულმა დესკრიპტორმა ნამდვილად სწორად აღწერა და აჩვენა  მიღებული  შედეგი – მოსწავლეებმა ისწავლეს სხვისი აზრისა და პოზიციის გაზიარება, საერთო გადაწყვეტილების მიღება, განუვითარდათ სასწავლო ამოცანის ამოხსნის, გადაწყვეტილებაზე კონტროლის, ინფორმაციასთან მუშაობის, საქმიანობის დაგეგმვის, კორექტირებისა  და შეფასების უნარები;

ბ) ხოლო ჩემი, როგორც მასწავლებლის, მხრიდან კომპეტენციის განვითარებაზე ზრუნვა დაეხმარა მოსწავლეებს სასწავლო ამოცანის ამოხსნისკენ მიზანმიმართულ სვლაში, რამაც გაზრდა მათი წარმატების, კომპეტენციებით  აღჭურვისა და შესაბამისად ცხოვრებისათვის უკეთ მომზადების შანსი.

 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ერთი შეხედვით წარმატებით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთეულ შემთხვევაში მოსწავლის მიერ გამოვლენილი ქცევა, რომელიც კონკრეტულ დესკრიპტორს შეესაბამება, არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე ფლობს შესაბამის კომპეტენციას იმ დონეზე, რა დონესაც შეესაბამება ამ ქცევის ამსახველი დესკრიპტორი, ამიტომ მასწავლებლებმა, შესაძლებლობების ფარგლებში, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ კომპეტენციათა განვითარებაზე და ასეთი აქტივობების მრავალმხრივი გამოყენების შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებათ,  თვითონაც გამოიყენონ მიღებული გამოცდილება  სხვადასხვაგვარ გარემოში, რაც ხელს შეუწყობს მათ,  ჩამოყალიბდნენ დემოკრატიულ მოქალაქეებად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – თანაცხოვრება კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებაში., ევროპის საბჭო, 2016 წ., ქართული გამოცემა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2017.
2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო – კონტექსტი, ცნებები და მოდელი, ტ. I., ევროპის საბჭო, 2018 წ.,ქართული გამოცემა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018.
3.თეო ნეფარიძე – თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება., ლინკი მოცემულ დროზე: 3.  31.05.2013 http://mastsavlebeli.ge/?p=2353
4.მაია ფირჩხაძე – ჯგუფური სამუშაო ისტორიის გაკვეთილზე., 4. ლინკი მოცემულ დროზე: 19.09. 2018  http://mastsavlebeli.ge/?p=19236

 

კომენტარები

comments