შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ამ უფლების უზრუნველსაყოფად, მინიმუმ, საჭიროა:

არ დავუშვათ ძალადობა

ძალადობა მრავალფეროვანია – ფიზიკური, ფსიქოლოგიური.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა. დისციპლინური ღონისძიებები სკოლაში უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ არ შეილახოს ბავშვის ღირსება. ბავშვს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი თავისუფლად და ზრდასრულმა ადამიანებმა ყურადღებით უნდა მოუსმინონ მას. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია.

ჩვენ ვძალადობთ ბავშვზე, როცა მას ვარწმუნებთ, რომ არ შესწევს უნარი, დაძლიოს გამოწვევები, როცა ვუქმნით პირობებს დემოტივაციისთვის, როცა ზედმეტ მოთხოვნებს ვუყენებთ, რომელთა დაძლევაც მას ობიექტურად არ შეუძლია და როცა ვაიძულებთ, საკუთარი თავის რწმენა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს აზიანებს ბავშვს. ასეთი გარემო და პრაქტიკა იწვევს სკოლის ‘დაავადმყოფებას.

დავსვათ კითხვები – სკოლაში მხოლოდ ბავშვები ძალადობენ ერთმანეთზე? მასწავლებლებიც ხომ არ ძალადობენ ბავშვებზე?

როცა სკოლაში ძალადობაზე ჩამოვარდება საუბარი, როგორც წესი, გვახსენდება, როგორ ძალადობს ერთი მოსწავლე მეორეზე ან როგორ ჩაგრავს მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მეორეს.

მაგრამ, სამწუხაროდ, მოსწავლეზე მასწავლებელიც ძალადობს – სიტყვით, უხეში მიმართვით. ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც გვაქვს.

არ დავამციროთ მოსწავლე, ავი სიტყვით არ დავაზიანოთ მისი ფსიქიკა.

ბავშვს თვითშეფასება უქვეითდება ან საერთოდ ეკარგება საკუთარი თავის რწმენა, როცა მასწავლებელი მას შეურაცხყოფას აყენებს, აკნინებს და ამცირებს. ბავშვი არ უნდა გახდეს ძალადობრივი პედაგოგიკის მსხვერპლი, რაც შემარცხვენელი, დამამცირებელი ლექსიკით გამოიხატება. ბავშვის მიმართ გამოყენებული დამამცირებელი ლექსიკა საწამლავია და ფსიქოლოგიურ ტრამვას აყენებს მას. ავი სიტყვით, დაცინვით შესაძლოა ბავშვს გაუქროთ თვითშეფასება, სწავლის ხალისი, მასწავლებელთან ურთიერთობის სურვილი, შემართება.

ვაღიაროთ მოსწავლე და დავინახოთ მისი წარმატება.

მასწავლებლის “კეთილი სიტყვა” მოსწავლეს აგრძნობინებს, რომ სწავლაში წინსვლა აქვს და სასწავლო პროცესში აღქმულია როგორც პიროვნება. როცა მასწავლებელი მოსწავლეს პოზიტიურად ხედავს, აძლიერებს მის რწმენას საკუთარი თავის მიმართ. თავდაჯერება კი სასწავლო პროცესში წარმატების წინაპირობაა. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა აღიაროს, აღიქვას არა მხოლოდ როგორც ბავშვი, მოსწავლე, არამედ როგორც სრულყოფილი პიროვნება. მასწავლებლის გამამხნევებელი სიტყვები მოსწავლეს ფრთებს შეასხამს. მოსწავლის აღიარებას ხანგრძლივი პოზიტიური ეფექტი აქვს. ყველა კარგად სწავლობს იმ მასწავლებელთან, რომელიც მოსწავლეებს სიტყვებით და ქცევით აძლიერებს. მასწავლებლის დანიშნულებაა, მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს – ყველას, „სუსტებსაც“ კი, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.

მოსწავლის ან მშობლის პროტესტს შევხედოთ როგორც საკუთარი თავის განვითარების და სასწავლო პროცესის დახვეწის შანსს

წუწუნი სკოლის ადმინისტრაციისა თუ მასწავლებლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ხშირია, ფორმალური გასაჩივრების რაოდენობა კი – 0-თან ახლოს. ჩვენ ნაკლებად ვიყენებთ ფორმალური გასაჩივრების შესაძლებლობებს, რაც აფერხებს განვითარებას, აჭიანურებს ცვლილებებს. კრიტიკა განვითარების საფუძველია.

რაც უფრო აქტიურია მოსწავლე და მისი მშობელი, მით უკეთესი სკოლისა და მასწავლებლისთვის. დაუშვებელია, კრიტიკის ავტორი “ამოვიჩემოთ” და შური ვიძიოთ მასზე. ნუ შეაშინებთ, დაეხმარეთ.

მოსწავლემ აღიაროს მასწავლებელი

მოსწავლეებს არ მოსწონთ მასწავლებელი, რომელიც მათ, ნაცვლად დახმარებისა, ცხოვრებას ურთულებს. არ მოსწონთ მასწავლებელი, რომელიც მთელი კლასის წინაშე წარმოაჩენს მოსწავლის „შეცდომებს“; არ მოსწონთ მასწავლებელი, რომლის გაკვეთილზეც შეიძლება მოსწავლე მთელი კლასის დასაცინი გახდეს. ასეთი მასწავლებელი ვერ მოიპოვებს მოსწავლეთა პატივისცემას.

არ მოსწონთ მასწავლებელი, რომელიც ბავშვს აშინებს – კლასის წინაშე გამოძახებით; დაუგეგმავი გამოცდებით, დაუგეგმავი ტესტებით. არც ის მასწავლებელი მოსწონთ, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვის შეცდომებს და ვერ ხედავს მის წარმატებებს.

როგორი უნდა იყოს გაკვეთილი? დავალებები? გამოცდები? მასწავლებლები ხშირად არც კი უშვებენ შესაძლებლობას, ეს საკითხები მოსწავლეებთან შეათანხმონ. გაზიარებულ გადაწყვეტილებებს წარმატებით რეალიზების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ცალმხრივად მიღებულს.

არ შეიძლება, ძირითადი სასწავლო მეთოდი იყოს დაშინება: გამოცდებით, ცუდი ნიშნებით, სკოლიდან გაგდებით, უმაღლეს სასწავლებელში ვერჩაბარებით და ა.შ. დაშინება ფსიქოლოგიური ძალადობაა.

მზად ვიყოთ დახმარებისთვის

მეგობრული დამოკიდებულება და „ადამიანური ურთიერთობა“ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ხელს უწყობს საგნის შესწავლას. უფრო სწორად, წარმატების საფუძველია. ასეთი ურთიერთობა ამყარებს მოსწავლეებში სწავლის სურვილს და მოსწავლე გაწეული ძალისხმევით კმაყოფილი რჩება.

გაკვეთილი მხოლოდ სასწავლო მასალის შინაარსით კი არ განისაზღვრება, არამედ უფრო მეტად პედაგოგის მიდგომით. მოსწავლეები უფრო აქტიურდებიან, როცა ხედავენ, რომ პედაგოგს თავად აქვს ინტერესი საგნის მიმართ. თუ მასწავლებელში დაინახეს საგნის მიმართ ინტერესი და აღტაცება, მას სრულიად ბუნებრივად, დაძალების გარეშე აღიარებენ ავტორიტეტად.

მოსწავლეთა მიერ მასწავლებლის აღიარება და მისდამი პატივისცემა ემყარება ორ ფაქტორს: მასწავლებლის ადამიანურ ღირებულებებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მასწავლებლის ავტორიტეტი მყარდება ენთუზიაზმით და ცოცხლად ჩატარებული გაკვეთილებით და მორალურად სწორი, სამართლიანი მაგალითების მიცემით.

ეთიკის პრინციპებისა და სასკოლო წესების დაცვა

სასწავლო პროცესში ეთიკის პრინციპებისა და ნორმების დაცვა მიანიშნებს, რომ ამ პროცესში გააზრებულია და გაზიარებულია ადამიანის ღირსება როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება. მოსწავლის, მისი მშობლებისა და კოლეგების ლანძღვა არაეთიკურია. განსხვავებები, მათი აღმოჩენა, გაზიარება და მიღება მასწავლებლის სიძლიერეა.

ეთიკის პრინციპების დაცვა გულისხმობს, რომ სკოლაში მოსწავლეებს არ დასცინიან, არ არცხვენენ, საჯაროდ არ აკრიტიკებენ, დისციპლინურ სანქციას სხვების დასანახად არ აკისრებენ. მასწავლებლები მოსწავლეთა შეცდომებს საჯაროდ არ განიხილავენ, გულისხმიერად ასწორებენ მათ და მოსწავლის შრომას არ აუფასურებენ. შეცდომებისადმი მეგობრული დამოკიდებულება და მიმღებლობა გაკვეთილის მთავარი პრინციპია: შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და არა გავილანძღოთ და გავსამართლდეთ მათ გამო. ტაქტიანი მასწავლებლები მოსწავლის სულიერ თუ ფიზიკურ სისუსტეებს არ წარმოაჩენენ, არ თრგუნავენ მოსწავლეებს ირონიით ან სალანძღავი სიტყვებით, დამამცირებელი მეტსახელებით, იარლიყების მიკერებით.

მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის თავაზიანად და ეთიკის ნორმების დაცვით მიმართავს ბავშვს, მაგალითია მოსწავლისთვის.

მოსწავლეებში შიშის შემცირება

გადამეტებული შიშის გამო მოსწავლე ნაკლებად გონიერია, ავად არის, არაკონცენტრირებულია, კონფორმისტულია და ხმას არ იღებს. ამიტომ კარგი მასწავლებელი მოსწავლეს უნდა დაეხმაროს საგამოცდო შიშის დაძლევაში. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს, რა თემატიკას უნდა ეხებოდეს საგამოცდო საკითხები, მისცემს მათ საკმარის დროს მოსამზადებლად, შანსს, გავიდნენ ტესტ-გამოცდაზე [გამოცდის სიმულაცია], გამოიყენონ დამხმარე მასალა. გამოცდის შემდეგ კი მასწავლებელმა დროულად უნდა გაასწოროს ნაშრომები და ეთიკის ნორმების დაცვით ინდივიდუალურად მიაწოდოს ყველა მოსწავლეს ინფორმაცია მათი წარმატებებისა თუ დროებითი წარუმატებლობის შესახებ.

არ აიძულოთ მოსწავლე, გამოცდაზე დაშვებული შეცდომა და წარუმატებლობა მთელი ცხოვრება დაიმახსოვროს.

ჰუმანური სკოლა, რადგან ჰუმანური სკოლა ყველაზე წარმატებული სკოლაა

დემოტივაციის გამომწვევი გამოცდილებები – ზედმეტი მოთხოვნების წაყენება, პიროვნული გაუფასურება, „მხედველობიდან გამორჩენა“, იგნორირება, წარუმატებლობასთან ასოცირება – ზღუდავს ბავშვის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებასაც კი.

არაკვალიფიციურად წარმართული სასწავლო პროცესი მოსწავლეს უკარგავს სწავლის ხალისს და კითხვების დასმის სურვილს, ნდობას მასწავლებლის და საკუთარი თავის მიმართ, ფიქრისა და აღმოჩენის ხალისს, საკუთარი თავის შეფასების უნარს. არაჰუმანური მოპყრობით მოსწავლეს ვართმევთ წარმატების იმედს.

ჰუმანური სკოლა ყველაზე წარმატებული სკოლაა, გაკვეთილზე მეტი ჰუმანურობა აძლიერებს სწავლის უნარს და ზრდის წარმატების შანსს.

მშობლების, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ჩარევა მოსწავლეთა დასაცავად, თუმცა სწორი მეთოდებით

მშობლებმა, მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრაციამ მუდმივად უნდა აკონტროლონ სასწავლო პროცესი, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ერთმანეთს მიუთითონ და სთხოვონ სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. ასეთი მიდგომა ეხმარება იმ მასწავლებელსაც, რომელიც ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას. ის დაფიქრდება, ეცდება, გამოასწოროს ხარვეზი. დამკვიდრებული მიდგომა: თუ გავასაჩივრე, ბავშვს დამიჩაგრავენ – არასწორია, რადგან მშობელი ამ მიდგომით აძლიერებს და ახანგრძლივებს სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებს. ბავშვები კი უფრო მეტად იჩაგრებიან, როცა მათი მშობლები და მასწავლებლები უკანონობის წინააღმდეგ ხმას არ იღებენ. როცა მშობლები აღმოაჩენენ არასწორ მიდგომას სასწავლო პროცესში, ამ პროცესის გამოსწორების პასუხისმგებლობა მათზეც გადადის.

უფლებების დარღვევას ხშირად დუმილით ვეგებებით და ვცდილობთ არ გავახმაუროთ. ასეთი დამოკიდებულება აფერხებს მასწავლებლის პროფესიის განვითარებას. ეს ფიქრის და მსჯელობის შეზღუდვის გზაა. ამას “ნორმალური ცხოვრების პათოლოგია” ჰქვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი