ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული სწავლის თემი – სკოლამდელი და დაწყებითი განათლების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტური გზა

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის მიღწევისა და შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, პროფესიული განვითარების მოთხოვნა ასახულია მასწავლებელთა და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტებში. პროფესიული განვითარების გავრცელებული მეთოდები, როგორიცაა სემინარი, ტრენინგი, კონფერენცია და სხვა, სწავლის ზემოდან-ქვემოთ პრინციპს ეფუძნება და არსობრივად ნაკლებად დემოკრატიულია. განათლების მრავალი თანამედროვე მკვლევრის აზრით კი პროფესიული განვითარების ტრადიციული მიდგომები არ არის საკმარისი მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოში მუშაობისთვის აუცილებელი საჭირო კომპეტენციების განვითარებისთვის. მასწავლებლობა არ წარმოადგენს წმინდად ტექნიკურ, ავტომატიზირებულ პროფესიას, სადაც წინასწარ შეიძლება განისაზღვროს ყველა ნაბიჯი. პირიქით, დიფერენცირებული, ბავშვზე მორგებული სწავლა-სწავლების პროცესი საჭიროებს მასწავლებელს, რომელიც მოქნილია, მუდმივად კრიტიკული თვალით აანალიზებს საკუთარ პრაქტიკას და სკოლის თემთან დიალოგში ეძიებს ბავშვებისთვის უკეთესი განათლების შესაძლებლობების შექმნის გზებს. ამიტომაც, ბევრ ქვეყანაში უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის დღეს ერთ-ერთ წარმატებულ და ეფექტურ მოდელად ითვლება ე.წ. “პროფესიული სწავლის თემი” (Professional learning community), რომელიც შემდეგნაირად განიმარტება: ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც უწყვეტად, რეფლექსიისა და თანამშრომლობის გზით, თანაბარი ჩართულობით, სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებით უზიარებენ ერთმანეთს და კრიტიკულად აანალიზებენ საკუთარ პრაქტიკას. სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიული სწავლის თემის მრავალფეროვან მოდელს ვხვდებით, რომლებიც სხვადასხვა ასპექტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ადგილობრივი საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული კონტექსტის მიხედვით. ამავდროულად, მათ აერთიანებთ ძირითადი მიზანი: ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის საკუთარ პრაქტიკაზე კრიტიკული რეფლექსიის და გაზიარების გზით საბავშვო ბაღებისა და სკოლის თანამშრომლების პროფესიული და ემოციური ხელშეწყობა.

2017 წელს გამოქვეყნდა პროფესიული სწავლის თემებთან დაკავშირებული კვლევის ანგარიში. კვლევა ევროკომისიის მხარდაჭერით ჩატარდა და მისი მიზანი იყო ევროპის მასშტაბით დაწყებით სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული პროფესიული სწავლის თემის მოდელების შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება და მათი მახასიათებლების შესწავლა. საკითხის შესწავლის პროცესში მკვლევრებმა პროფესიული სწავლის თემის ხუთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყვეს:

  1.   მასწავლებლებს საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად აქვთ სიღრმისეული დიალოგი კოლეგებთან განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  2.   მასწავლებლები კოლეგებს უღებენ საკუთარი საკლასო ოთახის კარს, აკვირდებიან ერთმანეთის პრაქტიკას, აძლევენ უკუკავშირს, ერთობლივად გეგმავენ, გუნდურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თემთან და მშობლებთან.
  3.   სკოლის/ბაღის გაუმჯობესება გააზრებულია როგორც ერთობლივი ძალისხმევა და პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ დირექტორის ან ცალკეული მასწავლებლის მოვალეობა.
  4.   ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებებსა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული საზიარო ხედვისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს ქმნის.
  5.   ზემოაღნიშნული ასპექტების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა მხარდამჭერი ხელმძღვანელობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სკოლის/ბაღის კულტურის ტრანსფორმაციაში.

კვლევის შედეგად მოხდა ზემოაღნიშნული ხუთი მიმართულებით ეფექტური მახასიათებლების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ.

 

  1.   უწყვეტი დიალოგი და რეფლექსია

ერთობლივი რეფლექსია საკუთარ პრაქტიკაზე მნიშვნელოვანია, როგორც სკოლის/ბაღის გუნდის შიგნით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად. პროფესიული სწავლის თემი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს უნდა ქმნიდეს ყველა თანამშრომლისთვის, მათ შორის დირექტორებისთვის, მეთოდისტებისთვის, წამყვანი პედაგოგებისთვის, აღმზრდელებისთვის, თანაშემწეებისთვის და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ:

  • არსებობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა ტიპის აქტივობები სხვადასხვა დონეზე მომუშავე თანამშრომლებისთვის;
  • ხელმისაწვდომი იყოს სწავლის მრავალფეროვანი მეთოდები, რომლებიც პასუხობს მონაწილეთა სხვადასხვანაირ საჭიროებებს.
  • რეფლექსიის ორგანიზება შესაძლებელია ინდივიდუალურ, ჯგუფურ ან დაწესებულებათაშორის დონეზე მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებით (დაკვირვება, პრაქტიკის სუპერვიზია, თანამშრომელთა კრება, სემინარები, პედაგოგიური დოკუმენტირება, გამოცდილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა და სხვა).

პროფესიული სწავლის თემის წარმატებული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია თეორიასა და პრაქტიკას შორის ურთიერთკავშირის დამყარება, განსაკუთრებით კი კვლევებში მონაწილეობა, რაც ხელს უწყობს როგორც სკოლის/ბაღის თანამშრომლების, ასევე მკვლევრების პროფესიულ განვითარებას.

რეკომენდაციები

  • თითოეულ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურებული რასაკონტაქტო საათები, რომლის დროსაც მას საკუთარ პრაქტიკაზე რეფლექსიის საშუალება ექნება.
  • პედაგოგიურ პრაქტიკაზე რეფლექსიის მიზნით თანამშრომელთა შეხვედრებისა და სხვა აქტივობების ორგანიზება. აქტივობებში მონაწილეობას უნდა იღებდეს ყველა თანამშრომელი, მათ შორის ნაკლები კვალიფიკაციის მქონე პერსონალი (მაგ. აღმზრდელის თანაშემწე).
  • რეფლექსიის პროცესის ფასილიტაციისთვის მნიშვნელოვანია პედაგოგიური მხარდაჭერა შესაბამისი პროფესიონალის ხელმძღვანელობით. ეს შესაძლებელია იყოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მქონე მეთოდისტი, წამყვანი პედაგოგი და სხვა.
  • ინდივიდუალური და ჯგუფური რეფლექსიისთვის დამხმარე ინსტრუმენტების და სპეციფიური მეთოდების შემუშავება.
  • საკუთარი პრაქტიკის დაკავშირება თეორიასთან სკოლის/ბაღის უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობის გზით.
  1. საკლასო ოთახის კარის გაღება კოლეგებისთვის

კვლევამ აჩვენა, რომ კოლეგების მიერ ერთმანეთის პრაქტიკაზე დაკვირვება, უკუკავშირის მიცემა, გუნდურად დაგეგმვა, მშობლებთან და თემთან გუნდურად თანამშრომლობა ხელს უწყობს ბაღის/სკოლის გუნდს საზიარო ღირებულებების, ცოდნისა და პრაქტიკის შექმნაში და ამცირებს ინდივიდების იზოლაციის რისკს.

რეკომენდაციები

  • ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს პედაგოგებს ერთმანეთის პრაქტიკის გაანალიზებაში: დაკვირვება, გამოცდილი პერსონალის მეთველყურეობის ქვეშ მუშაობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და სხვა.
  • სხვა დაწესებულებებთან გაცვლითი ღონისძიებების ორგანიზება (მუნიციპალიტეტში, ქვეყნის მასშტაბით ან სხვა ქვეყანაში).
  1. უკეთესი სკოლის/ბაღის შექმნა საერთო პასუხისმგებლობაა

მნიშვნელოვანია, პროფესიული სწავლის თემი აცნობიერებდეს, რომ დაწესებულების განვითარება და ბავშვებისთვის განათლების გაუმჯობესებული შესაძლებლობების შექმნა მთელი გუნდის პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების ან ხელმძღვანელობის.

გამოიკვეთა, რომ მნიშვნელოვანია ზოგადი მიდგომა, რომელიც მუშაობის ქვემოდან-ზემოთ პრინციპს ეფუძნება, სადაც თემის თითოეული წევრი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და როლს და შესაბამის ძალისხმევას იჩენს სკოლის/ბაღის განვითარებისთვის.

იმისათვის, რომ სკოლის/ბაღის თანამშრომლები საკუთარი განვითარების პროცესის აქტიურ მონაწილეებად იქცნენ, მათ უნდა შევუქმნათ შესაძლებლობები მუდმივი რეფლექსიისა და ერთმანეთისგან სწავლისთვის. თანამშრომელთა მიერ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა და აქტიურობა ზრდის პროფესიულ მოტივაციას, რაც პროფესიული სწავლის თემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგია.

რეკომენდაცია

  • კოლეგებისგან სწავლის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა დონეებს შორის პროფესიონალების მიერ ჰორიზონტალური და ვერტიკალური თანამშრომლობა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
  1. ბავშვის უფლებებსა და მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული საზიარო ხედვა და ღირებულებები

პროფესიული სწავლის თემის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს საზიარო ხედვა და ღირებულებები ჰქონდეთ, რომლებიც ბავშვის უფლებებსა და მრავალფეროვნების პატივისცემას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, მიდგომა დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს თანამშრომლების, ბავშვების, მათი ოჯახების, თემის პერსპექტივას. ამ მიზნით საჭიროა არსებობდეს ვერტიკალური და ჰორიზონტალური თანამშრომლობა თემში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა მომსახურებებს შორის.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სწავლის თემი ხელს უწყობდეს თანამშრომელთა რეფლექსიისა და მოლაპარაკების უნარების განვითარებას. ამ უნარების განვითარება უფრო იოლია, როდესაც პერსონალი მრავალფეროვანია: მათ შორის არიან კაცები, ქალები, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ჯგუფის წარმომადგენლები.

რეკომენდაციები

  • პროფესიული სწავლის თემის სამუშაო პრინციპად უნდა განისაზღვროს დემოკრატიული ჩართულობა და მრავალფეროვნების პატივისცემა.
  • უნდა არსებობდეს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში მრავალფეროვანი კადრების მოზიდვის პოლიტიკა.
  1. მხარდამჭერი ხელმძღვანელობა

სკოლის/ბაღის ხელმძღვანელებს (დირექტორები, მეთოდისტები, წამყვანი პედაგოგები და სხვა) შეუძლიათ პოზიტიური ცვლილებების წინამძღოლობა. წარმატებულ პროფესიული სწავლის თემს სჭირდება დემოკრატიული მმართველები, რომლებსაც შეუძლიათ ზემოდან-ქვემოთ და ქვემოდან-ზემოთ მიდგომის შეთავსება. მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელობა ერთი მხრივ თანამშრომელთა გუნდს გაუძღვეს, მისცეს მიმართულება, მეორე მხრივ კი ხელი შეუწყოს საზიარო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. ამისათვის ხელმძღვანელები გარკვეული კომპეტენციებს უნდა ფლობდნენ, რასაც სჭირდება პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა, თანამშრომლობა სხვა სკოლებთან/ბაღებთან.

რეკომენდაციები

  • სპეციალური მოსამზადებელი პროგრამების შექმნა პროფესიული სწავლის თემის ხელმძღვანელებისთვის.
  • პროფესიული სწავლის თემების ხელმძღვანელებისთვის პროფესიული ქსელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხელმძღვანელთა მხარდაჭერას, სუპერვიზიას, და გამოცდილების გაზიარების გზით მისცემს მათ განვითარების შესაძლებლობებს.

 

შენიშვნა: სტატია მომზადებულია ევროკომისიის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით: Sharmahd N., Peeters J., Van Laere K., Vonta T., De Kimpe C., Brajković S., Contini L., Giovannini D.; Transforming European ECEC services and primary schools into professional learning communities: drivers, barriers and ways forward, NESET II report, Luxembourg: Publications Office of the European Union, 2017. doi: 10.2766/74332.

 

ფოტოების წყაროები: https://www.uft.org/feature-stories/five-kind

https://www.bhcpnet.org/wp-content/uploads/2014/07/philosophynight2015.jpg

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი