ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კიდევ ერთხელ არგუმენტირებული ესეის კონსტრუირებაზე

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრეს გამოწვევად რჩება არგუმენტირებული, ანუ ანალიტიკური ესეის წერის სწავლება სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე. მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტი მოიცავს არგუმენტირებული ესეის დავალებას, რომელიც 24 ქულით ფასდება. მოსწავლეებს და აბიტურიენტებს განსაკუთრებით უძნელდებათ ესეის წერა, რადგან ეს სპეციფიკური ამოცანაა და თავისებურ მომზადებას ითხოვს. ვინაიდან სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების უმთავრესი მისიაა თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების განვითარების ასპექტებსა და გამოწვევებზე ფართო თვალსაწიერის მქონე მოქალაქის აღზრდა, ესეი კარგი საშუალებაა საიმისოდ, რომ ანალიტიკური აზროვნებისა და წერის კულტურის აუცილებელი უნარ-ჩვევები მაქსიმალურად განვუვითაროთ მოსწავლეს. ამიტომაც აუცილებელია, რომ უკვე საბაზო საფეხურიდან მოსწავლეები შევაჩვიოთ აქტუალურ საზოგადოებრივ პრობლემებზე ფიქრსა და ღრმა ანალიზს.

გარდა იმისა, რომ ესეის აქვს მკაცრად ორგანიზებული სტრუქტურა, ის მოითხოვს სხვადასხვა ტიპისა და თემატიკის საზოგადოებრივ, საკაცობრიო, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სოციალურ მოვლენებზე, ჰუმანისტურ ღირებულებებზე ინფორმირებულობას, პრობლემების ფიქსირების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს, პრობლემის გადაჭრის გზების მიგნებას.

არგუმენტირებული ესეების დავალებები მოითხოვს აქტუალური პრობლემების მრავალმხრივ ჭრილში დანახვას, რაც თანამედროვე მოსწავლეს უძნელდება გარკვეული მიზეზების გამო. ინტერნეტამდელი ეპოქის მოსწავლეს არ უწევდა უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციის გადახარისხება, ამიტომაც კარგად გადაარჩევდა მედიასაშუალებებიდან მიღებულ მწირ ინფორმაციებს, მეტი დრო ჰქონდა საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციისთვის, შესაბამისად, ბუნებრივად მაღალი იყო მისი მზაობა და ცნობიერება აქტუალური პრობლემების აღსაქმელად. თანამედროვე მოზარდი მნიშვნელოვანწილად მოწყვეტილია უშუალო ურთიერთობებს და ძირითად დროს ვირტუალურ სივრცეში ნავიგაციაში ატარებს, გაუცხოებულია, ნაკლებად აღიქვამს და იაზრებს გარეთ არსებულ რეალობას და ხშირად მრავალი პრობლემა მისთვის საერთოდ გაუგებარი და უცხოა. არის სფეროები, რომელთაც საერთოდ არ იცნობს, რადგან მისადმი ინტერესი არ გააჩნია.

ქართულის მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს, რომ მხატვრული ტექსტების სწავლებისა და ანალიზის პარალელურად ხშირად შეიტანოს სასწავლო გეგმებში არგუმენტირებული ესეის თემები და  წერის ტექნიკაზე გაამახვილოს ყურადღება.

შთამბეჭდავი ესეის დასაწერად უმნიშვნელოვანესია ორი რამ:

  • საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების მარკირება, წვდომა, ღრმად გააზრება, ანალიზი და სინთეზი, არგუმენტირებული მსჯელობა და რეზიუმირება, აგრეთვე ადეკვატური და ვალიდური რეკომენდაციების შემუშავება;
  • ესეის მკაცრი სტრუქტურის დაცვა, მდიდარი ლექსიკა, წერის ტექნიკის ფლობა, სტილური ერთგვაროვნების დაცვა, ორიგინალური, არაშაბლონური აზროვნება, განსხვავებული პოზიციების გააზრებისა და პოლემიკის უნარი, პოზიციების შეჯერება.

ჩვენ შეგვიძლია დამხმარე რესურსად მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს შევთავაზოთ აკადემიური წერის უამრავი კარგი სახელმძღვანელო და ინტერნეტრესურსი, მაგრამ თეორიები და კოგნიტური სქემები, მოდელები და ნიმუშები ვერანაირად ვერ შეედრება პრაქტიკულ ტრენირებას.

როცა მეკითხებიან, როგორ ვახერხებ ვიღებ სასურველ შედეგს (განსაკუთრებით მეთორმეტეკლასელ აბიტურიენტებთან), ვპასუხობ, რომ მოსწავლე ყველაზე ეფექტურად სწავლობს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სისტემატური ვარჯიშით, ძალების მოსინჯვით, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ადეკვატურად შეფასება-გაანალიზებით, მასწავლებლისა და თანატოლების უკუკავშირით.

უდავოა, რომ წერა არ არის იოლი ამოცანა და არც ერთნაირი უნარებით აღჭურვილნი გახლავან ადამიანები, ზოგს უყვარს და ეხერხება წერა, ზოგისთვის კი ეს დაუძლეველი სირთულეა. წერის გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლეები იოლად ახერხებენ ესეის წერის ტექნიკის დაუფლება-დახვეწას, ხოლო ვისთვისაც ეს სუსტი მხარეა, მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ სქემებისა და ე.წ. ორგანაიზერების დამუშავება.

ესეის კონსტრუირებაზე უამრავი რეკომენდაცია წამიკითხავს, მაგრამ ერთადერთი და უალტერნატივო ვერსია აქ შეუძლებელია, რომ არსებობდეს. ამასწინათ ერთი კარგი ლექტორი სტუდენტებზე დაკვირვების ნეგატიურ გამოცდილებაზე ჩიოდა და აღშფოთებით ამბობდა, რომ ახალგაზრდები სასკოლო ასაკში მასწავლებლებისგან იმდენად არიან დაკომპლექსებულნი რაღაც გაურკვეველი, საეჭვო ღირებულების სქემებითა და მზამზარეული, აკვიატებული ფრაზებით, რომ მათთან წერის თავისუფალი სტილისა და უნარების განვითარება ხშირად ლექტორის ამაო მცდელობაა.

როცა ჩემს მოსწავლეებს ესეის სტრუქტურას ვასწავლი, აუცილებლად იქვე დავძენ და ხშირად ხაზგასმით ვუმეორებ, რომ არცერთი სქემის დაცვა, რა გენიალური ადამიანის მოფიქრებულიც არ უნდა იყოს ის, არ არის სავალდებულო და რომ ყველას აქვს უფლება, ააგოს ესე საკუთარი შეხედულებისამებრ. უბრალოდ, ვინაიდან ესეი პრობლემურ, საკამათო თვალსაზრისებზე იწერება, მთავარია, რომ დაცული იყოს შემდეგი მოთხოვნები: შესავალში მიმოხილული იყოს პრობლემის აქტუალურობა, სწორად იყოს დეფინიცირებული თეზისი და ანტითეზისი, დამაჯერებლად იყოს წარმოდგენილი ორივე თეზისის არგუმენტები და კონტრარგუმენტები, გამოკვეთილი იყოს ავტორის პოზიცია, მსჯელობა იყოს რეზიუმირებული და დასკვნებთან ერთად წარმოდგენილი იყოს მიგნებული რეკომენდაციები პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მასწავლებლებს არაერთხელ გვიკამათია ესეის სტრუქტურაზე და მომისმენია აზრი, რომ ავტორმა ესეის სადავო თეზისებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია თავშივე უნდა გააცხადოს და შემდეგ ყველა თვალსაზრისსა თუ მაგალითს უნდა დაუპირისპიროს საკუთარი არჩევანი, რაც არასწორად მიმაჩნია. ესეის ტექსტი უნდა იყოს დამაინტრიგებელი, მიმზიდველი, ჩამთრევი, საინტერესო, უნდა ეფუძნებოდეს ევრისტიკულ სტრატეგიებს და თუკი თავშივე გავაცხადებთ საკუთარ პოზიციებს, მკითხველი წარმოდგენილი მსჯელობის მიმართ ინტერესს დაკარგავს. სასურველია, რომ ესეის ავტორმა წარმართოს მსჯელობა აზრობრივი ჯაჭვებით, წარმოაჩინოს მკვეთრი არგუმენტები და კონტრარგუმენტები ანტაგონისტური თეზისების გარშემო და ლოგიკურად მივიდეს საკუთარი თვალთახედვის წარმოჩენამდე. გზადაგზა, მსჯელობების პროცესში ის შეფარულად ისედაც მიანიშნებს საკუთარ აქცენტებს და სანამ რეზიუმირებაზე გადავა, წინა აბზაცში უკვე ჩამოაყალიბებს საკუთარ არჩევანს, დაეთანხმება ერთ თვალსაზრისს და მეორეს კატეგორიულად უარყოფს, ან ნაწილობრივ ერთს დაეთანხმება და ნაწილობრივ – მეორეს, ან არცერთ თვალსაზრისს არ გაიზიარებს და ახსნის, რომ საკითხის ასე დასმა აცდენილია სწორ აქცენტებს.

ზოგჯერ გვხვდება ესეები, სადაც წარმოდგენილი თეზისების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება საკამათოა და ორივე თვალსაზრისს ახლავს დამაჯერებელი და სანდო არგუმენტაცია, ხოლო ზოგჯერ გვხვდება ესეის თემა, სადაც ერთი თვალსაზრისი ცალსახად მცდარია და შეუძლებელია მის სასარგებლოდ იმსჯელოს საღად მოაზროვნე ადამიანმა. მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების 2018 წლის ტესტებში მოცემული ესეების თემები, რომ „როდესაც ადამიანები ცდილობენ გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, უნებურად ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“, ან რომ „ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული ესეის შეფასების კრიტერიუმებში მაქსიმალური 24 ქულიდან ყველაზე მეტი – 5 ქულა ენიჭება მსჯელობის დასაბუთებას, ხოლო 3-3 ქულით ფასდება პრობლემის გააზრება და ლექსიკა-სტილი. ეს ქულებიც მიუთითებს, რომ კარგი ესეის დასაწერად უმთავრესია არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, პრობლემის ღრმად წვდომა-გააზრება, ინდივიდუალური ხელწერა, ლექსიკური და სტილური  მრავალფეროვნება.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, რომ მოსწავლეს აარიდოს შაბლონური აზროვნება, არ მოახვიოს თავს საკუთარი პოზიციები, მხოლოდ რჩევისა და რეკომენდაციის სახით შესთავაზოს ისინი, რადგან ესეის ენა, აკადემიურობასთან ერთად, სადა, გულწრფელი და გარკვეულწილად ემოციურიც უნდა იყოს.

ესეიზე მუშაობის პრაქტიკამ მასწავლა, რომ ზოგი მოსწავლე ითხოვს მითითებებისა და წინასწარ კონსტრუირებული სქემებისგან, ხარაჩოებისგან თავისუფლებას, რათა მიეცეს საკუთარი შეხედულებისამებრ მსჯელობის წარმართვის შესაძლებლობა, ხოლო მეორე ნაწილი ითხოვს სქემებსა და ხარაჩოებს, რადგან მათ გარეშე უჭირს ლოგიკური თაანმიმდევრულობის დაცვა.

აქვე შემოგთავაზებთ ესეის კონსტრუირების ჩემეულ ვერსიას, რომელიც არც ზედმეტად თავსმოხვეულია ნაკლებად გამოცდილი მოსწავლისთვის და თან იძლევა შესაძლებლობას, რომ ხარაჩოს ფუნქცია შეასრულოს და ნამდვილად შეუწყოს ხელი მოსწავლეს ნაშრომის აგებაში.

არგუმენტირებული (ანალიტიკური) ესეის სტრუქტურა:

  • I აბზაცი:

შესავალი – ზოგადად არის მიმოხილული პრობლემის არსი, აქტუალობა, წარმოშობის მიზეზები, საზოგადოებრივი აზრის მეინსტრიმი.

  • II აბზაცი:

თეზისისა და ანტითეზისის მარკირება-დეფინიცირება – ორი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი წარმოჩენილია მოკლედ, მაგრამ ნათლად, გასაგებად, თანმხლები აუცილებელი განმარტებების მოშველიებით.

  • III აბზაცი:

არგუმენტები და კონტრარგუმენტები თეზისების გარშემო – მსჯელობა  ატარებს პოლემიკის ხასიათს, არის მკვეთრი, დამაჯერებლად არგუმენტირებული, დასაბუთებული საილუსტრაციო მაგალითებით, ცოცხალი და აკადემიურია.

  • IV აბზაცი:

ავტორის პოზიცია – გამოყენებულია პრობლემის ანალიზისა და სინთეზის შემაჯამებელი სტრატეგიები, ლოგიკური ჯაჭვებით დაკავშირებულია ზემოთ წარმართულ მსჯელობებთან, არაშაბლონური და  დამაჯერებელია.

  • V აბზაცი:

დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე) – მოიცავს ზედა აბზაცებში წარმართული მსჯელობების მთავარ გზავნილებსა და რეკომენდაციებს პრობლემის დასაძლევად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი