პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სერ კენ რობინსონი, წარმოსახვითი გონების განვითარების შესახებ – ნაწილი II

გამოსვლის ჩანაწერი
2008 წელის 10 აპრილი, სან-ფრანცისკო, ”ეფლის” განათლების ლიდერების კონფერენცია (სამიტი), შეხვედრა აშშ-ს 100-ზე მეტი საშუალო სკოლის სუპერინტენდანტთან. 
წყარო: https://www.edutopia.org/sir-ken-robinson-creativity-part-one-video
რამდენიმე წლის წინ გამოვედი ”ტედ-კონფერენციაზე” (TED Conference), სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი ელ გორიც გახლდათ. ბ-ნი გორის ეს გამოსვლა მოგვიანებით ”ოსკაროსან” დოკუმენტურ ფილმად – ”უხერხული სიმართლე” – გადაიქცა. თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ ეს ფილმი. მგონია, რომ ნებისმიერი, ვისაც არ სჯერა მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების კრიზისის, უბრალოდ დაუდევრად იქცევა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მეორე კრიზისშიც ვიმყოფებით – კლიმატის ცვალებისგან გამოწვეულ კრიზისში, რომელიც ისევე ღრმაა, ისეთივე მასშტაბური და შორს მიმავალი შედეგების მომტანი, როგორც პირველი და მას მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს მასთან. ახლა შესაძლოა ბევრმა გაიფიქროს, ”ერთი კლიმატური კრიზისი საკმარისია. დიდი მადლობა, ერთი უკვე მაქვს და ვიცი ეს, ანუ თავი დამანებე”. 
კარგით ასე ვიზამ და მას მეორე კრიზისის შემდეგ დავუბრუნდები. კლიმატის კრიზისი კომპასივით განათლებაში მომუშავე ადამიანებისათვისაა და, რა თქმა უნდა, კავშირშია ბუნებრივი რესურსების კრიზისთან. ეს გახლავთ არა მარტო ბუნებრივი რესურსების, არამედ ადამიანური რესურსებისა და ტალანტების არასწორი გამოყენებაც. იმ რესურსების, რომელთან ერთადაც ჩვენ, ადამიანები, გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიწვია ის, რომ ბუნებრივი რესურსების არასწორი და აქცენტირებული გამოყენებით თაობების განმავლობაში, არასწორად მოხდა ადამიანის ტალანტისა და ნიჭის გამოყენებაც.  

 

შედეგი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ სოციალურ განხეთქილებასთან, მასობრივ სოციალურ უთანაბრობასთან და, შესაბამისად, სოციალურ მღელვარებასთან, ისევე როგორც ინდივიდუალურ მღელვარებასთან. 

დღეს არსებობენ უზარმაზარი ბიზნესები, რომლებსაც სურთ არსებული მდგომარეობის შეუცვლელად შენარჩუნება, ფინანსური ინვესტიციები, რომლებიც სტატუსქვოს ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და ამ წინააღმდეგობის გადალახვას ასევე უზარმაზარი ხარჯები სჭირდება. მოგიტანთ ერთ მაგალითს: მე კალიფორნიაში ვცხოვრობ და, თუ სწორად მახსოვს, კალიფორნია, გამოქვეყნებული ციფრების მიხედვით, ყოველწლიურად 3.5 მილიარდ დოლარს ხარჯავს სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაზე, ხოლო 9 მილიარდ დოლარს – ციხეების სახელმწიფო სისტემაზე. 

მე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ყოველ წელს კალიფორნიაში სამჯერ უფრო მეტი პოტენციური კრიმინალი იბადება, ვიდრე უნივერსიტეტის პოტენციური სტუდენტი. თქვენ როგორ გგონიათ? ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს უწევთ გამკლავება როგორც საკუთარ, ისე სხვების ცუდ გადაწყვეტილებებთან და მათ გარშემო არსებულ ცუდ გარემოსთან? ამ ქმედებების მოგვარების ხარჯები კი ბევრად აღემატება სწორად განსაზღვრულ და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებ საჭირო ხარჯებს. 

ჩვენი ეკონომიკაც უფრო გაჭირვების და სტრესის ეკონომიკას წააგავს, ვიდრე წარმატებებისა და გამარჯვებების ეკონომიკას. დიდი ცვლილებები, როგორც უკვე ჩანს, ბუნებრივი რესურსების სწორი გამოყენების საქმეშია განსახორციელებლი. იქ, სადაც დიდი ბიზნესი იწყებს საქმიანობას, რომელიც უკვე ხვდება, რომ საქმის სწორად დაწყება უფრო იაფი და უფრო მომგებიანია, ვიდრე არასწორად დაწყებული წარმოებით გამოწვეული ნეგატიური რეზულტატებისა და ხათაბალის მოწესრიგება თუ გასტუმრება.

მგონია, რომ საჭიროა განათლებაში ეკოლოგიური მოდელის მსგავსი მოდელის გამოყენება და ადამიანური რესურსების ამ მოდელით (ეკოლოგიურით) განვითარება. დავფიქრდეთ, როგორ გამოვიყენებთ მომავალში ამ რესურსებს და როგორ მოდელზე ავაწყობთ ჩვენს ინსტიტუციებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე –  სხვა სფეროებშიც. 

ჩემი მესამე იდეა, თუ წინადადება, ის გახლავთ, რომ ზემოთ ნათქვამის გათვალისწინებით, საჭიროა კიდევ უფრო მეტისა და ახლის გაკეთება. ქვეყნების უმეტესობა იბრძვის განათლების რეფორმირებისთვის, თუმცა მგონია, რომ ეს საკმარისი არ არის.   

არა. პრობლემა განათლების სისტემის რეფორმირება კი არ არის, არამედ მისი გარდაქმნა რაღაც სხვად. რატომ? იმიტომ, რომ დღეს არსებული განათლების სისტემა ქვეყნების უმრავლესობაში სულ ცოტა ხნის წინ, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეებში ინდუსტრიალიზაციის საჭიროებებისთვის დაინერგა. ქვეყნების უმეტესობაში განათლების ეს სისტემა დაინერგა არა მარტო ინდუსტრიალიზაციისთვის, არამედ ის საკუთარი ფორმითა და სახით შეიქმნა – განათლების არსებულ იდეოლოგიაში ჩვენ ყველგან ვხედავთ სწორხაზოვან (ლინეარულ) დაშვებას, რომ ვამზადებთ ადამიან-„სამუშაო ძალას”, ადამიან-”შრომით რესურსს”. განსაკუთრებით კარგად ჩანს ”წარმოების” თუ ”შექმნის” პროცესი პატარა მოსწავლეებთან მათი ნიშნებით შეფასებისა და კლასებად დაყოფის სისტემაში. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ამერიკაში. მე ყოველთვის მაოცებს ფაქტი რომ ჩვენ კვლავ ასაკის მიხედვით ვასწავლით ბავშვებს. რატომ ვაკეთებთ ამას? რატომ ვუყრით თავს ყველა 8, 9 თუ ოთხი წლის ბავშვებს ერთად? გამოდის, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ საერთო აქვთ მათი გამოშვების თუ წარმოების წელია? ასე არ არის?

მე ვიცნობ 8 წლის ასაკის ბავშვებს, რომლებიც რაღაც სფეროებში, 18 წლის ახალგაზრდებზე უფრო გონიერები არიან. თუმცა ჩვენ მათ ვაიძულებთ გახდნენ ზემოთ ნახსენები სწორხაზოვანი მოდელის ნაწილი. ამიტომაც აუცილებელია განათლების ტრანსფორმაცია. ეს არის ჩემი კამათის საგანიც. მე მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება შევქმნათ თეორია. თეორია ამ ყველაფრის ცვლილებისათვის. თეორია, რომელიც გვანახებს, თუ სად უნდა დაიწყოს ეს ცვლილება და როგორი იქნება პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს ცვლილება განხორციელდება.   

ვფიქრობ, საჭიროა გვქონდეს მძლავრი საპილოტე პროექტი, ძლიერი ინოვაციური სქემებით, რომელთა მობილიზაცია და გასაჯაროება ახალი ტექნოლოგიების, როგორც ამ ცვლილების ერთ-ერთი აგენტის მეშვეობით მოხდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამენაირად პოლიტიკის შემმუშავებელთა დარწმუნებას ვცდილობთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაიმე რეალური, ფესვებით მიწაში. აი, ასე ვხედავ ამ ყველაფერს. 

თუმცა, როდესაც შემოქმედებასა და კრეატიულობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. მაგრამ ეს არაფრით არ გახლავთ სექტორული ინტერესი. შემოქმედება, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ან, დარწმუნებული ვარ, ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა გახდეს, როგორც რიცხვების ცოდნა ან წერა-კითხვაა. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს ჩვენი ძალისხმევა, რათა მთელი ენერგია შემოქმედებისა და წარმოსახვის ძალის განვითრებას მოხმარდეს და ეს სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცეს. მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. მე დიდ ბრიტანეთში სწორედ ამ სტრატეგიულ მიმართულებას ვხელმძღვანელობდი. როდესაც 1997 წელს, ტონი ბლერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს, მან თქვა: ”ჩემი შენიშვნაა ის, რომ სკოლები ხელს არ უწყობენ შემოქმედების განვითარებას”. ისინი (სკოლები, ლ.ა.) არც არასოდეს ყოფილან ამისათვის განწყობილნი.  

როგორც მოგეხსენებათ, სკოლები სულ სხვა რამისთვის შეიქმნა. ახლა მათ სულ სხვა რამ აქვთ საკეთებელი. ზოგიერთი სკოლა ამას აკეთებს, ზოგიერთი სასკოლო ოლქიც რაღაც ახალს აკეთებს, მაგრამ ეს არასოდეს ყოფილა განათლების სისტემისთვის მისაღები. ამიტომაც ერთხელ განვაცხადე: ”თუ ჩვენ გვსურს რამე სერიოზული გავაკეთოთ განათლების სიტემისათვის, მაშინ სერიოზულად შევხედოთ ამ თემას და ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომლებიც განათლების სისტემას ეხება”. ამის თქმისას მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შემოქმედებითობა, კრეატიულობა საოპერაციო იდეად უნდა გადავაქციოთ. ზუსტად ისევე, როგორც ერთ დროს წერა-კითხვა გადაიქცა ოპერაციულ იდეად.  

ამის განხორციელებით, ჩვენ შეგვეძლება კრეატიულობის ჩართვა და მისი დაკავშირება წერა-კითხვასთან, მათემატიკასთან, მეცნიერებებთან და სასწავლო პროგრამის სხვა ნაწილებთან. თუ ვაპირებთ, რომ შემოქმედება, ინოვაცია და წარმოსახვა  განათლების ცენტრალურ წერტილებად ვაქციოთ, არ შეიძლება ისინი გაფანტულ ოცნებებად დავტოვოთ. ყველა ჩვენთაგანს დროგამოშვებით თავში კარგი იდეა მოსდის. კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორ გავწაფოთ ადამიანები რათა მათ ბევრი კარგი იდეა მოუვიდეთ? რა სახის უნარებია ამისთვის საჭირო? ვფიქრობ, პირველი ამოცანაა კრეატიულობისა და გონების კვლავ ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ფაქტია, რომ ვერ იქნები შემოქმედებითი, თუ მაღალი ხარისხის გონებრივი უნარები არ გაგაჩნია.  ხოლო გონების უმაღლესი ფორმა სწორედ შემოქმედებაა. მოდით ვეცდები მოგახსენოთ კრეატიულობის/შემოქმედების ჩემი განსაზღვრება. ჩვენი აზრით, შემოქმედება გახლავთ ღირებულების მქონე ორიგინალური იდეების შექმნის ან ქონის პროცესი. პროცესი, რომლის დროსაც გიჩნდებათ ღირებული ორიგინალური იდეები. კრეტიულობაზე ხშირად არასწორი შეხედულებები ყალიბდება.  მაგალითად, მხოლოდ განსაკუთრებული ხალხია კრეატიული. ეს უბრალოდ ტყუილია, თუმცა ამ შეხედულებას აქვს გარკვეული საფუძველი – ეს ის მცირერიცხოვანი ადმიანები არიან, რომლებმაც შეძლეს თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეენარჩუნებინათ და განევითარებინათ. სწორედ ამის გამო ვაფასებთ ჩვენ ასეთ ადამიანებს.

მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს – შემოქმედებითი უნარი ყველას აქვს. ვიმეორებ, ყველას! მთავარია, ვიცოდეთ ამ უნარების კულტივირება, შენარჩუნება და განვითარება. ბავშვებს წარმოუდგენელი ბუნებრივი უნარები და ნიჭი აქვთ – მათ შეუძლიათ სიახლის შემოთავაზება, შემოქმედებითი აზროვნება, მოვლენების ალტერნატიული ხედვა. ყველა ჩამოთვლილი უნარი, ღრმად პიროვნულია, ამიტომაც, კარგი სწავლება ამ უნარების და ტალანტების გამოვლენა, ბავშვის პიროვნებიდან მათი ”ამოღება” უნდა იყოს. თუმცა ამისათვის სისტემის სრულიად ახლებური სისტემატიზაციაა საჭირო, რადგან ეს ტალანტები, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს, რაიმე ექსცენტრული რამ კი არ გახლავთ, არამედ ბუნებისგან ბოძებული თვისება, ნიჭისა და ტალანტების ნაკრებია. 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის. ვიღაცამ კარგად თქვა: ”ადამიანის, საზოგადოების პრობლემა ის კი არ არის, რომ ძალიან მაღლა ვუმიზნებთ და შედეგად ვერაფერს ვაღწევთ, არამედ ის, რომ ძირითადად დაბლა ვუმიზნებთ და მიზანსაც  ვაღწევთ”. ამიტომაც ჩვენ ყველამ განათლების სფეროში ძალიან მაღალი ნიშნული უნდა დავიწესოთ და ამ ნიშნულს ერთად მივაღწიოთ. დიდი მადლობა ყველას (გამოსვლის დასასრული).
 ”ტედ კონფერენცია”, TED Conference – წარმოადგენს მსოფლიო ინტელექტუალთა ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმ იდეების გასახმოვანებლად, რომლებიც ამას იმსახურებენ. დაარსებულია 1984 წელს, კალიფორნიაში, ”სილიქონ ველის” ბუმის დროს, როგორც ტექნოლოგიის და დიზაინის საერთაშორისო ფორუმი. კონფერენციას აქვს ლექციის სახე და განიხილავს მეცნიერების, კვლევის მეთოდების, კულტურის, ტექნოლოგიის, ისტორიის, ეკონომიკის და დიზაინის სხვადასხვა საკითხს. ყოველ გამომსვლელს ეძლევა მაქსიმუმ 18 წუთი, თავისი საკითხის და ნააზრევის წარმოსადგენად. ყოველ წელს, TED-ი მასპინძლობს 50-მდე ცნობილ ორატორს, მეცნიერს, მწერალს  თუ მსოფლიო საზოგადოების სხვა აქტიურ წევრს. ბოლოს კონფერენციების სპიკერებიგან ტედ-ზე გამოვიდნენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი Bill Clinton, Microsoft -ის დამფუძნებელი Bill Gates, დიზაინერი Phillipe Starck, არქიტექტორი  Frank Gehry, პრიმატოლოგი Jane Goodall, მუსიკოსი Paul Simon, Amazon-ის დამაარსებელი Jeff Bezos, გენომის პიონერი Craig Venter, ბიოლოგი E.O. Wilson, დრამატურგი Eve Ensler, ნობელის პრემიის ლაურეატები Paul Berg, Murray Gell-Man and Jim Watson, Lost-ის პროდიუსერი  JJ Abrams, ჯაზ-მუსიკოსი Herbie Hancock, არქიტექტორი და სკულპტორი Maya Lin, პროტესტანტი მოძღვარი Billy Graham, ჩელოისტი Yo Yo Ma, Segway-ის გამომგონებელი Dean Kamen, Google -ის დამაარსებლები Sergey Brin და Larry Page, გრაფიკოსი-დიზაინერი Stefan Sagmeister, ლიდერშიფის ლექტორი Tony Robbins.

 Albert Arnold “Al” Gore, Jr.- ალბერტ არნოლდ ”ელ” გორი, უმცროსი (დაიბადა1948 წ.), აშშ-ს 45-ე ვიცე-პრეზიდენტი (1993–2001), პრეზიდენტ ბილ ქლინტონის დროს. იგი გახლდათ დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა დამარცხდა ჯორჯ ბუშ უმცროსთან.   დღეს, ალ  გორი გახლავთ ავტორი და გარემოს დაცვის აქტივისტი. მან დააარსა რამდენიმე არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ შორის კლიმატის დაცვის ალიანსი. მას მიღებული აქვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, დედამიწის კლიმატის ცვლილების პრობლემაზე აქტივიზმისთვის. 

 ”უხერხული სიმართლე”, An Inconvenient Truth – ამერიკელი რეჟისორის, დევის გუგენჰაიმის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ვიცეპრეზიდენტის, გლობალური დათბობის თემაზე ელ გორის საჯარო გამოსვლებს ეხება. ელ გორს ამ თემაზე აშშ-ში ათასზე მეტი პრეზენტაცია აქვს გამართული. 2006 წელს ფილმმა დაიმსახურა ამერიკის კინოაკადემიის ”ოსკარი” 2 ნომინაციაში. ფილმი მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა ნახა. 


ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი