შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლეები და იდეები

ახალი იდეების დაბადება უმნიშვნელოვანესია პიროვნებისა თუ საზოგადოების განვითარებისა და სრულყოფისთვის. მოსწავლეები სკოლიდანვე უნდა მიეჩვიონ იმგვარ შემოქმედებით აზროვნებას, რომელიც ხელს  შეუწყობს ნაცნობ საგანთა თუ მოვლენათა განსხვავებულად დანახვას, ძველი და გაცვეთილი თემებისა და საკითხების თანამედროვეობისთვის შესაფერის კონტექსტებში წარმოჩენას, სტერეოტიპებსა და შაბლონებზე უარის თქმას, ორიგინალური და უჩვეულო ინტერპრეტაციების გაბედულად შემოთავაზებას, გაუკვალავი გზების აღმოჩენას. ეს, რა თქმა უნდა, რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. სხვისთვის რაიმეს სწავლება, ცოდნის გადაცემა კი ისეთი პროცესია, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის საშუალებით, არამედ სხვა უამრავ, სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებათა, ხელშეწყობითა თუ, პირიქით, ხელისშემშლელ პირობათა ზეგავლენით ხორციელდება. შეიძლება, მასწავლებელმა, რომელიც გამუდმებით ზრუნავს საკუთარი ცოდნის გამდიდრება-გამრავალფეროვნებაზე, პროფესიული ჩვევების  გაუმჯობესებაზე, მოსწავლეებს შესთავაზოს სწავლების ახალი მეთოდები და საშუალებები, მაგრამ აუცილებლად უნდა იზრუნოს მოტივაციის ამაღლებაზე. მოსწავლეებს უნდა დაანახვოს, შეაგრძნობინოს თუ შეამეცნებინოს  ახლებურად მიწოდებული მასალის ფუნქციურობა.

თანამედროვე ტექნოლოგიების, აუდიო-ვიდეო მასალების გამოყენება  ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლემ მეტი ინტერესი გამოიჩინოს იმის მიმართ, რასაც ასწავლიან. ამგვარად, იძულება იქცეს სურვილად და თვითგანვითარების ძლიერ იმპულსად.

ბევრი ფიქრობს, რომ იდეების დაბადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული, თუმცა თანამედროვე გამოკვლევები ადასტურებენ, რომ არაფერია ამ ამბავსა თუ საქმეში მისტიკური, ხილვისა თუ გასხივოსნების მსგავსი. შთაგონება, რომელიც იდეის წარმოშობას უწყობს ხელს, შეიძლება გამოვიწვიოთ და ამისთვის მასწავლებელმაც შეიძლება გამოიყენოს უამრავი ნაცადი გზა. ამავე დროს, თვითონაც მოიფიქროს ისეთი ხერხები და საშუალებები, რომლებიც მოსწავლეებს იდეების მოფიქრებაში დაეხმარება.

პირველ რიგში, მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა ასოციაციური აზროვნების განვითარებას, ამისთვის გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის გონებრივი რუკა, კოგნიტური სქემები. ამ საქმეში ჩართოს დღეს ძალიან იოლად ხელმისაწვდომი ელექტრონული რესურსები,  კომპიუტერიული პროგრამები თუ ონლაინინსტრუმენტები.

როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ,  ჩვენი ტვინი ბუნების ყველაზე ამოუხსნელი და საიდუმლო ფენომენია. ტვინი უამრავ ინფორმაციას ინახავს, რომელთაც ადამიანი საჭიროებისამებრ ერთმანეთთან აკავშირებს. რაც უფრო მეტად დაუსახავს  პედაგოგი მოსწავლეებს ასოციაციური კავშირების გამოყენების საშუალებით ამოსახსნელ ამოცანებს, მით უფრო გავარჯიშდება ეს უნარი. ამგვარი ამოცანები ხელს შეუწყობს იმას, რომ მოსწავლეთა ტვინი მიეჩვიოს ახალი ასოციაციური ბმულების შექმნას, რომლებიც იდეების დაბადებას იწვევს.  ხანდახან მართლაც, უნათდება ადამიანს გონება და თითქოს არსაიდან ჩნდება გამოსავალი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ადამიანი, უბრალოდ, ვერ აანალიზებს თავისსავე არაცნობიერში მიმდინარე პროცესებს.  შემთხვევა, რა თქმა უნდა, კანონზომიერი შედეგია ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი და ღრმააზროვანი ფიქრისა, ადამიანს მოსვენებას რომ უკარგავს და ამოძრავებს.

ლეგენდასავით ჰყვებიან ამბავს, როგორ დაეხმარა ხის ქვეშ დასასვენებლად ჩამომჯდარ ნიუტონს მიზიდულობის კანონის აღმოჩენაში ნიავის დაბერვაზე შემთხვევით ჩამოვარდნილი (თუ თავზე დაცემული)  ვაშლი. ასე „შემთხვევით“ მოხდა მაშინაც, როდესაც არქიმედემ თავისი ცნობილი კანონი აღმოაჩინა ლეგენდარული შეძახილის თანხლებით: „ევრიკა!“ მასვე მიეწერება ფრაზა: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!“ ამგვარი თავდაჯერებულობა ყოველ მაძიებელ ადამიანში იწვევს არა მხოლოდ აღტაცებას, არამედ აღვიძებს იმის რწმენასაც, რომ არაფერია შეუძლებელი.  მასწავლებელმა სკოლაში სწორედ ამ ძიების სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე უნდა იმუშაოს.

„თუ სწორად ივლი, შორს ვერ წახვალ“, – ეუბნება სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწული მფრინავს. სწორი სვლა გამორიცხავს იმ უამრავ გზასა და ბილიკს, რომლებიც ახალ სამყაროებთან შეგახვედრებენ. პედაგოგის ამოცანაც ეს უნდა იყოს: არასწორხაზოვან აზროვნებას მიაჩვიოს მოსწავლეები – ერთი და იმავე საკითხის სხვადასხვანაირად ახსნა შესთავაზოს. ხანდახან კონტრასტულ და, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებათა ერთგვარ სცილასა და ქარიბდას შორის ისე გაატაროს, რომ მოსწავლემ თავისი აზრი, დამოკიდებულება არ დაკარგოს და გამოხატოს. ამისთვის კარგია სხვადასხვა ტიპის დისკუსიის ხშირი გამოყენება, არგუმენტირებული მსჯელობის განმავითარებელი მეთოდების მოხმობა.

საკლასო დისკუსიისას ერთ თემასა თუ საკითხზე შეიძლება სრულიად განსხვავებული მოსაზრება გაჩნდეს. პედაგოგი არ უნდა შეუშინდეს მოსწავლის გონებაში  გაჩენილი, თუნდაც რადიკალური და აბსურდული იდეების  მოსმენასა და მასზე ყურადღების გამახვილებას, კლასში საჯაროდ განხილვას. ხშირად შეიძლება სწორედაც ულოგიკო თვალსაზრისს მოჰყვეს ახალი იდეა. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში ლაინუს კარლ პოლინგი ამ სტრატეგიას ასე გამოთქვამს: „კარგი იდეის მოსაფიქრებელი საუკეთესო საშუალება არის უამრავი იდეის მოფიქრება“. როგორც ცნობილია, რაოდენობა ბოლოს ხარისხში გადაიზრდება. თომას ედისონი წერდა: „მე არასოდეს ვმარცხდები. წარმატებით ვიყენებ ათასობით არასწორ ხერხს. მხოლოდ  ისღა მრჩება, ვიპოვო ერთი სწორი გადაწყვეტილება“. მართლაც, ნათურის გამოსაგონებლად მან 11. 1000-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა. თანამედროვე ამერიკელი მწერალი, ბესთსელერების ავტორი, სტივენ კინგი, ყოველდღიურად წერს 10-12 გვერდს, რაც თვიურად 300 გვერდამდე გამოდის. ასე რომ, გასაკვირი არაა მისი პროდუქტიულობა და  პოპულარობა.

ისიც ცნობილია, რომ შეიძლება ადამიანის რომელიმე გენიალური იდეა პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული მის სხვა იდეებთან. შემოქმედებითი პროცესის აღწერის საინტერესო სქემა შექმნეს სოციოლოგიის ფსიქოლოგმა გრემ უოლესმა და მათემატიკოს-ფსიქოლოგმა ჟაკ ადამარომ. მათ უამრავი მეცნიერის მონათხრობი შეისწავლეს და იდეის დაბადების ოთხი ეტაპი გამოკვეთეს:

პირველი ეტაპი: ამოცანაზე კონცენტრირება, ყურადღების ცენტრში ერთი ამოცანის მოქცევა და პრობლემის მაქსიმალურად სწორად ფორმულირება;

მეორე ეტაპი: რადგან მიზანი განსაზღვრულია, ჩამოყალიბებულია, შეიძლება გონების ერთგვარი „მიშვება“, გათავისუფლება, სხვა რამეზე გადართვა და არაცნობიერისთვის  მუშაობის საშუალების მიცემა;

მესამე ეტაპი: როდესაც ამოხსნა ნაპოვნია, თითქოს გონება ნათდება.

მეოთხე ეტაპი: ნაპოვნი იდეა მოწმდება, ნამდვილად ახალია თუ არა? სწორია თუ მცდარია? აქვს თუ არა რაიმე ღირებულება?

თანამედროვე ნეირობიოლოგია ამ სქემას აღიარებს და, ერთი შეხედვით, არანაირი რომანტიკისთვის ადგილს არ ტოვებს. თუმცა, საიდუმლოს მთლიანად რომ ვერ განდევნის, ამას შემდეგი მაგალითიც მოწმობს. ალბერტ აინშტაინი წერდა: „მეცნიერული აღმოჩენა ხშირად  ლოგიკის გზით არ მიიღწევა. ლოგიკურ ფორმას მხოლოდ შემდეგ იღებს, როდესაც სიტყვიერად ლაგდება. ყველაზე მცირე აღმოჩენაც კი გასხივოსნების  შედეგია, რომელიც ისეთი მოულოდნელია, თითქოს ვიღაცამ გიკარნახა“.

იდეების დაბადებას ხელი რომ შეუწყოს, მასწავლებელმა ხანდახან უკრიტიკოდ ან ნაკლებ კრიტიკულად უნდა შეხედოს განსხვავებულ მოსაზრებებს. მან  გონებრივი იერიშის მეთოდის ხშირი გამოყენება მოსწავლეთა ასოციაციური და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულად უნდა აქციოს. პრობლემის საკლასო, ჯგუფური განხილვა ხელს უწყობს თვალსაზრისთა ურთიერთგაცვლასა და ახალ იდეათა წარმოშობას. ამ შემთხვევაში, განხილვაში მონაწილე ყველა მოსწავლეს უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება, თანაც ისე, რომ არავინ შეასწოროს თუ გააკრიტიკოს.  ეს უკონფლიქტო დისკუსიის შესანიშნავი ფორმაცაა, რომელიც გაღიზიანების გარეშე მიმდინარეობს. ყველას აქვს განცდა, რომ მისი თვალსაზრისი ღირებულია, ყურადღების ღირსია. იდეების შერჩევა, გაცხრილვა და კლასიფიკაცია მხოლოდ შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს.  პირველ ეტაპზე კი ამოცანა უნდა იყოს არა ის, რომ მაშინვე გამოიკვეთოს სწორი ახსნა და პასუხი, არამედ ის, რომ მრავალმხრივად წარმოჩნდეს პრობლემა.

ამგვარი ხერხებით აქტიურდება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები. ინტროვერტები და ექსტრავერტები (საკუთარ თავში ჩაკეტილი თუ ლაღი ბავშვები) თანაბრად მონაწილეობენ განხილვაში. მორცხვები სითამამეს იძენენ და აღარ ერიდებათ თავიანთი აზრის გამოთქმისა. ისინი, რომლებიც მუდმივ ყოყმანსა და ჭოჭმანში იყვნენ და  არ იყვნენ დარწმუნებულნი, როგორ მიიღებდნენ გარშემო მყოფნი მის აზრს (იმის უარყოფითი გამოცდილებით, რომ წარსულში მისი ყოველი პასუხი კრიტიკულად აღიქმებოდა და იბლოკებოდა), ახლა  სხვაგვარ გამბედაობას შეიძენენ. ეს კი იმგვარად გააუმჯობესებს საკლასო გარემოს, რომ საუკეთესო პირობებს შექმნის სწავლის პროცესის შემოქმედებითად გასამრავალფეროვნებლად, გადასახალისებლად და უჩვეული მშვენიერი იდეების წარმოშობისთვის ნაყოფიერი ნიადაგის შესაქმნელად.

ამგვარი შემოქმედებითი მეთოდების ნაკლებობას რომ არ განიცდიან ქართველი მასწავლებლები, ამას არაერთი საერთაშორისო კონფერენცია, ოლიმპიადა თუ სხვა ტიპის ღონისძიება მოწმობს, რომლებშიც ქართველი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ. რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს იმას, რომ შრომა არასოდეს ჩაივლის უნაყოფოდ, თუკი მიზანდასახულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატების მიღწევის რწმენით განხორციელდება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი