ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

არგუმენტი – რაობა და სახეები

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ხშირად ვთხოვთ მოსწავლებს არგუმენტირებულ მსჯელობას.

რამდენად კარგად ესმით მათ, რას ნიშნავს არგუმენტი?

რამდენად დამაჯერებელია მათი მსჯელობა?

როგორ ასაბუთებენ მოსაზრებებს და იყენებენ თუ არა არგუმენტებს სწორად – ეს კითხვები სწავლა-სწავლების პროცესში ხშირად გვიჩნდება.

თუ მოსწავლეებს არასწორად ესმით არგუმენტის მნიშვნელობა, ისინი ადვილად ურევენ  დაშვებას, ვარაუდს ან თეზისს არგუმენტირებულ მსჯელობაში.

ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, მათ კარგად ესმოდეთ ცნების მნიშვნელობა და ასხვავებდნენ არგუმენტის სახეებს.

რა არის არგუმენტი?

არგუმენტი, განმარტების თანახმად, საბუთია, რომელიც მოჰყავთ რისამე დასამტკიცებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არგუმენტი არის ის, რაც ხსნის, ნათელს ჰფენს კითხვას – რატომ უნდა დავიჯეროთ/გავითავისოთ/მივიღოთ/უარვყოთ ან ვირწმუნოთ ნათქვამი. არგუმენტი, ამავდროულად, არის ის, რაც მეტ დამაჯერებლობას ანიჭებს მოსაზრებას, არგუმენტირებული საუბარი და პოზიცია კი პატივისცემასა და მოსმენას იმსახურებს იმის მიუხედავად, ვეთანხმებით თუ არა.

არგუმენტირებული მსჯელობა

ესე, წაკითხულის ანალიზი, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, თხზულება, საკუთარი მოსაზრების ზეპირად ან წერილობით ჩამოყალიბება – ყველა ამ მიმართულებით ყოველდღიური მუშაობაა საჭირო, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს არგუმენტირებული მსჯელობის უნარი და ჩვევა. არგუმენტირებული მსჯელობა მნიშვნელოვანი და გამჭოლი კომპეტენციაა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვჭირდება მიუხედავად არჩეული პროფესიისა თუ სპეციალობისა.

არგუმენტირებული მსჯელობა კარგად სტრუქტურირებული მსჯელობაა.

თავდაპირველად, საჭიროა სამსჯელო თეზისის კარგად გააზრება, ნათლად ჩამოყალიბება, საკუთარი პოზიციის გაცხადება.

ამას მოჰყვება არგუმენტი – ანუ, საბუთი, პასუხი კითხვაზე – რატომ უნდა მივიჩნიოთ ეს ( და არა სხვა) პოზიცია მართებულად.

არგუმენტს სასურველია ახლდეს მაგალითი ( დემონსტრაცია), რომელიც კიდეც უფრო ცხადს გახდის პოზიციის სისწორეს.

და ბოლოს – დასკვნა – ლოგიკური კავშირი, გამომდინარე ორივე წინადადებიდან, ანუ თეზისის დაკავშირება არგუმენტთან.

ზოგიერთ შემთხვევაში მსჯელობა კონტრარგუმენტების მიმოხილვასაც გულისხმობს, ანუ მსჯელობის დროს პირი თავად წამოაყენებს საკუთარი პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტებს და ცდილობს გააბათილოს ისინი.

არგუმენტის სახეები

არსებობს სხვადასხვა ტიპის არგუმენტი. ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი ნათქვამის დასასაბუთებლად ვიყენებთ ფაქტებს – არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს, სტატისტიკას, მეცნიერებას, აქსიომებს, ერთი სიტყვით, იმას, რაც უკვე დამტკიცებულია, რისი მართებულობაც სადავო არ არის და რაც ჩვენს მოსაზრებას რეალურად არსებული ფაქტების მეშვეობით განამტკიცებს.

ხშირად იყენებენ ასევე ფსიქოლოგიურ-ემოციური ტიპის არგმენტებს, ახსენებენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ამ შემთხვევაში სპეკულაციის, პოპულიზმის, დემაგოგიის რისკი მეტია, ორატორს სიფრთხლე მართებს, რომ მისი მსჯელობა დემაგოგიაში არ გადაიზარდოს და მეტისმეტად პლაკატური არ გახდეს.

არგუმენტებად შეიძლება გამოვიყენოთ აფორიზმები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები, გამონათქვამები, ანდაზები,  ეპიზოდები/მონაკვეთები წაკითხული წიგნებიდან, ნანახი ფილმებიდან, პუბლიცისტური წერილებიდან და ა.შ.

ამ შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება, ავტორიტეტის სახელისა და გვარის, მისი ნაშრომის მოხსენება ( დაუშვებელია ამ ტიპის განცხადებები – ვიცნობ ერთ კაცს, ან – როგორც ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, ან – ისე, როგორც იმ ფილმშია, სადაც…).

საფრთხილოა ასევე სტატისტიკური მონაცემებისა და ციფრების მოშველიება. თუ არ გვინდა, რომ მსჯელობისას ცილი დაგვწამონ უვიცობასა ან უზუსტობაში, არ უნდა გამოვიყენოთ ზოგადი ფრაზები „50 %“, „ნახევარზე მეტი“, „ყველა“ ან „არავინ“…

მნიშვნელოვანია, ზუსტად გვახსოვდეს სტატისტიკური მონაცემი ან კვლევის შედეგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიმოწმოთ ის.

არგუმენტებად ხშირად იშველიებენ ხოლმე ანალოგიებსაც – ამ ტიპის არგუმენტის ფორმულირებისას ასეთი ფრაზა გვხვდება „ ეს იგივეა რაც“  – და მთქმელი ცდილობს, მოძებნოს სამსჯელო საკითხის მსგავსი, ანალოგიური სიტუაცია ( მოცემულობა), რათა უკვე გადაწყვეტილი/მსგავსი მოცემულობა მოიყვანოს ნიმუშად.

იმისთვის, რომ არგუმენტი დამაჯერებელი და „წონიანი“ იყოს, მნიშვნელოვანია:

მარტივად, ნათლად, მკაფიოდ, გასაგებად ჩამოვაყალიბოთ სათქმელი – არგუმენტს ყოველთვის პირდაპირი მიმართება აქვს დასმულ სამსჯელო საკითხთან და არ ცვლის მსჯელობის მიმართულებას;

მოვიშველიოთ ზუსტი ფაქტობრივი მონაცემები – ეფექტიანი არგუმენტი ყოველთვის ზუსტ ფაქტს, მონაცემს, მეცნიერულ ცოდნას ეყრდნობა;

ვიყოთ კორექტულები – დაუშვებელია პიროვნული დამოკიდებულების გამოხატვა, ოპონენტის ( საწინააღდეგო მოსაზრების, კონტრარგუმენტის) დამცირება;

არ გამოვიყენოთ არგუმენტებად დაშვება ( „დავუშვათ“, „გააჩნია“, „მგონია“ ტიპის მსჯელობა), ვარაუდი, უზუსტობები, მცდარი ანალოგიები, როდესაც ორ საგანს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება, განზოგადებები ( ერთი კონკრეტული მაგალითის მასშტაბური განზოგადება).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი