პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმი სკოლაში

ადამიანთა უმრავლესობისთვის ტერმინი „კონსილიუმი“ მედიცინას უკავშირდება და გულისხმობს ექიმების თათბირს ავადმყოფის მდგომარეობის განსახილველად, დიაგნოზის განსასაზღვრავად და დასაზუსტებლად, მკურნალობის მეთოდების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამგვარად, ვიწრო გაგებით, კონსილიუმი – ეს არის საქმიანობის გარკვეული ფორმა, რომელიც ეფუძნება საკითხის ჯგუფურ განხილვას და მიზნად ისახავს ამგვარი განხილვის შედეგად გადაწყვეტილების მიღებას. რამდენად შესაძლებელი და მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სკოლაში, პედაგოგის წინაშე მდგარი, ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისას? თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სკოლაში, მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის პროცესში, არცთუ იშვიათად ვეჯახებით პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტას სერიოზული ანალიზი და განსხვავებული პოზიციების, მიდგომების, მოსაზრებების შეჯერება, შეთანხმება სჭირდება, ვფიქრობ, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმის პრაქტიკის დანერგვას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია რთულ და გამოუვალ სიტუაციაში მოხვედრილი პედაგოგისთვის.

პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმი ფსიქოლოგისა და პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთი, არცთუ მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ფორმაა ბავშვთან დაკავშირებული პედაგოგიური პრობლემების გადაწყვეტისას.

პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმის მიზნები:

  • ბავშვთა სწავლებისა და აღზრდისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა მათი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • მოსწავლის სწავლა-აღზრდით დაკავებულ ადამიანებს შორის თანამშრომლობა მოზარდის განვითარების ერთიანი სტრატეგიის შესამუშავებლად და რეალიზაციისთვის;
  • ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენა პრობლემური ბავშვისთვის ან პრობლემური ბავშვების ჯგუფისათვის.

ამ მიზნებიდან გამომდინარე, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:

  • მოსწავლის სწავლასა და ქცევაში, ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებაში შემჩნეული გადახრების მიზეზთა დროული გამოვლენა;
  • არსებული გადახრებისა და სირთულეების დასაძლევად საკორექციო პროგრამის შემუშავება;
  • სწავლებასა და სკოლასთან ადაპტაციის სირთულეების მიზეზთა გარკვევა კომპლექსური გამოკვლევის გზით.

პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმი შეიძლება დაეთმოს განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა გამოკვლევის შედეგებს ან ამა თუ იმ რთულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის განხილვას.

კონსილიუმს წინ უნდა უძღოდეს მოსწავლეთა დიაგნოსტიკური კვლევა.

კვლევა შეიძლება ჩატარდეს:

  • პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებისას ბავშვის სკოლაში სწავლისთვის მზაობის დონის დასადგენად;
  • სკოლასთან პირველკლასელთა ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობის შესამოწმებლად;
  • სწავლების პირველი საფეხურიდან მეორეზე გადასვლისას მოსწავლეთა განვითარების დონის გასარკვევად;
  • სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მოსწავლის სასწავლო მოტივაციის დომინანტური ტიპების გამოსავლენად.

გამოკვლევა ასევე შეიძლება მიეძღვნას ცალკეულ ბავშვებში ან ბავშვთა ჯგუფებში სასკოლო შფოთიანობის, აგრესიულობის, ნევროტულობის მიზეზების გარკვევას.

კონსილიუმის პროცესში მოხდება:

  • მასწავლებლებს შორის, ასევე მასწავლებლებსა და ფსიქოლოგს შორის ინფორმაციის გაცვლა კონკრეტული მოსწავლის შესახებ;
  • მოქმედების სტრატეგიების განსაზღვრა საკორექციო და პრევენციული მუშაობის ჩასატარებლად;
  • კლასის ხელმძღვანელისა და ფსიქოლოგის ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა ცალკეული პრობლემების გადასაწყვეტად;
  • მოსწავლეთა შერჩევა სპეციალური განმავითარებელი ჯგუფებისათვის;
  • მშობელთა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ინდივიდუალური კონსულტირებისთვის საჭირო საკითხების გამოკვეთა.
  • კონსილიუმზე განხილვის ობიექტი შეიძლება იყოს პარალელური კლასები, ცალკეული კლასები, მოსწავლეთა ჯგუფები, ცალკეული მოსწავლე.

რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურმა კონსილიუმმა ეფექტიანი ფუნქციონირების შემთხვევაში?

  • ის საშუალებას იძლევა, ფსიქოლოგმა მის ხელთ არსებული, საუბრების, გამოკვლევების და დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ბავშვის ან მთელი კლასის შესახებ გადასცეს საგანმანათლებლო პროცესის იმ სუბიექტებს, რომლებსაც კონკრეტულ ბავშვზე ან კლასზე ზემოქმედების გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ;
  • ეხმარება პედაგოგთა ჯგუფს შეთანხმებასა და საერთო პოზიციის შემუშავებაში ამა თუ იმ პრობლემის განხილვისას;
  • იძლევა მოსწავლეთა წარმატებული სწავლებითა და სრულფასოვანი განვითარებით დაინტერესებული საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა სუბიექტის ძალების გაერთიანების შესაძლებლობას;
  • ეხმარება პედაგოგს ცალკეული მოსწავლის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შემუშავებაში;
  • იძლევა შესაძლებლობას, ცალკეული პრობლემური მოსწავლისთვის ან პრობლემურ მოსწავლეთა ჯგუფისთვის ყოველმხრივი დახმარების გასაწევად შემუშავდეს ეფექტიანი პროგრამა;
  • საშუალებას იძლევა, გაერთიანდეს ცალკეული მოსწავლის შესახებ არსებული მთელი ინფორმაცია, რომელსაც ფლობენ პედაგოგები, კლასის ხელმძღვანელი, სკოლის ექიმი, ფსიქოლოგი და ბავშვთან და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული სხვა პირები. განსხვავებული ინფორმაციების გაერთიანების და მოსწავლის ქცევის, მისი პიროვნების, მისი შესაძლებლობების მთლიანობითი ხედვის საფუძველზე, ასევე ბავშვის ადრინდელი მდგომარეობის შესახებ მონაცემების გათვალისწინებით მოხდება მისი შემდგომი სწავლებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებების გამოკვეთა და ამა თუ იმ ბავშვთან ან მთელ კლასთან მუშაობის საერთო პედაგოგიური სტრატეგიის ჩამოყალიბება;
  • პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კონსილიუმი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ სუბიექტურობა მოსწავლეთა შესაძლებლობების შეფასებისას, საშუალებას გვაძლევს, ობიექტურად შევაფასოთ ისინი და შევიმუშაოთ მოქმედების ერთობლივი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება განსაზღვრული თვისებების განვითარებისკენ ან გამოვლენილი სირთულეებისა და ნაკლოვანებების დაძლევისკენ;
  • მოქმედების მოცემული საორგანიზაციო ფორმა წარმოადგენს ფსიქოპროფილაქტიკური მუშაობის არსებით ეტაპს, აფართოებს ფსიქოლოგის შესაძლებლობებს, მის საქმიანობას უფრო კონკრეტულს, შინაარსიანს და შედეგიანს ხდის, მოსწავლეთა და მასწავლებელთა განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება.

რასაკვირველია, დღევანდელ სკოლაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ სკოლების უმრავლესობას ფსიქოლოგი არ ჰყავს, პედაგოგები კი იმდენად არიან დატვირთული თითქმის არაფრის მომცემი დავალებებით, რომ მასწავლებელს ხშირად გაკვეთილის დაგეგმვის კი არა, მასზე ფიქრის დროც აღარ რჩება, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიურ კონსილიუმებზე საუბარი ბევრს შეიძლება სასაცილოდაც კი მოეჩვენოს, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემები არ არსებობს – გამოსავალი თავისუფლად შეიძლება მოიძებნოს: თუ სკოლას ფსიქოლოგი არ ჰყავს, შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში მისი მოწვევა და მისი მომსახურებით სარგებლობა. რაც შეეხება პედაგოგებს, ვფიქრობ, იმ დავალებების შესრულების ნაცვლად, რომლებიც მას ვერანაირად ვერ ეხმარება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში და ბავშვთან ურთიერთობაში, ნებისმიერი მასწავლებლისთვის გაცილებით საინტერესო იქნება ისეთ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში შეუწყობს ხელს და უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის მისთვის პედაგოგიურ საქმიანობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი