სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ოდეს „სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ“-როგორ ვასწავლოთ ანა კალანდაძის „ფეხი დამადგით“

2012 წელს ჩავაბარე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა და მხატვრული ტექსტების სწავლების მეთოდიკის ნაწილში, მახსოვს, ავირჩიე დავალება „როგორ ვასწავლოთ ანა კალანდაძის ლექსი „ფეხი დამადგით“. არჩევანში არ შევმცდარვარ. მაქსიმალური 20 ქულიდან 20 მივიღე და ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმაც გამსწორებლად სწორედ ამ ნაშრომის წყალობით შემარჩია. ეს შემთხვევა რომ არა, ეს ლექსი მაინც გამორჩევით მეყვარებოდა მუდამ, რადგან, თავი რომ დავანებოთ ანა კალანდაძის ჯადოქრულ პოეტურ ენას და საოცარ ემოციებს, მისი ტექსტები რომ აღგვიძრავენ, ამ ლექსში გაცოცხლებული ლირიკული გმირი ნამდვილად უკვდავი მოვლენაა ქართულ პოეზიაში.

მეცხრე კლასში ანას ამ ლექსთან ერთად ვასწავლით დავით აღმაშენებლის ეპიტაფიას, რომლის იდეაც ისეთივე მრავლისმთქმელი და გამომსახველია, როგორიც დიდი მეფე დავითის საქმენი. ეპიტაფია ისედაც უაღრესად საინტერესო ჟანრია. მან მოკლედ და ხატოვნად უნდა გადმოსცეს იმიერსოფელში გარდასული ადამიანის ღვაწლი და მისი სახე ნათლად დაანახოს მკითხველს, რაც იოლი ამოცანა როდია. როგორ გინდა, ოთხ ტაეპში ჩატიო მეფე დავითის ღვაწლი? თუმცა ამ ეპიტაფიის ავტორმა ეს ნამდვილად მოახერხა:

„ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამისა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს“.

ეპიტაფიამ გვითხრა დავით მეფის უმთავრესი დამსახურებები: რომ ის მეფეთმეფე და გამაერთიანებელი იყო, რომ უსჯულო დამპყრობელთაგან იხსნა ქვეყანა, რომ ამერ-იმერი მტკიცე სულიერი ერთობით შეკრა და ახლა, როგორც დიდი აკაკი იტყოდა, შეუძლია „ხელდაკრეფით განისვენოს მარადის“.

თუ ეპიტაფიის ტექსტში ძლევამოსილი მეფის მონუმენტური პორტრეტი იძერწება, ანა კალანდაძის ლექსში ვხვდებით მონანიე, თავმდაბალ, ყოფის ამაოებაზე ჩაფიქრებულ ლირიკულ გმირს, რომელიც საკუთარი თავისთვის მხოლოდ იმას იმეტებს, რომ „ფეხქვეშ გაცვითონ“ მისი საფლავის ლოდები…

პოეტური სიტყვის მაგია უპირველესად სწორედ იმაშია, რომ მას შეუძლია, თავის ლირიკულ-ემოციურ სამყაროში ისეთი რაკურსით გააცოცხლოს ლირიკული სახე, როგორიც მანამდე არასდროს არავის წარმოედგინა.

რამ შთააგონა ანა კალანდაძეს მონანიე მეფის ესოდენ ემოციური პორტრეტის შექმნა? დარწმუნებული ვარ, უპირველესად საამისო ინსპირაციას მას მისცემდა დავით მეფის საოცარი ფსალმუნი „გალობანი სინანულისანი“. დავით ბაგრატიონი აქ ნამდვილად არ ჩამოუვარდება ბიბლიურ დავით ფსალმუნთმეტყველს…

ეს ფსალმუნი ყოველთა ქართველთა სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. გაოცებას იწვევს მორჭმული და ძლევამოსილი მეფის თავმდაბლობა და სინანული. რად ღირს მისი ეს სიტყვები: „ბუნებითსა რაი პორფირსა თვითმფლობელობასა თანა მეფობისაცა შარავანდნი მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა მონად მივჰყიდე თავი, რამეთუ „რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ“… კაენის მკვლელებრი ცნობაი, სეითის ძეთა ლირწებაი, გმირთა სიღოდით მავალობაი, ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწვირე, უფროის ვამრავალწილე, ვითარცა რაი აღმართ-მსრბოლმან მდინარემან უკეთურებისამან“…

საკვირველი ის არის, რომ ესოდენ ძლიერი და ახალგაზრდა მეფე ელოდება ჟამს, როცა შეიძლება დაკარგოს ძალაუფლება, ის აცნობიერებს, რომ ყოველივე წარმავალი და ამაოა და მას აძლიერებს ტახტი, სხვა მხრივ კი ჩვეულებრივი მოკვდავია, როგრიც ყველა სხვა, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ადამიანური უმწეობით… ეს ჟამი კი მას ასე წარმოუდგენია:

„ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,

ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,

შუებაჲ უქმ იქმნნენ,

ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,

სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,

სხუასა შეუდგენ სპანი, –

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“

მეფემ კარგად იცის, რომ მარადიული არაფერია, მას სხვა შეცვლის, ხოლო უფლის წინაშე ის უნდა წარდგეს განწმენდილი, თავდადრეკილი, მას არ ღალატობს რწმენა, რომ სამართლიანობა იზეიმებს და ამ დროს თავად, ვითარცა უსამართლო და მძლავრი, მზადაა პასუხისმგებლობისთვის. „პატიჟისათვის მეშინისო!“ – გვახსენდება წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელის სიტყვები…

„გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,

მსაჯული მართლ სჯიდე,

მსახურთა რისხვაჲ ქროდის,

მართალნი ნეტარებდენ,

ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, –

მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!“ –

მეფის ეს სიტყვები მის ადამიანურ სიმაღლეს და სისადავეს საოცარი სიწრფელით წარმოაჩენს.

დავით აღმაშენებლის ადამიანური თვისებების მომხიბვლელობა განსაკუთრებული სიმძაფრით შეიგრძნო პოეტმა და თავის ლექსში სწორედ ამ მომენტისკენ მიმართა ლირიკული ემოცია. აუცილებელია, მოსწავლეებში სწორედ ეს ემოცია აღვძრათ და ცხადად დავანახოთ მათ ლირიკული გმირის მრავალშრიანი, ღრმა ფსიქოლოგიზმით დახატული პორტრეტი. საამისოდ მასწავლებელმა სკაფოლდინგის მეთოდი უნდა მოიშველიოს და ეპიტაფიის ტექსტთან ერთად „გალობანი სინანულისანი“ გააცნოს მოსწავლეებს. მართალია, ძველი ქართული, არქაული ენა იოლი აღსაქმელი არ არის, მაგრამ მეცხრე კლასში მოსწავლეებს უკვე ნასწავლი აქვთ „ვეფხისტყაოსნის“ არაერთი თავი და მათთვის ეს დაუძლეველი სირთულე არ იქნება. წარმოუდგენელია, ბუნებრივად არ გაჩნდეს კლასში ამ ტექსტისადმი ინტერესი. სკაფოლდინგის პრინციპით შექმნილი დამხმარე რესურსი, დავით მეფის ფსალმუნებთან ერთად, სასურველია მოიცავდეს მეფის ცხოვრების საინტერესო დეტალებს ისტორიული ნარკვევებიდან, ასევე – სინანულის საიდუმლოს შესახებ ქრისტიანული თვალსაზრისის ამხსნელ მასალას.

ტექსტზე მუშაობის დროს ეფექტური იქნება დისკუსიის ტიპის გაკვეთილის ჩატარება თემაზე „მაღალთა თავმდაბლობა“. გონივრული იქნება საშინაო დავალებად არგუმენტირებული ლიტერატურული ესეს მომზადება. აქ მრავალგვარი ვარიაცია შესაძლებელი, თუმცა პრობლემა გააზრებული უნდა იყოს შემდეგი კითხვების შესაბამისად:

  • რა არის სინანული?
  • განიცდიან თუ არა სინანულს ძლიერნი ამა ქვეყნისანი?
  • რაზე მეტყველებს დავით მეფის სინანული?
  • მიეტევება თუ არა ადამიანური ცოდვილი ვნებები დიდი დამსახურების მქონე ერისკაცს?
  • რას გვასწავლის დავით მეფის ანდერძი?

მოცემული ეპიტაფია, ანა კალანდაძის ლექსი და დავით მეფის ფსალმუნი საუკეთესო მასალაა მხატვრული ტექსტების სინთეზირების უნარების დასახვეწად. ეს თემა მოსწავლეებს განუვითარებს ლირიკული ტექსტებისადმი მიმართების, ემოციური აღქმის, პოეტურ ტექსტში ადამიანური ვნებების ამოცნობის უნარ-ჩვევებს. მოსწავლეები უღრმავდებიან ტექსტების იდეებს, ხდებიან მკვლევრები, გამოაქვთ დასკვნები, ხშირად – ურთიერთსაწინააღმდეგო, რაც საინტერესო მასალაა დისკუსიისთვის, აზრთა შეჯერებისთვის. მეცხრე კლასში ვსწავლობთ ასევე „ვეფხისტყაოსნიდან“ ავთანდილის ანდერძს, რომელიც მორგებულ ლიტერატურულ პარალელად გამოგვადგება, რადგან საკუთარი ადამიანური მისიისადმი დავით მეფისა და ავთანდილის მიმართება დიდად ენათესავება ერთმანეთს. შეგვიძლია, ვენური დიაგრამის ტიპის კოგნიტიური სქემით გამოვსახოთ დავითისა და ავთანდილის ლირიკული აღსარებები.

ანა კალანდაძის პოეზია ყოველთვის იძლევა მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას. მის ტექსტებში გაცოცხლებულია არაერთი ისტორიული გმირის უკვდავი ლირიკული პორტრეტი და შეგვიძლია სინთეზირებისთვის გამოვიყენოთ ამავე ავტორის ამ ტიპის სხვა ტექსტები. როგორიცაა: „საით არიან შალვა, ბიძინა და ელიზბარი?“ „ასპინძას მიდის მეფე ერეკლე“, „აღმაშენებელს“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ბოდბედან ნინოწმინდამდე“, „დავით გურამიშვილი“, „ქეთევან დედოფალი“ და სხვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი