პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ ვერ დავასწარით, ანუ ქართული სკოლამდელი განათლების პრობლემები

სიმართლე თუ გინდა, ბაღი არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ხანდახან იყო მომენტები, როცა იქ ყოფნა მსიამოვნებდა. მაგალითად, როცა შემწვარი კარტოფილი ან ცხელი წვნიანები მოჰქონდათ თეთრწინსაფრებიან აღმზრდელებს დიდი ყვითელი სათლებით, ან როცა ეზოში გავყავდით და იქ ყვავილებს პატარა ნესტრებს ვაძრობდით და მისგან ტკბილ წვენს  ვისრუტავდით, ან როცა სკოლის გამყოფ ღობეს მივადგებოდით და ჩვენზე უფროსებს დიდი ინტერესით ვუყურებდით და ვერ გაგვეგო იქ რა ხდებოდა, ან როცა დარბაზისკენ გავრბოდით და პრიალა, ხის იატაკზე ფეხშიშველები დავრბოდით, ან როცა ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში ვეჯიბრებოდით, ურთიერთობებს ვსწავლობდით და ახალ უნარებს ვითვისებდით, შუადღის ძილი არ გვიყვარდა და წითელ, მოპრიალებულ იატაკზე ჩვენს სახელებს ვაწერდით. ბაღი მაშინაც კარგი იყო, როცა ზეიმების დრო მოდიოდა და დედაჩემი საოცრებებს ახდენდა თავისი ლურჯი საკერავი მანქანით, ვარდისფერ და ცისფერ საზეიმო კაბებს მიკერავდა.

ხანდახან ძალიან მეშინოდა ბაღში ყოფნის. მეგონა, იქ დამტოვებდნენ და აღარასოდეს მოვიდოდნენ ჩემს წასაყვანად. ერთადერთი გზა გაქცევა იყო, მაგრამ თუ გავიქცეოდი  მაღალსართულიან  კორპუსებში ჩავიკარგებოდი და ჩემს სახლს ვერასოდეს მივაგნებდი.. დედა მუშაობდა, მამაც მუშაობდა და მეც ბაღში ვრჩებოდი, ვიყავი იქ სანამ საღამოს სინათლეები არ აინთებოდა და გულისგამაწვრილებელი ლოდინი დედის მოსვლით არ დასრულდებოდა. მერე ჩვენ მივდიოდით  ჩვენს სახლში, მეშვიდე სართულის ცაზე და მეორე დღისთვის ვემზადებოდით. 

ბაღის გამოსაშვებ ზეიმებზე ფოტოებს დათო ფოტოგრაფი გვიღებდა. სწორედ ის გვაძლევდა თეთრი კონვერტით ზეიმის ფოტოებს და ჩვენც დიდი სიხარულით ვათვალიერებდით. იქ ჩვენ ვიყავით სცენაზე, ფერად კაბებში და  ლექსების კითხვის დროს…
მალე სექტემბერი მოვა, ჩემი შვილი სექტემბერში იმაზე დიდი იქნება ვიდრე ახლა არის. მან ყველაფერი იცის და უკვე შეუძლია ყველანაირი მოთხოვნა და სურვილი მკაფიოდ გამოთქვას, ძალიან კომუნიკაბელურია და მხოლოდ დედასთან ყოფნა აღარ აკმაყოფილებს. უყვარს ადამიანები და ბავშვები, მათთან თამაში და სოციალიზაცია. იგი ახალ სასწავლო წელს საჯარო ბაღში ვერ წავა, რადგან სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში დასწრებაზეა და განსაკუთრებული უნარებია საჭირო, რომ დილიდან სათანადოდ მომზადებულმა  და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილმა სასურველ ბაღში დარჩენილი 4 კინკილა ვაკანტური ადგილიდან ერთის მოპოვება შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის საიტი უკვე  რეგისტრაციის დაწყებისთანავე ჭედავს და პრობლემის აღმოფხვრისთანავე (3-4 საათში) დარჩენილი თავისუფალი ადგილები უკვე დაკავებულია. 

როგორც ცნობილია, რეგისტრაცია შემდეგი წესებით მიმდინარეობს. პირველი ივლისიდან რეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, 5 ივლისიდან ბაღში დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები, ხოლო ათი ივლისიდან სხვა დანარჩენი. ბაღების უმეტესობა 10 ივლისისთვის უკვე გადავსებულია. 

არსებობს ალტერნატივა – ეს კერძო ბაღებია, რომელთა ფასი 150-300 ლარამდეა. ხშირად ფასს პრესტიჟული უბნის სტატუსიც განსაზღვრავს. ძნელი სათქმელია, სად გადის ზღვარი სოციალურად დაუცველ და დაცულ მოქალაქეს შორის ჩვენი ქვეყნის პირობებში, რადგან ზემოთ აღნიშნული თანხა საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახისთვისაც რთული გადასახდელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახიდან ორი ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა. 

სკოლამდელი განათლების სპეციალისტს, ანა ჯანელიძეს, რეგისტრაციის პრიორიტეტების სისტემა სამართლიანად არ მიაჩნია. იგი ამბობს, რომ ყველა ბავშვს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ხარისხიან, სკოლამდელ განათლებაზე, თუმცა დღესდღეობით ხელისუფლების პრიორიტეტს სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართვა წარმოადგენს.

ვინც ვერ დავასწარით, ასეთები ძალიან ბევრნი ვართ. სექტემბერში ათასობით ბავშვი ბაღის გარეთ და სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩება, დედები კი ისევ იძულებულები გახდებიან სახლში დარჩნენ, რაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, რა ძნელია ამ ქვეყანაში იყო ქალი და თან იყო დამოუკიდებელი ადამიანი.
პ.ს კეთილი და უბერებელი დოდო გამგე, ექიმი აიბოლიტის კაბინეტი, საახალწლო ზეიმები და ფერადი კაბები, საკუთარი უჯრა ჩვენი სახელით და გვარით, რომელსაც ყოველთვის ყველასგან გამოარჩევ. ეს ჩემი მოგონებებია ბაღზე და ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, ჰქონდეს  ასეთივე მოგონებები  ბავშვობის იმ წლებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი