პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გაკვეთილის დრამატურგია

გაკვეთილი ისეთივე შემოქმედებითი პროდუქტია, როგორიც ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი ქმნის, რათა სარგებლობა მოუტანოს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც. სასწავლო პროცესი რთული დინამიკური სისტემაა, რომელსაც მასწავლებლისა და მოსწავლეების მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ურთიერთობა ქმნის. იმისთვის, რომ ეს სისტემა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი იყოს, მას მუდმივი განახლება სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არაფერია ამ ქვეყანაზე. არც საგაკვეთილო კომპონენტები. იქ, სადაც ადამიანია, წარმმართველია არა განსაზღვრული ერთმნიშვნელოვანი სტრუქტურა, არამედ მრავალმნიშვნელოვანი შემოქმედებითი შესაძლებლობების დაუსაზღვრავი სივრცე, რომელშიც ყოველივე იცვლება და გარდაიქმნება ეპოქისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად.

საგაკვეთილო პროცესის როგორც ფენომენის ეფექტიანობას სხვადასხვა კომპონენტი განსაზღვრავს. მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია მასწავლებლის ინდივიდუალურობა. პედაგოგს მხოლოდ მუდმივი თვითგანვითარება კი არ ევალება, არამედ ისიც, რომ მოსწავლეებსაც უწყობდეს ხელს განვითარებაში. მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხედვა და უნარები, რომლებიც გამოცდილებას მოაქვს; შეეძლოს არა მხოლოდ თვითმოტივირება, არამედ მოსწავლეთა მოტივაციის ამამაღლებელი მეთოდებისა და ხერხების მოძიებაც დროისა და გარემო პირობების შესაბამისად.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საგაკვეთილო დრამატურგიისა დაკავშირებულია იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროსთან, რომელსაც პედაგოგი ქმნის. მოსწავლეც და მასწავლებელიც თანაბრად უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად. გაკვეთილი უნდა იყოს ერთგვარი კომფორტული სივრცე, რომელიც მათ პროფესიული და სულიერი ზრდის შესაძლებლობას მისცემს. პატივისცემა და აღიარება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯერ მასწავლებელმა უნდა დაინახოს თითოეულ მოსწავლეში პიროვნება თავისი უნიკალური მონაცემებითა და მიდრეკილებებით, რათა მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ გარშემო მყოფთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, ეს კი ხელს შეუწყობს საგაკვეთილო ამოცანების წარმატებით შესრულებას.

საგაკვეთილო დრამატურგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასწავლო მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობაა. მიზნის შესაბამისად შერჩეული მეთოდები ადეკვატურ გამოძახილს პოვებს და ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. ხშირად პედაგოგი სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ სასწავლო მეთოდისა თუ ხერხის შესაძლებლობებს და არაადეკვატურად იყენებს მათ. არადა, ჯერ კარგად რომ გაეაზრებინა ცალკეული მეთოდის თავისებურებები, უკეთესად მოახერხებდა მის გამოყენებას თამამი შემოქმედებითი ვარიაციებისა და მოდიფიცირების გზით.

საგაკვეთილო დრამატურგიას დინამიკასა და ექსპრესიულობას მატებს სხვადასხვა რესურსი, რომლებსაც ხან მასწავლებელი ქმნის, ხან – მოსწავლე. განსხვავებული, დროისა და ვითარების შესაბამისი რესურსის მოძიება და შექმნა მასწავლებლისა და მოსწავლეების შემოქმედებით პოტენციალს ზრდის. ამაზე ყოველთვის ზრუნავდნენ მასწავლებლები თუ აღმზრდელები – რომ ცხოვრებისეული, ვიზუალური, თვალსაჩინო მასალა სასწავლო მიზნისთვის გამოეყენებინათ. გავიხსენოთ, როგორ აქცია ჭკვიანმა, გონებამახვილმა, მოქნილი აზროვნების მქონე სრულიად უბრალო მასწავლებელმა ბავშვის უნებლიე დანაშაული საგაკვეთილო დრამატურგიის ბუნებრივ, თითქოს წინასწარ დაგეგმილ შესანიშნავ რესურსად. ვგულისხმობ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ იმ ეპიზოდებს, რომლებშიც მწერალი პედაგოგთა განსხვავებულ სახეებს ქმნის. ერთ შესვენებაზე მოშივებულმა პატარა აკაკიმ შინ შეირბინა და ჯიბეში ცხელი მჭადით შევიდა გაკვეთილზე. მასწავლებელმა დაგვიანებულებთან დააყენა, მჭადიც გამოართვა და მაგიდაზე დადო. სწორედ ამ დროს კლასში ზედამხედველი შემოვიდა. მასწავლებელი არ დაიბნა და „სამხილი“, რომელიც მოსწავლის სასტიკი დასჯისთვის, გაროზგვისთვის, წყალგაუვალი დასტური იყო, შემეცნებითი პროცესის ნაწილად აქცია. გავიხსენოთ ეს მშვენიერი ეპიზოდი, დღემდე რომ არ დაუკარგავს აქტუალობა. ის კიდევ ერთხელ შეახსენებს პედაგოგებს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

აკაკი წერეთელი გვიამბობს:

„ინსპექტორმა, მართლაც, მჭადს მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა:

– ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!..

ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო.

– რათ მოგიტანიაო?! – მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა, ახლავ გაიგებთო და მკითხა:

– ეს რა არისო?

– მჭადი-მეთქი, – ვუპასუხე კნავილით.

– რისგან კეთდება?

– სიმინდისაგან.

– როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს, – და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: – კარგიო! ხვალ ნუ დაგავიწყდება ბრინჯის მოტანა, ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა, აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად“ („ჩემი თავგადასავალი“).

ამ უცებ მოფიქრებული მახვილგონივრული ხრიკით მასწავლებელმა სამმაგი შედეგი მიიღო: ჯერ ერთი, მჭადი ორიგინალურ სასწავლო რესურსად აქცია, მეორე – ზედამხედველის თვალწინ მოსწავლეს ცოდნის გამომჟღავნების საშუალება მისცა, მესამე – ეს ამბავი სულიერ-აღმზრდელობითი ფუნქციითაც გამოიყენა: „მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. – ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი, რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!“

ასეთი ინციდენტები ყოველდღიურობის თანმდევია. ეპოქები იცვლება, მაგრამ ადამიანები თავიანთი სულიერ-მატერიალური მისწრაფებებით იგივენი რჩებიან. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, რომელსაც ფორმულა არ გააჩნია. მოსწავლეები გაკვეთილებზეც იძერწებიან პიროვნებებად, ამიტომ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მასაც აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა „ადამიანად ქცევის“ ამ რთულ პროცესში.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი უნდა იქცეს იმ განზომილებად, რომელშიც ყველა სათავისო ბედნიერებას მიაგნებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გაკვეთილის დრამატურგიულ ველში ყველა მოსწავლემ აირჩიოს თავისი როლი. თანაც ეს როლი მუდმივად უნდა იცვლებოდეს. თამაშისკენ ბუნებრივი მიდრეკილება მასწავლებელმა სწავლებისთვის უნდა გამოიყენოს. მან მუდმივად უნდა აკონტროლოს საკუთარი ქცევა, გამოთქმები, შეხედულებები, რათა ერთ მშვენიერ დღეს იარლიყების, შაბლონებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში არ აღმოჩნდეს, საიდან თავის დაღწევასაც დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და ენერგია სჭირდება.

სასწავლო მეთოდების არჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • საგაკვეთილო პროცესისთვის დაგეგმილი მიზნები;
  • კონკრეტული სასწავლო დისციპლინის თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა;
  • სასწავლო რესურსები და სხვ.

ყველა მეთოდი და სტრატეგია მასწავლებელმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კრიტიკული, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.

ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის პროცესი პედაგოგმა სხვადასხვა გზით შეიძლება წარმართოს, მათ შორის – გამოიყენოს ახსნის, ილუსტრირების მეთოდები, მაგრამ ყოველთვის ცდილობდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა მრავალმხრივ, განსხვავებული თვალთახედვით გააანალიზოს, რათა მოსწავლისთვის ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებადაც იქცეს. ნებისმიერ საგანში მიღებული ცოდნა, საბოლოო ჯამში, იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მოსწავლე ინტელექტუალურ-ემოციურად გამდიდრდეს, ჩამოუყალიბდეს სამყაროს როგორც ერთიანი სისტემის ესთეტიკური ხედვა, შესაბამისად, გაუჩნდეს მისი გაფრთხილების სურვილი და პასუხისმგებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ღია, გლობალურ საურთიერთობო სივრცეში, რომელშიც ადამიანმა თანაბრად უნდა გააცნობიეროს როგორც „მეს“, ასევე „ჩვენის“ პიროვნულ-ეროვნული იდენტობის საზღვრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი