პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ძილის უკმარისობა ბავშვებში

წიგნიდან „აღმზრდელობითი შოკი: რევოლუციური ხედვა ბავშვებისა და მოზარდების აღზრდაზე” 
 
თანამედროვე მსოფლიოში ბავშვებს ერთი საათით ნაკლებ ხანს სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ ეძინათ. ამის მიზეზია: სუსტი იმუნიტეტი, გაუარესებული ემოციური მდგომარეობა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, ჭარბი წონა. რა მოსდის ბავშვს ძილში, რა მდგომარეობაშია მისი ტვინი, ჰორმონალური ფონი და ორგანიზმის სხვა სისტემები? რატომ არის მავნებელი ზრდასრულთათვის ძილის უკმარისობა, ბავშვებისათვის კი დამანგრეველი? გთავაზობთ ძილის მკვლევარების – პო პრონსონისა და ეშლი მერიმენის მიმოხილვას: 
„ძილის უკმარისობის მთავარ მიზეზად დასუსტებული ინტელექტი მიგვაჩნია. ძილის ეროვნული ფონდის ინფორმაციით, ამერიკელ მშობელთა 90%-ი ამბობს, რომ მათ შვილებს საკმარისად სძინავთ, მაგრამ თავად ბავშვები ასე არ ფიქრობენ. უფროსკლასელთა 60%-ი აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ძილი ერევა, სკოლის მოსწავლეების 33%-ს კი კვირაში ერთხელ გაკვეთილზევე ეძინება. სტატისტიკის მიხედვით, ბავშვების უმეტესობა ძილის დეფიციტს უჩივის. მოზარდების ნახევარს არაუქმე დღეებში 7 საათი სძინავს, უფროსკლასელებს – 6,5 საათი და მხოლოდ უფროსკლასელების 5%-ს სძინავს სრული 8 საათი. 
რასაკვირველია, სკოლის პერიოდში ძილი არც ჩვენ გვყოფნიდა, მაგრამ თანამედროვე ბავშვებს – პირველი კლასიდან დაწყებული სკოლის დასრულებამდე – ერთი საათით ნაკლებ ხანს სძინავთ. ეს ტენდენცია ბაღამდელი ასაკის ბავშვებშიც შეიმჩნევა. მშობლები მტკივნეულად განიცდიან ამ პრობლემას. ძილის შემოკლების მიზეზი სხვადასხვაა: გადატვირთვა, რეჟიმის უქონლობა, ტელევიზორი, კომპიუტერი. ადრე ერთსაათიანი ძილის დანაკარგი დიდ პრობლემად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ახლანდელი ძილის სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვის ტვინი 21 წლამდე ვითარდება და განვითარების ყველაზე რთულ ეტაპებს ძილში გადის. ამიტომ ბევრი მოზარდული პრობლემა სათავეს ძილის ქრონიკული უკმარისობიდან იღებს. „უხარისხო”, ცუდი ძილი დამოკიდებულია ყურადღების გაფანტვასთან და ჰიპერაქტიურობასთან. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბავშვის ფორმირების პროცესში ძილის უკმარიობა ტვინის სტრუქტურას აზიანებს და მოზარდის კაპრიზობის, დეპრესიის ან ბულემიის შედეგი ხდება.    
ძილი და ნიშნები – თელ-ავივის უნივერსიტეტის დოქტორ ავი სეიდხიდს ძილის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღის. ორიოდე წლის წინ მან 77 მეოთხეკლასელისა და მეექვსეკლასელის ძილი გამოიკვლია. სამი დღის განმავლობაში ბავშვების ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფზე უფრო ადრე იძინებდა.   აქტიურობის რეგისტრატორის გამოყენებით ავი სეიდხიდმა დაადგინა, რომ ბავშვების პირველ ჯგუფს 30 წუთით მეტი ეძინა, მეორეს კი 31 წუთით. მესამე ღამის შემდეგ მკვლევარმა ნეირობიოლოგიური ტესტი ჩაატარა, რომელმაც აჩვენა მოსწავლის მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს შედეგი. აღმოჩნდა, რომ ძილნაკლული მეექვსეკლასელი დაახლოებით ისე მუშაობდა, როგორც მეოთხეკლასელი.
ძილის დამარეგულირებელი ბიოლოგიური სისტემების სპეციალისტი მერი კარსკადონი ამბობს: „პრაქტიკულად ყველა მცირე ასაკის ბავშვისთვისაა ნებადართული უქმეებზე გვიან დაძინება. მეორე დღეს ისინი გამოძინებულები არიან, მაგრამ ჩემმა კოლეგა დოქტორ მონიკა ლებურჟუამ აღმოაჩინა, რომ დაძინების დრო პირდაპირ აისახება ამ ბავშვების სტანდარტულ IQ-ტესტზე. ერთი საათით ძილის დაკლება ტესტში 7 პუნქტს უდრის. ასევე, ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორი პოლ სერატი უცროსკლაელთა ძილის პრობლემებს უკავშირებს ლექსიკონთან მუშაობაში მიღებულ ნიშნებს. საშუალო სკოლაში კორელაციას ძილის ხანგრძლივობასა და სასკოლო ნიშნებს შორის ასევე ადასტურებს შტატ მინესოტას უნივერსიტეტის დოქტორ კაილა ვალსტრემი, რომელმაც 7 ათასი უფროსკლასელის ძილთან დაკავშირებული ჩვევა და მათ მიერ სხვადასხვა საგნებში მიღებული ნიშნები შეისწავლა. დადგინდა, რომ წარჩინებულ მოსწავლეებს საშუალო აკადემიური მოსწრების ბავშვებთან შედარებით 15 წუთით მეტ ხანს სძინავთ. საინტერესოა, რომ ამ კვლევის შედეგი ზუსტად ემთხვევა როდ-აილენდში 3 ათას მოსწავლეში ჩატარებული კვლევის შედეგს.      
ძილი და მეხსიერება – არაერთი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ ვნებს ძილის უკმარისობა ბავშვის ტვინს. დაქანცულ ბავშვს არ შეუძლია დაიმახსოვროს რამე, რადგან ნეირონები კარგავენ პლასტიკურობას და ბავშვის „ტვინი აღარ მუშაობს”. ბავშვის გაფანტულ ყურადღებას რამდენიმე მიზეზი იწვევს. ძილის დეფიციტი ხელს უშლის გლუკოზის გადამუშავებას. ყველაზე მეტად ამისგან ზიანდება „ფუნქციების შეასრულებაზე” პასუხისმგებელი ტვინის პრეფრონტალური ქერქი. ამიტომ დაღლილ ადამიანებს უჭირთ ორიენტაცია, საკუთარი ქმედებების გაკონტროლება, დაღლილი ტვინი ვერ იღებს შემოქმედებით გადაწვეტილებას და არასწორ პასუხზე მუხრუჭდება.
ბოლო წლებში მკვლევარებმა გაარკვიეს თუ რას აკეთებს ბავშვის ტვინი ძილის დროს. ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორი, მეტიუ უოლკერი ამბობს, რომ ამ დროს ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას გადაადგილებს და ინახავს. ძილის ყოველი სტადია დამახსოვრებული ინფორმაციის შენახვაში გარკვეულ როლს თამაშობს. მაგალითად, უცხო ენის სწავლის დროს აუცილებელია სიტყვების დამახსოვრება, სმენისა და მოტორული მეხსიერების გააქტიურება. მოტორულ უნარებს ტვინი გადაამუშავებს ძილის მეორე სტადიაში, ე.წ. „ნელ ძილში”, ემოციურ შთაბეჭდილებებს კი ე.წ. „ჩქარ ძილში”. 
რაც უფრო ბევრ რამეს ვიგებთ, ვისმენთ დღის განმავლობაში, მით უფრო მეტი ძილი გვჭირდება. ბავშვების ძილი ხარისხობრივად ძალიან განსხვავდება უფროსების ძილისგან, რადგან ბავშვები ე.წ. „ნელი ძილის” სტადიაზე 40%-ით მეტ დროს ხარჯავენ. ღამის ძილი უფრო ღრმაა. თუ ბავშვს უნდა, რომ ისტორიული თარიღები და ფაქტები კარგად დაიმახსოვროს, აუცილებელია ღამით კარგი გამოძინებული იყოს.  
„პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე ბავშვებს სულ უფრო მეტი ინფორმაციის ათვისება უწევთ, მაგრამ მათი ძილი დროში მცირდება,” – აცხადებს უოკერი. 

ძილი და ზედმეტი წონა – ბოლო 30 წლის განმავლობაში ზედმეტი წონის მქონე ბავშვების რაოდენობამ სამჯერ იმატა. ყოველწლიურად აშშ-ის ხელისუფლება სკოლებში სწორი კვების პროგრამების სასარგებლოდ 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს, მაგრამ მაკ-მასტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობით, 57 პროგრამიდან დადებითი შედეგის მომცემი მხოლოდ 4 პროგრამა იყო. დიდი ხნის განმავლობაში ამაში ტელევიზიას ადანაშაულებდნენ, თითქოსდა ბავშვები დიდ დროს ტელევიზორთან ატარებდნენ, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის დოქტორმა ელიზაბეტ ვანდევოტერმა 1968 წლიდან მოყოლებული შეისწავლა 8 ათასამდე ოჯახი და დაამტკიცა, რომ ჭარბწონიანი ბავშვებიც იმდენ ხანს უყურებდნენ ცისფერ ეკრანს, რამდენ ხანსაც ნორმალურწონიანი ბავშვები. წლების შემდეგ ტელევიზორს კომპიუტერი ჩაენაცვლა. 
5 წლის წინ დოქტორ ევა ვან კოტერმა აღმოაჩინა „ნეიროენდიკრინული კასკადი”, რომელიც ზედმეტ წონას და ძილს ერთმანეთთან აკავშირებს. ძილის უკმარისობა ზრდის ჰორმონი გრელინის გამომუშავებას, ასევე ზრდის სტრესის ჰორმონის კორტიზოლი დონეს. კორტიზოლი კი სხეულში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს, შლის სიმაღლეში მატების ჰორმონებს. სიმაღლის ჰორმონი კი ძილის საწყისს ეტაპზე გამოიყოფა. ძილნაკლული ბავშვები გაცილებით ხშირად სუქდებიან. ჭარბწონიანი ბავშვების მესამედს 8 საათი სძინავს, ნორმალურწონიანებს – 10 საათი. ჰიუსტონის სკოლის მოსწავლეთა კვლევა ცხადყოფს, რომ წონაში არა მხოლოდ პატარა ბავშვები იმატებენ. იგივე პრობლემა აქვთ ძილნაკლულ უფროსკლასელებსაც.

დავუბრუნოთ ბავშვებს ძილი – ექიმი ჯუდიტ ოუენსი პროვიდენსში ბრაუნის უნივერსიტეტთან არსებული ძილის კლინიკის ხელმძღვანელია. არცთუ დიდი ხნის წინ ძლიერი თავის ტკივილის ჩივილით 15 წლის გოგონამ მიმართა. აღმოჩნდა, რომ მოზარდს დატვირთული გრაფიკი ჰქონდა: დადიოდა ფლეიტასა და ფაგოტეზე, ცეკვასა და სხვა წრეებზე, რის მერეც სკოლის დავალებებს ასრულებდა და დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინა. ყოველ დილით ხუთის ნახევარზე დგებოდა, რადგან ტანვარჯიში ეწყებოდა. ოუენსმა გოგონას ურჩია ძილის დრო გაეზარდა და რამდენიმე წრეზე უარი ეთქვა, მაგრამ მოზარდის მამა დაეჭვდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ოუენს ამის მტკიცებულება მოთხოვა. არადა, მშვენივრად ესმოდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის ფასი არც ფრანგულის გაკვეთილი იქნებოდა და არც ფლეიტაზე დაკვრა… ოუენსმა სტანდარტული ატგუმენტი მოიშველია: „უფლებას მისცემთ თქვენს შვილს მანქანაში ღვედის გარეშე დაჯდეს? ძილიც უსაფრთხოების ინსტრუმეტია”. მაგრამ მამა ჯიუტობდა. ვაიდა, მისმა შვილმა მეცადინეობა შეწყვიტოს, ჩვეული გრაფიკიდან ამოვარდეს და თავის ტკივილმა მაინც არ გადაუაროსო?..

ჯუდიტ ოუენსი ამბობს, რომ მშობლები შვილების ძილის სადარაჯოზე უნდა იყვნენ, დასვენების საათების გარკვეული რაოდენობა მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მაგალითად, ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ძილის პირველი 10 წუთი, როდესაც ბავშვს არც ძინავს, მაგრამ უკვე ძილის ბურუსშია გახვეული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არამყარი მდგომარეობა ბავშვის ე.წ. „ძილის ყულაბაში” გროვდება და დღის განმავლობაში, საჭირო მომენტში ადგება.     

სამწუხაროდ, ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ძილი არა ფიზიკური მოთხოვნილება, არამედ ხასიათის სისუსტეა, რომ ის, ვინც გადაძლევს დაღლილობის შეგრძნებას და არ დაიძინებს, „მაგარია”. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მაგალითად, დოქტორ დევიდ დინჯესმა შტატ პენსილვანიის უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტი ჩაატარა და ზრდასრულების ძილის დრო 6 საათამდე შეამცირა. ორი კვირის შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თავს ცუდად არ გრძნობენ, მაგრამ ტესტებმა სხვა შედეგი აჩვენეს – ძილის უკმარისობა ისევე ვნებდა მათი ცხოვრების წესს, როგორც 24-საათიანი მუდმივი სიფხიზლე.      

ცხადია, ადამიანს შეუძლია შეეჩვიოს ძილის დეფიციტის რეჟიმს, მაგრამ როდესაც საუბარია ბავშვის ტვინის განვითარებაზე, ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს”.  
მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი