პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მეტაფორები, რომლებიც გვცვლის

სამყაროში (ჩვენი ან სხვისი) მიმდინარე მოვლენების სემიოტიკური დაფორმატება და მეტაფორული აღქმა დაგვეხმარება, გავშიფროთ ჩვენი ცხოვრების თავგადასავლები და ამოვიცნოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც გვიზღუდავენ შესაძლებლობებს და თავისუფლების ხარისხს.

ამ ამოცანის შესასრულებლად გამოგვადგება შერჩეული მეტაფორები (ვერბალური თუ ვიზუალური); მაგრამ რაკი თანამედროვე ადამიანის აღქმა მეტწილად ვიზუალურია, უკეთესად მუშაობს სწორედ მეტაფორები ვიზუალური ხელოვნებიდან.

როდესაც მეტაფორებზე ვსაუბრობ ჩემს ნაშრომებში ან სტატიებში, ყოველთვის მხედველობაში მაქვს, მეტაფორები ფართო მნიშვნელობით, მათ შორის, ვსაუბრობ ისეთი მეტაფორებზე, რომლებიც განსხვავებულ სემიოტიკურ სისტემებში მოქმედებენ და ერთსა და იამვე იდეას წარმოადგენენ (ვერბალური, აუდიალური, ვიზუალური) – ტექსტი, მუსიკა, ნახატი…

განსხვავებულ ნიშანთა სისტემების  ამოქმედება ადამიანში და მათ შორის საერთოს აღმოჩენა, ამდიდრებს წარმოსახვას, განსხვავებული ემოციებით ავსებს ადამიანს და შთააგონებს მას.

მაგალითად, ავიღოთ რომელიმე პოეტური ტექსტი და მას შევუსაბამოთ (სურვილისამებრ) შესაბამისი მუსიკა და ვიზუალური გამოსახულება; ამგვარად გამოხატული აზრი (პარადიგმებში) უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს სუბიექტზე; როდესაც ასეთი სამუშაო შევთავაზე მეტაფორების საბაკალავრო კურსის სტუდენტებს, მათთვის ეს ძალიან სახალისო აღმოჩნდა და კიდევ უფრო საინტერესო იყო ურთიერთგაზიარება პრეზენტაციების დროს. ცოდნის ამგვარი გადაცემისას აღმოვაჩინე, რომ სრულიად უნიკალურ შედეგებთან მაქვს საქმე:

  • იზრდებოდა ცოდნის მიღების მოტივაცია და სტუდენტები უკვე ყოველგვარი დაძალების გარეშე მოიძიებდნენ შესაფერის თეორიულ მასალას, რომ საინტერესო კვლევა გამოსვლოდათ;
  • ერთდროულად მუშაობდა ორი პარადიგმა: ლოგიკურ-ანალიტიკური (მარცხენა ნახევარსფერო) და შემოქმედებითი (მარჯვენა ნახევარსფერო);
  • სტუდენტებს სიამოვნებას ანიჭებდა ურთიერთგაზიარება თანასწორობის ატმოსფეროში, სადაც არ იყო შეჯიბრებითობა, გადანომვრა: ვინ უფრო მაგარი იყო და სხვა სიყალბეები; სტუდენტები სიამოვნებას იღებდნენ ცოდნის ურთიერთგაზიარებით და, ამავე დროს, ეს ცოდნა უკავშირდებოდა მათ ინტერესს (შეეძლოთ აეღოთ ნებისმიერი მეტაფორა – ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ბიზნესი და მარკეტინგიდან, ყოველდღიური ცხოვრებიდან, სტერეოტიპული ფრაზეოლოგიიდან და სხვა, რაც აინტერესებდათ);
  • ამგვარ ურთიერთგაზიარებას ჰქონდა სინერგიის ეფექტი;
  • ცოდნის ასეთი გადაცემა იწვევდა მათ რეალურ ცხოვრებისეულ ცვლილებას;

 

მით უფრო წარმატებით მუშაობდა ცოდნის გადაცემა, თუ მას უძღოდა რაიმე მესიჯი-სლოგანი, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად: „თავისუფლება შენი (თავგადა)სავალია“, რითაც უკვე ხდებოდა მათი აზრების მოდელირება გარკვეული მიმართულებით. უმეტესად კი ამგვარ მესიჯებს სტუდენტები თავად ქმნიდნენ.

მეტაფორების ჯგუფში ასეთი მუშაობის დროს, როდესაც სალვადორ დალის ერთ მეტაფორას ჯგუფის წევრები განსხვავებული ინტერპრეტაციებით გამოხატავდნენ, სტუდენტმა მითხრა, რომ რასაც მე ვაკეთებდი, დაახლოებით ამ მოდელის მეტაფორული ბარათები იყო შექმნილი. მე დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ეს იყო  მხატვარ ნინო ჩაკვეტაძის და ფსიქოთერაპევტ ეთერ ფილიპოვიჩის ერთობლივი პროექტი, მეტაფორული ასოციაციური ბარათების კრებული „საგანძური“; აღმოვაჩინე, რომ ზუსტად იგივე იდეა იყო, უბრალოდ, ჩემი მეთოდი ცოდნის გადაცემას ემსახურებოდა და ჰქონდა უამრავი გვერდითი ეფექტი (მათ შორის, ფსიქოთერაპიული), ხოლო ზემოხსენებული პროექტი უშუალოდ თერაპიაზე იყო მიმართული.

აქ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოხდეს ნახატებზე პროეცირებული შინაგანი მგომარეობის გამოვლენა და სწორი წარმართვა; ამისათვის შედგენილია კითხვები, შერჩეულია ნახატები და სწორი მოდერაციის შემთხვევაში, დამუშავებული მეთოდი იწყებს მუშაობას მათში, ვინც ამ დავალებას ასრულებს;

ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებს დამოუკიდებლადაც აქვს თერაპიის ძალა  ცოცხალი ემოციების ტილოზე გადმოტანის მაღალი ხარისხის გამო; ბავშვობის სევდიან-სიხარულიანი ამბების სიუჟეტები კარგი საშუალებაა, გამოავლინოს ადამაინის ღრმად დამარხული ემოციები, ზედაპირზე ამოიტანოს, მოგგვაროს, სევდა, სიხარული, ცრემლი, გამოიწვიოს კათარზისი და გაგათავისუფლოს;

ნინოს ნახატების გავლენა იზრდება, როდესაც ფსიქოთერაპევტი წარმართავს ნახატებით  მუშაობას;

ქალბატონი ეთერის განმარტებით:

„მეტაფორული ასოციაციური ბარათები წარმოადგენენ უნიკალურ პროექციულ მეთოდს. ისინი საშუალებას გვაძლევენ გვერდი ავუაროთ რაციონალურ აზროვნებას, მოვხსნათ ფსიქოლოგიური თავდაცვები და შინაგანი წინააღმდეგობა, შევქმნათ დიალოგის პირობები ადამიანის გარე და შინაგან სამყაროს შორის, გვეხმარება ეკოლოგიურად აღვადგინოთ ტრავმული სიტუაცია, ჩამოვაყალიბოთ და სიტყვებით გამოვხატოთ – მოვახდინოთ ვერბალიზაცია, რასაც თავისთავად ახლავს თერაპიული ეფექტი. მეტაფორულ ბარათებთან მუშაობა ხელს უწყობს კომუნიკაციის გაუმჯობესებას და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.“

სანიმუშოდ გთავაზობთ ერთ სავარჯიშოს:

სავარჯიშო „ჩემი ისტორია“

 

მონაწილეობს – ნაკრები „საგაძური“ სრულად.

ალგორითმი – მონაწილე ღიად იღებს 4 ან 6 ბარათს (ნინო ჩაკვეტაძის ნახატების რეპროდუქცია)  და ჰყვება ისტორიას ამ ბარათების მიხედვით.

კითხვები ანალიზისთვის:

 

  1. 1. რით ჰგავს ეს ისტორია რაიმე სიტუაციას შენი ცხოვრებიდან?
  2. 2. რა გაკვეთილი ან გამოცდილება მიიღე ამ ისტორიისგან?

 

სავარჯიშო შეიძლება აქ დასრულდეს. თუმცა შესაძლებელია გაგრძელებაც, თუ ეს მონაწილის დაკვეთას ეხმიანება:

 

  1. 3. მოიფიქრე ამ ისტორიის დასრულების კიდევ 3 ვარიანტი და დაასაბუთე, რატომ იყო ამ ისტორიის დასრულების თქვენი რეალური ვარიანტი ყველაზე მისაღები?
  2. 4. შეჯამება.

ქალბატონი ეთერ ფილიპოვიჩი  მედიცინის დოქტორი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, არტქოუჩი და ნლპ პრაქტიკოსია. მისი მეტაფორული ასოციაციური ბარათების „საგანძურით“ შეგიძლიათ მიიღოთ სიამოვნება და სხვებსაც დაეხმაროთ!

მისი გამოყენება მასწავლებლებსაც შეუძლიათ!

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი