პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სამხრეთული სპილო

არჩილ ქიქოძის შემოქმედებას პირველად ძალიან უცნაურად და, ერთგვარად, რომანტიკულადაც კი გავეცანი. არ მახსოვს, რომელი წელი იყო. ღამით მოვხვდი რუსთაველზე, მელიქ აზარიანცის სახლის წინ, გაჩერებაზე, ექვს ნომერ ავტობუსს ველოდებოდი, ბოლო რეისს უნდა ჩამოევლო. უკვე თერთმეტი სრულდებოდა. მაშინ ელექტროდაფები არ იყო და არც ვიცოდი, მოვიდოდა, თუ ფეხით მომიწევდა რუსთაველიდან ჯიქიაზე წამოსვლა (ბევრჯერ წამოვსულვარ). კარგა ხანს ვიწრიალე, მერე ჩამოჯდომა გადავწყვიტე და სკამზე დაკეცილი გაზეთი ვიპოვე. არ მახსოვს, რომელი გაზეთი იყო, ალბათ “ლიტერატურული გაზეთი”. დრო თავზე საყრელად მქონდა და ავიღე გაზეთი, მოსაცდელში ბნელოდა, ამიტომ ლამპიონისკენ გავიწიე და გადავშალე. პოეზიის ხასიათზე არ ვიყავი, ვიღაცების ლექსებს გადავახტი და პირდაპირ პროზის კითხვა დავიწყე. არჩილ ქიქოძის რომელიღაც მოთხრობა იყო, ვერ ვიხსენებ, რაზე იყო, მაგრამ ავტორის სახელი კი დამამახსოვრდა.

 

მერე ინტერნეტშიც მოვიძიე მისი მოთხრობები, კრებულიც ვიყიდე. მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა რომანი დაწერილი, აღმოჩნდა, რომ არა. ხოდა აგერ, მოწიფულობის ასაკში, როცა მწერლებს, როგორც წესი, რამდენიმე რომანი აქვთ ხოლმე დაწერილი, მან დაწერა რომანი. ამაში ჩანს მისი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, ანუ ის, თუ როგორ ეკიდება მკითხველს. დარწმუნებული ვარ, ისეთ რომანს, როგორიც დღეს ბლომად იწერება, არჩილ ქიქოძე ადრეც უპრობლემოდ დაწერდა, მაგრამ არც თავს აკადრა და არც მკითხველს. დაელოდა, მოაგროვა მასალა, ჩანაწერები (რომელსაც, როგორც ვიცი, წლების მანძილზე აკეთებდა) და დაწერა ბოლო წლების საუკეთესო რომანი.

ამ ერთი შეხედვით მარტივსიუჟეტიან რომანში ურთულესი ტექნიკური პრობლემები დიდი მწერლური ოსტატობით არის გადაწყვეტილი. მსოფლიო ლიტერატურაში არაა ახალი, როცა რომანის სიუჟეტი ერთი დღის მანძილზე ვითარდება, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ამის პრეცენდენტს “სამხრეთულ სპილომდე” ვერ ვიხსენებ. “ობოლეში”, თუ სწორად მახსოვს, დღენახევრის თუ ორი დღის მანძილზე ვითარდება მოვლენები.

რომანის სიუჟეტს არ მოვყვები, რადგან მოკლე შინაარსი მასზე დაწერილ არაერთ წერილში მოუხმიათ კრიტიკოსებს, უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთი სიყვარულით დაწერილი თბილისურ-ურბანული პროზა არჩილ სულაკაურის (იქნებ ეს სეხნიობაც სულაც არაა შემთხვევითი) მერე არ წამიკითხავს. აკა მორჩილაძის ურბანული რომანები კონკრეტული ქუჩის ცხოვრებას გვიხატავს და, ერთგვარად, დაუნდობელი და “პროზაულია”, არჩილ ქიქოძის პერსონაჟი კი, ფეხით თუ ტრანსპორტით, ლამის მთელ ქალაქს შემოივლის და ლამის ყველა ქუჩას და შენობას ეფერება, ყველა კუთხე და კუნჭული პოეტურობით და გემრიელი სენტიმენტებით სავსე მოგონებებს აუშლის ხოლმე, რადგან ეს ქალაქი მისი სახლია, ის არა კონკრეტულუბნელი, არამედ მთელქალაქელია. ავტორი საოცრად ოსტატურად ახერხებს გრძნობებზე თამაშს, შეუძლია ერთ გვერდზე მაგრად გაცინოს, მეორე გვერდზე კი ისეთ მელანქოლიაში ჩაგაგდოს, რომ უბრალოდ შეწყვიტო კითხვა და კედელს მიაშტერდე, რომ ცოტა სული მოითქვა. ერთი სიტყვით, შეუძლებელია თბილისი გიყვარდეს და ეს რომანი არ მოგეწონოს.

ნარატოლოგიურად ასეთი საინტერესო ტექსტი სხვა არც მახსენდება ქართულ პროზაში. ქართველი მწერლები ნარაციის დროს ძირითადად ანალეფსისებს იყენებენ ხოლმე, რადგან ეს უფრო მარტივია, პროლეფსისების გამოყენება კი რთულია, რადგან, ჯერ ერთი, წინასწარ უნდო იცოდე, თუ რა მოხდება მომავალში, წინასწარ უნდა ფლობდე მთელ ტექსტს, როგორც რეალურად მომხდარ ამბავს, და მეორეც: პოეტურად რომ ვთქვათ, ის “კვირტი”, რომელიც შემდგომ “ყვავილად” უნდა გაიშალოს, არ უნდა იყოს ტექსტის საერთო, ლოგიკური კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამას კი დიდი ოსტატობა და, მე ვიტყოდი, დიდმწერლობა სჭირდება, არჩილი კი ამას უმაღლეს დონეზე ახერხებს. არის უამრავი შთამბეჭდავი და ტექნიკურად ვირტუოზული სცენა, მაგალითისთვის აეროპორტში მამასთან შეხვედრის სცენაც საკმარისია, სადაც მამის თავის მართლებას და მონოლოგს პროტაგონისტ-ნარატორის მხრიდან კედელზე გაკრული ანტიკური პანოს აღწერა ენაცვლება, ეს დეტალი ნებისმიერ ფსიქოლოგიზმზე უფრო ზუსტად გამოხატავს იმ წუთას მის მდგომარეობას, ისეთი შთამბეჭდავი სცენაა, რომ შეუძლებელია უემოციოდ აუარო გვერდი. თუმცა, ცნობიერების ნაკადის ამ საერთო ჯაჭვში არის ერთი-ორი ეპიზოდი, სადაც ანალეფსისი უმოტივაციოდ შემოდის თხრობაში, რაც მცირე ტექნიკურ წუნად შეიძლება ჩაითვაალოს, მაგრამ ეს გახსენებადაც არ ღირს.

 

მე მოუთმენლად ველოდები არჩილ ქიქოძის, ამ მართლაც უკვე დიდი მწერლის, მომდევნო რომანს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ლოდინი კარგა ხანს მომიწევს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი