ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ოცდაჩვიდმეტი

კარგა ხანს სტალინსა და მის ეპოქაზე საუბარს თავს ვარიდებდი, არც გაგონება და არც ხსენება აღარ მინდოდა მისი სახელის, ვისმა უზარმაზარმა პორტრეტებმაც, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას შემოდგმულმა ბიუსტებმაც ბავშვობაშივე დამზაფრა. გორში, დიდი სუფრა იქნებოდა თუ მცირე, ცამდე უნდა აეყვანათ, ჩერჩილის, რუზველტისა და სხვა ასეთივე ავტორიტეტების გამონათქვამები უნდა მოეხმოთ ბრმა სიყვარულისა თუ სულაც ახირების გასამართლებლად. ვინ იცის, საიდან მოტანილი ეს ფრაზები საზეპიროებივით ჰქონდათ ნასწავლი. ოღონდ ბოლოს მაინც გაისმოდა არცთუ თავდაჯერებით ნათქვამი: „რაც ოცდაჩვიდმეტში მოხდა…“ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევშიც ამართლებდნენ, თუმცა უკვე ნაკლები შემართებით.

რა მოხდა ოცდაჩვიდმეტში? – ვკითხე დედაჩემს და სულ სხვა მხრიდან დანახული სხვა ამბავი მოვისმინე. თავზარდამცემი. გამანადგურებელი.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, საბჭოთა რეპრესიების ხანაზეც ითქვა და დაიწერა. „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ შესანიშნავი გამოცემები მოამზადა – დოკუმენტური მასალით, ზეპირი ისტორიებით. კინო, თეატრი, ლიტერატურა კი ერთგვრად ზარმაცი დამკვირვებლის როლში დარჩა – ფაქტები ფაქტებად მიიღო, თუმცა მათზე რაიმე არსებითის დაშენება არც უცდია. ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობდი 16 სექტემბრამდე, სანამ სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის ახალ სპექტაკლს ვნახავდი. „ვეფხვი და ლომი“, რომლის ტექსტიც დავით გაბუნიამ დაწერა, ბადენის სახელმწიფო თეატრის, სამეფო უბნის თეატრისა და გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის ერთობლივი ნაწარმოებია. სპექტაკლის პრემიერა კარლსრუეში, ბადენის სახელმწიფო თეატრში, 2018 წლის მაისში შედგა.

როგორ უნდა ილაპარაკო წარსულზე? როგორ უნდა იქცეს სცენა იმ ადგილად, სადაც გარდასულ დღეთა დრამაც გათამაშდება და დაწყებული შემზარავი ამბის თხრობაც ისე გაგრძელდება, რომ მაყურებელი წამითაც ვერ მოდუნდეს? აქვთ სიტყვებს იმდენი ძალა, რომ გადაფარონ მთავარი გმირების სახეები, სხეულები, მოქმედებები? ამ სპექტაკლში სიტყვები თითქმის ყველაფერია, შენ კი – მეორე რიგის მეთერთმეტე სკამზე – იმდენადვე ხარ მსმენელი, რამდენადაც მაყურებელი. რაც გესმის – დახვეწილი, ბრწყინვალე ტექსტის ნაწყვეტებია, რომლებიც რომელიღაც უხილავ განზომილებაში ერთიანდება. ცდილობ, წარმოსახვით შექმნა ეს განზომილება, მისი ჩრდილი მაინც.

„გასაგებია. თქვა და თვალები დახარა. დააკვირდით, როგორი მძლავრი იარაღია თვალების დახრა, უსიტყვო და სრულ კაპიტულაციას ჰგავს. კაპიტულაცია არის სიტყვა. თვალები დახარა, ოდნავ გვერდით გაიხედა და მორჩა, მაშინვე დაიჯერეს, რომ ყველა კითხვა თავიდან ამოიგდო. ახლა, ამ წამს – ყველა მოლოდინის პირისპირ, ყველა მსმენელის მიუხედავად, ერთადერთი უფლება აქვს, დუმილის უფლება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. დუმილი არის სიტყვა“ („ვეფხვი და ლომი“, დავით გაბუნია).   

სცენიდან თანდათან გიმხელენ, რომ ყველაფერი სიტყვაა: დაბნეულობაც, სირცხვილიც, შიშიც, მიწაც, სხეულიც, ქორწილიც, ომიც, დავიწყებაც… ჩამონათვალს თვითნებურად აგრძელებ სპექტაკლის დამთავრებამდე და დამთავრების შემდეგაც. ისეთი განცდაა, თითქოს ეს არასდროს დასრულდება – რაღაც ისეთი გასწავლეს, რაც ყოველთვის დაგეხმარება, აუტანელი სიმძიმისთვის თვალის გასწორების ძალას მოგცემს. სიტყვებით თავბრუსხვევა. მეორე მხრივ, არანაკლებ ზემოქმედებას ახდენს ის, რასაც სცენაზე ხედავ – რეჟისორის, მხატვრის, მსახიობების ბრწყინვალე ნამუშევარი. დარბაზიდან გამოსვლისას გავიფიქრე, თუ რამეს შეიძლება დაერქვას წარმატება, დღეს, საქართველოში, და ასევე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, პირველ რიგში, ამ სპექტაკლს-მეთქი. სტალინის ეპოქაზე, ოცდაჩვიდმეტ წელზე, უმოწყალო რეპრესიებზე, მწერლის პოზიციაზე ასე უნდა ისაუბრო – შენი ამოცანისა და პასუხისმგებლობის ბოლომდე გაცნობიერებით, დიდი ოსტატობით.

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირები ფიქციურობის ნიშნებს ატარებენ, მათ საიდანღაც ვცნობთ, დიალოგებსა თუ მონოლოგებში ნაცნობ ფრაზებს ვაწყდებით – წარსულის ნაწილი ამ გზითაც იბრუნებს წუთიერ სიცოცხლეს. სახელგანთქმული მწერლების გვარებიც გვესმის, უმთავრესად ისეთ კონტექსტში, რომელსაც სიამოვნებით შევცვლიდით. საყოველთაო გაოგნება და დაბნეულობაა. იჭერენ, ხვრეტენ, ასახლებენ, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელია, რომ რამდენიმე წუთიც და მორიგი მსხვერპლი სწორედ შენ გახდები. გონება ჯიუტად უარყოფს იმ ფაქტსაც, რომ მაჩაბლის 13-ში, მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს  პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა და ეს შემზარავი ხმა საკუთარი ყურით გაიგონე.

„ვეფხვი და ლომი“ წარსულის ამბავს შესაშური სიზუსტით ჰყვება, მაგრამ ამასთანავე სივრცესაც ტოვებს მათთვის, ვისაც ნანახთან და გაგონილთან მრავალჯერ მიბრუნება, ცარიელი ადგილების ფანტაზიით შევსება სჩვევია. დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა იმ მოზარდებზეც, ბევრი არაფერი რომ იციან გასული საუკუნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და შეიძლება ისე გაიზარდონ, ისე შეუდგნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, წარმოდგენა არ ჰქონდეთ გამოვლილ გზაზე – იმ ქვეყნის წარსულზე, რომლის აწმყოც მათ ხელში იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი