პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მკითხველის მხილება – კიდევ ერთი ქართული რომანის შესახებ

35 წლის წინ, სხვა თამაშებთან ერთად, „ასოციაციობანათიც“ ვერთობოდი. თამაში ოთხ ან მეტ მოთამაშეში შეიძლებოდა და მისი წესები ასეთი იყო: მოწინაღმდეგე გუნდის ერთი წევრი მეორე გუნდის ერთ წევრს გამოსაცნობ სიტყვას ყურში უჩურჩულებდა. ორივე მოთამაშეს რომელიღაც სხვა სიტყვის დახმარებით უნდა მიეყვანათ თანაგუნდელები სწორ პასუხამდე, ანუ  გამოსაცნობ სიტყვამდე. რომელი მხარეც პირველი გამოიცნობდა ჩაფიქრებულ სიტყვას, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. მაგალითად, გამოსაცნობი სიტყვა იყო „აქლემი“. თანაგუნდელი მისანიშნებელ სიტყვად გამოიყენებდა სიტყვას „უდაბნო“. თუკი ეს ერთი სიტყვა არ იქნებოდა საკმარისი, მაშინ თამაშში მეორე გუნდი ჩაერთვებოდა და საწყისი სიტყვის მისანიშნებლად მეორე სიტყვას დაამატებდა, ვთქვათ, სიტყვას „სიგარეტი“. ამ ორი სიტყვის დახმარებით, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც იცის, რომ ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს სიგარეტს სახელწოდებით „ქემელი“, რომელიც ქართულად აქლემია, ჩაფიქრებული სიტყვა ადვილი გამოსაცნობი ხდებოდა. მაგრამ, თუკი თანაგუნდელები არ იცნობდნენ სიგარეტების დასახელებებს და კოლოფზე გამოსახულ ნახატებს, თამაში იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ რომელიმე ყოჩაღი მოთამაშე ჩაფიქრებულ სიტყვას არ გამოიცნობდა. კარგმა მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ სიტყვა „აქლემის“ გამოსაცნობად „უდაბნო“ კი არა, მისანიშნებელ სიტყვად „კუზი“ აჯობებდა, რადგან „უდაბნოზე“ ვიღაცას ქვიშა ან მზე გაახსენდებოდა, გააჩნნია, ვის რა ასოციაცია ჰქონდა შესაბამის სიტყვაზე.

ახლა მე, ამ წერილის ავტორი, თქვენ, ამ წერილის მკითხველს, ერთ სიტყვას გეტყვით, თითქოს ჩემი გუნდის წევრები იყოთ და თქვენ უნდა შეეცადოთ, გამოიცნოთ ჩაფიქრებული სიტყვა. მზად ხართ? დავიწყოთ: მისანიშნებელი სიტყვაა „არმოშლა“. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ პირველივე მცდელობაზე გამოიცანით სიტყვა და წამოიძახეთ: „დაშლა“! რადგანაც ასეთი კარგი გუნდი მყავს, რომელიც მომენტალურად, ერთი სიტყვით ხვდება, პასუხს, გთხოვთ, არ დავიშალოთ და გავაგრძელოთ წარმატებით წამოწყებული საქმე. მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ქართული სუფრაზე შეზარხოშებული მამაკაცების ბოლო, დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო. ჩემი გუნდის წევრებს არ შეგეშლებათ სწორი პასუხი და ასე მიპასუხებთ: დღეს დავიშლებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ, ხვალ იქნება თუ ზეგ, დაწყებულს გავაგრძელებთ, ე.ი. ჩვეულებას არ მოვიშლით. ახლა კი, მინდა, წერილის მკითხველებს და ჩემს შესანიშნავ თანაგუნდელებს იმ არაჩვეულებრივი რომანის წაკითხვა შემოგთავაზოთ (თუკი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ), რომლის სათაურიცაა „დაშლა“. მაგრამ, სანამ ჩემს შეფასებაში ბრმად მომენდობოდეთ, რომ რომანი არაჩვეულებრივია და წიგნების მაღაზიისკენ გაეშურებოდეთ, შევეცდები, ამ წიგნით შეძლებისდაგვარად დაგაინტერესოთ. ამისთვის კი წარმოვიდგენ, რომ წიგნის გამომცემლობამ ჩემი ნაქები ნაწარმოების ანოტაციის დაწერა მომანდო.

რას დავწერდი ანოტაციაში? ალბათ წერას სტანდარტულად დავიწყებდი: „ეს წიგნი ერთ უმუშევარ შუახნის მამაკაცზეა.“

არა, არაფრად არ ვარგა ასეთი დასაწყისი, ბრიყვიც მიხვდება, რომ წიგნს ასეთი ანოტაციით არავინ შეიძენს, ამიტომ სასწრაფოდ მეორე წინადადებას დავამატებდი: „რომელიც დროდადრო სიგარეტის მოსაწევად აივანზე გასული ჯერ ზერელედ, მერე კი დიდი ინტერესით აკვირდება მოპირდაპირე კორპუსში ახლად გადმოსულ ახალგაზრდა ყმაწვილს.“

არც ამ მეორე წინადადების გამო ღირს წიგნის შეძენა, არადა, ძალიან, ძალიან მინდა, რომ დაგაინტერესოთ ისე, რომ რომანის შინაარსი არ მოგიყვეთ წინასწარ და ინტერესის ნაპერწკალი ასე არ ჩაგიკლათ. სხვა გზა არაა, სარეკლამო ხრიკი უნდა გამოვიყენო და მორიგი წინადადებით ინტრიგა შემოვიტანო, ეგებ ასე მაინც მივაღწიო სასურველ მიზანს: „რომანის პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ ამ ყმაწვილთან სტუმრად დადის ცნობილი ადამიანი, თანამდებობის პირი. სავარაუდოდ, სწორედ მან უქირავა ბინა ყმაწვილს. სათანადოდ შეიარაღებული შუახნის უმუშევარი მამაკაცი გადაწყვეტს ყოველ ღამე დააკვირდეს საყვარლებს და ფოტოებიც გადაუღოს გარყვნილ წყვილს“.

„ასოციაციობანაში“ რომ ძლიერები იყავით, იმიტომაც მიხვდებით იოლად, რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი წინადადება. დიახ, რომანი იმ თემაზეა, რომელზე ლაპარაკიც ყველას გვიყვარს და იმაზეც, რაზეც ლაპარაკს ყველანი თავს ვარიდებთ. „ფუუუჰ, მაგ წიგნს როგორ ვიყიდი“ – ბევრ ჩვენგანს ამას გვათქმევინებს წინა წინადადების მეორე ნაწილი; მაგრამ იმავე წინადადების პირველი ნაწილი ცნობისწადილს გაგვიღვიძებს, ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ჭორაობა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. ამიტომაც უკვე აღარ ავარიდებთ თავს წიგნის ყიდვას იმ იმედით, რომ, როცა რომანს წავიკითხავთ, ამოვიცნობთ რომელი ახლანდელი თუ ყოფილი თანამდებობის პირია ნაწარმოების პროტოტიპი და ბოლობოლო გავარკვევთ, ვინ ვინ არის სინამდვილეში და ვინ რას გვიმალავს. ანუ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, დავადგენთ, ვინ ვისთან წევს, ინიღბება თუ არა ოჯახით – მეზობლების და ნათესავების მოსატყუებლად ხომ არ მოიყვანა ცოლი, გვიხვევს თუ არა თვალს და გვატყუებს თუ არა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

არადა, დავით გაბუნიას (სულ დამავიწყდა, რომ მანამდე უნდა მეხსენებინა ავტორის გვარი) ეს რომანი არც საჭორაოდ დაუწერია და არც რომელიღაც თანამდებობის პირის სამხილებლად. მისი მიზანი სულაც არაა, სიზუსტით ასახოს ის სამარცხვინო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და მერე ჩაერთოს იმ გაუმართლებელ დიალოგებში, რომელშიც მისი პოტენციური მკითხველები მონაწილეობენ. მან კარგად იცის, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში რომანში აღწერილი ფოტოკადრების მსგავსი მასალის ხელში ჩაგდება ბევრის ოცნებაა, რადგან ამ ჩალით გადახურულ ქვეყანაში შანტაჟის გზით ვიღაცამ ფული, ვიღაცამ თანამდებობა იშოვა. ყველამ ვიცით, რომ შანტაჟი ცუდია, მაგრამ, მაინც ვუსმენთ, ვუყურებთ კადრებს და პროტესტს არ ვუცხადებთ ამ უგვან საქციელს. აბა, სხვა გზა რომ არაა?! – მხრების აჩეჩვით ვპასუხობთ ჩვენსავე სინდისს და ვერ ვხვდებით, რომ დღეს თვალის დახუჭვა ხვალ ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქება.

სხვის ფანჯრებში ყურება – აი, რაზეა რომანი „დაშლა“! მაგრამ, არა მხოლოდ ამაზე. მარტო ამაზე რომ იყოს რომანი, მაშინ ნამდვილად არ გავუწევდი მას რეკომენდაციას. რადგან ვიცი, რომ ისინი, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობენ, საკმაოდ ნაკითხები არიან და ჩემზე უკეთ  მოეხსენებათ, რომ ამ თემაზე სხვა წიგნებიც დაწერილა და მერე ამ წიგნებზე ფილმებიც გადაუღიათ. მაგალითად მოვიყვან ვულრიჩის მოთხრობაზე დაფუძნებულ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმს „ფანჯარა ეზოს მხარეს“. ჰიჩკოკის ფილმმა, რომელსაც ადარებენ გაბუნიას რომანს უცხოელი რეცენზენტებიც, მრავალ ნომინაციაში მოუტანა ჯილდო და გამარჯვება შემოქმედებით კოლექტივს. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: მთავარი პერსონაჟი, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფია, და, ერთი მხრივ, მოტეხილი ფეხის გამო, სახლიდან ვერ გადის, მეორე მხრივ, აუტანელი სიცხის გამო, ეზოს ფანჯრიდან აკვირდება მეზობლებს, რომლებსაც ასევე ღია აქვთ თავიანთი ფანჯრები, გადაიქცევა წინასწარ განზრახული მკვლელობის უნებლიე მოწმედ. ფილმის დასასრული იმით არის საინტერესო, რომ ახლა უკვე ორივეფეხმოტეხილი ფოტოგრაფი ისევ ეტლში ზის და იმავე ფანჯრიდან ეზოში გამომავალი მეზობლების ფანჯრებში ყურებას აგრძელებს. ცხოვრება ამ ფანჯრებს მიღმაც ძველებურად თუ არა, ახლებურად გრძელდება. ფილმის რიგითი მაყურებელიც და იმ მოთხრობის რიგითი მკითხველიც, რომლის ეკრანიზაციასაც წარმოადგენს ფილმი, ნაკლებად დასვამს შეკითხვებს. მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მკვლელი დაისაჯა და არა ის, რომ ცუდია სხვის ფანჯრებში ყურება. მკითხველისთვის/მაყურებლისთვის სხვის ფანჯრებში ყურება პოზიტიური ეფექტის მატარებელი საქმიანობა ხდება და აღარ აინტერესებს მისი უარყოფითი მხარე…

ახლა გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეალობაში და დავუსვათ შეკითხვა საკუთარ თავებს: არაფერიც რომ არ გვქონდეს დასამალი, მოგვეწონება რომელიმეს ვინმე უსაქმურის დაკვირვების ობიექტად თუ ვიქცევით?

ჩემთვისაც დავით გაბუნიას რომანი „დაშლა“ ჩვეულებრივ რომანად დარჩებოდა იმ რიგითი მკითხველის მსგავსად, თავს რომ არ იწუხებს ზედმეტი ფიქრით, ანუ რომანად, რომელიც კარგი ენითაა დაწერილი, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, საინტერესო თემაზეა, თავად რომ არ აღმოვჩენილიყავი მსგავს სიტუაციებში. არა, ღმერთმა დამიფაროს, არც მკვლელობის მოწმე გავმხდარვარ და არც შანტაჟის მსხვერპლი, საქმე სხვაგვარად იყო.

პირველი სიტუაცია: აგვისტოში მივლინებით ვიყავი მოსკოვში. ძალიანაც არ მინდოდა მტრის ქვეყანაში მაინცდამაინც აგვისტოში წასვლა, მაგრამ საქმე საქმეა – ბიბლიოთეკებიდან ის მასალა უნდა ჩამომეტანა, რომელიც ჩვენთან არ მოიძებნა და პროექტისთვის მჭირდებოდა. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პროექტისთვის აუცილებელი მასალა მოვიპოვე, მაგრამ თბილისში გამომგზავრების წინა ღამეს სასტუმროს ნომერში დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ ჩემს არყოფნაში ვიღაცა შემოსულიყო ოთახში. ცხადია, შემეშინდა, ვინმეს რამე არ ჩაედო შეკრულ ბარგში და, სანამ რამეს ხელს ვახლებდი, დერეფანში შევამოწმე, იყო თუ არა კამერა და მივადექი ადმინისტრატორს. ადმინისტრატორმა არც უარყო, რომ ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, დამლაგებელიც არ შესულიყო ნომერში, მაინც გაეღოთ ჩემს არყოფნაში კარი და იმ საბაბით, რომ დაეცვათ სასტუმროს მობინადრეთა უსაფრთხოება, შეამოწმეს ჩემი ნომერი. არაფერი დასამალი არ მქონდა, ჩემი ბარგი მხოლოდ ქსეროასლების, კომპიუტერული დისკეტებისა და პირადი ნივთებისგან შედგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნოა, როცა შენს ნივთებში შენი ნებართვის გარეშე ვიღაც იქექება. ეს ძალიან წააგავდა სსრკ-ში სახელგანთქმული სუკ-ის მეთოდებს, რომლის ღირსეული მემკვიდრეცაა ფეესბე და დღესაც აგრძელებს ადამიანების უკანონო თვალთვალს, ჩხრეკას და ალბათ სხვა საქმიანობასაც, რომლის წარმოდგენაც კი მზარავს.

მეორე სიტუაცია: ცოტა ხნის წინ პრობლემა შევუქმენი (დავზუსტებ: ვამხილე არაპროფესიონალიზმში) რამდენიმე ადამიანს ერთ-ერთ სამსახურში (დავაზუსტებ: ბევრგან ვმუშაობ), რომელშიც ვმუშაობ და ამით აღშფოთებულმა დირექტორმა ბრძანა, სასტიკი საყვედური გამოეცხადებინათ ჩემთვის. ბრძანებას ვერაფერი ვერ გავუგე, სანამ ჩემს ადვოკატს არ წავაკითხე, ამიტომაც ფეისბუქზე დავწერე, ნეტა, რვა ენის შესწავლას ბრძანებების ენა შემესწავლა-მეთქი.  რამდენიმე დღეში, დაწესებულების იურისტს, რომელიც მეგობრებში არა მყავს, წამოსცდა, რვა ენა რომ იციო. არადა, სულაც არ ვიცი რვა ენა, უბრალოდ ოდესღაც რვა ენას ვსწავლობდი. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თურმე ჩემი პოსტები მას, დაწესებულების იურისტს შესასწავლად გადაეცემოდა. როდესაც მეგობრებთან მოვყევი ამის შესახებ, არცერთს არ გაკვირვებია და მითხრეს, ნესტან, საჯარო სამსახურებში ჩვეულებრივი ამბავია, თანამშრომელთა პოსტებს დააკვირდნენ და მერე ამის გამო პრობლემა შეუქმნანო.

ჩემი პასუხი ვუაიერისტებისთვის ცალსახად ასეთია: ნეტა რად გვინდა ადამიანებს ის თავისუფალი სივრცე, რომელსაც ინტერნეტი და სოციალური ქსელები გვაძლევს, თუკი მას სათანადოდ, ჭკუით არ გამოვიყენებთ?!

ჩემო მკითხველო, თუკი სოციალურ ქსელში გითვალთვალებენ, თუკი ოთახში კამერას დაგიმონტაჟებენ, თუკი მოსასმენ აპარატს ჩაგიდგამენ, არ უნდა გააპროტესტო? რა თქმა უნდა, შენი პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ ახლა ასე დავსვათ შეკითხვა, ჩემო მკითხველო, თუკი სხვას უთვალთვალებენ უკანონოდ, თუკი მოსასმენ აპარატს ჩაუდგამენ და საძინებელ ოთახში კამერას დაუმონტაჟებენ, უნდა გავაპროტესტოთ თუ არა? პასუხი თქვენთვის მომინდვია, მე ამაზე ჩემი პასუხი უკვე მაქვს და თქვენს ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ…

ერთხელაც დავუბრუნდეთ დავით გაბუნიას რომანს და მერე უკვე დავიშალოთ. ჩემი აზრით, „დაშლა“ ესაა სილა, რომელმაც აგვიწითლა და აგვიწვა ლოყა. სილის გაწვნის უფლება აქვს შემოქმედს. აბა, ვინ, თუ არა მან, უნდა დაგვაფიქროს, რა უსაშველო გვჭირს?! აბა, ვინ უნდა მითხრას, მე, მკითხველს, რომ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება ცუდია, რომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ აზროვნებაშიც და ცხოვრებაშიც: თუკი არ მოგვწონს, როცა უსამართლოდ გვექცევიან, მერე კი არ უნდა წავიშინოთ თავში ხელები, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა და გავაპროტესტოთ, როცა სხვას მოექცევიან უსამართლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიქნებით ღირსები, საზოგადოება გვერქვას. მე ეს დავინახე რომანში, მაგრამ მოგვიანებით, კიდევ კარგი გვიან და არა ვერასდროს. მერე კი, იცოცხლეთ, გავბრაზდი საკუთარ თავზე, როცა აღმოვაჩინე, რომ პირველად მეც მომეწონა ნაწარმოების მთავარ პერსონაჟთან ერთად სხვის ფანჯარაში ყურება, მისი მოკავშირე გავხდი, როცა მან სამსახურის შოვნა ან, უფრო სწორად, გამოძალვა გადაწყვიტა მოპოვებული კადრების სანაცვლოდ, გულიც დამწყდა, რომ გარიგება ვერ შედგა…

რომანის კითხვის პროცესში მე არასწორი მხარე დავიჭირე და ამის გამო ახლა ძალიან ვბრაზობ. სანამ დროა, წაიკითხეთ რომანი და დაფიქრდით, ვის მხარეს ხართ თქვენ, ვის მხარეს ხართ ახლა და გადაწყვიტეთ, ვის მხარეს იქნებით, როცა წიგნის ბოლო ფურცელს ჩაამთავრებთ ან, როცა თქვენ ან თქვენს ახლობლებს პრობლემა შეექმნებათ…

მოდით, დავასრულოთ ეს წერილი იმ იმედით, რომ ჩვენს პირობით გუნდს და მის დროებით დაშლას, არმოშლა მოჰყვეს, ოღონდ ეს არმოშლა განა მანკიერი ჩვევების არმოშლა, არამედ ეს არმოშლა დაფიქრების, ანალიზის, კითხვებზე სასწრაფოდ გასაცემი პასუხების ძიების არმოშლა იყოს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი