ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პირველად პირველ კლასში

საზოგადოების ნაწილად ქცევა – არის კი რაიმე ამაზე რთული ექვსი წლის ასაკში?! ყველა ადამიანს აქვს სურვილი – მცირე თუ ხალხმრავალ ადამიანთა ჯგუფში სასურველი ადგილი დაიკავოს. პატარების შიში, რომ თანატოლები არ მიიღებენ (დასცინებენ, გარიყავენ), ხანდახან ყოველდღიურ კოშმარს ემსგავსება. 

არასდროს დამავიწყდება სკოლაში წასვლის პირველი დღე. თავდაცვის იარაღად თავიდანვე არასასურველი ურთიერთობებისთვის თავის არიდება ავირჩიე. შემეშინდა, რომ საზოგადოება არ მიმიღებდა და თავად გავრიყე საკუთარი თავი თანაკლასელებისგან. მხოლოდ რამდენიმე ბავშვთან ვმეგობრობდი, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვუწოდებ საზოგადოებასთან ადაპტირების წარმატებულ მცდელობას. მე და ჩემი თანაკლასელები ერთმანეთისთვის ბოლომდე ამოუხსნელ ამოცანად დავრჩით. როგორც ხედავთ, კლასთან ადაპტაციას თვეები კი არა, წლებიც შეიძლება დასჭირდეს და, გარკვეულ შემთხვევებში, უშედეგოდაც დამთავრდეს.  ამიტომ ვთვლი, რომ მასწავლებლები მოსწავლის სკოლასთან, კლასთან  ადაპტირებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ.

***
სკოლის პირველი წელი სწავლის დაწყებასთან ერთად ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმს, ახალ ნაცნობებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებებს უკავშირდება. პატარებმა უნდა შეძლონ სკოლაში არსებული საერთო წესების მიღება და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართვა. გონებრივი და ემოციური დაძაბულობა პირველკლასელებში ხშირად პიკს აღწევს. კვლევების მიხედვით, პირველადი ადაპტაციის პერიოდი ორიდან ექვს თვემდე გრძელდება. 
პირველკლასელების გარდა, ხანგრძლივი საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული ყველა მოსწავლე მეტ-ნაკლებად საჭიროებს სასკოლო რეჟიმთან ადაპტირებას. არდადეგებისას მეტი დრო ეთმობა თანატოლებთან ერთად თამაშს, ბავშვები გვიან იძინებენ და გვიან იღვიძებენ. მათი ფსიქიკა და სხეული მოდუნებულია. არდადეგების პერიოდში ბავშვები კარგავენ დროის შეგრძნებას, რადგან მათი დღის რეჟიმი ქაოსურია, სკოლაში კი, პირიქით – ყოველი წუთი დაგეგმილია. 
                                                                                                                                     
ადაპტაცია ინდივიდუალური პროცესია და დამოკიდებულია ბავშვზე – რამდენად მზადაა ის (ინტელექტუალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად) სასკოლო ცხოვრებაში ჩასართველად, რამდენად განვითარებულია სოციალურად, ფლობს თუ არა ჯანსაღი კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს და ა.შ.

ფსიქოლოგების აზრით, ბავშვების უმეტესობა შვიდი წლის ასაკში აღწევს განვითარების იმ დონეს, რომელიც სკოლისათვის მის მზაობას განსაზღვრავს. ფიზიკური განვითარება, წარმოსახვისა და აღქმის მარაგი, აზროვნების განვითარების დონე და მეტყველება, სკოლაში სიარულის სურვილი – ეს ყველაფერი სისტემატური სწავლის  წინაპირობაა. 
ბავშვებს, რომლებსაც არ უვლიათ საბავშვო ბაღში, ყველაზე მეტად უჭირთ სასკოლო დღის რეჟიმთან შეგუება. მუდამ ჩივიან მასწავლებელთან გვერდით მჯდომ ბავშვზე, მოუხერხებელ სკამებზე, ატკიებულ მუცელზე და ა.შ. მათ ადაპტირებაში მასწავლებლის სისტემატური მუშაობა მოსწავლის სუსტი კონცენტრირების უნარისა და ნებისყოფის დახვეწაზე და, რაც მთავარია, თანატოლების კეთილგანწყობა ეხმარება.
დაწყებითი კლასების მოსწავლეთა უმეტესობას სურს, რომ მათი კლასი საუკეთესო იყოს, ამიტომ დაუზარელად ეხმარებიან ერთმანეთს. დაწყებით კლასებში იშვიათად ნახავთ მეტოქე თანაკლასელებს. ამ ასაკში ყველაზე დიდი მნიშვნელობა თანატოლის აზრს ენიჭება. ამიტომ ცდილობს თითოეული მოსწავლე თანაკლასელების პატივისცემისა და ნდობის მოპოვებას. მათი სამეგობრო წრე ამ ასაკში საკმაოდ ფართოა და მასში ყველა ის ადამიანი შედის, რომლის გულის მოგებაც მოახერხეს.

წარმატებული ადაპტაციის ნიშნები: ბავშვი მხიარული და მშვიდია, სწრაფად  პოულობს მეგობრებს, დადებითადაა განწყობილი მასწავლებლებისა და თანატოლების მიმართ, გაღიზიანების გარეშე ასრულებს საშინაო დავალებებს და ადვილად ეგუება დატვირთული დღის რეჟიმს (არ ტირის ადრე ადგომის გამო, მშვიდად სძინავს ღამით, კარგი განწყობით გადის სახლიდან), არ ავლენს შიშს ან რაიმე სხვა ტიპის დისკომფორტს თანატოლებისა თუ პედაგოგების მიმართ, ადეკვატურად რეაგირებს მათ შენიშვნებზე…

დეზადაპტაციის ნიშნები: ბავშვი მუდამ დაღლილია და შფოთავს, ვერ იძინებს ღამით და, შესაბამისად, ადრე ადგომაც უჭირს, უჩივის გვერდით მჯდომს, თითქოს ის ხელს უშლიდეს მუშაობაში, აღიზიანებს მასწავლებლის მოთხოვნები და შენიშვნები. მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებს უჭირთ სასწავლო პროცესში ჩართვა და მასალის სრულყოფილად ათვისება. 

დეზადაპტაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
არასაკმარისი ფიზიკური და ფსიქიკური მზაობა: ბავშვის ორგანიზმი მზად უნდა იყოს სკოლის რეჟიმისთვის (ხანგრძლივი ჯდომა, მხედველობის დაძაბვა, გონებრივი დატვირთვა, მოტორიკა). სუსტი ჯანმრთელობის ბავშვები პირველ წელს ხშირად აცდენენ სკოლას, დაძაბული რეჟიმი ასუსტებს მათ ორგანიზმს და ხშირად ავადმყოფობენ.     

ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეები ძნელად გადალახავენ ადაპტაციის პერიოდს. დაბალი თვითშეფასება და ყველაფერ უცხოსადმი პანიკური შიში ავტომატურად იჩენს თავს სასკოლო ცხოვრებაშიც. ისინი ნებისმიერ უწყინარ ხუმრობას თუ შეფასებას მასწავლებლებისა თუ თანატოლების მხრიდან შეურაცხყოფად აღიქვამენ და არაადეკვატურად რეაგირებენ.
                 
წესები: პირველკლასელების უმეტესობას უჭირს სკოლის წესების, საკუთარი ვალდებულებების აღქმა და მიღება. მოსწავლე მასწავლებლის ნებართვის გარეშე ვერ ახორციელებს ისეთ მარტივ აქტივობებსაც კი, როგორიცაა საჭირო ოთახში გასვლა გაკვეთილის მსვლელობის დროს, კითხვაზე პასუხის გაცემის უფლების მოპოვება და ა.შ. მათ ხშირად უნდა ესაუბროთ სკოლის წესების შექმნისა და მნიშვნელობის შესახებ, დაანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი დაცვა თითოეული მოსწავლის მხრიდან.
სუსტად განვითარებული ნებისყოფა: პირველკლასელთა უმეტესობას უჭირს გაკვეთილზე მშვიდად ჯდომა, ყურადღებით მოსმენა და დავალების სწორედ იმ ფორმით შესრულება, როგორითაც მას მასწავლებელი მოითხოვს. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და საჭიროებენ მასწავლებელთა მხრიდან მუდმივ ყურადღებას. 
სასწავლო მოტივაციის არასაკმარისი განვითარება ხელს უშლის დავალების სრულყოფილად შესრულებას. სასწავლო მოტივაციის განვითარება შესაძლებელი გახდება, თუ მასწავლებლებს, მშობლებსა და თანატოლებს სწავლის გასაუმჯობესებლად მუდმივი რეაგირება ექნებათ და მოხდება მათი სოციალური აღიარება.
ზოგიერთ მოსწავლეს მასწავლებელთან კონტაქტის დამყარება უჭირს. როცა ბავშვს დავალების აღქმა უძნელდება ინტელექტუალური ან სხვა განვითარების პრობლემის გამო, მასწავლებლის ავტორიტეტიც უფერულდება. შესაძლოა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ბარიერი უფროსებთან კონტაქტის ჩამოუყალიბებელმა უნარმაც გააჩინოს.    

                                                          

სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს თანატოლებთან ურთიერთობის გაბმის წარუმატებელი მცდელობებიც იწვევს. მგავს პრობლემას ვაწყდებით ბავშვებთან, რომლებსაც  საბავშვო ბაღში არ უვლიათ.
დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს გამუდმებით ეპარებათ ეჭვი საკუთარ ძალებში, შფოთავენ, ძნელად ეწყობიან თანატოლებს და უჭირთ სასკოლო ჟრიამულის გაძლება. ისინი მონდომებული მოსწავლეები არიან, მაგრამ მათ მიერ შესრულებული სამუშაო ხშირად დაბალ შეფასებას იმსახურებს.
მშობლების დამოკიდებულება: ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მიერ მისი სასკოლო მიღწევების აღიარებაა. ზოგჯერ მოსწავლის საშუალო მაჩვენებელი  მშობლების მხრიდან შვილის წარუმატებლობად აღიქმება. ისინი არ აქცევენ ყურადღებას ბავშვის მონდომებას, მის რეალურ მიღწევებს და  მეცადინეობაზე კონტროლის დაწესების, ორმაგი დატვირთვის გზით ცდილობენ შვილის ,,წინ წაწევას”. ბავშვი ღიზიანდება, კარგავს საკუთარი თავის რწმენას და სკოლასთან ადაპტაციის პერიოდიც ხანგრძლივდება. 
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პირველ საფეხურზე:

ადაპტაციის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა. შეაქეთ შვილი არამარტო სასწავლო მიღწევების, არამედ ნებისმიერი ემოციური თუ საზოგადოებრივი ბარიერის გადალახვის გამო (ურთიერთობის გაბმის მცდელობა, სასკოლო ხმაურთან შეგუება და სხვა).

პირველი თვეების მანძილზე მოერიდეთ კრიტიკას. სასურველი არაა, რომ მასწავლებელმა მშობელთან ბავშვის თანდასწრებით ისაუბროს მის პრობლემებზე ან, პირიქით. შენიშვნების მიცემა  სხვა ადამიანების გარემოცვაში, მით უმეტეს, იმ საზოგადოებრივ სივრცეში, რომელში დამკვიდრებასაც თქვენი შვილი თავგამოდებით ცდილობს, არაფერს მოიტანს პრობლემის გაღრმავების გარდა.

არასდროს შეადაროთ თანატოლს! უმეტეს შემთხვევაში, ბავშვის თვითშეფასება დაეცემა ან, პირიქით, თავდაცვის ინსტიქტი მის სიამაყეს არაადეკვატურობამდე აამაღლებს. შეადარეთ მისი ახალი მიღწევები ძველ ნამუშევრებს – აჩვენეთ წინსვლის პროცესი. მსგავსი მიდგომით თქვენ მას ადეკვატური თვითშეფასების მოსწავლედ აქცევთ.

სკოლა თქვენი ცხოვრების ნაწილიც უნდა გახდეს: მიიღეთ მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებში; ყოველდღიურად დაინტერესდით, როგორ გაატარა თქვენმა შვილმა სასწავლო დღე; დაეხმარეთ მას რთული დავალებების შესრულებაში; არასდროს მოიხსენიოთ აუგად მისი მასწავლებლები… მოკლედ, შემოუშვით სკოლა თქვენს ცხოვრებაში და თქვენი შვილიც ადვილად მიიღებს მას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი