შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

QAR – მეთოდი გეოგრაფიის გაკვეთილზე

დიდი ხანია ამ მეთოდს ვუტრიალებ, როგორ გამოვიყენო გეოგრაფიის გაკვეთილზე? ძალიან მომწონს, რადგან კარგად ჩანს, როგორ გავიდეს მოსწავლე მაღალ სააზროვნო დონეზე ეტაპობრივად. ზოგადი ცხრილი თითქოს მარტივი და გასაგებია, მაგრამ რატომღაც გეოგრაფიის თემებში ბოლომდე ვათავსებდი.

მინდა შემოგთავაზოთ ტეფი რაფაელის QAR მეთოდი საერთაშორისო ორგანიზაცია ნატო-ს შესწავლისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა არაერთხელ განმიხილავს გაკვეთილზე, საინტერესო და სახალისოც კი გამოსულა, განსაკუთრებით რეფლექსიის ნაწილი, სადაც სინქვეინი გამოვიყენეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პოეზიის ნიმუშებს წარმოადგენდნენ. შემდგომში უკვე მათი სურვილით არაერთხელ გამოგვიყენებია ხუთსტრიქონიანი ლექსი (სინქვეინი).

რატომ მომწონს ეს მეთოდი?

QAR-ის სტრუქტურა მოსწავლეს ეხმარება პრობლემის გაგებაში, ანალიზსა და შეფასებაში. სხვადასხვა სახის კითხვის დახმარებით, მოსწავლეები იგებენ, რომ სწორი პასუხი შეიძლება მოითხოვდეს არა მარტო ინფორმაციის წაკითხვას, არამედ ანალიზსა და ინტერპრეტაციას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, აზრს, იშველიებენ გამოცდილებას წაკითხულის ირგვლივ და ახდენენ ფაქტის ან მოვლენის შეფასებას.

კითხვა, რომელიც დაკავშირებულია გრაფიკულ მონაცემებთან ან ტექსტთან, მოიცავს კომპლექსურ, მრავალმხრივ პროცესს, რომელიც მოითხოვს კითხვის გააზრებას.  განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება გაანალიზება და პასუხის ჩამოყალიბება.

QAR-ის ტიპის განსაზღვრა ხელს უწყობს კრიტიკული და შემოქმედებით უნარების განვითარებას.

გთავაზობთ ზოგად ჩარჩოს:

სწორედ მანდ ან პირდაპირ ტექსტში

განმარტება: კითხვაზე პასუხის გასაცემად ინფორმაცია მკაფიოდ არის მოცემული

გრაფიკულ ორგანიზატორებში და ტექსტში. მოსწავლეები მხოლოდ საჭიროებენ,

წაიკითხონ გრაფიკული გამოსახულება ან ტექსტი და გამოიყენონ მიწოდებული ინფორმაცია. იპოვონ სწორი პასუხი.

 

ავტორი და შენ

განმარტება: პასუხი პირდაპირ არ არის გრაფიკულ ორგანიზატორებში და ტექსტში.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ინფორმაცია, რაც უკვე იცით თემის შესახებ. გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და ავტორის ინფორმაცია კითხვაზე პასუხის გასაცემად. პასუხი მოითხოვს არამარტო ინფორმაციის გამოყენებას, არამედ ინტერპრეტაციას.

იფიქრე და მოძებნე

განმარტება: პასუხი არის გრაფიკებზე და ტექსტში;  თუმცა, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ მრავალრიცხოვან მონაცემს, ფაქტორს,  უნდა დააკავშიროთ სხვადასხვა გრაფიკული ელემენტი, რათა გასცეთ პასუხი.

თქვენ უნდა დაადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

იფიქრე და მოძებნე სხვადასხვა ელემენტი.

შენ თვითონ (დამოუკიდებლად)

განმარტება: პასუხი არ არის გრაფიკულ ორგანიზატორებსა და ტექსტში.

პასუხი შეგიძლიათ გასცეთ თქვენ მიერ უკვე ცნობილი თემის შესახებ არსებული ინფორმაციის დახმარებით ან თქვენი გამოცდილების საფუძველზე.

გრაფიკები და ტექსტი, როგორც წესი, დაგეხმარებათ, გასცეთ კონკრეტული და ნათელი პასუხი კითხვაზე.

 

 

პირდაპირ ტექსტში აზროვნების დაბალი დონის შეკითხვათა ტიპია და ექსპლიციტური, ანუ ფაქტობრივი მასალის მოძიებას ემსახურება. მაღალი დონის შეკითხვათა ტიპები კი – იმპლიციტურს, ანუ წვდომასა და გააზრებაზე ორიენტირებულს. იმპლიციტური შეკითხვები ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრებას, გმირთა ხასიათების ამოცნობას, პრობლემათა დაფიქსირებას, მისი გადაწყვეტის გზების ძიებას, ნაწარმოების დედააზრის გამოკვეთას, შეფასებას და ა. შ. ემსახურება. იფიქრე და მოძებნე, ავტორი და შენ და შენ თვითონ სწორედ იმპლიციტური შეკითხვებია.

რაც შეეხება კონკრეტულ თემას მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ტექსტი და რუკები და გააცნონ თანაკლასელებს ნატო-ს შექმნის იდეა, სტრუქტურა, პარტნიორები და გაფართოების გეგმა.

სწორედ მანდ ან პირდაპირ ტექსტში

როდის და სად შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია ნატო?

რომელი ქვეყნები იყო ნატო-ს დამფუძნებელი?

რა მისია აქვს ნატო-ს?

რომელი ქვეყნები შედიან პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP)?

 

ავტორი და შენ

განმარტება:

რას ემყარება ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკა“ ემყარება და ამართლებს თუ არა მისიას?

რა ფუნქცია აქვს ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს  (EAPC)? როგორ შეაფასებ მის მიზანს?

რა როლს თამაშობს ნატო მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში?

 

იფიქრე და მოძებნე

განმარტება:

რა კავშირია XX საუკუნეში მიმდინარე პროცესები ნატოს გაფართოებასთან?

რა მიზანი და შედეგი ჰქონდა ნატო-ს გაფართოებას?

შენ თვითონ (დამოუკიდებლად)

განმარტება:

როგორ გესახება ნატო-ს მომავალი შესაძლო გაფართოება? არგუმენტირებულად დაასაბუთე.

 

გთავაზობთ რესურსებს: ტექსტს და რუკას.

I ნატო

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს. ეს არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება. ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ის იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ. ნატო არის სამთავრობათშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსენსუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან; ალიანსის ერთ რომელიმე წევრზე თავდასხმა ყველა დანარჩენ წევრზე თავდასხმად განიხილება, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული: „ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ან რამდენიმე მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა ყველას წინააღმდეგ და არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენებით და საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალის გამოყენებით, ისინი დახმარებას გაუწევენ საფრთხეში მყოფ მხარეს ან მხარეებს, რათა შეინარჩუნონ ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება. ნებისმიერი ამგვარი სახის შეიარაღებული თავდასხმისა და მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. ამგვარი ღონისძიებები დასრულდება მაშინ, როცა უშიშროების საბჭო მიიღებს ზომებს, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენისკენ იქნება მიმართული.

II – პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის დამყარებას ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ტრავემუნდში (გერმანია) ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე იქნა შემოთავაზებული, როგორც ამერიკის ინიციატივა. 1994 წლის 10-11 იანვარს ნატო-მ წარადგინა პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა – „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური ურთიერთობა ნატო-სთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით თანამშრომლობისთვის. დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი ემყარება, „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და მყარი თანამშრომლობის ჩამოყალიბება როგორც ნატო-სა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს. პარტნიორი სახელმწიფო იღებს დემოკრატიული საზოგადოების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაერო-ს ქარტიის, ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების, არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და ნატო-სთან ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ. „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში ალიანსი და პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებსა და სამეცნიერო კვლევებში. პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

ნატო-ს პარტნიორების რუკა

III. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო

ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) არის მრავალმხრივი ფორუმი, რომელიც ნატო-ს, ევროპაში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებსა და ევროპის პერიფერიაზე მდებარე აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით არის შექმნილი. წევრი ქვეყნები იკრიბებიან, რათა ითანამშრომლონ და შეთანხმდნენ რიგ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა 1997 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელმაც ჩაანაცვლა ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო. ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო არის 28 წევრი სახელმწიფოსა და 22 პარტნიორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორუმი, რომელიც იკრიბება ყოველთვიურად ელჩების დონეზე, ხოლო ყოველწლიურად – საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. გრძელვადიანი პოლიტიკური კონსულტაციები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში ხორციელდება ევროატლანტიკური პარტნიორობის სამუშაო პროგრამის ფარგლებში. ეს სფეროები მოიცავს მშვიდობის დაცვისა და კრიზისების მართვის ოპერაციებს, რეგიონულ საკითხებს, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე კონტროლს, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, დაგეგმვის, ბიუჯეტისა და სტრატეგიის პოლიტიკას, საგანგებო სიტუაციების დაგეგმარებას, შეიარაღების ოპერაციებს, ატომურ უსაფრთხოებას, საჰაერო მიმოსვლის მართვის სამოქალაქო და სამხედრო კოორდინაციასა და სამეცნიერო თანამშრომლობას.

  1. ნატო-ს სტრუქტურა

ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებისა და მისიების მუშაობის სრულყოფილად განხორციელებას ხელს უწყობს ნატო-ს საერთაშორისო და საერთაშორისო სამხედრო სამსახური, რომელიც მდებარეობს ორგანიზაციის შტაბბინაში. თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენელს აქვს თავისი განსაზღვრული ადგილი საბჭოს შეხვედრებზე და არსებულ კომიტეტებში, მათ აქვთ სუვერენული ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად ისინი პასუხისმგებელი არიან მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ნატო-ს შტაბბინა არის ალიანსის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მუდმივი ადგილსამყოფელი. ნატოს შტაბბინაში ყველა წევრი ქვეყნიდან სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლები კონსენსუსის საფუძველზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბებიან. შტაბბინა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის წარმოების ადგილს პარტნიორ ქვეყნებსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით მათ ერთობლივ მუშაობას უზრუნველყოფს. ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამსახურს, მაგრამ ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არის საერთაშორისო სამსახურის წევრი. მას აქვს პირადი ოფისი, რომელშიც შედის დირექტორი, მომუშავე პერსონალი, გენერალური მდივნის მოადგილე, სამართლებრივი საკითხების მრჩეველი და პოლიტიკის დაგეგმარების განყოფილება. ნატო იმართება 28 წევრი სახელმწიფოს მიერ. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი განისაზღვრება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულებით და სხვა არსებული დოკუმენტებით. ყველა წევრი სახელმწიფო აგზავნის დელეგაციას ბრიუსელში, (ბელგია) ნატოს შტაბბინაში. თითოეული დელეგაციის ხელმძღვანელი არის მუდმივი წარმომადგენელი. მუდმივი წარმომადგენლები ქმნიან ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც იკრიბება კვირაში ერთხელ და აქვს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება. საბჭო პერიოდულად ატარებს უფრო მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც იკრიბება წევრი სახელმწიფოების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ან სახელმწიფოს მეთაურები. ამ დონის შეხვედრებზე გადაწყვეტილებები მიიღება ნატო-ს პოლიტიკასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, თუ რა დონეზე ტარდება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები, მიღებულ გადაწყვეტილებებს თანაბარი ძალა აქვს. ნატო-ს შტაბბინაში დაახლოებით 4200 ადამიანი მუშაობს სრული განაკვეთით. ამათგან 2100 არის მოკავშირე ქვეყნების ეროვნული დელეგაციის წევრი და ნატო-ს სამხედრო ეროვნული წარმომადგენელი. დაახლოებით 1200 არის ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის სამოქალაქო წევრი, ხოლო 500-ზე მეტი  საერთაშორისო ეროვნული სამხედრო სამსახურის წევრი. სამოქალაქო წევრები, ნატო-ს სააგენტოების თანამშრომლების ჩათვლით, საქმიანობენ ბრიუსელის გარეთ; იმ სამოქალაქო წევრების რაოდენობა, რომლებიც მსახურობენ ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურში, დაახლოებით 5200-ს აღწევს.

  1. ნატო-ს გაფართოება

ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ემყარება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ალიანსის წევრად მიწვევას, იღებს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ნატო-ს ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატო-ს არაწევრი სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებაში. ნატო-ს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებაში, საერთო დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ნატო-ს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა, წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატო-ს წევრ ქვეყანათა რაოდენობა, გაფართოების ექვსი საფეხურის გავლით, 12-დან 28-მდე გაიზარდა. გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და თურქეთი (1952), დასავლეთი გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) გახდნენ წევრი ქვეყნები, მიმდინარეობდა ცივი ომის დროს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოების პროცესი ინტენსიური დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი შიშობდა, როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, 1995 წელს ალიანსმა ჩაატარა სწავლება ნატო-ს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წელს მადრიდის სამიტზე გაწევრების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია. ეს ქვეყნები 1999 წელს შეუერთდენენ ალიანსს. ისინი გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიმუშავეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan – MAP), რაც ალიანსში გაწევრების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა. ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით მიიწვიეს ალიანსის პრაღის სამიტზე 2002 წელს და ნატო-ს წევრები გახდნენ 2004 წელს. აღსანიშნავია, რომ შვიდივე ქვეყანა მონაწილეობდა წევრობის სამოქმედო გეგმის შედგენაში. ალბანეთი და ხორვატია, რომელთა მოწვევა 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე მოხდა, ფორმალურად ალიანსის წევრები გახდნენ 2009 წლის 1 აპრილს. 2009 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაწევრების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მიზნით მოიწვიეს მონტენეგრო, ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებოდა მიწვეული მას შემდეგ, რაც ის მიაღწევდა საჭირო პროგრესს რეფორმების გატარების კუთხით. ბუქარესტის სამიტზე გაფართოების შესახებ მიღებული იყო მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ბოსნია-ჰერცოგოვინასა და მონტენეგროსთან დაიწყო ინტენსიური დიალოგი გაწევრებასა და რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით. მოკავშირე ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა, რომლებიც უკვე ჩართული იყვნენ ინტენსიურ დიალოგში ნატო-სთან, მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრი სახელმწიფოები.

ნატო-ს გაფართოება

წლები  ქვეყანა წევრთა რაოდენობა 1949 წლის 4 აპრილი დამფუძნებლები: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, აშშ, საფრანგეთი 12 1952 წლის 18 თებერვალი  პირველი გაფართოება: საბერძნეთი, თურქეთი 14 1955 წლის 9 მაისი მეორე გაფართოება: გერმანია 15 1982 წლის 30 მაისი მესამე გაფართოება: ესპანეთი 16 1999 წლის 12 მაისი მეოთხე გაფართოება: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი 19 2004 წლის 29 მარტი მეხუთე გაფართოება: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი 26 2009 წლის 1 აპრილი მეექვსე გაფართოება: ალბანეთი, ხორვატია. 28

ამ რესურსებით შესაძლებელია QAR მეთოდის კითხვებს დაემატოს ან რომელიმე ამოვარდეს, მე მხოლოდ ერთი ნიმუში შემოგთავაზეთ.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.readwritethink.org/classroom-resources/lesson-plans/qars-tables-successful-comprehension-151.html

მალვინა შანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი – ტექსტის გაგება – გააზრებაზე მუშაობის მეთოდები და სტრატეგიები

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი