შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

პლაგიატი და ლიტერატურის მითითება

2011 წელს „ზუდდოიჩე ცაიტუნგმა“ (Süddeutsche Zeitung) გერმანიის თავდაცვის მინისტრ კარლ თეოდორ გუტენბერგს პლაგიატი დასდო ბრალად. საქმე ეხებოდა სადოქტორო ნაშრომს, რომელშიც ბრემენის უნივერსიტეტის იმდროინდელმა საჯარო და სამოქალაქო სამართლის პროფესორმა ფიშერ-ლესკანომ პლაგიატის შემთხვევები აღმოაჩინა. 2007 წელს დაცული დისერტაცია, რომლის მეშვეობითაც გუტენბერგმა სამართლის დოქტორის წოდება მიიღო, საჯარო სკანდალის შემდეგ განსახილველად გადაეცა უნივერსიტეტის ომბუდსმენს, რომელმაც დაადგინა, რომ ნაშრომში მთელი აბზაცები იყო კოპირებული სხვადასხვა ლიტერატურიდან ავტორისა და გამომცემლობის მითითების გარეშე. ბაიროითის (გერმანია, ბავარია) უნივერსიტეტის უფლებამოსილმა საბჭომ მინისტრისთვის დოქტორის ხარისხის ჩამორთმევა გადაწყვიტა. გუტენბერგი, რომელსაც თავდაცვის მინისტრობამდე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მინისტრის პოსტს ეკავა და რომელსაც ბრწყინვალე პოლიტიკურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. თავდაპირველად იგი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ სადოქტორო ნაშრომი მხოლოდ მისი „საკუთარი ინტელექტუალური პროდუქტი“ იყო, ომბუდსმენის დასკვნის შემდეგ კი მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, პარტიული მანდატი და გერმანიაც დატოვა.

ასეთი სკანდალები ხშირია სამეცნიერო საზოგადოებაში. გერმანულ გაზეთებში მრავლად ნახავთ ინფორმაციას პროფესორებზე, რომლებიც ერთ უნივერსიტეტში დაწუნებულ სამეცნიერო ნაშრომს წარმატებით იცავენ სხვაგან, აკოპირებენ კოლეგების სტატიებს და ა.შ. გუტენბერგის სკანდალის შემდეგ, უნივერსიტეტებმა პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკა საგრძნობლად დახვეწეს და გაამკაცრეს. დანერგეს ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამები, შემოიღეს დიდი ფულადი ჯარიმები. ბევრ უნივერსიტეტში სტუდენტი ყოველი წერილობითი ნაშრომის ჩაბარებასთან ერთად აბარებს ხელწერილს, რომლითაც ადასტურებს, რომ არაფერი „მოუპარავს“. წინაღმდეგ შემთხვევაში მას უნივერსიტეტიდან გარიცხვა და ფულადი ჯარიმა ემუქრება.

პლაგიატი, როგორც ყველამ იცის, ნიშნავს სხვისი ინტელექტუალური (ლიტერატურული, სამეცნიერო და ა.შ.)  ნაშრომის მითვისებას ავტორის მითითების გარეშე. ეს, უპირველეს ყოვლისა, იმის გააზრებას მოითხოვს, რომ ინტელექტუალური შრომის ნაყოფიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ნებისმიერი უძრავი თუ მოძრავი ქონება. შესაბამისად, მისი მითვისება არაეთიკური და კანონსაწინააღმდეგოც შეიძლება იყოს.

ქართულ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეშიც პლაგიატის არაერთ შემთხვევას წააწყდებით. ბევრი ვერც კი ხვდება, რომ ეს პლაგიატთია. მაგალითად, თუ მეთოდური სტატიის დასასრულს გამოყენებული ლიტერატურა მიუთითეს, მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისია. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის და ახლავე მოგახსენებთ, რატომ:

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ავირჩიოთ ციტირების რომელიმე წესი. თავად ვორდის პროგრამას აქვს ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ ლიტერატურის მითითებასა და ციტირებაში და გთავაზობთ ციტირების რამდენიმე გავრცელებულ წესს, როგორებიცაა APA, Chicago, Turabian და სხვა. სპეციალურ ველში შეგიძლიათ შეიყვანოთ ინფორმაცია წიგნის, სტატიის, ელექტრონული რესურსის შესახებ და სურვილის შემთხვევაში პროგრამა, თქვენ მიერ შერჩეული ციტირების წესის შესაბამისად, ავტომატურად მიუთითებს შესაბამის ნაშრომს. თუ თავად გსურთ დახელოვნდეთ ციტირების წესებში, ინტერნეტში იპოვით შესაბამისი სტილის სახელმძღვანელოებს, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი ციტირების ყველა ნიუანსი.

გახსოვდეთ, სამეცნიერო სტატიის წერის დროს აუცილებელია ციტირების წესების დაცვა შემდეგ შემთხვევებში:

  1. როდესაც რომელიმე ავტორის მოსაზრებას საკუთარი სიტყვებით გადმოსცემთ. მაგალითად, ვწერთ სამეცნიერო-მეთოდურ სტატიას, რომელშიც მოვიხმობთ თამთა კობახიძის მოსაზრებებს ჩვენი თეორიის გასამყარებლად: „სწორედ ამას ამბობდა თამთა კობახიძეც, როდესაც ამტკიცებდა რომ…“ ამ შემთხვევაში აუცილებელია, ტექსტშიც მივუთითოთ, რომელ წყაროს ვეყრდნობით, სად წავიკითხეთ აღნიშნული მოსაზრება – რომელ წიგნში, რომელი გამომცემლობის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოში. როგორ მიუთითებთ ლიტერატურას ტექტში, დამოკიდებულია იმაზე, ციტირების რომელი სტილს აირჩევთ. APA-ს შემთხვევაში, პირობითად, ასე: (კობახიძე, 2018).
  2. როდესაც რომელიმე ავტორის მოსაზრებას გადმოსცემთ ზუსტად ისე, როგორც ნაშრომშია მოყვანილი, მაშასადამე გადმოგაქვთ პირდაპირი კოპირებით. ამ შემთხვევაში APA ორგვარ წესს გვთავაზობს: თუ ციტატა 40 სიტყვაზე მეტია, შეიძლება, პირდაპირ ტექსტში იყოს ჩართული, ჩისვას ბრჭყალებში და ბოლოს მიეთითოს ავტორი, წელი და წიგნის კონკრეტული გვერდი; თუ ციტატა 40 სიტყვას აჭარბებს, მაშინ იმავე პრინციპის დაცვით ცალკე აბზაცად უნდა იყოს გამოტანილი.

ციტირება აუცილებელია ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც წიგნს მრავალი ავტორი ჰყავს, ერთი სახელწოდების ქვეშ სხვადასხვა ავტორია გაერთიანებული, ერთ ავტორს მეორის მოსაზრება აქვს გამოყენებული და ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელის ციტირება გვსურს, ან რესურსი განთავსებულია ინტერნეტში, ავტორი ანონიმია ან უცნობია და ა.შ.

ციტირების ყველა სტილი ასევე ითვალისწინებს მათემატიკური ფორმულების ნაშრომში წარმოდგენის წესებს, გრაფიკების, დიაგრამების აგებისა და ნაშრომის გაფორმების პირობებს. ამასთან, აუცილებელია ნაშრომის ბოლოს მითითებულ ლიტერატურაში ყველა იმ ავტორის მოხსენიებაც, რომლებიც ტექსტში მოვიხმეთ.

არსებობს თვითპლაგიატის ცნებაც, რომელიც გულისხმობს საკუთარი ნაშრომის კოპირებას ან საკუთარი თავისთვის „მოპარვას“. მაგალითად, ახალი სტატიისთვის კონკრეტული აბზაცების აღება ძველი, ჩემ მიერვე უკვე გამოქვეყნებული მასალიდან ავტორის მიუთითებლად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში მოსაზრებები მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მსგავსი შემთხვევები მაინც პლაგიატად განიხილება.

ციტირების ყოველგვარი სტილი მკაცრად განსაზღვრავს იმასაც, როგორ უნდა წარმოვადგინოთ გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი. მაგალითად ჯერ წელი დავწეროთ თუ ავტორის გვარი, გამომცემლობა დახრილი შრიფტით უნდა იყოს თუ ჩვეულებრივით და ა.შ. ასეთ დონეზე ციტირების წესების დაცვა სამეცნიერო სფეროში, რა თქმა უნდა, სავალდებულოა, მასწავლებლის მიერ მომზადებული სტატიის განხილვისას კი საკმარისია იმ ძირითადი წესების დაცვა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

ის ფაქტი, რომ ქართველ მოსწავლეებს საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში პლაგიატთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ არ მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ყველასგან „იპარავს“. ეს პირველ რიგში ინფორმაციისა და პრაქტიკის ნაკლებობის შედეგია. ამიტომ, მნიშვნელოვანია პლაგიატთან ბრძოლა პირველად სკოლაში დაიწყოს, სადაც მოსწავლეებს ცნების მნიშვნელობას და გამოყენებული ლიტერატურის მითითების მარტივ წესებს ავუხსნით. მაგალითად, მასწავლებლები ხშირად აძლევენ მოსწავლეებს დავალებებს, რომლებიც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას ან რეფერატის, ესსეს თუ სხვა წერილობითი ნამუშევრის შექმნას ისახავს მიზნად. სწორედ ასეთი დავალებების დროს შეგვიძლია მოსწავლეებს ავუხსნათ ლიტერატურის მითითების მარტივი წესი და ვთხოვოთ, ყველა შემდგომ დავალებას გამოყენებული რესურსების ჩამონათვალი გაუკეთონ (თუნდაც სახელმძღვანელოს გამოყენების შემთხვევაში). ამისათვის საჭიროა ჯერ თავად მასწავლებელმა, განათლების მუშაკებმა გაიაზროს რა არის პლაგიატი ნებით თუ უნებლიეთ არ მიითვისოს ის, რასაც სხვისი ინტელექტუალური საკუთრება ჰქვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი