ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მდგრადი არქიტექტურა და გეოგრაფია

კვლავ გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეამ შემიპყრო. აბა, როგორ ავუვლი გვერდს, როცა ჩვენი წინაპრებიც კი სახლების მშენებლობისას გეოგრაფიულ გარემო ფაქტორებს ითვალისწინებდნენ.

ტრადიციული ქართულ გლეხურ სახლებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ ენერგოეფექტურობის ძირითადი პრინციპები და გამომდინარე ადგილობრივი პირობებიდან, შეძლებისდაგვარად იცავდენ მათ.

დღეს ყველაზე აქტუალური საკითხი მდგრადი განვითარებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რიო-დე-ჟანეიროს კონფერენციაზე. იგი იქცა კაცობრიობის მომავლის ყველაზე ცნობილ გლობალურ მოდელად.

გარდა ამისა, ეს თემა 2015 წლის 25 სექტემბერს გაერო-ს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან  მე-7 და მე-11 მიზანს ეხმაურება.

მიზანი 7: ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

  • ენერგიის სახეები – განახლებადი, მზის, ქარის, გეოთერმული, მიქცევა-მოქცევის;
  • ენერგიის ეფექტიანობა და დაზოგვა;
  • ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების საკითხები.

მიზანი 11. ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. მდგრადი და უსაფრთხო საკვები.

  • ურბანული ეკოლოგია და ველური ბუნების ადაპტაცია თანამედროვე დასახლებებთან;
  • მდგრადი შენობა-ნაგებობები და სივრცითი განვითარება;
  • ნარჩენების მართვა;
  • წყლის ციკლი (მწვანე სახურავი, წვიმის წყლის შეგროვება, ძველი არხების/კალაპოტების განახლება, მდგრადი ურბანული სადრენაჟო სისტემები).

1993 წელს არქიტექტორთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს “დეკლარაცია მდგრადი მომავლისათვის”, მასში ნათქვამია: „არქიტექტურული გარემო და ცალკეული შენობები ხშირად უარყოფით გავლენას ახდენენ ბუნებრივ გარემოზე, ამიტომ არქიტექტორების მოვალეობაა, შექმნან ისეთი არქიტექტურული გარემო, რომელიც დააკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს და ამავე დროს შეინარჩუნებს და კიდევაც გააუმჯობესებს ბუნებრივ გარემოს“.

დღეს მსოფლიოში მიღებულია მდგრადი არქიტექტურის (sustainable architecture) შემდეგი განსაზღვრება:

”შენობების და მთლიანობაში არქიტექტურული გარემოს ხანგრძლივი (მდგრადი) ექსპლოატაციის შესაძლებლობა, როგორც დღეს მცხოვრები, ისე მომავალი თაობების კომფორტული ცხოვრებისა და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების უზრუნველყოფის პირობით”.

არქიტექტურის მდგრადი განვითარების კონცეფცია გულისხმობს როგორც განაშენიანების, ასევე შენობების დაპროექტების პროცესში ადამიანისთვის ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას.

ზოგადად მდგრად არქიტექტურაში იგულისხმება ურთიერთდაკავშირებული შემდეგი ძირითადი კომპონენტების ერთობლიობა:

  • შენობების კომფორტული მიკროკლიმატი, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე;
  • შენობების ენერგოეფექტურობა;
  • განახლებადი ენერგიის გამოყენება;
  • შენობების ყველა ენერგეტიკული ელემენტის მთლიანობაში განხილვა და მათი ოპტიმიზაცია;
  • ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენება;
  • სათბური აირების ემისიის შემცირება.

ამ კომპონენტებს შორის ურთიერთქმედებისა და კომპრომისების ძიება XXI საუკუნის არქიტექტორებისა და სხვა დარგის სპეციალისტების ძირითადი ამოცანაა. მდგრადი არქიტექტურის ძირითადი კომპონენტების ერთობლიობაში წამყვანი ადგილი უკავია:

  1. შენობებში კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე;
  2. შენობების ენერგოეფექტურობას;
  3. ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალების გამოყენებას.

სათავსოს შიგნით ფიზიკური გარემო, ანუ მიკროკლიმატი და მისი გამოთვლის მეთოდები, პირდაპირ კავშირშია მშენებლობის რაიონის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან, ამიტომ საჭიროა შესაბამისი კლიმატური გარემოს პარამეტრების შესწავლა.

არქიტექტურული კლიმატოლოგია შეისწავლის კლიმატის იმ ელემენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არქიტექტურული დაგეგმარების და სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესებზე.

ეს ცოდნა საშუალებას აძლევს არქიტექტორს, სხვადასხვა კლიმატურ რაიონში, არქიტექტურულ-გეგმარებითი ხერხებით, ერთი მხრივ, შეამციროს ბუნების უარყოფითი გავლენა ადამიანზე და შენობებზე, მეორე მხრივ, მაქსიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი კლიმატური რესურსები.

მრავალრიცხოვანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საცხოვრისის მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, შეიძლება დავყოთ ხუთ ძირითად პუნქტად:

  1. ბუნებრივ-კლიმატური პირობები;
  2. ადგილობრივი მასალების ხასიათი;
  3. მოსახლეობის სოციალური სტრუქტურა, ოჯახის სტრუქტურა;
  4. პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ტექნიკის განვითარების დონე;
  5. კულტურული მემკვიდრეობის ხასიათი, რომელიც ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე.

პირველი ორი ფაქტორი (ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ადგილობრივი მასალების ხასიათი) საცხოვრისის განვითარების ყველა ეტაპზე თითქმის უცვლელად განსაზღვრავდნენ სახლის სტრუქტურას (მაგალითად, დარბაზული ტიპის საცხოვრებელი აღმოსავლეთ საქართველოში, საჯალაბო სახლი – დასავლეთ საქართველოში, კალოიანი სახლი – მთა-გორიან რეგიონებში).

ბუნებრივ-კლმატური ფაქტორები საცხოვრებლის განვითარებაზე ზემოქმედებდნენ:

ა) გლეხის სამეურნეო საქმიანობის ხასიათის მიხედვით;

ბ) ნესტიანობისა და ნალექების რაოდენობის მიხედვით;

გ) ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით;

დ) რელიეფის ტიპის მიხედვით.

  1. საცხოვრებლის სტრუქტურული მოწყობა, ძირითადად განისაზღვრება გლეხის სამეურნეო მოღვაწეობის მიხედვით, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე. ხორბლისა და სხვა მარცვლეულის შემგროვებელს, მევენახეს, ველზე მცხოვრებ გლეხს სჭირდება ისეთი საცხოვრებელი, სადაც გათვალისწინებული იქნება სამეურნეო ხასიათის სივრცე: ბეღელი, მარანი და ა.შ. ხოლო მთიან რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობების გამო ძირითადი სამეურნეო საქმიანობა არის მეცხოველეობა, საცხოვრებელი თავის თავში ითვალისწინებს სივრცეს საქონლის სადგომად, ადგილს მისი საკვების შესანახად, რძისა და რძის პროდუქტების შესანახად და ა.შ.
  2. ტენიანობის მაჩვენებელი და ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განსაზღვრავს კონსტრუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის – გადახურვის ფორმასა და ხასიათს. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი კლიმატი იძლევა საშუალებას, მოეწყოს ბრტყელი გადახურვა. ხოლო დასავლეთ საქართველოს ნოტიო ჰავა და ნალექების უხვი რაოდენობა აუცილებელს ხდის დახრილი სახურავის მოწყობას.
  3. ტემპერატურული რეჟიმი, კლიმატის ხასიათი, მისი სიმკაცრე ან სირბილე განსაზღვრავს სახლის შემომზღუდავი კონსტრუქციის – კედლების სისქეს. დასავლეთის რბილი კლიმატი იძლევა შეფიცრული ან დაწნული კედლების მოწყობის საშუალებას. უფრო მკაცრი აღმოსავლეთისა და მთის რეგიონების კლიმატი კი საჭიროს ხდის კაპიტალური ქვის ან მორების კედლებისა და სქელი გადახურვის არსებობას, ასევე ცხოველური ფიზიოლოგიური სითბოს გამოყენებას.
  4. რელიეფის ტიპი (დახრილი, სწორი, არაერთგვაროვანი) განსაზღვრავს სახლის ფუძის სიმაღლეს. აღმოსავლეთისა და მთის საქართველოს რელიეფი განსაზღვრავს საცხოვრებლის ნაწილობრივ მიწაში ჩაფვლას, რაც უკეთ ესადაგება მშრალი და მკაცრი კლიმატის პირობებს, ასევე მთიანი რეგიონების საცხოვრებლების ფუნქციურ სტრუქტურას – ტერასული სახლები, რომელთა თითოეული სართული წარმოადგენს ზედა სართულის ეზოს. ხოლო კოლხეთის დაბლობის რბილი, ნესტიანი კლიმატი, ჭაობიანი ნიადაგი განსაზღვრავს სახლების ხიმინჯებზე შედგომის საჭიროებას.

ადგილობრივი სამშენებლო მასალები და მათი დამუშავების საშუალებები, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, განსაზღვრავს საცხოვრებლის არქიტექტურის თავისებურებასა და მისი აგების საშუალებას. აღმოსავლეთში ქვის კედლები (რიყის ქვები ხსნარით, ფიქალი ძირითადად ხსნარის გარეშე), ხოლო დასავლეთში – ხის კედლები (მორების, შეფიცრული ან დაწნული).

ქართლის დარბაზში ფოთლოვანი ხის მასალის, ხოლო სამცხე-თრიალეთის დარბაზში წიწვოვანი მასალის კონსტრუქციებში გამოყენება განსაზღვრავს ინტერიერის განსხვავებულ მხატვრულ-დეკორატიულ გადაწყვეტას, მაგალითისთვის: პლასტიკური და ორნამენტული – აღმოსავლეთში, ხოლო მკაცრი გეომეტრიული – სამცხე-თრიალეთში.

კავკასიონის მთებში არსებული ფლეთილი ფიქალის ხელმისაწვდომობამ სვან და თუშ მშენებლებს საშუალება მისცა დახრილი სახურავები მოეწყოთ ამ მტკიცე მასალისგან. მასალის თვისებებმა განსაზღვრა გადახურვის ფორმა და ხასიათი: სახურავი ორქანობიანია და მინიმალური დახრა აქვს, ფილები გამაგრებულია საკუთარი სიმძიმის ძალით. სწორედ ფიქალის გამოყენებამ განაპირობა აღმოსავლეთ კავკასიონის კოშკების უნიკალური არქიტექტურულ-მხატვრული იერ-სახე.

საზოგადოების სოციალური სტრუქტურა განსაზღვრავს საცხოვრებლის ხარისხობრივ და მოცულობით თვისებებს. განსხვავდება მდიდრებისა და ღარიბების საცხოვრებლისა და მისი მოწყობის ხარისხი ერთსა და იმავე გარემო პირობებში. სამშენებლო ტექნოლოგიის განვითარებამ, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარებაზე, განსაზღვრა მასალების დამუშავების საშუალებები. მაგალითად, საცხოვრებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე კედლის წყობაში იყენებდნენ ალიზს, რიყის ქვას, ფიქალს ხსნარის გარეშე, ასევე ხის მთლიან მორებს მოპირკეთების გარეშე; ხოლო განვითარების შემდგომ ეტაპეპზე გამოიყენებოდა ქვითკირი ხსნარით და დახერხილი ხის ფიცრები; ადრეული ეტაპისთვის დამახასიათებელი იყო ბრტყელი გადახურვის გამოყენება, მოგვიანებით კი დახრილი სახურავის მოწყობა დასავლეთის რეგიონებში და ა.შ.

ქართული საცხოვრისის გეგმარებითი სტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რა თქმა უნდა, გათბობას, ბუნებრივ განათებას, გადახურვასა და შემომზღუდავ კონსტრუქციებს, ასევე სახლის მდებარეობას რელიეფზე.

გათბობა წამყვანი ფაქტორია საცხოვრებლის ეტაპობრივი განვითარების გზაზე. საწყის ეტაპზე სახლი თბებოდა და ნათდებოდა სახლის ცენტრში განთავსებული კერის საშუალებით. დარბაზის ტიპის საცხოვრებელი გვირგვინითა და ერდოთი წარმოადგენს უკანასკნელ, ყველაზე მაღალ საფეხურს კერიანი სახლის განვითარებაში.

ბუნებრივი განათებისა და კერიდან კვამლის მოშორების საშუალება არანაკლებ საინტერესოა იმერეთისა და სამხრეთ ოსეთის საცხოვრისებშიც. აქ გვხვდება ორქანობიანი გადახურვა პირამიდული (მაგრამ არა საფეხურებიანი) გვირგვინითა და ერდოთი.

ღია ცეცხლი, კერა განსაზღვრავს ყოფითი ცხოვრების დაბალ ჰორიზონტს, დაბალ ავეჯს: რაც ახლოს ხარ იატაკთან, მეტია განათება ღამით და ნაკლებია კვამლი. განვითარების გვიანდელ ეტაპზე ჩნდება ბუხარი საკვამურით, კიდევ უფრო გვიან კი – კედლის ღუმელი. ბუხარი ნაკლებად პრაქტიკულია მრავალსულიანი ოჯახისთვის, ის იძლევა გათბობასა და განათებას მხოლოდ ერთი მიმართულებით.

ბუხარი, როგორც წესი, აწეულია იატაკის დონიდან, რაც ამაღლებს ყოფითი ცხოვრების ჰორიზონტს. პროგრესის შემდგომი ეტაპია ცენტრალური გათბობა, რომელიც ფაქტობრივად წყვეტს საცხოვრებლის ფორმირებაზე და ფუნქციურ გადაწყვეტაზე ზემოქმედებას.

დღის განათება – ეს შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებლის ფორმირებაში. არქეოლოგიური წყაროების მიხედვით მტკვარ-არაქსის კულტურისა (III-II სს ჩვ. წელთ აღრიცხვამდე) და ადრეული ქვის ხანის (V-IV ათასწლეული) უძველესი საცხოვრებლები გვხვდება ზენიტური განათებით.

დასავლეთ საქართველოს „საჯალაბო“ სახლები გვხვდება სპეციალური განათების ღიობების გარეშეც, ასეთი სახლები ნათდებოდა ღია კარიდან. ზემოთ ასევე ვახსენეთ იმერეთისა და სამხრეთ ოსეთის სახლები, რომლებშიც გვხვდება დახრილი სახურავიდან ამოშვერილი პირამიდული (არა საფეხუროვანი) გადახურვა ერდოთი, რომელსაც იყენებდნენ ბუნებრივი განათების მისაღებად და კვამლის თავიდან ასაცილებლად.

მთის საცხოვრებლებში შუქი ძირითადად შემოდიოდა ზედა ღიობით – ერდოთი, ან კედელში დატანებული სათოფურებით, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა სახლ-სიმაგრეებში. განვითარების გარდამავალ ეტაპზე ფასადზე პირველად ჩნდება ფანჯრის მცირე ღიობები, რომლებსაც აკრავდნენ გაზეთილ ან გაქონილ ქაღალდს. შუშის ფანჯრები საცხოვრებლის ახალი ტიპის ერთ-ერთი ნიშანია.

გადახურვის მოწყობა შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახლის სტრუქტურაში. სხვენის გაჩენა, გაცალკევებული მოცულობა გადახურვის ქვეშ და ჰორიზონტალური ჭერის მიღება საცხოვრებლის ახალ ტიპზე გადასვლის ნიშანია.

ბრტყელი გადახურვის გავრცელების რაიონებში (აღმოსავლეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი) ეს ფაქტი გამოიხატა ბრტყელ გადახურვაზე სახურავის მოწყობით.

ღრმა გეგმარებითი კომპოზიცია მთავარი ფასადით განივი მხრიდან წარმოადგენს ძველი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმასხვავებელ ნიშანს. გაწელილ მართკუთხა გეგმარებაში დერეფანი ყოველთვის ეწყობა ვიწრო მხრიდან (რელიეფის დახრასთან სახლის გრძივი ღერძი მართ კუთხეს ქმნის). ამასთან ახალი ტიპის საცხოვრებლებში, რომლებთაც იგივე გაწელილი გეგმა აქვთ, აივანი გვხვდება სახლის განიერ მხარეს. ეს ტრანსფორმაცია გამოწვეულია სახლის მოცულობით-გეგმარებითი სტრუქტურის მთელი რიგი ცვლილებებით: საცხოვრებელი სივრცის პატარა ოთახებად დანაწევრება, განსაკუთრებული სამეურნეო სათავსოების გამოყოფა, სათავსოების იზოლაცია და ა.შ. ამ ცვლილებების აუცილებლობა მოიტანა დროებამ, ღრმა სოციალურ-ეკონომიკურმა ძვრებმა.

კიდევ ბევრ საინტერესო რესურსს ნახავთ წიგნში „ენერგოეფექტური პრინციპები ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში“- ავტორთა  ჯგუფი: თემის  ხელმძღვანელი, პროფესორი   ლევან ბერიძე, შემსრულებლები: მაგისტრანტი ლაშა ხულორდავა და დოქტორანტი მზევინარ გაგაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი