სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

ყველაზე მაგარი ძიძა, ყველაზე წესიერი ძროხა და ყველაზე ჭკვიანი კატა ერთ წიგნში

ხმამაღლა არასდროს არავის არაფერს უამბობდა და ამიტომ  არავინ იცოდა რას ფიქრობდა; არ იძლეოდა ახსნა-განმარტებებს, რის გამოც მასთან კამათი არ ღირდა; რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა; შეუძლებელი იყო, დიდსა თუ პატარას მისთვის შეეხედა და არ დაეჯერებინა; მისი მრისხანე მზერა ვის არ დაუკარგავდა სიცილის გუნებას!.. ასეთი გახლდათ პამელა ტრავერსის გამოგონილი ძიძა მერი პოპინსი – სრულყოფილი ქალბატონი, რომელშიც „რაღაც უცნაური და არაჩვეულებრივი იმალებოდა, ადამიანს ერთდროულად შიშსაც რომ ჰგვრიდა და სიამესაც.“

***

ჩვენი ბავშვობისდროინდელი წიგნები, ვინ მოთვლის, რამდენ მოგონებასა თუ ოცნებას ინახავს, ამიტომაც გვიძნელდება მათ შესახებ მარტივად საუბარი, წასაკითხად მოკლე რეკომენდაციის ჩამოყალიბება. თაროდან გადმოვიღებთ, გადავფურცლავთ, თვალს გადავაავლებთ და მოზღვავებული ემოციების გარშემომყოფებისთვის გაზიარება გვინდება, გვსურს, ყოველი წინადადების დასაწყისში ერთი შეკითხვა დავუსვათ დიდსა თუ პატარას: „გახსოვთ?.. გახსოვთ?..“ რა თქმა უნდა, უამრავი კარგი წიგნი გვახსოვს და გვეგულება, მაგრამ დღეს, როგორც უკვე მიხვდით, „მერი პოპინსზე“ ვისაუბრებთ.

გახსოვთ:

  • ანთა-ხალიჩა – ყველას ცარიელი რომ ეგონა, მერი პოპინსს კი იქიდან წამებში ამოჰქონდა: გახამებული თეთრი წინსაფარი, ხელის საპონი, კბილის ჯაგრისი, თმის სარჭები, სუნამო, დასაკეცი საწოლი ბუმბულის საბნითა და თხელი გადასაფარებლითურთ, სამი ფლანელის ღამის პერანგი, სამიც ტილოსი, წყვილი ფეხსაცმელი, დომინო, ორი საბანაო ქუდი, ღია ბარათების ალბომი, თუთიყუშისსახელურიანი ქოლგა და ხველის საწინააღმედეგო აბები?..
  • მისტერ პარიკი – ჩამრგვალებულ-ჩასუქებული მელოტი კაცი, პირში სიცილის ჭია რომ უძვრებოდა, გამამხიარულებელი აირით ავსებდა და მიწაზე აღარ აჩერებდა?..
  • მის ლარკი – აურაცხელი საყურითა და მძივით მორთული, პოლკის ორკესტრივით ჟღრიალ-გრიალით რომ დაიარებოდა?..
  • პატარა, ფუმფულა ძაღლი ედმონდი – სპარსეთის შაჰივით საძინებლის აბრეშუმის ბალიშებზე რომ ანებივრებდნენ, საპარიკმახეროებში ავტომობილით დაატარებდნენ, ის კი სულის სიღრმეში მაინც ეზოს ძაღლობაზე ოცნებობდა?..
  • მისის კორისა და მისი გიგანტი ქალიშვილების, ფანისა და ანის უჩვეულო საკონდიტრო? და იმ სკონდიტროში ნაყიდი ჯანჯაფილის თაფლაკვერები ბრჭყვიალა ქაღალდის ვარსკვლავებით, ღამღამობით ცაზე რომ აწეპებდნენ?..
  • ჯეინისეული პერფორმანსი – ვითომ ჩიტი რომ იყო, შვიდი საღი კვერცხი დაედო და ბარტყებს ჩეკავდა (სავარაუდოდ სამ ყვითელს, ორ მურასა და ორ თეთრს)?..
  • სპეციალური თერმომეტრი, ბავშვებისა თუ უფროსების საქციელს რომ აანალიზებდა და ლაკონური დასკვნები გამოჰქონდა: „ქარაფშუტაა და უწესოო,“ „დიდი ანცია და შფოთისთავიო,“ „ჟინიანია და ჩხუბისთავიო,“ „მეტისმეტად ნებიერააო,“ „ყოველხმრივ სრულყოფილიაო?!.“
  • ძილის წინ ჩაის კოვზით დასალევი სითხე, ნებისმიერ ადამიანს მისთვის სანუკვარ გემოს რომ უტოვებდა და ამიტომ ზოგს რძე ეგონა, ზოგს – ხენდროს ნაყენი, ზოგს – დაშაქრული ლიმონის წვენი, მავანს კი რომიანი პუნში?..
  • მუდამ უკმაყოფილო ძიძა იუფიმია ენდრიუ (იგივე ღვთის რისხვა), აურაცხელი ბარგითა და შენიშვნებით, დატყვევებული ტოროლათი და ჭკუის სასწავლებელი გალიით?..
  • მარმარილოს ბიჭი სახელად ნელეი თავისი განუყრელი დელფინით, კითხვის დაუოკებელი სურვილთა და აუხდენელი ოცნებებით?..

მზის სხივების, ხეების, ვარსკვლავებისა და შოშიების ენა თუ გახსოვთ? თუმცა საიდან გემახსოვრებათ, კბილების ამოსვლის შემდეგ ეს ენები ხომ ყველა ადამიანს ავიწყდება (გარდა ერთისა)!.. და რა ხდება ზოოპარკში, ყველანი სახლებში რომ წავლენ-წამოვლენ?.. ან რა იმალება ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული მედალიონის ხუფის ქვეშ?..

ვიცი, ბევრი შეკითხვა დაგაყარეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგონებები „მერი პოპინსის“ ხელახლა გადაკითხვის სურვილით აგავსებთ. მათ კი, ჯერაც რომ არ წაუკითხავთ ეს წიგნი, აუცილებლად დააინტერესებთ, რა იმალება ამდენი კთხვის ნიშნის მიღმა.

 

კიდევ ორი პერსონაჟი

სათაურში ნახსენებ უწესიერეს ძროხასა და უჭკვიანეს კატაზეც მოგახსენებთ: ისინი იმ ზღაპრების გმირები არიან, მერი პოპინსმა თავის აღსაზრდელებს – ჯეინს, მაიკლს, ბარბარასა და ჯონის რომ უამბო. ამ ორ დამოუკიდებელ ამბავში არა მხოლოდ პატარები, უფროსებიც ბევრ თავშესაქცევ და პიკანტურ პასაჟს აღმოაჩენენ.

პირველი ზღაპარი ერთ დროს დიდებულ, მდიდარ და საუკეთესო საძოვრების მფლობელ წითურ ძროხაზეა, რომელიც ქალაქში დაეხეტება და ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას ელოდება. დიახ, ისეთივე ვარსკვლავის, უწინ მშვიდი ცხოვრება რომ დაურღვია. იმ ვარსკვლავის, რომელმაც ფრიად პატივსაცემი მანდილოსანი ძროხა ნამდვილი ლედის მანერებით ერთ მშვენიერ ღამით გატაცებით და მოხდენილად ააცეკვა. „ხან პოლკას ცეკვავდა, ხან შოტლანდიურ ჯიგს, ხან რაღაც სრულიად ახალს იგონებდა… თან ფიქრობდა, ღმერთო ჩემო, რა უცნაურია, ასე ვფიქრობდი, ცეკვა უხერხულია-მეთქი, მაგრამ აგერ თვითონ ვცეკვავ, თუმცა ყოველთვის სამაგალითო ძროხა ვიყავიო.“ საბრალოს (თუმცა ეპითეტი „საბრალო“ ამბის დასასრულს სადავო ხდება) ერთი კვირის თავზე ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ, მაგრამ გაჩერებასაც ვერ ახერხებდა. ასე ცეკვა-ცეკვით გასწია მეფისკენ, იმედოვნებდა, სწორი რჩევით დამეხმარებაო… ეს ამბავი თქვენს შვილებთან ან მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეთ და დაასრულეთ. ნახავთ, ცეკვა-ცეკვაში რამდენი პიკანტური დეტალი და სასუბრო თემა გამომჟღავნდება.

არანაკლებ საინტერესო დიალოგებსა და თამაშში ჩაგითრევთ კატასა და მეფეს შორის გაჩაღებული პაექრობა და ამ პაექრობაში გაჟღერებული ქვეტექსტები. მერი პოპინსი მეორე ზღაპარს იმ კატაზე თხზავს, რომელმაც მეფეს შეხედა. მეფეს, რომელსაც „თავი ციფრებითა და ფქტებით ისე ჰქონდა სავსე, როგორც ბროწეულია მარცვლებით გამოტენილი;“ რომელსაც ამ ქვეყნად ყველაფერს ფიქრი ერჩივნა. „შეიძლება ჩათვალოთ, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრით იწუხებდა თავსო. არა! აინტერესებდა, ინდოეთში რამდენი ბაბუინია, ან რომელი პოლუსი უფრო დიდია, შეიძლება თუ არა ისწავლოს სიმღერა ღორმა…“ და აი, ერთ მშვენიერ დღეს მეფეს კატა ეწვევა – კატა, რომელიც მის უდიდებულესობას უტიფრად გაუსწორებს თვალს და განუცხადებს, ყველა მეფე ერთნაირიაო!..

ავტორი (ბრიტანელი და საბჭოთა)

ერთი-ორი სიტყვით ავტორზეც მოგახსენებთ – ქალბატონზე, რომელიც ძრითადად მერი პოპინსის შესახებ დაწერილი წიგებითაა ცნობილი. თუმცა მსახიობიც იყო, პოეტიც და ჟურნალისტიც. ერთხელ, პამელა ტრავერსს მოსავლელად ორი ბავშვი დაუტოვეს და სწორედ მათთვის შეთხზა ამბავი ძიძაზე, თუთიყუშისთავიანი ქოლგა რომ ჰქონდა და ჩანთით წარმოუდგენლად ბევრ ნივთს დაატარებდა. ამბავი მალე ზღაპრად იქცა. „მერი პოპინსის“ გამოცემა ტრავერსის პირველი სერიოზული ლიტერატურული წარმატება გახლდათ. მას მოჰყვა კიდევ შვიდი წიგნი („Mary Poppins Comes back, Mary Poppins Opens the Door,“ „Mary Poppins in the Park,“ „Mary Poppins From A to Z,“ „Mary Poppins  in the Kitchen,“ „Mary Poppins in Cherry Tree Lane,“ „Mary Poppins and the House Next Door“). 1977 წელს პამელა ტრავერსს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება მიანიჭეს. მისი ზღაპრები ინგლისურ ოჯახში სამუშაოდ მისულ ძიძაზე კი ბრიტანული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აღიარეს. წიგნები მერი პოპინსზე თანდათან მრავალ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში დაიმსახურა სიყვარული თუ პოპულარულობა.

სიტყვა თარგმანებზე ჩამოვარდა და ქართველი მკითხველისთვის ერთ მტკივნეულ საკითხსაც უნდა შევეხო. საქმე იმაში გახლავთ, რომ პამელა ტრავერსისეული ტექსტები მერი პოპინსის შესახებ ქართულ ენაზე დღემდე არ არის ნათარგმნი. 1960-იან წლებში, რუსმა საბავშვო მწერალმა ბორის ზახოდერმა ტრავერსის პირველი ორი წიგნიდან რამდენიმე თავი ამოარჩია, თარგმნა, მცირედი ცვლილებებიც შეიტანა და გამოსცა. სწორედ ის წიგნი ითარგმნა და გავრცელდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. სწორედ იმ წიგნს  ვკითხულობთ და ვთავაზობთ დღემდე ჩვენს უმცროს თაობასაც, იმ იმედით, რომ შვიდივე ტომის ზუსტ თარგმანსაც  გავეცნობით ოდესმე. მანამდე კი…

Au revoire!

მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვობაში წაკითხულს დაუვიწყარი გემო და სურნელი ახლავს. მაინც გვყვარს ჩვენი „მერი პოპინსი“ და გულის სიღრეში ისევ ვოცნებობთ ალუბლის შესახვევის N17 სახლში მოხვედრაზე (გზაჯვარედინზე მდგარი პოლისმენის დახმარებით). გვსურს შევიჭყიტოთ ყველაზე პატარა, ფერგადასულ სახლში, სადაც მისის და მისტერ ბენქსები განცხადებას წერენ, ვინაიდან სასწრაფოდ სჭირდებათ „ყველაზე კარგი ძიძა, ყველაზე მცირე ხელფასს რომ დასთანხმდება.“ ვოცნებობთ, იქნებ ისევ დაუბეროს აღმოსავლეთის ქარმა და დედამიწაზე მუქ ლურჯ პალტოსა და ქუდში გამოწყობილი, პაჭუა ცხვირიანი, შავთმიანი, ცისფერთვალება ქალბატონი დაეშვას …

როდესაც შვილებს ან მოსწავლეებს ჩვენს ბავშვობისდროინდელ წიგნს ვურჩევთ, მხოლოდ ამბის წაკითხვას როდი ვთავაზობთ, მასთან ერთად ახალ მიკროსამყაროსაც ვჩუქნით. მერე კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს თვალყურისდევნება, როგორ გაივლიან ისინი ჩვენთვის კარგად ნაცნობ გზებს, დაიმახსოვრებენ ორიგინალურ ფრაზებსა და გამოთქმებს, შეიყვარებენ ან დაიწუნებენ პერსონაჟებს… გვაინტერესებს, მათაც ჩვენსავით დასწყდებათ გული, როდესაც მერი პოპინსი იტყვის: „კარგსაც აქვს დასასრულიო?..“ ჩვენსავით დაიჯერებენ, რომ დიდი მოწყენილობის ჟამს უსათუოდ დაუბრუნდებათ ადამიანი, უკანა გზის ბილეთი რომ აიღო და წერილი იმედისმომცემი სიტყვებით დაასრულა: Au revoire!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მარიამი სად არის?!

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი