პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რამდენიმე მხიარული აქტივობა ქართულის გაკვეთილისთვის

როგორ ვისწავლეთ ზმნისწინები მუსიკის თანხლებით

მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, წა, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადა, გადმო, წამო – ქართულის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ათი წლის ბავშვებს უჭირთ შინაარსს მოკლებული მარცვლების დაზეპირება. გრამატიკის სწავლება ისედაც აქილევსის ქუსლად არის ქცეული. ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გავხადოთ რთული წესები და საკითხები უფრო გასაგები. რამდენიმე წლის წინ რადიოგადაცემას ვუსმინე. ქართულის მასწავლებელი საუბრობდა, როგორ ასწავლა ბავშვებს ზმნისწინები რიტმული მოძრაობების გამოყენებით. მისი საუბარი ჩემთვის შთაგონების წყარო გახდა. საჭირო დროს უცნობი მასწავლებლის გამოცდილება ამომიტივტივდა და საინტერესო გაკვეთილის იდეაც დაიბადა. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა და დასწავლის უნარი სხვადასხვაგვარია: ზოგს აუდიალური მეხსიერება აქვს, ზოგს – ვიზუალური, ზოგს კი -კინესთეტიკური. აქტივობა, რომელზეც უნდა გიამბოთ, სამივე უნარს ააქტიურებს.

გაკვეთილის გეგმა სამი ფაზის გათვალისწინებით ავაგე. წინა დღეს მუსიკა მოვძებნე, მხიარული, რიტმული. გამომწვევ ფაზაზე მუსიკა ჩავრთეთ და მოვუსმინეთ. მიზანიც გავაცანი, რომ მუსიკა ზმნისწინებისთვის უნდა დაგვეკავშირებინა. ბავშვებს გაუკვირდათ და ინტერესი გაუღვივდათ. შემდეგ დაფაზე ჩამოვწერე თხუთმეტი ზმნისწინი იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტატიის დასაწყისშია მოცემული და სიმღერის ტექსტად ვაქციეთ. ბავშვები თავდაპირველად გაუბედავად ამყვნენ, მერე თანდათან გათამამდნენ. მუსიკის ტემპი თავდაპირველად ნელია, შემდეგ თანდათან ჩქარდება. ტემპის ცვლილებამ ბავშვები გაახალისა. შემდეგ ეტაპზე ზმნისწინები დაფიდან გავაქრეთ და ერთმანეთს შევეხიდეთ, რა თქმა უნდა, თავდაპირველად დამახსოვრება გაუჭირდათ, მაგრამ მასწავლებლის მოსმენისას თვითონაც გააქტიურდნენ. რამდენიმე მცდელობის მერე მთელი კლასი ხალისით მღეროდა თხუთმეტ ზმნისწინს, ზოგი აცეკვდა კიდეც.

შემდეგ ცოდნის განმტკიცების დრო დადგა. ზმნისწინების შესახებ სავარჯიშოებს ვთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს საპროგრამო ლიტერატურული ტექსტიდან ზმნისწინიანი ზმნების ამოწერა ან შეიძლება თავად მოიფიქრონ  შესაბამისი ფორმები.

სასურველია, აღნიშნული აქტივობა ერთჯერადი არ იყოს და ის მრავალგზის დავუკავშიროთ სხვადასხვა გაკვეთილს.

გაკვეთილი რომ შედგა, ბავშვების სიხარულიც მოწმობდა, თუმცა ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა წლის შემაჯამებელ ტესტში ორმოცივე მოსწავლემ თავი გაართვა ზმნისწინების შესახებ არსებულ შეკითხვას.

ჩემ მიერ აღწერილი აქტივობისთვის შეიძლება გამოიყენოთ საგანმანთლებლო საიტზე kargiskola.ge ატვირთული მეთოდური მასალა – „კითხვისა და წერის ინტეგრირებული სწავლება სიმღერის გამოყენებით“. სიმღერას სახელად  „მზე და ცა“ აქვს აუდიოვერსია ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით, ვიდეოკლიპი სუბტიტრებითა თუ მის გარეშე, კარაოკე – მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილით, ვოკალის გარეშე. შეგვიძლია სიმღერა „მზე და ცა“ ზმნისწინების სწავლებისთვის გამოვიყენოთ.

ეს კი ლინკია, სადაც დაწვრილებით გაეცნობით სიმღერის სწავლების  მიზნებს – https://kargiskola.ge/teacherintro/songs.php

ზმნიზედებიანი თიხის გულსაბნევები

ზმნისწინების შემდეგ ზმნიზედების დრო დადგა. როგორც უკვე აღვნიშნე, ათი წლის ბავშვებს გრამატიკული კატეგორიების გარჩევა უჭირთ. ამიტომ კეთებით სწავლების გამოყენებით ზმნიზედები  შეიყვარეს.

სწავლების მრავალნაირი მეთოდი არსებობს. აქტივობების არჩევისას თავისუფლები ვართ. ჩვენ ჯგუფურ მუშაობასა და ლიტერატურულ კაფეს დავუკავშირეთ.

ჯგუფის სახელად უნდა მოეფიქრებინათ ერთი ზმნიზედა. ბავშვების არჩევანი საინტერესო იყო: ტყეში, მზიურში, პირისპირ, ალმაცერად, ჩქარ-ჩქარა, ფერხთით, დანიაში… თითოეული ჯგუფი არგუმენტირებულად ასაბუთებდა თავის არჩევანს.

თიხისგან წრეები გამოძერწეს და ზმნიზედები დააწერეს. თიხა რამდენიმე საათში გაშრა და მზად გვქონდა გულსაბნევები, რომლებიც ლიტერატურულ კაფეში გულზე ჩამოიკიდეს.

გაკვეთილი გამოგვივიდა მხიარული, აქტივობა საინტერესო და მიზანს მორგებული. ზმნიზედების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და გაგება გაუიოლდათ. გრამატიკა ჩვენს ლიტერატურულ დღესასწაულს დავუკავშირეთ და ამ კუთხით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას.

ხელნაკეთი ბალიშები

ჩვენი არაფორმალური ღონისძიებები ფორმალურ გარემოში დასწავლილი მეთოდებისგან არის აგებული. ლიტერატურული კაფესთვის, რომელსაც ორ-სამ თვეში ერთხელ ვმართავთ, საგანგებოდ ვემზადებით. გაკვეთილებზე ვსწავლობთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ტექსტის ირგვლივ საუბარს, სხვადასხვა წერით მეთოდებს, რომლებსაც შთაბეჭდილებების დასაწერად ვიყენებთ.

წიგნის წარდგინების ფორმად ხანდახან ხელნაკეთ ბალიშებს ვკერავთ. ერთხელ სოციალურ ქსელში საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ბალიში ვნახე, რომელიც მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით ჰქონდა შეკერილი. მაშინ გამიჩნდა  ბავშვებთან ერთად ბალიშების შეკერვის სურვილი.

ბალიშებისთვის საჭიროა:

  • ნაჭერი;
  • „სილიკონი“ შიგთავსისთვის;
  • ძაფი;
  • მაკრატელი;
  • საკერავი მანქანა;
  • ნაჭრის საღებავები.

პირველი ნაბიჯი ნაჭრის გამოჭრაა. შემდეგ ვხატავთ ერთ ეპიზოდს, ან წიგნის ყდას, ან ილუსტრაციას, ან საყვარელ ფრაზებს ვწერთ. თავდაპირველად ჩვენი დახმარება სჭირდებათ, თუმცა მალევე უღებენ ალღოს და დამოუკიდებლად ართმევენ თავს.

ერთ ბალიშს ერთი ჯგუფი ქმნიდა, პასუხისმგებლობებს კი ინაწილებდნენ: ერთად შერჩეულ ნახატს რიგრიგობით ხატავდნენ, შემდეგ აფერადებდნენ. კერვითაც ერთად შევკერეთ. ნელ-ნელა დაგვიგროვდა ფერადი ბალიშები, რომლებიც ლიტერატურული კაფეს გასაფორმებლად და წიგნების წარსადგენად გამოვიყენეთ, რამდენიმე სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქეთ, დანარჩენი კი საკლასო ოთახში დავაბინავეთ.

ეს მეთოდი ამაღლებს წიგნიერების დონეს, ეცნობიან ერთმანეთის წიგნებს, უჩნდებათ წაკითხვის სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთის გამო კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, ერთად ყოფნა დაუვიწყარ ემოციებს უკავშირდება.

კითხვა, წიგნები, ურთიერთობები, სიხარული – ყოველივე ამან შეუძლებელია, რომ სკოლა უსაყვარლეს ადგილად არ აქციოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი