პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი III)

სტატიის მეორე ნაწილში განვიხილეთ შეფასებისა და მონიტორინგის ეტაპები ვირტუალური სკოლის მაგალითზე. ამჯერად ყურადღებას
გავამახვილებთ უშუალოდ შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და მათი სწორად გამოყენების
ხერხებზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არსებობს კონკრეტული მეთოდი,
მხოლოდ შეფასების ან მონიტორინგის პროცესს რომ ეკუთვნოდეს. მთავარია
,შევარჩიოთ მიზნის შესაბამისი ხერხი და გამოვიყენოთ სწორად. თავდაპირველად
განვიხილოთ ისეთი ფართოდ გავრცელებული კვლევის მეთოდები, როგორებიცაა
ფოკუსჯგუფი და გამოკითხვა.

 

1. ფოკუსჯგუფი

ფოკუსჯგუფი წარმოადგენს ჯგუფური ინტერვიუს ერთ-ერთ ფორმას.
შეიძლება მისი ჩატარება გამოკითხვის ან ინტერვიუს წინაპირობად, რათა დაზუსტდეს კითხვები
და ფოკუსირება მოხდეს იმ ასპექტებზე, რომლებიც მკვლევარს აინტერესებს. მაგალითად, თუ
დირექციას სურს გაიგოს მშობლების დამოკიდებულება სკოლაში არსებული წესებისა და დისციპლინური
სახდელების მიმართ, შეიძლება შეკრიბოს სხვადასხვა საფეხურის/კლასის მშობლების
10-12-კაციანი ჯგუფი და გამართოს მათთან ჯგუფური ინტერვიუ. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება
პროცესის წამყვანს. მან ხელი უნდა შეუწყოს მონაწილეთა შორის არაფორმალური გარემოს შექმნას,
რათა საუბარი უფრო გულახდილად წარიმართოს. შეხვედრაზე დაბალანსებული უნდა იყოს დირექტიულობა
და თემიდან გადახვევამ ბევრი დროის დაკარგვა ან საკვლევი თემის იგნორირება არ უნდა
გამოიწვიოს. ინტერვიუერის მოვალეობაა შედეგების აღნუსხვა შემდგომი ანალიზისთვის: აუდიოჩაწერა
(მონაწილეთა თანხმობის შემთხვევაში) ან ჩანაწერების გაკეთება.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რა თემაზე გვსურს
ფოკუსჯგუფის ჩატარება. წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს არც მეტისმეტად ცოტა, არც მეტისმეტად
ბევრი და ყოველ მათგანს ერთგვაროვანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში
დისკუსიას აზრი დაეკარგება და არარეპრეზენტატიულიგახდება.

ფოკუსჯგუფის შემთხვევაში ინტერაქცია მიმდინარეობს ჯგუფის
წევრებს შორის და, ინტერვიუს სტანდარტული ფორმატისგან განსხვავებით, ინტერვიუერი დომინანტად
არ გვევლინება. მონაწილეები განიხილავენ მკვლევარის მიერ შეთავაზებულ თემას და ვიღებთ
არა ინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ მოსაზრებებს. ფოკუსჯგუფი ხელოვნურად შექმნილი გარემოა,
სადაც კონკრეტული საკითხის განსახილველად სპეციალურად შერჩეული ადამიანები არიან შეკრებილი.
ეს ხელოვნურობა ფოკუსჯგუფის ძალაცაა და სისუსტეც. მიუხედავად იმისა, რომ გარემო ხელოვნური
და კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებულია, იგი გვაძლევს ისეთი მიგნებების საშუალებას, როგორსაც
ვერ გავაკეთებდით სტანდარტული ინტერვიუს ან გამოკითხვის დროს. ფოკუსჯგუფი ეკონომიურია
დროის თვალსაზრისითაც – მოკლე პერიოდში შესაძლებელია დიდი რაოდენობის ინფორმაციის მობილიზება.
მისი ნაკლი კი ის არის, რომ მონაცემები კონკრეტული სკალით ვერ გაიზომება, არ არის თვლადი
და შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, ვიდრე მივიღებდით მასშტაბური გამოკითხვის შედეგად.

ფოკუსჯგუფი გამოდგება:

1. კონკრეტულ და საინტერესო სფეროზე ორიენტირებისთვის;

2. შემდგომი ინტერვიუს/კითხვარების თემების, საკითხებისა
და გეგმების შემუშავებისთვის;

3. თვისებრივი მონაცემების შეკრებისთვის;

4. მონაცემების სწრაფად და იაფად შეკრებისთვის;

5. დამოკიდებულებების, ღირებულებებისა და მოსაზრებების
შესახებ მონაცემების შეკრებისთვის;

6. ჯგუფების წასახალისებლად, ხმამაღლა გამოხატონ საკუთარი
მოსაზრებები;

7. უკვე ჩატარებული კვლევებიდან უკუკავშირის მისაღებად.

 

2. გამოკითხვა

გამოკითხვა კვლევის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია.
მის ინსტრუმენტად უმეტესად კითხვარი გვევლინება. მისი გამოყენება მოხერხებულია ფართომასშტაბიანი
გამოკითხვების დროს, როდესაც ინტერვიუერი ვერ ახერხებს ყველა რესპონდენტთან ინდივიდუალურ
გასაუბრებას. ფოკუსჯგუფისგან განსხვავებით, კითხვარებისგან მიღებული ინფორმაცია თვლადია
და შესაძლებელია მისი რაოდენობრივად ასახვა. ამ მეთოდს, ისევე როგორც ყველა სხვას,
აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მონაცემების
რაოდენობრივი ასახვა ფოკუსჯგუფთან შედარებით სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს გვაძლევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კითხვარის ფორმატით რესპონდენტი შეზღუდულია და ვერ გამოთქვამს
მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა ჯგუფში მსჯელობის დროს გამოიკვეთოს და მნიშვნელოვანი
იყოს კვლევისათვის.

კითხვარების სტრუქტურა სხვადასხვაგვარია. მკვლევარი
თავად წყვეტს, რა სქემა შესთავაზოს რესპონდენტს. კითხვარები დახურული და ღია კითხვებისგან
შედგება. დახურულ კითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ „დიახ/არა”, განსხვავებით
ღია კითხვებისგან, სადაც რესპონდენტს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება ეძლევა.

წარმოგიდგენთ კითხვების სხვადასხვა ტიპის ფორმულირებას:

(დახურული კითხვა)

1. მონაწილეობთ თუ არა სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში?


o       

დიახ   


o       

არა

 

(ღია კითხვა)

1. გამოხატეთ
თქვენი დამოკიდებულება სასკოლო ფორმების მიმართ

 

კითხვარი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე პასუხს. მაგალითად,
კითხვას „რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?” აუცილებელია,
თან ახლდეს დაზუსტება, რამდენი სავარაუდო პასუხის არჩევა შეუძლია რესპონდენტს. შესაძლებელია
პასუხის ისეთი ვარიანტების ჩართვაც, რაც მონაწილეს საკუთარი ვარიანტის გამოთქმის საშუალებას
მისცემს.

1. რამდენად ხშირად ხვდებით თქვენი შვილის კლასის დამრიგებელს?


o       

კვირაში ერთხელ


o       

კვირაში რამდენიმეჯერ


o       

თვეში ერთხელ


o       

თვეში რამდენიმეჯერ


o       

სხვა
________________

შეიძლება კითხვარის შედგენა რანჟირების ფორმით, მაგ.:

1) მიანიჭეთ ყველაზე მაღალი ქულა
(5) იმ საკითხს, რომლის განხილვაც გსურთ დირექციასთან:


o     

სკოლაში არ არის სათანადო მატერიალური რესურსები;


o     

ყველა მასწავლებელი არ არის ინფორმირებული სკოლაში მიმდინარე
ცვლილებების შესახებ;


o     

დისციპლინის პრობლემები დღემდე მოუგვარებელია;


o     

სკოლაში მოსაწესრიგებელია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;


o     

ყველა მასწავლებელი არ არის ჩართული სასკოლო სასწავლო
გეგმის შემუშავებაში.

შეიძლება რეიტინგის სკალების გამოყენება პასუხების დიფერენციაციისთვის,
მაგ.:

1) შეაფასეთ სკოლაში მატერიალური
რესურსის მდგომარეობა (შემოხაზეთ: 10 – ყველაზე მაღალი, 1 – ყველაზე დაბალი)

მაღალი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 დაბალი

კითხვარის შედგენისას უნდა ვეცადოთ, კითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ,
რომ საბოლოო შედეგზე ამან უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
მკვლევარს კითხვარის სწორად შედგენაში დაეხმარება.

უნდა ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ:

მიმართულების მიმცემი
კითხვები
, რომლებიც რესპონდენტს პირდაპირ
უბიძგებს ამა თუ იმ პასუხისკენ. მაგ.: გაკვეთილის ლექციის სახით წაარმართვას ანიჭებთ
უპირატესობას თუ ჯგუფური მუშაობის პრინციპით, რომელსაც რეალური სარგებელი მოაქვს?

მაღალფარდოვან და გადატვირთულ
ტერმინოლოგიას და რთულ ქვეწყობილ წინადადებებს
.
წინააღმდეგ შემთხვევაში ესა თუ ის საკითხი გამოკითხულთა დიდი ნაწილისთვის შესაძლოა
გაუგებარი დარჩეს, რაც საბოლოოდ შედეგებზე აისახება.

გამაღიზიანებელ კითხვებსა
და ინსტრუქციებს
, რომლებიც გამოკითხულთა
ნაწილს აიძულებს, ყურადღება გაამახვილონ არა კითხვის შინაარსზე, არამედ საკუთარ ემოციებზე.

უარყოფის ან ორმაგი უარყოფის შემცველ კითხვებს, მაგ.: რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ არც ერთ იმ
მასწავლებელს, რომელსაც სრულ განაკვეთზე, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში არ უსწავლებია,
სამსახურიდან მოუწყვეტლად შემოთავაზებულ სერტიფიცირებულ კურსებზე არ გაუშვებენ?

მეტისმეტად ბევრ ღია კითხვას. ხშირად გამოკითხულები თავს არიდებენ იმ ტიპის კითხვარების
შევსებას, რომლებიც წერილობით აზრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ბევრი ღია კითხვისგან
შემდგარი კითხვარი ქმნის საშიშროებას, რომ ფორმების უმრავლესობა შეუვსებელი დაუბრუნდეს
მკვლევარს. თუ კითხვარში ბევრი ღია კითხვის დასმის აუცილებლობაა, სასურველია, დავფიქრდეთ
მეთოდის შეცვლაზე (მაგ., ინტერვიუზე).

ბუნდოვან და ისეთი შინაარსის
კითხვებს, რომელთა ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება.
ამ შემთხვევაში რესურსების ხარჯვა სასურველ შედეგს ვერ
მოგვცემს და მიღებული შედეგის სანდოობაც საეჭვო იქნება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, რესპონდენტებს
წინასწარ ავუხსნათ კითხვარის შევსების მექანიზმი. ფართომასშტაბიანი გამოკითხვების დროს,
სადაც მონაწილეებთან პირადი ურთიერთობის საშუალება არ არის, კითხვარს სასურველია მოჰყვებოდეს
მოკლე ინსტრუქცია შევსების წესის შესახებ ან შედგენილი იყოს იმგვარი სქემით, რომ ხანგრძლივ
ახსნა-განმარტებას არ მოითხოვდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი