ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ახალბედა მასწავლებლის კრიალოსანი         

დიდი დასვენებაა, საკლასო ოთახში ვარ და სანამ ბავშვები გარეთ არიან, რაღაცას ვწერ დაფაზე საკლასო სამუშაოსთვის. უცნობი ქალი შემოვიდა, აშკარად მშობელია და ვიღაცას ეძებს.

  • ხომ არ იცი, აჩიკო სად არის?
  • დერეფანში ან ეზოშია, დასვენებაა. თქვენ აჩიკოს დედა ბრძანდებით?
  • დიახ.
  • მე მისი ქართულის მასწავლებელი ვარ ( უხერხული ღიმილით – თავის წარდგენა რომ მიხდება)
  • უი, მე კლასელი მეგონეთ! ( გულწრფელი გაოცება და ღიმილი ერთად)

აჩიკო მაშინ მე-9 კლასში იყო და მე 24 წლის ვიყავი და მოცუცქნული არასოდეს ვყოფილვარ! აჩიკოს ძალიან უყვარხართო, კი დააყოლა გაოცებიდან გამოსულმა.

ამ შემთხვევამ ვერ მასწავლა, რომ ცოტა მკაცრად და აკადემიურად ჩამეცვა ხოლმე.

***

დირექტორმა გვთხოვა, თუ რომელიმე მოსწავლე ხელს ძალიან შეგიშლით გაკვეთილზე, ჩემთან გამოუშვით კაბინეტში და მე დაველაპარაკებიო.

სოსო მე-6 კლასში სწავლობდა, ძალიან ნიჭიერი, გონებაგახსნილი, მაგრამ საოცრად ცელქი და მოუსვენარი ბიჭი იყო. რამდენჯერმე ძალიან შემაწუხა და დავემუქრე: სოსო, იცოდე, გაგიყვან დირექტორთან! თუმცა ერთხელაც არ გამიყვანია. ერთ დღესაც რაღაცაზე გავუბრაზდი კლასს და დანამუსება გადავწყვიტე: როგორ არ გრცხვენიათ, ასე უნდა გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა-მეთქი?! ცოტა დაირცხვინეს და უხერხულობა იგრძნეს, მაგრამ რამდენიმე წამში სოსომ წაიბუტბუტა: აბა, თქვენ რომ სულ დირექტორთან დაგყავართო?!

გაკვეთილი: არასოდეს არ უთხრა ბავშვს ის, რისი გამკეთებელიც არ ხარ და თუ ეტყვი, უნდა შეუსრულო კიდეც.

***

ახალ გარემოსთან ადაპტაცია ყოველთვის მიჭირს. ჩავატარებდი ჩემს გაკვეთილებს და წამოვიდოდი სასწრაფოდ სახლში. არავის ვეკონტაქტებოდი ზედმეტად, უბრალოდ, გამარჯობა- გაგიმარჯოს და ეგ იყო. ერთი ახალგაზრდა კაცი იყო, შავგრემანი, შავი, ოდნავ ჭაღარაშერეული წვერითა და მკაცრი შეხედულებით. მუდამ სწრაფი და მტკიცე ნაბიჯებით დადიოდა, სულ სადღაც მიიჩქაროდა, რაღაც პატარ-პატარა ტვირთები მიჰქონდ-მოჰქონდა ხოლმე. მაღალი არა, მაგრამ ჩასკვნილი კი იყო და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. აშკარად ეხმარებოდა დირექტორს სკოლის სამნეო საქმეებში. ჩავთვალე, რომ  სკოლის მნე იყო. სიარულისას სულ ქვემოთ იყურებოდა ხოლმე და ვერ  მამჩნევდა, როცა დერეფანში გვერდს ჩავუვლიდით ერთმანეთს და ვესალმებოდი. რამდენიმე უპასუხო სალმის მერე, გაბრაზებულმა მისალმება შევწყვიტე. თუმცა მუდამ საქმიანსა და ქვემოთმაყურებელს არც ეს შეუმჩნევია. ზოგადად, ყოველთვის მაფრთხობდნენ და დღესაც მაფრთხობენ ზედმეტად მკაცრი ადამიანები. ჰოდა, ასე დამფრთხალ- გაბრაზებული ავუვლიდი ხოლმე გვერდს, როცა დერეფანში კვლავ გადამეყრებოდა.

ერთ დღესაც ,,ფანჯარა“ მაქვს, ვზივარ სამასწავლებლოში ეკლებზე, ერთი სული მაქვს, ზარი დაირეკოს, გაკვეთილზე გავვარდე, რომ ამ უცხო ადამიანებს არ ვუყურო. შემოვიდა ეს მკაცრი, სალამმეძვირე კაცი და დადგა თავისთვის. ძალიან ჩვეულებრივად, ადამიანურად გამოელაპარაკა ვიღაცებს ისევ სკოლის საქმეებზე. მე ვზივარ შინაგანად მაქსიმალურად შეკუმშული და „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ გამოცემას  მექანიკურად ვფურცლავ. სამასწავლებლო პატარაა, ახლოს დგას ჩემთან, ფაქტობრივად, თავზე მადგას. უცებ: ეს მინიატურები ძალიან მომწონს, მაგრამ სპარსული გავლენა იგრძნობაო. გაოცებულმა პირდაპირ შუბლიდან ავხედე! რამდენიმე წამის მერე: მე-17 საუკუნეა და რა გასაკვირია-მეთქი. – აი, ფონს დააკვირდი, წერტილები რომა აქვს,  ეგ დეტალი ქართულისთვისაც დამახასიათებელია და სპარსულისთვისაცო…და დავიწყეთ მამუკა თავაქალაშვილის მინიატურებზე საუბარი. გულდასმით ლაპარაკობდა ყველა დეტალზე.მე ახლა შუბლიდან არა მხოლოდ ვუყურებდი, ვუსმენდი კიდეც.

მეორე შემთხვევა სასადილოში: ვსხედვართ მე ( უკვე ცოტა მოშინაურებული) და ჩემი ტოლი კოლეგა და ვსაუბრობთ. შემოვიდა, დაჯდა, შემოგვხედა.თქვენ რამდენი წლისები ხართო,ვუთხარით. დასაქორწინებლებიო? დიახო- გაგვეღიმა. ცოტა ხანს ფიქრობდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ურჩიო დასაქორწინებელ ადამიანსო.აი, მეო, უბრალოდ, გამიმართლა, ქეთი რომ შემხვდაო.

გოჩა მხატვარი და 5 შვილის მამა აღმოჩნდა და ხატვას ასწავლიდა პატარებს სკოლაში.

გაკვეთილი: მკაცრსახიან და საქმიანგამოხედვიან ადამიანებსაც შეუძლიათ სათუთი რამეების სწავლება ბავშვებისთვის.

***

დილით მივდივარ სკოლაში და დამხვდა ორი ცალი აწრიალებული წერტილი მეხუთეკლასელი, ეტყობოდათ, დიდი ხანია მელოდებოდნენ. მასწავლებელო, ბოდიშს გიხდით, გუშინ რომ გაგაბრაზეთო. ვუყურებ გაოგნებით გაორებული: ერთი იმიტომ, რომ ოდნავადაც არ მახსოვს, რაზე გავბრაზდი გუშინ და მეორეც იმიტომ, რომ ეს ბოდიშები როგორ მოიფიქრეს!  ასე გაორებულმა დავამშვიდე წერტილები, კარგი, აღარ გიბრაზდებით- მეთქი.  სამასწავლებლოში შევედი. დამხვდა მათი დამრიგებელი,რა ქნეს, გიპოვეს, ძალიან წუხდნენო? სულ არ მახსოვს, რატომ გამაბრაზეს- მეთქი. არაო, ეგ არ შეიძლებაო, თუ გაუბრაზდები, აუცილებლად უნდა იცოდე, რატომ გაბრაზდი და არ უნდა დაგავიწყდესო. ეს მორიგი გაკვეთილი იყო.

***

ერთმა უფროსკლასელმა გამატანა თავისი რვეული,მას, რაღაც დავწერე და წაიკითხეთო. მეორე დღეს სამასწავლებლოში ვზივარ და კართან მოვიდა მორიდებით. დამარტყა თავში, რომ სახლში არ გამხსენია მისი რვეული. რა ვქნა ახლა, ბავშვი როგორ ელოდებოდა და მე დამავიწყდა! მომწყდა წელი, სანამ ავდგებოდი და კართან მივიდოდი. საშინლად ვიგრძენი თავი, როგორ დამავიწყდა!!! რა იცის ამ ბავშვმა, რომ დაბადებიდან გულმავიწყი ვარ… წამის მეასედში გამიელვა, ხომ არ ვუთხრა, რომ წავიკითხე და მომეწონა- მეთქი. არ მიქნა გულმა: თეო, ვერ წავიკითხე შენი ნაწერი, გადამავიწყდა- მეთქი. არა უშავს, მას, მაინც შეცდომით სხვა რვეული გამიტანებიაო…

გაკვეთილი: ყოველთვის, ყოველ მიზეზ – და შედეგ გარეშე, ბავშვებთან უნდა იყო, აუცილებლად უნდა იყო გულწრფელი!

***

დილით სკოლაში მისულს ისედაც ასაკის ახირებებს აყოლილი და აჟიტირებული მეცხრეკლასელები მთლად გადარეულები დამხვდნენ: ზოგი საფრანგეთის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი, ზოგი იტალიის. სასტვენებიც წამოეღოთ, უცნაური ქუდებიც…ცოტა ხანში დავადგინე, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ქომაგები იყვნენ და იმ დღეს საფრანგეთი და იტალია ხვდებოდა ერთმანეთს ფინალში. ისედაც სწავლაზე არ იკლავდნენ თავს და ახლა ხომ წარმოუდგენელი იყო ამათი გრამატიკის გაკვეთილზე გაჩერება! მასწავლებლისთვის არჩევანი არ ან იშვიათდ არსებობს, შესვლის ზარიც დაირეკა და გარდაუვალობის კანონმა მიკარნახა, რამე უნდა მომეფიქრებინა: სასწრაფოდ დავყავი კლასი საფრანგეთისა და იტალიის გულშემატკივრებად და დაფა – ორ ნაწილად: ერთ მხარეს საფრანგეთის დახატული დროშა გააკრეს, მეორე მხარეს – იტალიისა. შევთავაზე, რომ ერთგვარი თამაში – ბედისწერა გვეთამაშა, ერთმანეთს უნდა გაჯიბრებოდნენ წინადადებების გარჩევაში, რომელი ქვეყნის გულშემატკივართა გუნდიც მოიგებდა, საღამოს ის გაიმარჯვებდა ფინალში. ასე ჩართული და მობილიზებული ეს კლასი არასოდეს ყოფილა. არც ის მახსოვს, რომელმა გუნდმა მოიგო, არც ის, ჩემპიონატის ფინალი რა ანგარიშით დასრულდა, ჩემთვის მთავარი პროცესი იყო.

გაკვეთილი: სწავლებისას კარგი და აუცილებელია ექსპრომტები და ექსპერიმენტები.

***

ერთი ბიჭი იყო. მე რომ მასწავლებლად შევედი მეთერთმეტე კლასში, უკვე თავისი ამპლუა მორგებულ- გააზრებული ჰქონდა: არავინ სთხოვდა დავალებას, მთავარი იყო გაკვეთილზე მეტისმეტად შემაწუხებელი არ ყოფილიყო. თავიდან ფერებით და „შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ“-ით დავიწყე. წამომყვა 2-3 გაკვეთილი. მინიმალურს აკეთებდა. მერე იმასაც შეეშვა. არ თვლიდა საჭიროდ და მორჩა. არ მბეზრდებოდა, ყოველ დღე ვთხოვდი დავალებას. რამდენჯერმე მკაცრად რომ მოვთხოვე, ლამის კონფლიქტამდე მივიდა საქმე და დავანებე თავი. აღარ ვაქცევდი ყურადღებას, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს კონტაქტისგან. ერთ დღესაც ბრალი დამდო, დავალებებს ვწერ და არ მისწორებს, ზედაც არ მიყურებსო. გავბრაზდი ძალიან. რაღაც გრძელი ლექცია წავუკითხე მას და მის კლასელებს, განრისხებულმა კლასის დატოვება გადავწყვიტე და მოვემზადე, კარი კარგად რომ გამომეჯახუნებინა (მეტი ეფექტისთვის ). ზღურბლზე ფეხის გადადგმა (ვიწრო ქვედაბოლო მეცვა), ხელის მომარჯვება კარის სახელურზე და ზღართანი ხოლოდ წამის მეასედებში ასცდა ერთმანეთს: ცოცხალი თუ ავდგებოდი, არც მე მეგონა, არც ბავშვებს, სიცილიც კი გადაავიწყდათ. ავდექი.

გაკვეთილი 1-ლი: არავითარ შემთხვევაში, არანაირი ფორმით არ შეიძლება ბავშვთან ურთიერთობაზე თავის არიდება, თორემ აუცილებლად მოიტეხ კისერს.

გაკვეთილი მე-2: არა რაა, არ უხდება სკოლას განრისხებები, მეტისმეტად ვიწრო ქვედაბოლოები და კარის გაჯახუნებები!

***

მგონი, ახალბედობა არ სრულდება ჩვენს პროფესიაში, ეს კრიალოსანი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.მთავარია, წრეზე არ დავბრუნდე და იგივე შეცდომები არ გავიმეორო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი