გოგოების ვალდებულებები – გამეორება, შეცდომების გასწორება

რა გვასწავლეს? გვასწავლეს, რომ სახლში უფრო ადრე უნდა დავბრუნდეთ, ვიდრე ბიჭები; უფრო თავაზიანები უნდა ვიყოთ, დახვეწილი მანერები გვქონდეს, ცუდ სიტყვებს არ ვამბობდეთ, საერთოდ, სიტყვებს სულ უნდა ვწონიდეთ, რომ ვინმეს ყურში ცუდად არ მოხვდეს, ზედმეტი არ მოგვივიდეს, უხეშობაში არავინ ჩამოგვართვას. ლამაზებიც უნდა ვიყოთ, მოსაწონები, მიმზიდველები, მაგრამ ზედმეტი არ მოგვივიდეს – თვალი არავის მოვჭრათ, ვინმემ რამე ცუდი არ იფიქროს, ჩვენი სილამაზე ცუდად არ შემოგვიტრიალდეს, სასჯელად და ტვირთად არ გვექცეს.

ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.

სადაც სუსტია, იქ გაწყდეს.

რაც მოგივა, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს.

კაცის ტვინი მაინც სხვაა.

ნამეტანი არაფერი ვარგა.

და ათასი სხვა რამ.

რა მოხდა მერე:

ასე გაზრდილმა გოგოებმა არასწორ კაცებს დაუკავშირეს ცხოვრება, მათ, ვინც მათზე გვიან ბრუნდებოდა სახლში, მათზე ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებდა, მათზე ნაკლებად წონიდა სიტყვებს და ქცევას, არც უხეშობას მიიჩნევდნენ დანაშაულად და შიგადაშიგ ძალადობაც ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ.

ასე გაზრდილმა გოგონებმა საკუთარი დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყვეს, საკუთარი სურვილების მოსმენა გაუჭირდათ. ზოგს წლები დასჭირდა მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად, ზოგი დღემდე იტანჯება, ზოგს ძალა გამოელია, ზოგი მიეჩვია, ზოგი მოკლეს, ზოგი შეაჩვენეს, ზოგს დაემუქრნენ.

ასე გაზრდილი გოგოების უკან ის ხალხი დგას, ვინც მათ არასწორ ვალდებულებებს ახვევდა თავს, შესაბამისად, მხარდამჭერები არ აღმოაჩნდათ, უახლოეს გარემოცვაში, ოჯახებსა და მეგობრებშიც კი.

ასე გაზრდილ გოგონებს ბევრს ვერაფერს ვშველით ისინიც, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვიცდია, ვინც მივხვდით, რომ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ფეხზე მყარად დავდგეთ და სხვების დაშვებული შეცდომები გავასწოროთ. სხვა პატარა გოგონებს იგივე არ ვუთხრათ, დიდ გოგონებს ვაჩვენოთ, რომ სხვანაირად ცხოვრებაც შეიძლება.

აქ, ჩვენს გარშემო, გოგონებს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის და სოლიდარობის უნარი თითქოს დაქვეითებული აქვთ. გინდა, შენ თუ იწვალე, სხვამაც იწვალოს, შენ თუ რაღაცაში ძვირი გადაიხადე, სხვამაც გადაიხადოს ეს ფასი, შენ თუ გაგირთულეს ცხოვრება, დაე სხვებისთვისაც ნუ იქნება მარტივი. იმის გამო, რაც შენ გადაიტანე, მზად ხარ სხვებიც დაიტანჯონ, თითქოს ამით შენი ტანჯვა შემსუბუქდება. გექნება განცდა, რომ არ ხარ ერთადერთი, ვისაც ისე მოექცნენ, როგორც არ იმსახურებდა. თანაც არგუმენტებს ეძებ, რატომ მოხდა ასე: იქნებ ბევრი ილაპარაკა, იქნებ იქ არ უნდა ყოფილიყო, სადაც იყო, იქნებ ისე არ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო, იქნებ მართლა გამოიყვანა ვინმე მდგომარეობიდან, აბა რა ეგონა, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა და ასე დაუსრულებლად.

ასე არაფერი გამოვა.

დაკვირვებიხართ იმ კანონზომიერებას, მშობლებს რაღაც აუსრულებელი სურვილები რომ აქვთ და ცდილობენ, შვილებს შესთავაზონ ცხოვრების ის მოდელი, რომელიც თვითონ ვერ მოირგეს? მუსიკოსობა რომ უნდოდათ, მერე ბანკში დაიწყეს მუშაობა, შვილებს კი ჯიუტად ატარებენ მუსიკაზე იმის უკითხავად, შედის თუ არა ეს მათ ინტერესებში? მეცნიერებად რომ ხედავდნენ თავიანთ თავს, მაგრამ არ გამოუვიდათ და ცდილობენ, შვილი მაინც დაინტერესდეს კვლევებით? თავგადასავლები რომ იზიდავდათ, მერე პროზაული ცხოვრებით მოუწიათ ცხოვრება და ახლა ბავშვებს სთავაზობენ ავანტიურებს? სპორტზე დადიოდნენ, ტრავმა მიიღეს და ახლა ბავშვმა ივარჯიშოს, იქნებ მას მაინც გამოუვიდეს.

გეცოდინებათ.

ხშირია ასეთი შემთხვევები და ძლიერია ვნება, შენი შვილი შენი სურვილების ასრულების ინსტრუმენტად აღიქვა. გგონია, რაკი შენ გააჩინე, შენ გაზარდე – სამართლიანი იქნება, ისე იცხოვროს, როგორც შენ ეტყვი.

ალბათ აჯობებს, ბავშვების კარიერის დაგეგმვის მაგივრად არასწორი ვალდებულებებისგან მათი დაცვით დავიწყოთ ჩვენს აღზრდაში დაშვებული შეცდომების გასწორება.

თუ ვხედავთ იმას, რაც არ მოგვწონს ჩვენს გავლილ გზაზე, მოდი, დავიცვათ ჩვენზე პატარები, ჩვენზე დამოკიდებული ადამიანები იმავე შეცდომებისგან. ნუ მოვახვევთ თავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ მძიმე ტვირთად გვექცა, რომლებისგანაც დღემდე ვცდილობთ გათავისუფლებას და მივცეთ უფრო ლაღად, უფრო ბედნიერად, უფრო მშვიდად ცხოვრების საშუალება. რა მნიშვნელობა აქვს, სპორტით დაინტერესდებიან თუ ხელოვნებით, მოთხოვნად პროფესიას აირჩევენ თუ ეგზოტიკურს, მთავარია მყარად იდგნენ მიწაზე და საკუთარი სურვილების მოსმენა, მათი დაცვა შეეძლოთ.

კომენტარები

comments