პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გზა საბავშვო ბაღიდან სკოლამდე

„მამულო, შენთვის მოვკვდები,

შენთვის ჩავიცვამ შავსაო,

შენ შემოგწირავ სიცოცხლეს,

შემოგევლები თავსაო“.

თითქმის ერთი თვეა, ჩემი შვილი ბაღის დამამთავრებელი ზეიმის ლექსს ღიღინებს. რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, ამ პატრიოტული ლირიკიდან რა გაიგო და მან გულწრფელად მიპასუხა: – არ მომინდება ჯერ სამშობლოსთვის სიკვდილი, ძალიან პატარა ვარო. ჩვენ გვილაპარაკია სამშობლოზე, ჩვენს ისტორიაზე, გმირებზე, ქვეყნის სიყვარულზე და ვფიქრობ, რომ მას სწორად ესმის თავგანწირვის არსი, თუმცა ხვდება, რომ მსგავსი ტექსტები მისი ასაკისთვის შეუსაბამოა, მისი გრძნობებისა და განცდებისთვის არ არის ახლობელი. ახლა კი ბაღში ზეიმისთვის ემზადებიან და ისიც ჩვეულებრივზე ხშირად მთხოვს, შინ დავტოვო. „მეშინია, რაღაც არასწორად არ ვთქვა, დამცინებენ“, – მიმხელს მგზავრობის დროს და მეც ვუყვები იმ შეცდომებზე, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლა და სწორ გზაზე დამაყენა.

ბაღის გამოსაშვები ზეიმის მომქანცველი რეპეტიციები დროდადრო აისახება მის ხასიათზე. ზოგჯერ გახარებული იტყვის: – სხვისი სამი ლექსიც ზეპირად ვიცი! – მერე ისევ ახსენდება მუსიკის გაკვეთილი და შიში ბრუნდება. მეც ვდარდობ – წელს ხომ სკოლაში მიდის; ნეტავ მერე რა იქნება? სკოლაში ხომ უფრო ყოჩაღი უნდა იყოს, უფრო მონდომებული… მერე ისევ ვმშვიდდები და პოზიტიურად ვიწყებ ფიქრს: ის ხომ ჩვეულებრივი ცელქი ბიჭია, მრავალფეროვანი ინტერესები აქვს, კარგი საკომუნიკაციო უნარები, არც საკუთარი აზრის გამოთქმა აშფოთებს, პირიქით, ყველაფერზე აქვს საკუთარი აზრი, ყველანაირი აზრის მისაღებად მზად არის, შეუძლია განწყობის ამოცნობა, მზად არის, ისწავლოს ახალი და საინტერესო ამბები, დაინახოს სხვისი და საკუთარი შეცდომები, იფიქროს იმაზე, რამ შეიძლება გული ატკინოს სხვა ადამიანს, მოძებნოს სწორი სიტყვები დამაბნეველ სიტუაციაში და ა.შ.

იმის თქმას ვცდილობ, რომ როდესაც ბაღში წასვლა არ უნდა, ამას ყოველთვის აქვს ობიექტური მიზეზი. ეს მიზეზი კი, ვფიქრობ, ხარვეზებია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემისა, რომელიც ცდილობს, ჩაუხშოს ბავშვს ხასიათის ის მხარე, რომელიც მას მუდმივი თავგადასავლებისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებს, ითხოვს მისგან მზა და ჭეშმარიტ პასუხებს და ძიებისა  და აზროვნების უნარს უკლავს. ხარვეზებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ისინი მრავალმხრივია, ყოველდღიურ პროცესში ვლინდება და ამ პროცესით დაინტერესებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ბავშვების უმრავლესობას კი ეშინია მცადრი პასუხების. ბევრი ფიქრსაც კი წყვეტს იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვას.

შეცდომა იმ სასწავლო პროცესის ნაწილი უნდა გახდეს, რომელზეც ვიფიქრებთ და ვიმსჯელებთ, სწორი პასუხებისკენ გზას გავიკვალავთ და ბავშვიც ისწავლის, როგორ იპოვოს გზა შეცდომებიდან სწორ პასუხებამდე. ისწავლის საკუთარი აზრის გამოხატვას, საკუთარი შეხედულების დაცვას, ტექსტის სწორ გააზრებას, შეფასებას და პრობლემის უფრო მასშტაბურად დანახვას.

საბავშვო ბაღი სრულდება და ცხოვრების ახალ ეტაპს როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის ახალი და პოზიტიური მოლოდინები მოაქვს. სკოლის შერჩევა დიდ სირთულეებს წარმოშობს. თავიდანვე ჩნდება ერთი, უკვე ბანალური პრობლემა: საჯარო თუ კერძო? რომელ სკოლას ვენდობით მშობლები? ჩემი შვილის მეგობრების მშობლების უმეტესობა კერძო სკოლებს ირჩევს და მათ არჩევანსაც კონკრეტული მიზეზები აქვს: არჩეული სკოლებისგან ისინი ელიან კეთილგანწყობილ და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული სივრცეს, სადაც არ დაითრგუნება პატარა პირველკლასელის პიროვნება, მისი საგანმანათლებლო ინტერესი, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაცული იქნება და თავისუფალ აზროვნებას ისწავლის.

და თუ მშობელი მაინც ირჩევს საჯარო სკოლას, ისევე როგორც თავიდან შეარჩია საჯარო ბაღი (რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულეებით და სხვა თანამდევი პრობლემებითურთ), ვეებერთელა ეჭვებით და კითხვის ნიშნებით ეგებება სასწავლო წელს და ფიქრობს, რას შესთავაზებს ეს სკოლა ან შეძლებს თუ არა მისი შვილი, იქ მიღებული ცოდნით კონკურენტუნარიანი გახდეს გარემოში, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ჩამორჩება კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგებს, ისევე როგორც სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგები – ქალაქის სკოლებისას და ამას ისევ საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ნაპრალამდე მივყავართ.

მშობელი, რომელიც საჯარო სკოლას ირჩევს, გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ ამოავსოს ეს ნაპრალი და მხარი დაუჭიროს შვილის საგანმანათლებლო ინტერესებს, ამ მხარდაჭერის საფასური კი ძალიან დიდია. ეს დიდი ზღვარია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მთავარი ხინჯი, რადგან ვერ შექმნა გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნებოდა თანაბარი განათლების მიღების საშუალება.

ასე მოვიდა სკოლაში წასვლის დრო და ხუთმა წელმა მართლაც წამში გაიფრინა. მშობლობაც ჩვეულებრივი საგანმანათლებლო აქტივობა აღმოჩნდა, შვილებზე ზრუნვით, დაკვირვებით, მათი ინტერესების აღმოჩენით და საგანმანათლებლო ინტერესების წახალისებით. პირველკლასელთა მოლოდინი პოზიტიურია, ისინი სკოლისგან, უპირველეს ყოვლისა, ელიან კეთილ და მშვიდობიან დამოკიდებულებას და ეს მათი სწავლისთვის, მათი განვითარებისთვის, ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის უმთავრესია. ვისურვებდი, ყველა მასწავლებელს, რომელმაც სწავლა უნდა შეაყვაროს პირველკლასელებს, გაეაზრებინა მათი სურვილები და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით სავსე სასწავლო პროცესი შეეთავაზებინა მათთვის, სადაც პატარა მოსწავლეები თავისუფლად იფიქრებენ, იმსჯელებენ, იკამათებენ, სწორ აქცენტებს დასვამენ და წაკითხულიდან აზრსაც გამოიტანენ.

ბოლოს კი იმასაც გეტყვით, რომ ცხოვრების ურბანულმა წესმა, საცობში დიდხანს დგომამ, წიგნის კითხვისა და მეგობრული საუბრისთვის დროის მუდმივმა უკმარისობამ და სხვა ყოფითმა წვრილმანებმა ახალი წიგნების კითხვისა და მათზე საუბრის საშუალება გვაპოვნინა – ჩვენი მანქანა გადაიქცა ბიბლიომანქანად, სადაც ორი ბავშვისთვის, ბაღში წასვლისას თუ იქიდან დაბრუნებისას, მოიძებნება ბევრი ფერადი წიგნი, მოკლე და არც ისე მოკლე ზღაპრები, ფერადი ამბები, მხიარული ლექსები, ბიბლიური ისტორიები თუ ბავშვის პირველი ენციკლოპედია, რომელიც ყველა მოკლე თუ გრძელ მარშრუტს საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავლად აქცევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი