ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პრაქტიკული პედაგოგიკა. სასწავლო მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება ინტეგრირებული გაკვეთილისთვის

ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად – ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო „საგნებად”, მით უფრო უჭირს მოსწავლეს მისი აღქმა და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს სირთულე იოლად დაიძლევა. ამაში ასაკობრივ განვითარებასთან ერთად დიდი როლის შესრულება შეუძლია კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებს შორის არსებული თემატური კავშირები და ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი. ბუნებრივია, აქ თავს იჩენს კითხვები, რომლებზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს:
* რითია მნიშვნელოვანი ინტეგრირებული გაკვეთილები, ინტეგრირებული სწავლება? 

* როგორია ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპები?

* რა მიდგომები უნდა გამოვიყენო ინტეგრირებული გაკვეთილისთვის თემის შერჩევისას?

* როგორ ყალიბდება ინტეგრირებული გაკვეთილის სასწავლო მიზანი?

* როგორ ფასდება მოსწავლე ინტეგრირებულ გაკვეთილზე ანუ როგორ დგება შეფასების რუბრიკა და იწერება ქულა?
განათლების სპეციალისტები ხშირად ლაპარაკობენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი სასწავლო დისციპლინის შიგნით არსებულ ინტეგრაციაზე. მაგალითად, ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან მოწყვეტით აღარ ისწავლება ალგებრა და გეომეტრია, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მიმართულებებზე – სტატისტიკასა და ალბათობაზე. პირველი ექვსი წლის განმავლობაში საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად ისწავლება. ეს ნიშნავს, რომ არის საგანი ბუნებისმეტყველება, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივ გარემოს, მის მახასიათებლებს, ამით მეცნიერული აზროვნების წინაპირობას ქმნის და სხვ.
ინტეგრირებული გაკვეთილის შესახებ მსჯელობისას აუცილებლად უნდა შევჩერდეთ მისი დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებზე.
 
ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების ეტაპებია:
1. ინტეგრირებული გაკვეთილის თემის შერჩევა;
2. ინტეგრირებული გაკვეთილის მიზნის ჩამოყალიბება;
3. კოლეგებთან ერთად ან დამოუკიდებლად გაკვეთილის დაგეგმვა;
4. გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო რესურსების მობილიზება და კლასის მომზადება;
5. გაკვეთილის ჩატარება;
6. ჩატარებული გაკვეთილის შედეგების ანალიზი
როგორ შევარჩიოთ თემა ინტეგრირებული გაკვეთილისთვის?

პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ძნელია ისეთი თემების პოვნა, რომლებიც ერთი და იმავე საკითხის მრავალმხრივ შესწავლას შეუწყობს ხელს, ამიტომ პრაქტიკაში ინტეგრირებული გაკვეთილები ხშირად არ ტარდება. სემინარებზე, კათედრის შეხვედრებსა და კონფერენციებზე კოლეგებთან თანამშრომლობა აიოლებს ისეთი თემების შერჩევას, რომლებზეც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება შეიძლება. გთავაზობთ თემის შერჩევის, სასწავლო მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრის მაგალითებს რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილისთვის.
კლასი: მეთერთმეტე

საგნები : ისტორია/ქართული ენა და ლიტერატურა
მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება
 
 
ისტ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* გამოთქვამს მოსაზრებას პიროვნების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;
* აჯგუფებს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათ უფლებებსა და მოვალეობებზე.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* მსჯელობს იმაზე, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას; 
* აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათ გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე. 
ინტეგრირებული გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაწილეობა დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით; არგუმენტირებულად იმსჯელოს იმის შესახებ, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას; გამოთქვას აზრი „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟთა ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ; განიხილოს სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები; კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანოს დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში „ადამიანი და საზოგადოება” მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების” მიხედვით და არგუმენტირებულად იმსჯელა, როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურის თემებს, პრობლემებს, ინფორმაციის სპეციფიკურობას.

2. მოსწავლემ გამოთქვა მოსაზრება „ჯაყოს ხიზნებში” პერსონაჟების ქონებრივი და სოციალური მდგომარეობის ურთიერთმიმართების შესახებ;

3. მოსწავლემ განიხილა სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სოციალური ფენების წარმომადგენელთა უფლებები და მოვალეობები;

4. მოსწავლემ კრიტიკულად და შემოქმედებითად მსჯელობის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება.
კლასი: მეათე
საგნები: მათემატიკა/სამოქალაქო განათლება
 
მათ. X. 16.მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* განიხილავს იმ სტატისტიკურ ვითარებებს, რომელთა გამოცდილებაც აქვს (მაგალითად, მოსახლეობის აღწერა, არჩევნები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა), იყენებს გამოქვეყნებულ ფაქტებს/მონაცემებს და მსჯელობს მოცემული პრობლემის (მაგალითად, ეკოლოგიური საკითხების) შესახებ.
მოქ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია, გააანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ეცნობა და მეგობრებთან ერთად განიხილავს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; აანალიზებს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად წერს წლიური ანგარიშის პროექტს სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. 
გაკვეთილის საწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს, სტატისტიკურად განიხილოს სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; გააანალიზოს, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწეროს წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ და მონაცემები წარმოადგინოს სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ სტატისტიკურად განიხილა სკოლის სამურვეო საბჭოსა და დირექციის გადაწყვეტილებები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით; 

2. გააანალიზა, რამდენად არის გათვალისწინებული მათ სკოლაში საზოგადოებრივი (მოსწავლეთა თვითმმართველობის, პედაგოგების, მშობლების, მეზობელი მოსახლეობის და ა.შ.) ინტერესები;
3.  თანაკლასელების ჯგუფთან ერთად დაწერა წლიური ანგარიში სკოლის განვითარებაში სკოლის საზოგადოების მონაწილეობის შესახებ;

4. მონაცემები წარმოადგინა სვეტოვანი ან წრიული დიაგრამის სახით.
კლასი: მეოთხე
საგნები: ქართული/ბუნება
 
ბუნ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

* აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ., ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს წარსულსა და აწმყოში ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე, წარმოადგენს შედეგებს;
* იცავს ბუნებაში ცეცხლის მოხმარების წესებს (მაგ., კოცონისთვის ადგილის სწორად შერჩევა და ჩაქრობა);
* იცავს ბუნებაში საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების წესს.
ქართ. IV. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

* ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების საფუძველზე წერს მცირე ზომის ტექსტს;
* შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით ადგენს მარტივ დარგობრივ ტექსტებს (კლიმატური პირობების აღწერას, გეოგრაფიული გარემოს აღწერას, მათემატიკურ ამოცანას);
* ჩამოწერს კითხვებს მწერალთან წარმოსახვითი ინტერვიუსთვის; 
* სწერს წერილებს რეალურ და წარმოსახვით ადრესატებს (მეგობარს, ნაწარმოების ავტორს, პერსონაჟს და სხვ.).  
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაცემების მოგროვება განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს), ნაგვის განთავსების პრობლემებზე, შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინოს მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო” და კლასის წინაშე მოახდინოს მასალის პრეზენტაცია.
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ მოაგროვა მონაცემები განსხვავებული წყაროებიდან (სახელმძღვანელო, ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება სასწავლო ექსკურსიის დროს) ნაგვის განთავსების პრობლემებზე;
2. შესაბამისი ლექსიკის გამოყენებით შეადგინა მარტივი დარგობრივი ტექსტი „ნაგავი და ჩვენი გარემო”;
3. კლასის წინაშე მოახდინა მასალის პრეზენტაცია.
კლასი: მეცხრე
საგნები: ქიმია/ბიოლგია
 
ქიმ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების ქიმიის თვალსაზრისით შეფასება. 
ბიოლ. IX. 9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 
გაკვეთილის სასწავლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ჰაერისა დაბინძურების გზების აღწერა, ინფორმაციის მოპოვება გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ, მტკიცებულებების მოყვანა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობა, საუბარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
 
შეფასების კრიტერიუმები:

1. მოსწავლემ აღწერა ჰაერის დაბინძურების გზები;
2. მოიპოვა ინფორმაცია გამონაბოლქვში არსებული დამაბინძურებლების შესახებ;
3. მოიყვანა მტკიცებულებები და იმსჯელა პრობლემის გადაჭრის გზებზე;
4. ისაუბრა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობაზე. 

ინტეგრირებული სწავლება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეს განსაზღვრულ თემებსა და საკითხებზე ჰოლისტური ხედვა ჩამოუყალიბდეს. ინტეგრირებული სწავლების ერთ-ერთი გზაა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში არის თემები, რომლებიც მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს და ჩაატაროს ამ ტიპის გაკვეთილი. სასწავლო მიზნების მართებული ფორმულირება და ამ მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინტეგრირებული სწავლების წარმატებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი