პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„სწავლა კეთებით“ და Result-სილაბუსი საუნივერსიტეტო სწავლებაში

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისათვის მზადება

ჯონ დიუი

განათლება არის დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი (დიუი); ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიას ან თავისუფლებას უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებით ან ცნებებით კი ვერ მოვიპოვებთ, არამედ იმ უნარებით და გამოცდილებებით, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ვიღებთ. ჰო და, თავად განსაჯეთ, საიდან იწყება თავისუფლება? პოლიტიკოსების შექმნილი სლოგანებიდან? ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისკენ ისე, თითქოს ეს განათლების გარეშე შესაძლებელი იყოს. ამიტომ თანამედროვე განათლების სისტემაში რაც არ უნდა ვცვალოთ და გადავაკეთოთ და რამდენი აბსურდის შემცველი მოსაზრებაც არ უნდა შევიტანოთ კანონში, შედეგს ვერასდროს ვერ მივიღებთ; იმიტომ რომ, ხედვის ფოკუსი გვაქვს შესაცვლელი და ტრაგიკული ის არის, რომ ქვეყნის მმართველებს ეს ფოკუსი საერთოდაც არ აქვთ, ამიტომ ვერც ვერასოდეს შე(ი)ცვლიან. თავისუფლების მოსაპოვებლად გინდა თავი დაიწვი და გინდა პირი ამოიკერე – ასეთი ქცევებიც სწორედ იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს, რა არის ნამდვილად თავისუფლება, საიდან იწყება და როგორ მოიპოვება იგი.

ჯონ დიუის – „სწავლა კეთებით“ – უბრალოდ, ამ იდეას რომ მივყვეთ, იმდენ გასაოცარ შედეგს მივიღებთ, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. მე საიდან ვიცი? მე ნამდვილად გამოცდილებიდან ვიცი და „ჰაერზე არ ვლაპარაკაობ“.  ჩვენ მივეჩვიეთ პროგრესულ იდეებზე სტატიების წერას, მსჯელობას, მაგრამ ეს გამოცდილებები თუ თავად არ შეგვეხო და ჩვენში არ მოახდინა ცვლილება, დარჩება პროგრესულ იდეებად ფურცლებზე და სიტყვებში. დიუის იდეა კი სწორედაც საპირისპიროს ამბობს. მისი ნააზრევი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დიუი უბრალოდ თეორიებს კი არ აყალიბებს, არამედ თავად არის თავისივე იდეების ცხოვრებაში გადმომტანი. რასაც სხვებს უქადაგებდა, თავად განახორციელებდა.

ჰოდა, ამჯერად მეც ჩემს პედაგოგიურ თავგადასავლებზე დავწერ. ეს გამოცდილება კი მომიტანა იმ დრომ, როდესაც შეიქმნა ახალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი რექტორი გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პროგრესული ადამიანი, გიგი თევზაძე. გიგის განხორციელებულმა იდეებმა ამოაყირავა საუნივერსიტეტო ცხოვრება, თუმცა ბევრისთვის მაშინაც და დღესაც, ეს იდეები მიუღებელი და გაუგებარი იყო. მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იგრძნო გიგის შექმნილი სისტემის სიკეთე. ვხედავდი ჩემ თვალწინ როგორ ხდებოდა ეს ცვლილება, როგორები გახდნენ ახალგაზრდები, როგორ დაიწყეს ბუნებრივი უნარების გამოვლენა, ხდებოდნენ უფრო დამოუკიდებლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ცვლილებებისადმი სრულიად გახსნილები. თითქოს გადამდები გახდა ეს ყველაფერი და სულ უფრო მეტად ჩაერთნენ სტუდენტები ამ პროცესში. ეს ჩემთვის ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო, რადგან ბევრი წელია უნივერსიტეტში ვასწავლი და სტუდენტთა განწყობების ცვლილებას მაშინვე ვგრძნობ.

გიგი თევზაძის მიერ განხორციელებული მრავალი სიახლიდან მე მხოლოდ ერთ იდეაზე შევჩერდები (რომელიც სასწავლო პროცესში დაინერგა) და ეს იდეა გახლავთ – „სწავლა კეთებით“, იგივე „გამოცდილებით სწავლა“ და ამ სწავლების შესაბამისი, ეგრეთ წოდებული, Result-სილაბუსების შემოტანა. ამ სილაბუსების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში და განათლებაში, ზოგადად, დიდი გარღვევა იყო.  ეს სწორედ დიუის იდეის განხორციელება გახლდათ – „სწავლა კეთებით“. როგორც მახსოვს, ბევრმა პროფესორმა აითვალწუნა ეს სილაბუსი მისი არატრადიციულობის და საკუთარი მხოლოდ ტრადიციულობის გამო.  ამ სილაბუსის მიხედვით, ცოდნის მიღების პარამეტრები იცვლებოდა. „დასწავლა, გამოკითხვა, ტესტები“ ჩაანაცვლა პროექტებზე მუშაობამ. ასეთ ვითარებაში პროფესორი აღარ იყო სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა, არც ყოვლისმცოდნე, მისი დიქტატი გატანილია აუდიტორიიდან. პროფესორი ხდება თანამშრომელი, თანაშემოქმედი, გიდი, რომელიც აძლევს მიმართულებას, ეხმარება სტუდენტებს ახალი ცოდნის აღმოჩენაში. ჩემთვის ეს მეთოდი აღმოჩნდა სრულიად ბუნებრივი, რადგან მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება მაძლევდა სიხარულს სტუდენტებთან ურთიერთობისას – ვყოფილიყავი მათი ტრანსფორმაციის მოწმე იმ ცოდნის წყალობით, რომელსაც განსხვავებული მეთოდებით ვაწვდიდი.

მე დღემდე ამ სილაბუსით ვასწავლი და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, იმ სიამოვნებებზე და ცოდნის ზეიმზე გესაუბროთ, რომელიც ამ ტიპის სწავლებას მოჰყვება ხოლმე. აქვე გიმჟღავნებთ იმ საიდუმლოს, რომელიც დღემდე ვერ გამოიკვლიეს: „რას უკეთებს ბარბაქაძე სტუდენტებს, რითი აჯადოებს?“

ეს საიდუმლო იმაში მგომარეობს, რომ მე სტუდენტებისთვის ვხდები ექსკურსიამძღოლი, გიდი ცოდნაში სამოგზაუროდ. ჩემს ერთ Result-სილაბუსს ასე ჰქვია: „მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ“. სათაურში სპეციალურად მივანიშნე ცოდნისა და ცხოვრების ურთიერთკავშირსა და განპირობებულობაზე. ლექციას ვიწყებთ  სხვადასხვაგვარად. ამ სემესტრში ასე დავიწყე:

მოემზადეთ, ჩვენ ახლა მივდივართ შორეულ მოგზაურობაში, ვისაც ამ მოგზაურობის სურვილი არ აქვს, შეგიძლიათ გადაირჩიოთ საგანი, სანამ „არგუსი“ არჩევა-გადარჩევის რეჟიმშია…

მერე ჩვენ გავდივართ…. ვიწყებთ მეტაფორებში მოგზაურობას. მეტაფორები კიდევ ერთ ადგილას არ არიან თავმოყრილები… ისინი ყველგან არიან, ამიტომ მოგზაურობის დროს ვირჩევთ მარშრუტს, რომელი გზით წავიდეთ, დღეს რა ვნახოთ, რა განვიცადოთ, რომელი მეტაფორების რომელ პლანეტას მივადგეთ… არჩევანი მრავლადაა: აქეთ პოეზიის მეტაფორები შემოგვყურებს, იქით – პოლიტიკური მეტაფორები, უფრო სიღრმეში – ენობრივი მეტაფორები და ფრაზეოლოგიზმებია, მარჯვნივ ერიქსონი დგას და მანიშნებს, რომ იქით წავიდე, გვპირდება, რომ მეტაფორებით ადამიანის გაშიფვრას გვასწავლის და იმასაც, როგორ იცვლება ცხოვრება, როცა მეტაფორას ვცვლით… აი, ეს კვანტური ფიზიკა ხომ ჩემთვის მეტაფორების წყაროა, ცოტა შორს არის, მაგრამ ისე, რომ ალისა და ალისონი მაინც ჩანან… მთელი კვანტური ფიზიკა მეტაფორებითაა სავსე… ერთი სიტყვით, შესასვლელში ჯერ ვათვალიერებთ ჩვენს პლანეტებს (ვეცნობით სილაბუსს) და მერე ვირჩევთ, რომელი მეტაფორა დავლაშქროთ და სად ავიტანოთ ჩვენი (კ)ალამი.

ვგრძნობ, ამ შესავლის შემდეგ მეც და ჩემი მოგზაურებიც როგორი განსხვავებულები ვხდებით… ჩვენ უბრალო აბსტრაქტული სიტყვებით არ ვსაუბრობთ, ჩვენ განციდით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოვთქვამთ, შევდივართ სხვა საგანში, ვიხედებით განსხვავებული სარკმელებიდან… ყველას ავიწყდება, რომ ეს ლექციაა, აუდიტორიაში ზის და იქნებ კუჭიც ცარიელი აქვს ამ დროს…

მოგზაურობიდან დაბრუნებულები გაფართოებული თვალებით იხედებიან, აუდიტორიიდან გასულებს თან მიჰყვებათ ის განცდა-ემოცია, რომელიც მოგზაურობისას მიიღეს და სამყაროს სხვა თვალით უწყებენ ყურებას… ამას მაშინ ვხვდები, როცა შემდეგ ლექციაზე მოდიან ახალი კითხვებით და ახალი გამოცდილებებით… სემესტრის ბოლოს კი, პროექტების შემდეგ, ყველა, უგამონაკლისოდ, აცხადებს, რომ მეტაფორების ლექციებმა შეცვალა მათი ცხოვრება და ჰყვებიან, ეს როგორ მოხდა… ამაზე საინტერესო ფილმები მე ცხოვრებაში არ მინახავს. მე დამოკიდებული გავხდი მათი ტრანსფორმაციის ისტორიებზე.

ისევ დიუით დავასრულებ ( და გაგრძელებასაც გპირდებით):

ცოდნა და სწავლა შესაბამისად წარმოიქმნება გარემოს აქტიური მანიპულაციის შედეგად. დიუის მოჰყავს ასეთი მაგალითი: ადამიანს ესმის ხმა ბნელ ოთახში. თავიდან ეს ხმა შიშისმომგვრელია, გამოკვლევის შემდეგ (მაგალითად, სინათლის ანთება და გარშემო დათვალიერება) დგინდება, რომ ხმა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ფანჯრის დარაბის ბრახუნით, რაც არ ქმნიდა შიშის საფუძველს. ამ მაგალითის არსი არის ის, რომ ცოდნა ყალიბდება   სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში.

ეს ფოტოები კი ერთი (არა)ჩვეულებრივი დღეა მეტაფორების კურსის მსმენელების ცხოვრებიდან. მეტაფორების გამოფენა „მზიურში“: სტუდენტებმა თავად შექმნეს – დახატეს, ააწყვეს ვიზუალური მეტაფორები, შემდეგ გამოფინეს და ერთმანეთის ემოციები გაამდიდრეს კონცეპტუალური ნამუშევრებით. ჩვენ კი (მე და ჩემმა კოლეგებმა) პატარა კონკურსიც მოვუწყვეთ: წავახალისეთ, დავაჯილდოვეთ, მოტივაცია მივეცით და ცოდნის ზეიმი ერთად გავიზიარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი