პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ ვმუშაობთ

ზიგმუნდ ფროიდი ამბობს, რომ ადამიანს ორი უმთავრესი ცხოვრებისეული მიზანი ამოძრავებს – მას უნდა უყვარდეს და ის უნდა მუშაობდეს. ალბათ, მართლაც ასეა, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ ერთნაირი თავგანწირვით ვეძებთ ნამდვილ სიყვარულს და სამუშაოს, რომელიც ჩვენი ამბიციების შესაფერისი იქნება. თუმცა სამუშაოს, სამსახურს, ფულის გარდა სხვა დივიდენდები და სხვა კმაყოფილებაც მოაქვს. 

რაც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ „ფული ხელის ჭუჭყია”, დასაქმებულთა 77% აღიარებს – სამუშაოს ხარისხიან შესრულებაში მისთვის საუკეთესო მოტივატორი კარგი ანაზაღაურებაა. საკუთარი ძალისხმევით  გამომუშავებულ ანაზღაურებას ადამიანები განსხვავებულად აფასებებ, ვიდრე „სხვა გზით” ნაშოვნ ფულს. 

თანამედროვე დასავლური კულტურა წარმომავლობის მიხედვით ფულს „პროფანურად” და „საკრალურად” ჰყოფს. მაგალითად, თუ ადამიანს გაუმართლა და მან ფული ლატარიით მოიგო ან მოულოდნელი მემკვიდრეობა ერგო, იმაზე დიდი ჰონორარი აიღო, ვიდრე ელოდა ან პრემია ჩაერიცხა, ამ თანხას ის „განსაკუთრებულს” უწოდებს, ყოველდღიურ საყიდლებზე არ დახარჯავს და რამე „განსაკუთრებულს” შეიძენს. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობას მცდარი შეხედულება აქვს ფულთან მიმართებაში, როდესაც ფიქრობენ, რომ მათი ანაზღაურება მათ კომპეტენციას განსაზღვრავს. მაგალითად, თუ მასწავლებელ მაღალი ხელფასი არ აქვს, ეს იმას არ  ნიშნავს, რომ ის უვარგისი პედაგოგია. პერსპექტივაში მასმაღალი ხელფასიც შეიძლება დაენიშნოს და ყოველთვიური პრემიაც აიღოს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ შეხედულებებს ბავშვობისდროინდელი მიდგომები ამყარებს. ბავშვს ეუბნებიან: „ეს რატომ ჩაიდინე? შენ ცუდი ხარ!” ბავშვიც დარწმუნებულია, რომ სწორედ მისი ქცევით და სხვა არაფრით ფასდება მისი პიროვნება.               
ფილოსოფოსი ჰანნა არენდტი აღწერს სამუშაოს ორ ტიპს. პირველი ტიპის სამუშაო არ გვინაზღაურდება. ის სიცოცხლის შესანარჩუნებლად სრულდება: საკვების მომზადება, სარეცხი, დალაგება და ა.შ. მასში არაფერია „ წმინდა ადამიანური”, ის უფრო მექანიკური ქმედებაა. მეორე ტიპის სამუშაოს კაცობრიობა მეტად აფასებს. ასეთია იმ „ობიექტების მშენებლობა”, რაც დღეს ჩვენს გარშემო არსებობს, დაწყებული ჩაის ჭიქიდან, დამთავრებული რეაქტიული თვითმფრინავით. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, ბუნების წიაღში, მაგრამ ადამიანის ხელით შექმნილ გარემოში. სწორედ ასეთია ჩვენთვის კომფორტული და საიმედო სამყარო. სწორედ ასეთი შრომა აყალიბებს homo faber-ს, „შემოქმედ ადამიანს”. წინასწარი პროგნოზით, ასეთი ადამიანების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს. დასაქმებულთა უმრავლესობა კლავიატურას არის მიჯაჭვული – ფინანსისტები, პროგრამისტები, კონსულტანტები, მენეჯერები. ისინი გადაამუშავებენ საინფორმაციო ნაკადებს. ეს სამუშაო დიდ ძალისხმევას, კრეატივს და ენერგიას საჭიროებს, მაგრამ არ ამყარებს სამყაროს. ამ შრომის შედეგი ეფემერულია. „შემოქმედებით ადამიანს”, იგივე მასწავლებელს, არ შეუძლია თავისი შრომის შედეგი მომენტალურად დაინახოს. ის არ არის ხელშესახები. ამიტომ ბევრი მსგავსი პროფესიის ადამიანი სიხარულით ელტვის „ხელით სამუშოს”: პურის ცხობას, ბარვას, ფერმაში მუშაობას… 

სამაგიეროდ, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თვითრეალიზაცია. რამდენად უკავშირდება ის საყვარელ სამუშაოს? შემოქმედებითობას? პრფესიონალიზმს? იქნებ ის ასრულებულ ოცნებებებთან არის პირდაპირ კავშირში? ალბათ ამის აღწერა ჩვენი ემოციების გავლითაა შესაძლებელი.   თავს რეალიზებულად მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სამუშაოს შესრულების პროცესში ჩვენი უნარები, შესაძლებლობები და თვისებებია ჩართული. ეს გვიდასტურებს, რომ „ჩვენს ჩვენს ადგილზე ვართ”.   

კომპანია „KELL”-ის ბოლო კვლევით,  77%-ის შემთხვევაში მუსაობის დროს ყველაზე დიდი მოტივატორი ფულადი ანაზღაურებაა, 37,9%-ში – კარიერული ზრდის შესაძლებლობა, 37,3%-ში მასშტაბური და საინტერესო ამოცანები, 36,5%-ში – კომფორტული სამუშაო ატმოსფერო, 17,6%-ში კოლეგების პროფესიონალიზმი, 17,6%-ში სწავლების შესაძლებლობა.      

თვითრეალიზაცია მოიაზრებს სამუშაოს შესრულების უნარს, შრომის სურვილს. აი, სად არის მსგავსება სამუსაოსა და შიყვარულს შორის. ისევე, როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში არაფერი გამოგივა, თუ არ გაიღე და გაეცი. თვითრეალიზაციის დროსაც ადამიანმა უნდა გასცეს, მას სჭირდება შინაგანი ენერგია, სისავსე, პრაქტიკულად ეს იგივეა, რაც ლიბიდო, რომელიც გარკვეული ობიექტებისკენაა მიმართული.  ის, ვისაც აქვს ამის რესურსი, შეუძლია დიდხანს, ბევრი იმუშაოს და იყოს ამით ბედნიერი, კმაყოფილი. ეს მის შინაგან რესურსს კი არ ამოწურავს, პირიქით, განაახლებს.     

თვითრეალიზაციის დროს არ არის აუცილებელი ადამიანმა მაინც და მაინც კარიერულ ზრდაზე იფიქროს. „20 წელია სკოლის მასწავლებელი ვარ. რამდენჯერმე შემომთავაზეს სასწავლო ნაწილის თანამდებობა, მაგრამ ჩემთვის უინტერესოა ადმინისტრაციული სამუშაო. ჩემი საქმე ბავშვების სწავლებაა. ეს საქმე კარგად გამომდის. ბავშვებთან იძულებული ვარ განვითარდე, ვიყო ძიების პროცესში, არ მოვდუნდე. ახალ კლასთან ერთად ყოველთვის ვაკეთებ ახალ აღმოჩენებს, ახალი იდეები მებადება, ახალ ცოდნას ვეზიარები და ვაზიარებ,” – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი. 
ძალიან რთულია მუშაობა სამსახურში, სადაც დღემუდამ გაკრიტიკებენ, დაბალი ხელფასი და გრძელი სამუშაო დღეა. ჩვენი შრომა თუ არ ფასდება, ენთუზიაზმი გვეკარგება. ზოგჯერ ჩვეულებრივ, გაკვრით ნათქვამ საქებარ სიტყვასაც კი დიდი ძალა აქვს, ის შემოქმედებით ჰორიზონტებს გვიხსნის, უჩვეულო ენერგიით გვავსებს. 

რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღიარება? „აღიარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვრწმუნდებით – საზოგადოებისთვის მართლაც საჭირონი ვართ, ჩვენს მიერ შესრულებულ საქმეს ვიღაცისთვის დადებითი შედეგი მოაქვს. აღიარება მტკიცებულებაა, რომ ჩვენ ამ საზოგადოების ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფის  სრულუფლებიანი წევრები ვართ. საყოველთაო აღიარება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პატივი ვცეთ საკუთარ თავს,” – აცხადებს ფსიქოანალიტიკოსი ელენ ვეკიალი.

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის. აღიარება საკუთარი თავის პატივისცემის სასარგებლოდ მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ ის ნამდვილად დაიმსახურე. თუ დაუმსახურებელია, შესაძლებელია უკუეფექტი ჰქონდეს. თუ საკუთარ თავს პატივს არ სცემ, ხელმძღავენლის საქებრი სიტყვა ნარკოტიკად იქცევა, რომლის ახალი დოზა სულ უნდა გაზარდო.

ფსიქოანალიტიკოსის აზრით, „ქებაზე დამოკიდებულება” ნარცისიზმის ნიშანია.  ნარცისიზმი საუკუნის დაავადებაა: „იდეაში ჩვენ ის კი არ უნდა გვაღელვებდეს რამდენად გადასარევი, კრეატიული და ჭკვიანი მუშაკები ვართ, არამედ რამდენად კარგად შევასრულეთ სამუშაო. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ტყუილად არავინ გვაქებს, რომ ქებაც ჩვენი შრომის ერთ-ერთი ნაყოფია. ეს გვაძლევს წინსვლის სტიმულს. ამით არის მნიშვნელოვანი უკუკავშირის არსებობა”. 

კარგი სამსახური მიმზიდველი იმითიც არის, რომ გვესმის „რაღაც დიდის” ნაწილი ვართ: პროფესიის, გუნდიის, მნიშვნელოვანი კვლევის, რომელიც მომავალს შეცვლის. ვიღაც უფრო ეფექტიანად კონკურენტულ გარემოში მუშაობს. ასეთი ადამიანებისთვის ენერგიის წყარო სხვა არაფერია, თუ არა შეჯიბრი. უკონკურეტოდ, მოწინააღმდეგეს გარეშე მუშა პროცესის მიმართ ისინი ინტერესს კარგავენ. გონებრივი შტურმები, იდეების გაცვლა, ახლის შექმნა, საერთო გამარჯვებები თუ წარუმატებლობა, რომელსაც ერთად განვიცდით, ეს არის კოლექტიური, ჩვენი განვითარებისთვის საჭირო ემოციები.  

 

დიახ, ბევრისთვის მნიშვნელოვანია სამსახური, სადაც ყოველ დღე „რეჟიმისთვის” ივლის. ასეთ ადამიანებს უმეტესწილად თვითდისციპლინის პრობლემა აქვს. დროულად ადგომა, მოწესრიგება, გზა სამსახურამდე, სადილის დროს კოლეგებთან ურთიერთობა, ეს ყველაფერი თვითშეფასების გამყარებისთვის გვჭირდება. სამსახურში სიარულს არა მხოლოდ ფულადი მოგება მოაქვს, არამედ ის ჩვენი ცხოვრების საათის მექანიზმია. საათი კი უნდა წიკწიკებდეს. ინტერნეტი ვითარდება, მაგრამ ადამიანის ადამიანთან ცოცხლად კომუნიკაციას ვერაფერი ცვლის, ყოველ შემთხვევაში, ამ საუკუნეში.     

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი