პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ქართველი ემიგრანტების გამო და არამარტო

 

ფლორენციასა და ბარიში ქართული სამკითხველოები გავხსენით. დიდი ემოციით და გეგმებით. ზოგმა ალბათ გაიგეთ კიდეც, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გელაპარაკოთ.

როცა ამგვარი შეხვედრებიდან უკან ვბრუნდები, ძალაუნებურად მეფიქრება. მეფიქრება, გამოვტყდები, ცოტა ხნით და მერე ფიქრს ყოველდღიურობის ქარი მიფანტავს, ამიტომ ახლა დავწერ.

ჩვენ ძალიან უცნაურად გვახსოვს ეს ხალხი. დიდწილად – ორგვარად: ცოტა ზიზღით ან ყალბი სიბრალულით, ერთგვარი მორალის მარილითაც – „იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე ასეთი სამუშაო“, და ყალბი თანაგრძნობით, ცოტა გამორჩენის სურვილითაც – „ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს“. საზღვარს გაცდენილი ქართველი ბევრია, Youtube-ზე ნახვების რაოდენობაც – შესაბამისი. ეს არის და ეს. სიუცხოვე და უგვანო სიმღერები.

ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: „უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან“. ჯერ ერთი, ყველა ემიგრანტზე ასე გაზოგადება ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ: მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ არ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ ინტელექტუალური იერით ერთმანეთს ვეჩურჩულებით; ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და „სპორტსმენებმა“ მორიგი „გარბენისას“ გადაქელეს. ერთმანეთთან სათქმელის მიუტანლობაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და გაუტანლობა.

დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი-ექვსი – კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლილობას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. „გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან“, – ნაძალადევი მხიარულებით გეტყვიან და მძიმე ნაბიჯით წავლენ. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა, გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია. ეს სამკითხველოები მცირე წვლილია ჩვენგან. კიდევ იქნება. არაერთი. ჩვენი სინათლეები უნდა შევამჩნიოთ. ასე უფრო ადვილად დავძლევთ ჩვენსავე სიბნელეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი