პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გამქრალი თაობის კვალზე  –  ბესიკ ხარანაულის „სად არიან შვილები…“

ბესიკ ხარანაულის პოეზიაში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ტკივილები ერთმანეთს იმგვარად გადაეწვნება, რომ მკითხველი კერძოსა და ზოგადს თანაბარი სიცხადით წარმოიდგენს და განიცდის. ტრადიციისა და სიახლის ლექსის დროსივრცულ განზომილებაში  ერთნაირად შეგრძნება მის ლექსებს სხვათაგან გამოარჩევს. იგი გამოთქმის ცხადსა და ზუსტ ფორმაში იმგვარად მოაქცევს სათქმელს, რომ მკითხველსაც დაუსრულებელი ფიქრისთვის განაწყობს.

ლექსი „სად არიან შვილები…“ ხალხურ ყაიდაზეა დაწერილი და მასში საქართველოს უახლესი ისტორიის, კერძოდ, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებით გამოწვეული დიდი ტკივილია წარმოჩენილი. სტრიქონებიდან მოედინება გულისმომკვლელი სევდა, რომელიც  ერის მომავლის უპერსპექტივობაზე დააფიქრებს მკითხველს. იმავე დროს, სათქმელის კონკრეტულ სივრცეში საკაცობრიო სატკივარიც შემოიჭრება, „ეკლესიასტეს“ მოტივებით. ეს ლექსი წარმოჩნდება, როგორც სასოწარკვეთილი ლირიკული გმირის მონოლოგი, გმირისა, რომელსაც შვილები დაუკარგავს, ახლა გარეთ გამოსული დაეძებს და ეკითხება ქვეყანას,  კოსმოსს:

„სად არიან შვილები, შვილები სად არიან,

გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია“.

მკითხველის წარმოსახვაში იხატება მოლოდინით დაღლილი და გათანგული მშობელი, დაცარიელებულ სივრცეს ისეთივე განწირულობით რომ გაჰკივის, როგორც ედუარდ მუნკის მარტოსული ნახატიდან „ყვირილი“, თუმცა მხოლოდ საკუთარი ხმის ექოები უბრუნდება და სხვა არაფერი. ეს არაფერი თითქოს ყოველივეს აუცხოებს. გარეთ გასვლა და შვილების ნაცვლად ქარის შემოფეთება უფრო ამძაფრებს ტრაგიკულობის განცდას.  ქარი, როგორც ყოველივეს გამფანტავი და წამშლელი, ამ შემთხვევაში, რაღაც საოცარი სიცივისა და გულგრილობის გამომხატველია. ლექსში მეორდება შეკითხვა: „სად არიან შვილები?“ და ყოველი გამეორება მეტ დაძაბულობასა და  ტრაგიკულ ინტონაციას მატებს სტრიქონებს. ეს ლირიკული გმირი სახეა ისეთი პატრიოტისა, რომელმაც შვილები მამულს გაუზარდა. ილიას ერთი პერსონაჟი რომ ამბობს „გლახის ნაამბობში“, სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა, არც მამისაა, არამედ ქვეყნისაა.  სწორედ ასეა ამ ლექსშიც, მაგრამ მშობელმა უნდა იცოდეს,  რა მიზანს ეწირება მისი შვილი. ამ ლექსში კი ჩანს, რომ მშობელი დაბნეულია, სასოწარკვეთილია, მან ისიც არ იცის გარკვეულად, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები. მშობელი თითქოს პასუხს სთხოვს ქვეყანას ყოველივე იმისთვის, რაც მას დაატყდა თავს.

ლექსში  უცებ ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა: „საქართველო აქროლდა“, ესე იგი, გაქრა, გაილია. პოეტი ამის უკეთესად წარმოსაჩენად მიმართავს შედარებას: ისე აქროლდა, როგორც ფოთლებში ქარი. საქართველოს გაქრობა ძალიან მოულოდნელი სახეა. ქართულ ლიტერატურაში ბევრია ისეთი ნაწარმოები, რომლებშიც საუბარია ერის გადაგვარებაზე, ზნეობის დაცემაზე, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაზე, მცირედმორწმუნეობასა და სხვა ათასგვარ უკეთურებაზე, მაგრამ იშვიათია ნაწარმოები, რომელშიც საუბარი იყოს იმაზე, რომ საქართველომ ვერ გაუძლო ამდენ რყევას და დაიღუპა, დასამარდა, გაქრა. გავიხსენოთ მთელი მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა – თავისი იმედითა და უიმედობით. „არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს, /ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს“, – წერს აკაკი.  ამ ლექსს ეხმიანება ბესიკ ხარანაულის „ნანა, საქართველოს მიწავ!“, რომელშიც სრულიად საწინააღმდეგო პათოსი იკვეთება:

„ნანა, საქართველოს მიწავ!

საქართველოს მთავ და ველო,

დაიძინე, დაღლილი ხარ,

ტანჯული ხარ, საყვარელო…

გაძრცვილი ხარ, გაცლილი ხარ,

ზვარში თითქო ქარებს ევლო.

დაიძინე, დაღლილი ხარ,

ტანჯული ხარ, საყვარელო…“.

თუ ილია და აკაკი ქვეყანას გამოღვიძებისკენ მოუწოდებდნენ და სიტყვითა და საქმით მის გამოფხიზლებას ცდილობდნენ, ბესიკ ხარანაულის ლირიკული გმირი, პირიქით, დაძინებას ურჩევს სამშობლოს, რათა ცუდი სიზმარივით განიცადოს შექმნილი მტანჯველი მდგომარეობა.

ბესიკ ხარანაულის  პესიმისტურმა განწყობილებამ გაგვახსენა ოთარ ჭილაძის რომანი „გოდორი“, რომლის ერთ ეპიზოდში მოთხრობილია, მეთექვსმეტე საუკუნეში საქართველოსკენ როგორ გამოემართა ცნობილი იტალიელი მისიონერი ლუდოვიკო ბოლონიელი, მან იცოდა საქართველოს დიდებული ისტორიის შესახებ და სურდა მისი გაცნობა, თან საგანგებო მისიით მოდიოდა, მაგრამ, როცა მოაღწია იმ გეოგრაფიულ სივრცეს, სადაც ეს მშვენიერი ქვეყანა ეგულებოდა, საქართველო იქ აღარ დახვდა, რა თქმა უნდა, ეს მეტაფორააა და ქართული სულის გაქრობაზე მიუთითებს. მწერლის აზრით, სწორედ ამ დროიდან იწყო რღვევა ქვეყნის თავისუფლებამ და დამოუკიდებლობამ.  თუმცა ლუდოვიკოს, და შესაბამისად, მწერალს სჯერა:

„სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,

რის დაკარგვასაც ვეგუებით… მაგრამ თუ ვიგრძნობთ,

რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,

ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,

და ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა ან რძიდან ყველი,

პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება”.

ბესიკ ხარანაულის ტკივილიანი მეტაფორაც, „საქართველოს აქროლება“, არა მხოლოდ ტრავმულ მდგომარეობას წარმოაჩენს, არამედ განკურნებისაკენ ლტოლვასაც.  ლექსში „სად არიან შვილები…“  შვილების დაკარგვის საშინელ ამბავს ქარი თავისი დაუდგრომელი ქროლით უფრო ამძაფრებს. საერთოდ, მთელ ლექსში ეს გამთოშავი ქარი დაქრის. შვილები, ტრადიციულად, მომავლის სიმბოლოა. მათი დახოცვა ერის დაიღუპვის მომასწავებელია.  ილია ჭავჭავაძე ლექსში „ჩემო კარგო ქვეყანავ“ მთელ იმედს სწორედ მომავალ თაობაზე ჩამოაყრდნობს:

„წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ, ნაზარდნი, გულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუკი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?“

ბესიკ ხარანაულის ლექსში კი ამგვარი იმედი ჩამკვდარია. ეს კი ჯოჯოხეთურ ვითარებაზე მიგვანიშნებს. ამაზე წერდა ჰეროდოტე: „მშვიდობისას შვილები მარხავენ მამებს, ომში კი მამები – შვილებს“. იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით, ჯოჯოხეთის კარზე ასეთი სიტყვები წერია: „თქვენ, აქ მოსულნო, ყველა იმედი დატოვეთ მანდვე!“. ჯოჯოხეთი სრული უიმედობაა, როდესაც დაღუპვა საბოლოოა. რამ გაუჩინა პოეტს ამგვარი ფიქრები? რა თქმა უნდა, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომლებიც მის თვალწინ დატრიალდა. ეს კოშმარული განცდები კი ლექსის სტრიქონებში მხატვრულ სახეებად ტრანსფორმირდა.  სტრიქონი  – „სად არიან ვეფხვები?“ –  წარმოაჩენს შვილების, ვეფხვებივით ვაჟკაცთა სახეებს. „ერთი შვილ მაინც გავზარდე ვეფხვებთან მეომარია“, – ამაყობდა ქართველი დედა, შვილის სიკვდილით გულდათუთქული, თუმცა საოცრად თავაწეული, რადგან მისი შვილი არ შეუშინდა ვეფხვის კლანჭებს და მასთან ვაჟკაცურ ბრძოლაში დაიღუპა. ვეფხვი ხალხურ პოეზიაში გამორჩეული ვაჟკაცის სინონიმი იყო. სწორედ ასეთი, ვეფხვებივით ვაჟები დაკარგულან. არავინ იცის მათი გზა-კვალი. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ისინი თითქოს უკვალოდ, უსახელოდ გამქრალან.

ლექსის ლირიკული გმირის გულში წამიერად აინთება იმედის ნაპერწკალი. ვეფხვები უნდა იყვნენ ლერწმიანში: „სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან“ – ეს ეხმიანება ხალხურ ლექსს, რომლის მიხედვითაც, ლერწმიანში აუცილებლად შეხვდები ვეფხვებს, მაგრამ ახლა – ვეღარ, რადგან ისინი გამქრალან, დახოცილან, სასტიკ დროს გაჰყოლიან: „ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან“.

ლექსში ქარი წარმოჩნდება, როგორც ყოვლის უარმყოფელი არარაობა, ერთგვარი სიცარიელე, რომელიც ყოველივეს აცამტვერებს. ლექსში ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა: „ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია“. მშობელს სჯერა, რომ შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ დატყვევებულნი. ტრადიციულად, ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით, მეცხრამეტე საუკუნისა, საქართველო წარმოჩნდა, როგორც პატიმარი, რომელსაც შვილები გამოიხსნიდნენ: „მას ვჭვრეტ პატიმრად, ვის ჰმონებს გული, მისთვის გლახ, განწირული” (ალექსანდრე ჭავჭავაძე „ვისაც გსურთ“), ან კიდევ: მაღალ ციხეში გამომწყვდეული ნესტანი, რომელიც „მოელის ტურფა გამომხსნელს“, როგორც აკაკი წერს („ჭაღარა“). აქ კი შვილები არიან პატიმრები. გაუკუღმართებულ დროში სამშობლოსა და შვილების დამოკიდებულებაც თავდაყირაა დაყენებული, თითქოს ყოველგვარი კანონზომიერება დარღვეულა, დრო დაშლილა. წარსული, აწმყო, მომავალი – ამგვარი ჯაჭვი დროის დინებისა გაწყვეტილა.  მშობელს მკვდარსაც კი ვერ უბრუნებს ქვეყანა.

ლექსში ვკითხულობთ: „მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია“. აქ წარმოჩენილია ძველი იდეალების მსხვრევა. ციხის გატეხა – ლიტერატურაში სიმბოლო იყო უსამართლოდ დატყვევებულის გამოხსნისა, მაგრამ მკითხველის მოლოდინი გაცრუებულია. განსაკუთრებით ტრაგიკულად გაისმის სტრიქონი: „გოგო ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია“. ბნელი დრო და ვითარება კლავს სიყვარულს. სიყვარულისგან დაცლილი სამყარო კი არარაობაა. გოგომ ვერ მოასწრო ბიჭისთვის სიყვარულის გამხელა, ბიჭი წავიდა თუ წაიყვანეს სადღაც, რატომ, რისთვის, ვინ წაიყვანა? ეს ლექსში არ ჩანს, მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში სიყვარულიც კვდება და ცამტვერდება.

„ეშმა ერქვა სახელად, ვინც მე ხელი დამრია“, – ამგვარ ახსნას უძებნის შექმნილ ვითარებას ლირიკული გმირი. ყველგან ეშმაკი დათარეშობს, წუთისოფლის თავადი, რომელსაც იმხელა ძალაუფლება მოუპოვებია, რომ სიკეთე და სიყვარული დაუთრგუნავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას რწმენა მოჰკლებია, ადამიანს ღონე გამოსცლია ცოდვასთან საბრძოლველად: „ჩაცვივდნენ ცოდვის მორევსა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა”, – როგორც გურამიშვილი იტყოდა („დავითიანი“). ეს მადლი აღარ იყო ქვეყანაზე, თითქოს ღმერთსაც აეღო ხელი კაცის შემწეობაზე.

„იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა“, – მიმართავს ლირიკული გმირი ქვეყანას. იგი თითქოს შეგუებია შვილების დაკარგვას და სურს ხის დარგვით გამოხატოს სამშობლომ სურვილი მათი ხსოვნისა, მაგრამ ეს თხოვნაც ამაოა, რადგან ქვეყანას მომავალი თაობა, შვილები არაფრად უღირს. ეს ჩანს ამ სტრიქონში:  „იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია“.

ქვეყანა, გახამებული საყელოთი გაპიროვნებული, ვითომ სახელმწიფო, ოფიციალურად აღიარებული და „სხვა ერთა შორის ერად“ წარმოჩინებულ-დამკვიდრებული, ლირიკული გმირისთვის ბუტაფორიასავითაა, თუმცა მაინც ცდილობს მისი გაყინული გულის მოლბობას და ამაოდ ჩასძახის, ანჯღრევს, ცდილობს ყურადღების მიქცევას: „საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან“,  მაგრამ „არსაიდან ხმა არსით ძახილი, /მშობელი შობილს არას მეტყოდა“, – როგორც ილია იტყოდა („ელეგია“). ამ ლექსშიც  „ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა”.

პოეტს სწორედ ეს კვნესა არ ასვენებს და ამიტომაც ქმნის ასეთ ტკივილიან სტრიქონებს:

„არ არიან შვილები, საქართველო ქარია.

ქარია საქართველო, შვილები არ არიან.

დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,

ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია”.

ეს გვახსენებს გალაკტიონის სტრიქონებსაც: „ყოველივე ქარია და ჩვენება./ ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია”. ამიტომაც პოეტები ერთადერთ საყრდენს პოულობენ: „მარადია ერთადერთი: შვენება” („ვილანელი“). შესაბამისად, ტანჯვას მშვენიერ სტრიქონებად აქცევენ. დაუნდობელმა ქარმა, დროის სიმბოლომ, ბესიკ ხარანაულის ეს სტრიქონებიც  გაგვახსენა:

„ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს ფოთოლი,

მაგრამ ქარი უკვე გზაშია.

და მე ვფიქრობდი ქარზე,

რომელმაც ფოთოლივით წამიღო“  („კარტოფილის ამოღება“).

ასე რომ, ამ ლექსით ბესიკ ხარანაულმა ძმათამკვლელი სამოქალაქო ომით გამოწვეული ტკივილი პოეზიის განზომილებაში  ესთეტიკურ ღირებულებად აქცია, რომელსაც  კათარზისი უნდა გამოეწვია მკითხველში.  ლექსი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ, თუ დაირღვევა თაობათა ცვლის კანონზომიერება, მაშინ ქვეყანა დაიღუპება, მაგრამ მკითხველს სჯერა, რომ „საქართველო ქარია“ მხოლოდ მხატვრული სამყაროს მეტაფორაა და ის რეალობად არასოდეს იქცევა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი